რატომ არ უნდა გამოსცადოს ქმრის მოთმინება ქალმა
ვისი ეჭვიანობა უფრო საშიშია – ქალის თუ მამაკაცის?! თუ ფსიქოლოგებს ვენდობით, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლი ადამიანის ხასიათის თავისებურებას ენიჭება და არა მის სქესს. ამიტომ, თუ ვინმე დაიწყებს მტკიცებას, რომ ქალები გაცილებით საშიშნი არიან ეჭვიანობის დროს, ან კაცები იშვიათად არიან ეჭვიანები, იცოდეთ, ის ცდება. რაც უფრო ემოციურია ადამიანი, მით უფრო საშიშია ის ეჭვიანობისას და თუკი გვერდით ემოციური, მგრძნობიარე პარტნიორი გყავთ, ნუ მოუწყობთ მას „ნერვების გამოცდას“. ეს შესაძლოა, ძალიან ძვირად დაგიჯდეთ...
თაკო (27 წლის): სერიოზული პრობლემა გავიჩინე და მაგარი შარი „გავიჩალიჩე“. ახლა უკვე არ ვიცი, შექმნილი სიტუაციიდან როგორ გამოვიდე. სულელი ქალების რიცხვს არ მივეკუთვნები, მაგრამ ამან ხელი ვერ შემიშალა სისულელეების კეთებაში. ამის გამო, ლამის საყვარელი ქმარი დავკარგე. ჯერ ისიც არ ვიცი, მაპატია და სჯერა ჩემი თუ არა. შეიძლება, ეს დროებითი სიმშვიდე, მისი მხრიდან, დიდი და დამანგრეველი ქარიშხლის მომასწავებელია. როგორ არ მინდა, ასე მოხდეს. ქმარი მართლა ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კაცებთან კეკლუცობას ვერ გადავეჩვიე. ეს ჩემი ნაკლია, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, გული ვისთვის გიძგერს. მამაკაცისთვის მაინც რთულია, მშვიდად უყუროს, როგორ უღიმის სხვა კაცს მისი ცოლი. სიყვარული იმასაც ითვალისწინებს, არ გააღიზიანო პარტნიორი და დაიცვა მისი ნერვული სისტემა. მესმის, მაგრამ ნაკლი ხომ ყველას გვაქვს? მამაკაცები უფრო ხშირად ეფლირტავებიან სხვა ქალებს. ცოლები ამასაც რომ ღალატად მივიჩნევდეთ, ოჯახების 98 პროცენტი დაინგრეოდა. რა, ასე არ არის? როცა ახალგაზრდა ხარ და ლამაზი, გსიამოვნებს ყურადღებას რომ გაქცევენ და გამჩნევენ. არც ერთმა ქალმა არ თქვას, რომ კაცის ყურადღება არ სიამოვნებს, სულერთია, ეს კაცი ვინ იქნება. ანუ, ვგულისხმობ, კაცის სოციალურ სტატუსს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ გათხოვილი ქალისთვის ფლირტი დასაშვებია?
– ზომიერების ფარგლებში, რატომაც არა? როცა ქალი ხედავს, რომ კაცებს მოსწონთ, თავდაჯერებული და თამამი ხდება. საქმეშიც უფრო წარმატებულია და ქმართანაც უფრო მშვიდია. უკეთესი ურთიერთობებიც აქვთ. ნაკლებად ეჭვიანობს. სჯერა საკუთარი მომხიბვლელობის. არ კომპლექსდება და ბედნიერია. მე თუ მკითხავთ, ფლირტი გათხოვილ ქალს უფრო სჭირდება.
– ჰო, ფლირტი წამალივით ყოფილა.
– აუცილებელია ქალისთვის. მაგრამ უნდა იცოდე, როდის და სად გააკეთო ეს, თორემ ისეთი მშვიდი ქმრებიც გიჟდებიან თურმე ეჭვისგან, როგორიც ჩემი ქმარია. ნამდვილად არ ველოდი, თუ ყველაფერი ასეთ მიმართულებას მიიღებდა. ვფიქრობ, რაღაც დოზით იმანაც შეუწყო ხელი ჩემი ქმრის ეჭვიანობას, რომ მე ასეთი გარეგნობა მაქვს. ცოტათი ნაკლებად სექსუალური ფორმები რომ მქონდეს, საეჭვიანოც ნაკლები იქნებოდა.
– გარეგნობა და არა საქციელი? გარეგნობაა დამნაშავე? ფიქრობთ, ნაკლებად სექსუალური ქალის ქმარი არ იეჭვიანებს თავისი ცოლის კეკლუცობაზე?
– არ ვიცი. მართლა არ ვიცი. სხვის საქმეში ექსპერტი ვერ ვიქნები. რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ რამდენიმე შეცდომა დავუშვი. რომელთა გამოსწორება ადვილი არ იქნება. ჯერ არ ვიცი, ჩემმა ქმარმა ჩემი ნდობა დაკარგა, თუ მხოლოდ ლაპარაკობს ასე. ფაქტია, რომ ჩვენ შორის ურთიერთობა ძალიან გაფუჭდა... არადა, ყველაფრით გამორჩეული წყვილი ვიყავით. გული მტკივა, როცა ამას ვამბობ. საშინლად განვიცდი მომხდარს. არადა, უცნაური რაღაც უნდა ვთქვა: ჩემი ქმარი მე სუნით ვიპოვე. გაგიკვირდებათ და არ დამიჯერებთ, მაგრამ ფაქტია – მე განსაკუთრებული ყნოსვით დამაჯილდოვა ბუნებამ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი გამძაფრებული მაქვს ეს გრძნობა. პრინციპში, მომხდარში ჩემი ცხვირიცაა დამნაშავე.
– ცხვირი?! ვაღიარებ, მსგავსი რამ არც ერთ რესპონდენტს არ უთქვამს.
– ვიცი. თუმცა, სუნს ადამიანების ურთიერთობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ადამიანებმა არ იციან და ვერ აცნობიერებენ, რომ მათ ერთმანეთისკენ სხეულის სუნი იზიდავთ. არასოდეს გქონიათ შემთხვევა, რომ ერთი შეხედვით სიმპათიური ადამიანის მიმართ უცნაური ზიზღი და ცუდი შეგრძნება გაგჩენიათ? მიზეზი ვერ გიპოვიათ, მაგრამ აღარ მოგნდომებიათ მასთან ურთიერთობა. სუნი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოკლედ, ერთხელ, მეგობართან სტუმრობისას, ჯერ დანახულიც არ მყავდა, რომ კაცის სუნმა მიმიზიდა. „კაცის სუნს“ პირობითად ვამბობ, ბუნებრივია, პარფიუმის სუნს ვგულისხმობ, მაგრამ მარტო პარფიუმი არ იყო მიზეზი... მოკლედ, სანამ მის ფიზიკურ მონაცემებსა და ხასიათს შევაფასებდი, უკვე მიყვარდა. მგონი, გრძნობა ჯერ ჩემთან მოვიდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ იმას არ ვუყვარდი. სამ თვეში დავქორწინდით. უკვე ორი წელია, ცოლ-ქმარი ვართ. ეჭვი არც მე მქონია ქმრის მიმართ და არც ჩემს ქმარს უეჭვიანია ოდესმე. არც ერთხელ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.
– ანუ, ორი წლის განმავლობაში არ გიკეკლუციათ სხვა კაცებთან?
– აშკარად – არა. ისე კი, ხომ გითხარით, კეკლუცობა მე ხასიათში მაქვს-მეთქი. მსუბუქი ფლირტის გარეშე არ შემიძლია. თუმცა, მანამდე, ისე ვაკეთებდი ამას, რომ ქმარი არ გამეღიზიანებინა. მაგრამ, როცა ეჭვი გამიჩნდა, მერე უკვე...
– ანუ, ჯერ თქვენ დაიწყეთ ქმარზე ეჭვიანობა?
– ასე გამოვიდა ჩემი „ცხვირის“ წყალობით. ჩემი ქმარი ერთ საღამოს მოვიდა და ქალის პარფიუმის სუნი ჰქონდა. უცხო სუნი... ეჭვი თავისთავად მოვიდა. ვეღარ გავაანალიზე, რას ვაკეთებდი, რას ვამბობდი და ვეცი ჩემს ქმარს. ორი წელია, ცოლ-ქმარი ვართ და შენ უკვე მოასწარი, ჩემთვის გეღალატა-მეთქი. ბუნებით ძალიან მშვიდი ადამიანია. ამიტომ, მხოლოდ გაოცებით შემომხედა და გაიღიმა. ამაზე უარესად გადავირიე. ვყვიროდი: შენ ვერ მომატყუებ! ხომ იცი, როგორი ყნოსვა მაქვს, სხვა ქალის სუნი აგდის და არც გერიდება, ისე მიყურებ თვალებში, ვითომ უცოდველი იყო. ამას არ გაპატიებ-მეთქი... შენ, მგონი, გაგიჟდიო, – ასე მიპასუხა. აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. დაწყნარდი და მიხვდები, შეურაცხყოფა რომ მომაყენეო. გავმწარდი. ვიფიქრე, ეს არ გატყდება და სხვანაირად უნდა მოვუარო-მეთქი. ჩვენი კონფლიქტი ქარიშხალია ჭიქაში, მაგრამ ისეთი, რომელმაც შესაძლოა, ჭიქა გახეთქოს, ნამსხვრევებად აქციოს. გავჩუმდი და გადავწყვიტე, სხვანაირად მიმეხვედრებინა ჩემი ქმარი, რომ ჩემთან ასეთი საქციელი არ გაუვიდოდა.
– სუნამოს სურნელი აღმოჩნდა საკმარისი, რომ მის ღალატში დარწმუნებულიყავით?
– დიახ. ძალიან სულელურად გამომივიდა. აბა, რას ვამბობ, მაგრამ რაღაც გამართლება მაქვს. ძალიან ვიეჭვიანე, ვიფიქრე, ასეთი ცოლი ვყავარ ამ უსინდისოს, კაცებს ქუჩაში კისრები ებრიცებათ ჩემკენ ყურებით, ეს კი მღალატობს-მეთქი. სულის სიღრმემდე შეურაცხყოფილი ვიყავი. ლამის გადავირიე. თავს არარაობად ვგრძნობდი. ხომ იცით, რა ცოტა სჭირდება ადამიანს, რომ საკუთარი თავის რწმენა დაკარგოს.
– ანუ, ღალატს სუნი აქვს, ამის თქმა გინდათ?
– სუნი ყველაფერს აქვს. სიყვარულსაც, სიძულვილსაც... ღალატიც არ არის გამონაკლისი. დაკვირვებული და ჭკვიანი ქალები მაშინვე ამჩნევენ ქმრებს, როდის იყო ის სხვასთან, სხვა ადამიანის კანის და სუნამოს სუნით. ამის მიხვედრას განსაკუთრებული პროფესიონალიზმი ნამდვილად არ სჭირდება. მით უფრო, როცა ისეთი გამძაფრებული ყნოსვა გაქვს, როგორც მე. ჩემმა ქმარმაც შეურაცხყოფად მიიღო ჩემი ეჭვიანობა და არ მოინდომა, რამე აეხსნა, თორემ ამ ტრაგიკულ სიტუაციამდე არ მივიდოდით. ახლა მე დავრწმუნდი, რომ არაფერი ყოფილა, მაგრამ ის ეჭვიანობს. თავიდან მომწონდა, ნერვებს რომ ვუშლიდი და ვაღიზიანებდი. შეგნებულად ვასხამდი ცეცხლზე ნავთს. მაგრამ ახლა, მგონი, ჩიხში ვარ. მისი მოთმინების გამოცდამ მძიმე შედეგებამდე მიმიყვანა. სპეციალურად დავდიოდი პარფიუმერიულ მაღაზიებში და კაცის ოდეკოლონების ნიმუშებს ვიღებდი. ჩემს ტანსაცმელში ვაწყობდი, სუნი რომ აეღო. ძალიან მალე იგრძნო ჩემმა ქმარმა, „მეტოქე“ რომ გამოუჩნდა, სუნით იგრძნო. სამსახურიდან მაშინვე სახლში აღარ მივრბოდი და მის ზარებს თუ მესიჯებს დაგვიანებით ვპასუხობდი. ქალმა არ მოინდომოს, თორემ ნებისმიერ კაცს შეშლის ჭკუიდან. ეჭვის მარცვალი კი ისეთი რამეა, თუ ერთხელ გულში ჩაგივარდა, მერე მისგან გათავისუფლება ძალიან ძნელია. ისე სწრაფად გაიდგამს ფესვს და ისე ღრმად, აზრზეც ვერ მოხვალ. თან, მამაკაცები გაცილებით მტკივნეულად აღიქვამენ ღალატს.
– მაგაში ვერ დაგეთანხმებით. ქალებსაც არ სტკივათ ღალატი ნაკლებად.
– ჰო, მაგრამ, ქალები ხომ ორჯერ უფრო ხშირად პატიობენ ღალატს, ვიდრე კაცები. ეს ხომ ფაქტია. თუმცა, მე ჩემი ქმრის მაგალითზე იმას მივხვდი, რომ ძალიან საშიშია მშვიდი ადამიანის მოთმინების გამოცდა. ადამიანი, რომელიც ძალიან დიდხანს ითმენს, მერე ისე ფეთქდება, უკანდასახევს აღარ იტოვებს. ფაქტობრივად, არც მე ვარ მოღალატე, არც ჩემს ქმარს უღალატია ჩემთვის. სერიოზული კონფლიქტი კი მივიღეთ ღალატის ნიადაგზე.
– როგორ დარწმუნდით, რომ ქმარს არ უღალატია?
– აბსოლუტურად შემთხვევით. მისი თანამშრომელი შემხვდა. რაღაც დონეზე ვმეგობრობ, ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, უცებ მკითხა: სუნამო როგორ მოგეწონა, შენმა ქმარმა რომ მოგიტანა, მე ვურჩიეო. არა, კი არ ვურჩიე, თავად მოეწონა და მკითხა, სად იყიდეო. როგორი მზრუნველი ქმარი გყავს, როგორი საყვარელია, სხვებს კი არ ჰგავს, სულ შენზე ფიქრობსო. ლამის ენა ჩამივარდა ნერვიულობისგან. რა თქმა უნდა, ქმარს სუნამოს შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს და ეს არც იყო გასაკვირი. გაბრაზდა, უსაფუძვლოდ რომ ვიეჭვიანე მასზე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სიტუაციას გარკვევა სჭირდება. ჯობია, იჩხუბო, ვიდრე რაღაც გაურკვეველი და გაუგებარი დარჩეს. ჩემმა ქმარმა იუკადრისა, ეჭვი რომ მივიტანე მასზე, არ თქვა სუნის წარმომავლობის მიზეზი და აირია ჩვენი ურთიერთობა. მეც გაბრაზებულმა მიზანმიმართულად ვიეჭვიანე. მის თვალწინ დავუწყე კაცებს შებმა. ერთი მეგობარი ჰყავს, ცოლს გაშორდა და ხშირად მოდიოდა ჩვენთან გულის გადასაყოლებლად. იმასთან გავაბი ფლირტი. სერიოზული არაფერი ყოფილა, მაგრამ ჩემი ქმრისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ასეთ შედეგს არ ველოდი და ძალიან ვნანობ. ჭკუიდან გადავიდა, ისე გაგიჟდა ჩემი ქმარი, თავისი ძმაკაცი ლამის მოკლა და სახლიდან გააგდო.
– საკმაოდ რთული სიტუაცია გქონიათ.
– ძალიან. ჩემს მშვიდ, უწყინარ ქმარში მხეცი გავაღვიძე, რომელიც ასე ადვილად უკვე აღარ ჩაცხრება. თურმე, საერთოდ არ მცნობია. ხასიათის ისეთი თვისებები გამოავლინა, აქამდე წარმოდგენა რომ არ მქონდა. იძულებული გავხდი, ყველაფერი მეთქვა. ისიც, რომ მისი თანამშრომელი შემხვდა და სუნამოს შესახებ ვიცოდი. ლამის ბოდიშიც მოვუხადე – არაფერი შველის. არ წყნარდება. გაყრამდე რომ მივიდეს საქმე, გავგიჟდები. ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ამაში დარწმუნებული ვარ. არ უნდა ამეტეხა ასეთი ამბავი. ქალს მეტი დაფიქრება მართებს. ქალია ურთიერთობის მესაჭე. ამაზე უნდა მეფიქრა. ახლა რა ვქნა, როგორ დავამშვიდო და დავარეგულირო სიტუაცია? ძალიან ცუდად ვარ. ჩემი ქმრის გარეშე ვერ გავძლებ...