გულისხმიერი რონალდუ
ლეტიცია ფილიპი იტალიელი მოდელია და სახელი იმით გაითქვა, რომ რომანები ძირითადად ცნობილ ფეხბურთელებთან ჰქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ლეტიციას იტალიური ჩემპიონატი ყელში ამოუვიდა და „კარიერის“ გაგრძელებას სხვაგან აპირებს.
„იტალიელი ფეხბურთელები თითქოს ერთმანეთს ჰგვანან. როცა მათ სჭირდები, მუდმივად გვერდით უნდა დაუდგე, ხოლო როცა თავად დაგჭირდება, მაშინ არ სცალიათ. ამიტომაც, მინდა სამუშაოდ მადრიდში გადავიდე, ფეხბურთი ძალიან მიყვარს და მჯერა, იქაურ მოთამაშეებსაც მოვეწონები. თანაც მადრიდში მოდის სამყარო არანაკლებ განვითარებულია, ვიდრე თუნდაც, მილანში“, – განაცხადა ლეტიციამ.
მის განცხადებას ყველაზე ადრე „რეალის“ პორტუგალიელი ლეგიონერი, პლანეტის უძვირესი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა.
„ლეტიციას მხოლოდ სურათებიდან ვიცნობ, მაგრამ მზად ვარ, მადრიდში გადმოსვლის შემთხვევაში, მას დახმარების ხელი გავუწოდო, ქალაქი დავათვალიერებინო და ქუჩები ვასწავლო“, – ამბობს რონალდუ და გულში რაც უდევს, ყველაზე კარგად, ალბათ, ლეტიციამ იცის.