ინტიმური საუბრები
ქმარმა რობოტად მაქცია
15 წელია, გათხოვილი ვარ და ამ 15 წლიდან ათი წელია, ვნანობ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. პირველი რამდენიმე წელი ეიფორიაში ვიყავი, სულ მეგონა, რომ მისადმი თავდადებით, ზრუნვით, ყურადღებით, დავანახვებდი, რომ ჩემზე ერთგული და მოსიყვარულე არავინ ჰყავს, მაგრამ, რაც მეტად ვყვებოდი თან, მით მეტად მავალდებულებდა ყველაფერში.
ძალიან მძიმე ფეხმძიმობა მქონდა და მთელი ცხრა თვის განმავლობაში ერთხელ არ უკითხავს, რამე ხომ არ გინდაო. ექიმებთანაც მარტოს მიშვებდა, თან, გზის ფულსაც კი არ მაძლევდა, არათუ ექიმისთვის გადასახად თანხას. ძალიან მრცხვენოდა, მაგრამ, ყოველთვის ჩემს ძმას ვართმევდი ფულს. ერთხელ ისე მოხდა, რომ ჩემები ქალაქში არ იყვნენ და მხოლოდ მაშინ ვუთხარი, ექიმისა და ტაქსის ფული მომეცი-მეთქი. ისეთი ამბავი ამიტეხა, თითქოს სხვისგან ვიყავი ორსულად და სხვისი შვილი უნდა გამეჩინა. მე რა შუაში ვარო, – ყვირილი დაიწყო, – წადი და დედაშენს გამოართვიო. რა თქმა უნდა, გამოყოლაზეც უარი მითხრა, არადა, უკვე მეცხრე თვეში ვიყავი და ოთახიდან ოთახშიც კი მიჭირდა გასვლა-გამოსვლა. მოკლედ, ექიმთან ვეღარ წავედი. იმ საღამოს ძალიან ცუდად გავხდი და დედაჩემს დაურეკა, ცუდად არის და მოხედეთო. დედაჩემი რომ მოვიდა, თვითონ ძმაკაცთან წავიდა ფეხბურთის საყურებლად. ალბათ, იტყვით, ასეთ კაცთან ათი წელი რამ გაგაჩერაო. რამ და, ჩემმა სიდებილემ. იმ ღამეს, ცუდად რომ გავხდი, ნაადრევი მშობიარობა დამეწყო და სასწრაფოდ გამაქანეს სამშობიაროში. სასწაული მოხდა და მეც და ჩემი შვილებიც გადავრჩით (ტყუპები გავაჩინე, ქალ-ვაჟი). ჩემს ქმარს მხოლოდ მესამე დღეს მიაგნეს ჩემებმა – გაოგნებული მთვრალი იყო, რადგან, სამი დღე გადაბმულად ქეიფობდა ძმაკაცებში, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯით (აბა, თავმოყვარე ბიჭი სხვას ხომ არ გადაახდევინებდა!), მე კი ექიმის ფული არ მომცა. დღე-ნახევარი ეძინა გათიშულს და მხოლოდ გამოფხიზლების შემდეგ გაიგო, რომ ორი შვილის მამა გახდა. ახლა ახალი მიზეზი გაუჩნდა, რომ დაელია და მთელი კვირა ტაშ-ფანდური არ შეუწყვეტია, სამშობიაროში გადასახადი თანხა კი, ცხადია, ჩემებს „შეტენა“.
გათხოვებიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ავთო არ იყო ოჯახის კაცი და ვერც ვერასდროს გახდებოდა. ამიტომ, სერიოზულად დავიწყე გაყრაზე ფიქრი. დედაჩემსაც კი ვუთხარი, ამ კაცთან ვერასდროს გამოვნახავ საერთოს და უნდა გავშორდე-მეთქი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც საშინლად არ მოსწონდა სიძე, მაინც კატეგორიულად არ უნდოდა, ოჯახი დამენგრია. ერთთავად სულ იმას ჩამჩიჩინებდა, ახალგაზრდაა, თავში უქრის, შვილი რომ გაგიჩნდებათ, დადინჯდება და ნახავ, როგორი კარგი ქმარი და მამა იქნებაო. ჩემს ძმასაც არ უნდოდა, რომ განათხოვარი და ჰყოლოდა და ამიტომ ყველა ხარჯს, ყველა პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე იღებდა, ოღონდ კი ავთოს გული მოეგო და ჭკუაზე მოეყვანა.
სახლში რომ მოვედით მე და ტყუპები, ავთო თითქოს ცოტა გონს მოეგო, უფრო მზრუნველი და ყურადღებიანი გახდა და, ვიფიქრე, მეშველა-მეთქი. მართლაც, რამდენიმე წელი, სანამ ტყუპები სკოლის ასაკის გახდებოდნენ, რაღაც დონეზე მეხმარებოდა ბავშვების გაზრდაში და მათთვის (და არა ჩემთვის) შეძლებისდაგვარად ყველაფერს ყიდულობდა, მაგრამ, ერთ დღეს გამომიცხადა, გეყოფათ ჩემს კისერზე გულაობა, როგორც გინდა, ისე მიხედე შენს შვილებსო. მარტო ჩემი ხელფასი როგორ ვამყოფინო-მეთქი, ვუთხარი. არ მაინტერესებს, შენებს გამოართვი, კიდევ სხვაგან იმუშავე და ამყოფინებო. შენ აღარ გეხება შენს ოჯახზე ზრუნვა-მეთქი? – ვკითხე. მე ჩემს ბინაში ისე გაცხოვრებ, ქირას არ გახდევინებ და ამაზეც მადლობელი იყავი, ბევრს თუ გაატ...ებ, გაგყრით ჩემი სახლიდან და მიყარეთ კაკალიო. ალბათ, იტყვით, რომ უთავმოყვარეო ქალი ვარ და ჩემზე ყველაფერი ახია, ამ სიტყვების შემდეგაც რომ არ გავშორდი, მაგრამ, ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი, რადგან, მაშინ ყველაფერი უნდა მეთქვა ჩემი ძმისთვის, ის კი ამას არ აპატიებდა ჩემს ქმარს, ცემაში ამოხდიდა სულს და ისეთ შარში გავხვევდი, მერე მთელი ცხოვრება სანანებელი მექნებოდა. ამიტომ, გადავყლაპე ეს შეურაცხყოფაც და დღესაც ჩემს ქმართან ვცხოვრობ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დღის შემდეგ წლები გავიდა და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ დავუმცირებივარ. მაგრამ, რადგან მისგან წასვლა ვერ გავბედე თუ ვერ გადავწყვიტე, ჩემდაუნებურად, მაინც ვუხდი სამაგიეროს – საერთოდ აღარ ვიკარებ, რაც ძალიან უკვირს. ჩემდაუნებურად-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ეს წინასწარ კი არ მოვიფიქრე და დავგეგმე, არამედ, თავისთავად მოხდა ჩემში, შიგნით, რაღაც გარდატეხა და უცებ ისეთი სიძულვილი ვიგრძენი მის მიმართ, შემთხვევით მხარზე რომ მოუხვდეს ხელი, ჟრიალი მეწყება. მარტო ქმარი კი არა, საერთოდ, მამაკაცების მოდგმა შემძულდა, ყველა ერთნაირი უვარგისი და ნაძირალა მგონია. ჰოდა, ვცხოვრობთ ახლა ერთ სახლში, გვყავს საერთო შვილები, მოდიან სტუმრები, მეზობლები და ყველას სანიმუშო ოჯახად მივაჩნივართ. არადა, საკუთარი თავი მძულს, რომ მთავარ საკითხში ასეთი უპრინციპო გამოვდექი. არ ვიცი, როდემდე გავძლებ ასე, რადგან, ვგრძნობ, რომ თანდათან მემატება ქმრის მიმართ ზიზღი და აგრესია, მან კი მშვენივრად მოიწყო ცხოვრება: ვურეცხავ, ვუუთოებ, ვულაგებ, ვაჭმევ, ვასმევ, შვილებს ისე ვუზრდი, რომ არაფერი აღარ ეხება, სანაცვლოდ კი ერთ თბილ სიტყვასაც არ ვიღებ და ეს ბუნებრივად მიაჩნია; ის კი არა, გარეთ ისე იქცევა, ყველას ჰგონია, რომ ოჯახის მთელი ტვირთი მხოლოდ მასზეა. დედაჩემიც ვეღარაფერს მეუბნება, თან, ბაშვებსაც არ უნდათ, რომ გავეყარო, უკვე დიდები არიან და რცხვენიათ – ხალხი რას იტყვისო. ამიტომაც ვითმენ, თუმცა, უკვე ვგრძნობ, რომ ჩემი 37 წლის ასაკის მიუხედავად, აღარც ქალი ვარ და აღარც ადამიანი, რობოტად ვიქეცი, რომელსაც, ღილაკზე თითის დაჭერით, ყველა სათავისოდ ამუშავებს.
ელენე, 37 წლის.
ჩემი რძალი გათხოვდა
გამწარებული დედა ვარ, რადგან, შვილი ციხეში მყავს. ყველა დედა იმას ამტკიცებს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოდ დაიჭირესო და, ამიტომ, აღარ შეგაწყენთ თავს იმის მტკიცებით, რომ ჩემი ბიჭი მართლაც გაუგებრობის თუ ცუდი მეგობრების წყალობით აღმოჩნდა იქ, სულ სხვა რამ მინდა გიამბოთ.
ჩემი შვილი, ნიკო რომ დაიჭირეს, სახლში ცოლი და 5 თვის ბიჭი დატოვა. ნიკო და მარიკა სიყვარულით დაქორწინდნენ და ძალიან კარგი ურთიერთობაც ჰქონდათ, მაგრამ, ქმრის დაპატიმრებიდან შვიდი თვის შემდეგ, ჩემმა რძალმა ბავშვი მიატოვა და თვითონ ვიღაც კაცთან ერთად გაიპარა. ეს ამბავი რომ გაიგო ნიკომ (როდემდე უნდა დაგვემალა?), ციხეში თავის მოკვლა სცადა და ძლივს გადაარჩინეს. ახლა არა უშავს, ჯანმრთელადაა, მაგრამ, ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული. ასე გამიუბედურეს შვილი ჯერ მისმა ვითომ მეგობრებმა და მერე – ცოლმა.
ციხეში კვირაში ერთხელ მივდივარ ამანათის შესაგზავნად და იქ ყოველთვის მხვდება ერთი გოგონა, რომელიც სულ ჩუმად არის, არავის არაფერს უყვება და ზის თავისთვის. მოგეხსენებათ, ასეთ ადგილებში ყველა თავის გასაჭირს ყვება, ამ გოგოს კი არასდროს არაფერი მოუყოლია. ერთხელაც, ვკითხე – შვილო, ვის აკითხავ აქ-მეთქი. ქმარსო, – მითხრა. ასეთი პატარა გოგო უკვე გათხოვილი ხარო? – ჰკითხა მეორე ქალმა. გოგონას ცრემლი მოერია, ადგა და გაგვერიდა, მისმა თანმხლებმა კაცმა კი (რომელიც მამამთილი აღმოჩნდა), გვიამბო, რომ, თურმე, მისი ბიჭი და ეს გოგონა, თინიკო, თანაკლასელები ყოფილან და პატარაობიდანვე ჰყვარებიათ ერთმანეთი. სკოლა დაამთავრეს, ნიშნობაც ჰქონიათ და ქორწილის დღეც დაუნიშნავთ, მაგრამ, ბიჭი რაღაც შარში გახვეულა, ქორწილამდე ორი კვირით ადრე დაუჭერიათ და 7 წელი მიუსჯიათ. ეს გოგო მეორე დღესვე გადასულა საქმროს ოჯახში საცხოვრებლად, მერე ქვეყანა ჩაურევია და ხელიც ციხეში მოაწერეს და ჯვარიც ციხეშივე დასწერა მოძღვარმა. მას მერე, აგერ უკვე სამი წელია, კვირაში ერთხელ დადის ციხეში, პაემანზეც შედის და, ისეთ ერთგულ ცოლობას უწევს, რომ ქმრის ოჯახი გაოგნებულია. მამამთილსაც და მაზლებსაც, ასეთი ერთგულების გამო, თინიკო სახლში ლამის დედოფლად ჰყავთ დასმული და ცივ ნიავს არ აკარებენ. ის ბიჭი კი ციხეშიც კი ბედნიერია, რომ ასეთი ცოლი ჰყავს. არადა, სულ რაღაც 19 წლის გოგოა, თან – კარგი გარეგნობის და, რომ მოენდომებინა, კარგადაც გათხოვდებოდა, მაგრამ, იმ თავისი პატიმარი ქმრის გარდა არავინ აინტერესებს.
ღმერთმა ბედნიერები ამყოფოს, მაგრამ, რა იქნებოდა, ჩემი რძალიც ასეთი ერთგული ყოფილიყო?! ქმარს ვინ ჩივის, თოთო ბავშვი მიატოვა და ერთხელაც არ მოუკითხავს, როგორ არის. ჩემი ნიკო ციხიდან იმუქრება, რომ გამოვალ, ორივეს ერთმანეთზე დავაკლავო (ცოლზე და იმის მეორე ქმარზე ამბობს). კიდევ ახალი შარი მინდა ამ გამწარებულ ქალს?!
ლიანა, 65 წლის.