ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: 2010 წელს ჩემს ნაცნობს ვასესხე თანხა. მიუხედავად თანხის დაბრუნების ვადის დადგომისა, იგი ვალს არ მიბრუნებს. როგორ მოვიქცე, ვის მივმართო?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ სასამართლოს სარჩელით და, ასევე, გაქვთ უფლება, მიმართოთ სააღმსრულებლო ბიუროს განცხადებით. სააღმსრულებლო ბიუროსთვის მიმართვის უფლება გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ თანხის დაბრუნების სანაცვლოდ რაიმე საპასუხო ვალდებულება არ გაქვთ შესასრულებელი. უნდა წარადგინოთ განცხადება და ვალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კითხვა: მაქვს საწარმო, რომელსაც აქვს დავალიანება. ამჟამად, ისე, რომ სასამართლო სხდომა არ ყოფილა, სააღმსრულებლო ბიურომ გადმომცა შეტყობინება, რომლითაც მეცნობა, რომ მქონდა დავალიანება და მომეცა წინადადება თანხის გადახდაზე. მაინტერესებს, რისი უფლება მაქვს და შეესაბამება თუ არა კანონმდებლობას აღმასრულებლის მოქმედება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააღმსრულებლო ბიუროს აქვს უფლება, გამარტივებული წესით დაარეგულიროს ფულადი დავალიანების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავა, რომელიც გულისხმობს თანხის გადახდევინებას და არ უკავშირდება საპასუხო ვალდებულების შესრულებას.
შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, მოვალე მხარეს შეუძლია, განახორციელოს ერთ-ერთი მოქმედება:
სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება;
დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;
წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;
წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს.
წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მოვალის (რესპონდენტის) თანხმობის შემთხვევაშია დასაშვები დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს მოვალე (რესპონდენტი).
კითხვა: მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, თუ ვალის დაკისრების მოთხოვნით, გამარტივებული წესით მივმართავ სააღმსრულებლო ბიუროს, რა საფასური მექნება გადასახდელი?
პასუხი: ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური დაფიქსირებულია და შეადგენს 100 (ას) ლარს.
წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 (ას) ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.
აპლიკანტს შეუძლია, გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინასწარ და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. ამისთვის მან უნდა გადაიხადოს აღსრულების მომსახურების საგარანტიო თანხა – მოთხოვნის 2 პროცენტი, რომელიც აღსრულების შემდეგ მას უკან დაუბრუნდება.
გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად აპლიკანტს შეუძლია, მოითხოვოს რესპონდენტის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რომლის საფასური თითოეულ ქონებაზე შეადგენს 50 ლარს.
კითხვა: ვარ 72 წლის მარტოხელა პენსიონერი. ძალიან ხშირად ვავადმყოფობ და წამლებისთვის არ მყოფნის ჩემი პენსია. ამის გამო, ჩემს შორეულ ნათესავთან ნოტარიუსში გავაფორმე სამიდღემშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლითაც ჩემი სახლი მას გადავეცი საკუთრებაში, ხოლო ჩემი ნათესავი ყოველთვიურად მიხდის 120 ლარს. რამდენიმე დღის წინ ჩემმა ნათესავმა მითხრა, რომ უნდა, გაყიდოს ჩემ მიერ მიცემული სახლი, ვინაიდან ბანკის ვალი ჰქონია. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, გაიყიდოს ჩემი სახლი, რადგან, მეშინია, არ დავრჩე სახლისა და იმ თანხის გარეშე, რომელსაც მიხდის ჩემი ნათესავი. შეუძლია თუ არა ჩემს ნათესავს, გაყიდოს ჩემი სახლი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არ აქვს, გაასხვისოს, დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს სამიდღემშიო ხელშეკრულების საფუძველზე სარჩენის მიერ გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე.
კითხვა: მაქვს დაქირავებული 4-ოთახიანი ბინა 2 წლის ვადით. ვინაიდან ბინის ქირის გადასახადი საკმაოდ სოლიდური თანხაა, მისი გადახდა მიჭირს. ამიტომ, გადავწყვიტე, აღნიშნული ბინის ერთი ოთახი გავაქირაო სხვა პირზე, რისიც წინააღმდეგია ბინის მეპატრონე. მაქვს თუ არა უფლება, გავაქირავო ერთი ოთახი მეპატრონის თანხმობის გარეშე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამქირავებელს არ აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს (ქვექირავნობა). მესამე პირებად არ მიიჩნევიან დამქირავებლის ოჯახის წევრები.
კითხვა: მყავს ძმისშვილი, რომელიც იზრდებოდა სოფელში და რამდენიმე ხნის წინ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ იგი ჩემ მიმართ იჩენდა ყურადღებას და ამიტომაც, მას ჩემი ავტომანქანა „მერსედესი“ ვაჩუქე. ჩუქების შემდეგ ჩემი ძმისშვილი აშკარად შეიცვალა და ხშირად მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მას მხოლოდ ჩემი ავტომანქანის ხელში ჩაგდება სურდა და მიზნის მიღწევის შემდგომ გამოააშკარავა თავისი ხასიათი. გთხოვთ, გამარკვიოთ, მაქვს თუ არა უფლება, გავაუქმო ჩუქება და დავიბრუნო ჩემი ავტომანქანა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს. შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში მიმართოთ სასამართლოს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.