კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოიპოვა ანგელა მერკელმა ხუთჯერ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტული და რატომ დაასახელა საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა 17 მინისტრის პოსტებზე ქალების კანდიდატურები

ამერიკული „ფორბსის“ მიხედვით, 2011 წელს მსოფლიოს გავლენიანი ქალების სია შემდეგნაირია: პირველ ადგილზეა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი (მან მხოლოდ 2010 წელს დაუთმო პირველობა მიშელ ობამას, თორემ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ხუთჯერ მოიპოვა ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტული); მეორე ადგილი აშშ-ის სახმდივან ჰილარი კლინტონს ხვდა (გასულ წელს მეხუთე პოზიციას სჯერდებოდა); მესამეზე ბრაზილიის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი – დილმა რუსეფია. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ბიზნესის წარმომადგენელი ქალბატონები ინაწილებენ, მეექვსეზე კი ბილ გეითსის მეორე ნახევარია. 47 წლის მიშელ ობამამ  2011-ში მერვე ადგილი დაიკავა. ოპრა უინფრი გადაცემის დახურვის შემდეგ მესამიდან მეთოთხმეტე ადგილზე ჩამოქვეითდა. სულ, გავლენიან ქალბატონთა სიაში 65 ამერიკელია, 2 ჩინელი და ამდენივე  ინდოელი. მათგან 49 ბიზნესსაქმიანობას ეწევა, 10 საგარეო საქმეთა უწყებაში მუშაობს, ხოლო 20 პოლიტიკითაა დაკავებული.
თუ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე წარმოდგენილი ქალების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ საქართველოს წარმომადგენელს ზემოხსენებულ სიაში კარგა ხანს არ უწერია მოხვედრა. შესაძლოა, ამიტომაც, რამდენჯერაც ჩამოვიდა ქ-ნი კლინტონი, იმდენჯერ მოგვიწოდებდა, ჩართეთ ქალები ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიო (ანუ, კარჩაკეტილი სამზარეულოებიდან გავიდეთ მზეზეო). გამონაკლისი არც ბოლო ვიზიტი ყოფილა. ჩვენ არ ვიცით, როგორ შეასრულებენ ქ-ნი კლინტონის დანაბარებს ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცები, თუმცა, ნინო ციხისთავთან იმის გარკვევას მაინც შევეცდებით, როდის გამოჩნდნენ ქალები მსოფლიო პოლიტიკის ავანსცენაზე და რამდენად მასშტაბურია მათი გავლენა (სხვისი ბედნიერებით მაინც დავტკბეთ, სანამ ჩვენი გვეწვევა).

– დავა საკითხზე, როდიდან ჩნდებიან ქალები პოლიტიკაში, დღესაც მიდის ქალთა მოძრაობებისა და ქალთა საკითხების მკვლევართა შორის. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს საარჩევნო ხმის მოპოვებიდან იწყება; ზოგის აზრით, როგორც კი შეფასდა პოლიტიკა, როგორც ძველი პროფესია და გამოითქვა მისით უკმაყოფილებები, მაშინ გაჩნდა  მოსაზრება, თუ რატომ არ არიან ქალები პოლიტიკაში. თუმცა, დღესაც გრძელდება ბრძოლა იმისთვის, რომ ქალები რეალურად მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათი პოტენციალიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, თუ ქალები შეადგენენ სამყაროს ნახევარს, როგორ უნდა მართავდეს ამ ორივე ნახევარს მხოლოდ ერთი ნახევარი, ანუ მამაკაცები?! მთავარი საკითხია ქალთა მონაწილეობა და, საუბარი არ არის იმაზე, რომ ქალები თანაბრად ან უთანაბროდ იყვნენ წარმოდგენილი; ლაპარაკია იმაზე, რომ ქალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ პროცესებში.
– რას ნიშნავს მონაწილეობის შესაძლებლობა?
– სწორედ ეს არის საკვანძო საკითხი. ჩაითვალა, რომ ეს შესაძლებლობაა დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. იმიტომაც არის, რომ არ არსებობს ინვესტიცია, დიდი გრანტი, რომელსაც სახელმწიფო იღებს, ან –  სახელმწიფო პროგრამა, რომლის იმპლემენტაციაში ძლიერი ქვეყნები ეხმარებიან, რომ მათ მოთხოვნებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი არ იყოს ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა. ქალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაწილეობის შესაძლებლობა.
– ანუ?
– ეს ძალიან ბევრი კანონით, კანონქვემდებარე აქტითა თუ  საერთაშორისო ნორმით დარეგულირებული პრობლემაა და, ასევე, მითითებულია იმ რეკომენდაციებში, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გზავნიან ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. ძალიან ნათელ მაგალითს მოვიყვან: წლების წინათ სკანდინავიის ქვეყნებში დიდი გამოსვლები იყო მოთხოვნით, რომ საკანონმდებლო ნორმად შეეტანათ ქალების უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფა ან მათთვის ტრანსპორტზე შეღავათების დაწესება. ისინი სამსახურში წასასვლელად იყენებდნენ ამ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოითხოვეს, რადგან ბავშვები მათი მისაყვანია საბავშვო ბაღებში, ამიტომ, მეტი დრო სჭირდებათ და მეტი ხარჯიც აქვთ. ასე დაასაბუთეს ქალებმა თავიანთი მოთხოვნა და სახელმწიფოს მოსთხოვეს ხელშეწყობა.
– ბავშვებსაც უფასოდ უნდა ემგზავრათ?
– არა, რადგან, ბავშვებისთვის დიდი შეღავათები ისედაცაა დაწესებული ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ძლიერი ეკონომიკაა. იქ თითოეული ბავშვის გაჩენისთვის ქალი იღებს კონკრეტულ ანაზღაურებას და ის ბავშვიც იღებს განათლებისთვის ძალიან კონკრეტულ თანხას სახელმწიფოსგან. ეს საკითხი ცალკეა დარეგულირებული. ის, რაც გიამბეთ, ათი წლის წინანდელი მაგალითია და ახლა შევადაროთ დღეს ჩვენთან არსებულ რეალობას. კარგად იცით, რომ ქალთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ჩვენმა სახელმწიფომ ძალიან კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. კერძოდ, 2011 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით, პოლიტიკურ პარტიებს გამოუცხადეს, რომ, თუ ისინი ქალებს ჩასვამენ საარჩევნო სიებში, მაშინ მატერიალურ წახალისებას მიიღებენ, ისევე, როგორც კონკრეტულ დაფინანსებას იღებენ ბიუჯეტიდან არჩევნებში მოპოვებული ხმების მიხედვით. მე ძალიან გავაკრიტიკე ეს ინიციატივა, იმიტომ რომ, მანამდე ხელისუფლებამ, არ მომერიდება ამ სიტყვის თქმის, ყბაში გაარტყა ქალებს, როდესაც საბავშვო ბაღები ფასიანი გახადა, რაც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ საქართველოში ქალებს მუშაობისთვის თავი უნდა დაენებებინათ, თუ უნდოდათ ფულის დაზოგვა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე და იმ ნახევრად დასაქმებული ქალების შემოსავალი ვერ დაფარავს საბავშვო ბაღებში დაწესებულ გადასახადს, მით უმეტეს, თუ ორი და მეტი შვილი ჰყავს. ამას ემატება გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯიც, რომელიც ასევე დიდი „საჩუქრის“ სახით გამოუგზავნა მომუშავე ადამიანებს ხელისუფლებამ. ამ გადაწყვეტილებით ისევ ქალი დაიჩაგრა: მან უნდა მოასწროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ბავშვის მიყვანა ბაღში, ის უნდა ჩააბაროს აღმზრდელს (თან, ბავშვს ვერ გადმოაგდებ სამარშრუტო ტაქსიდან, უნდა მიიყვანო და ჩააბარო), შემდეგ ისევ დაჯდე ტრანსპორტზე და წახვიდე სამსახურში. ამდენად, ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ხელისუფლებამ პარტიებთან მიმართებაში გაატარა, რაც მათ სიებში ქალების ჩასმის შემთხვევაში შემოსავალს მოუტანს, იყო საჩვენებელი ცვლილება გაეროსთვის –  აი, რა კარგი რამ გავაკეთე და კიდევ დამაფინანსე, რომ სხვა აქსესუარული, გარედან გალამაზებული ცვლილებები შევიტანოო.
– ისარგებლეს პარტიებმა ამ შეთავაზებით?
– ამას არჩევნებზე ვნახავთ. როგორც ვიცი, პარტიები ამას სერიოზულად არ განიხილავენ.
– ფული ეცოტავებათ, რასაც ქალებში იხდის სახელმწიფო?
– არა, საქმე ის არის, რომ ამას უნდა მოჰყოლოდა სხვა თანმდევი ნაბიჯები, რაც, საბოლოოდ, სტიმულს მისცემდა ქალებს, რომ ხელისუფლებაში მოსულიყვნენ და აქტიური მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.
– სკანდინავიის ქვეყნებში გამოსვლები რა შედეგით დამთავრდა?
– რა თქმა უნდა, ისე, როგორც მოითხოვდნენ; მეტსაც გეტყვით, წლების წინათ ისრაელშიც იყო გამოსვლები, როდესაც სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ შეღავათებით აღარ ისარგებლებდნენ მარტოხელა დედები.
– მახსოვს და ისრაელის მთავრობამ გამოასწორა თავისი ინიციატივა.
– ჩვენ კარგად გვახსოვს, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება ამახვილებს თუ არა ამაზე ყურადღებას. ვხედავთ, რა უსუსურ მდგომარეობაში არიან ქალები ჩვენთან იმის გამო, რომ მათთვის ძალიან ეფემერულია სასამართლოს ხელმისაწვდომობა, როდესაც გაყრაზეა საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანია გაუპატიურებული კონფლიქტისა და ომის დროს და არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. კარგად ვიცით, როგორი მოუგვარებელია მშობიარობის საკითხი; რამდენად მაღალია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა –  ამითაც ჩანს, როგორ მუშაობს სახელმწიფო პროგრამები. ნუ ვილაპარაკებთ მხოლოდ თბილისის ან ჩვენ გარშემო ვიწრო წრის მაგალითებით, ვხედავთ, როგორი მაღალია რეგიონებში ენდემური დაავადებების რიცხვი: ჩიყვი, საშვილოსნოსა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები და სხვა. არ მინდა, სულ უარყოფითზე ვილაპარაკო, მაგრამ, სწორედ იმისთვის, რომ განათლებას, სოციალურ პროექტებს არ ჩამოეჭრას ბიუჯეტი და მთელი თანხა არ მოხმარდეს მილიტარიზაციასა და თავდაცვას, ქალების ჩართულობა პოლიტიკაში აუცილებელია.
– საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა 17 ქალი მინისტრის კანდიდატურა წარადგინა.
– და საფრანგეთის ახალ პარლამენტში 155 ქალია.  ზოგიერთი მაჩო-ქვეყანა, რომელსაც არ უგრძნია და არც იცის, რას ნიშნავს ქალის მონაწილეობა პოლიტიკაში, ამბობს, საფრანგეთის პარლამენტმა კაბა ჩაიცვაო. მაგრამ, მე ძალიან მიხარია, თუ საფრანგეთის პარლამენტში ამდენი ქალია, იმიტომ რომ, ისინი ძალიან კონკრეტულ ეკონომიკურ პრობლემებს გადაჭრიან და ქვეყნის აღორძინებასაც დაიწყებენ.
– ჩვენთან მიიჩნევა, რომ, თუ ქალი მეტ-ნაკლებად გავლენიანია, მას რაღაც ფორმით კაცი უდგას სადმე. მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა, რომ ქალისთვის წარმატების მისაღწევად აუცილებელია კაცი რომელიმე სოციალურ როლში?
– გული მწყდება, როდესაც ეძებენ, ვინ დგას გავლენიანი ქალის ზურგს უკან, ვინ უზის კალთაში ან ვინ არის მის ქუსლქვეშ. აი, ასეთი მოცვეთილი მიდგომები, ვფიქრობ, ამცრობს თვითონ ამის გამფიქრებელს. დარწმუნებული ვარ, გავლენიანი კაცების ირგვლივაც რომ მიმოვიხედოთ…
– ბევრ გავლენიან ქალს ვნახავთ.
– დიახ და, მინდა ვთქვა, რომ გავლენა ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი გავლენები, თუმცა, მასშტაბებია განსხვავებული. ჩვენ ვახდენთ გავლენას ერთმანეთზე და, ძალიან კარგია, თუ კარგ გავლენას მოვახდენთ. მე რომ გადასახადს ვუხდი ხელისუფლებას, მან თავისი გავლენა კი არ უნდა დამანახვოს სასამართლოსა თუ საგადასახადო ორგანოში, არამედ ის, თუ როგორ აგებს პასუხს ხალხის წინაშე და როგორი გამჭვირვალეა, როგორ ართმევს თავს თავის მოვალეობებს და, აი, ამ გავლენაში, საზოგადოება უნდა იყოს უფრო მეტად მომთხოვნი.
– რაც უნდა უწოდონ საფრანგეთის პარლამენტს, ქალები, შეიძლება, ამ რაოდენობით არა, მაგრამ, მაინც არიან სხვა ქვეყნების პოლიტიკაში. დაახლოებით რა პროცენტია?
–  როგორც მე დავთვალე, დაახლოებით, 30 პროცენტია.
– ეს მაჩვენებელი მხოლოდ ევროპასა და ამერიკაშია?
– არა, ზოგადად, თუმცა, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უფრო მეტიცაა და მაინც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, როდესაც ქალები არიან ხელისუფლებაში, რადგან, ამ შემთხვევაში, უფრო მეტი აქცენტია ადამიანის უფლებებზე, სოციალურ საკითხებზე.  ჯერ ერთი, თუ ასეთი მიდგომა იქნა ჩვენთან, ეს ხელს მისცემს ევროკავშირს. ძალიან მიხარია, რომ ეს ასეა და სულ არ მაინტერესებს, რას უწოდებენ ამას მაჩო-ქვეყნები.
– თვითონ მაჩო-ქვეყნები ამართლებენ თავიანთ მაჩოობას?
– ხომ გესმით, რა სასაცილოა პოლიტიკის ასეთი შეფასებები?! როდესაც უნდათ, რომ აჩვენონ, როგორი მაჩოები არიან, უფრო მეტად კუნთებს აჩვენებენ და იმაზე არაფერს ამბობენ, რომ ძლიერი ის ქვეყანაა, სადაც ბავშვები ბედნიერად ცხოვრობენ...
– მოხუცები კი დანაყრებულები არიან და არ სცივათ.
– დიახ, და არა ის, როგორი შეიარაღება და პირქუში გამოხედვა აქვთ, როგორ შეჰხარის დაჩოქილი მოსახლეობა: შენ ხარ ჩემი მზე, ამოსულიც და ამოსასვლელიც, მე მეტი არაფერი მინდა, ოღონდ შენ იყავიო. სიძლიერისა და სისუსტის გამოხატვის ასეთი სიმპტომები დამახასიათებელია მაჩო-ქვეყნებისთვის, სადაც ტოტალიტარული მიდგომებია, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტების ნაცვლად სატელეფონო ინსტიტუტები შენდება, თვითცენზურა წესდება. სხვათა შორის, საფრანგეთის პარლამენტში არის 22 წლის დეპუტატი ქალბატონი –  ლეპენი, რომელიც დეიდასთან ერთად იყრიდა კენჭს, დეიდამისმა ვერ გაიმარჯვა და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდა და მოტივირებული პარლამენტარი ჰყავს საფრანგეთს. ამიტომაც მივესალმები იმ ცვლილებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაშია და რის მიხედვითაც, პარლამენტის წევრად გახდომა 21 წლიდან გახდა შესაძლებელი, რადგან, გული მწყდება, როდესაც ვუყურებ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც თითქოს ნაკლებად ხედავენ კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს და ჩვენზე მეტად რეალისტები არიან. ათი შემთხვევითი ახალგაზრდა რომ გააჩერო ქუჩაში, მინდა, იმედი ვიქონიო, მხოლოდ ცხრა მათგანი იტყვის, რომ უცხოეთში უნდა წასვლა. ახალგაზრდების ძალიან დიდი ტალღაა დაძრული უცხოეთისკენ, რადგან მათ იციან, თუ „სი ვიში“ არ გაქვს მითითებული, რომ რაღაც კურსები მაინც გაიარე უცხოეთში, საქართველოში სამსახურს ვერ იშოვი. არადა, იმ უცხოეთშიც გამანადგურებელ შრომას ეწევიან. იქ სამუშაო ადგილები დაყოფილია: თავიანთთვის აქვთ სუფთა და მაღალხელფასიანი სამსახური, ხოლო ჩასულებისთვის –  მძიმე სამუშაო და, ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში მესამე და მეოთხე ხარისხის სამუშაოების შესასრულებლად მიდიან. ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა პარლამენტში ბევრი ახალგაზრდის მისვლას შეუწყობს ხელს.
ისევ ქალებს რომ დავუბრუნდეთ: მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ ქალების ხელშეწყობა აუცილებელია. არ არის ლაპარაკი მათთვის რაღაც კვოტების დაწესებაზე, უბრალოდ, ხელშეწყობაზე. თუ ქალი ვერ შეძლებს თავისი შესაძლებლობების გამოყენებას, ჩვენ მალე დავუბრუნდებით იმ დროს, როდესაც ქმრის მიერ ცოლისთვის თვალის ჩალილავება ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა.

скачать dle 11.3