რის გამო თქვა უარი ევროპასა და ამერიკაში წარმატებულ საოპერო კარიერასა და მდიდრულად ცხოვრებაზე ფილიმონ ქორიძემ და როგორ ირჩენდა ის თავს პიანინოების აწყობითა და პედაგოგობით
განუზომელია ფილიმონ ქორიძის ღვაწლი ქართული საეკლესიო გალობის გადარჩენის საქმეში. მან საკუთარი სიცოცხლე დასდო ქართველთა სულიერი საგანძურისა და ეკლესიის სამკაულის – ქართული გალობის გადარჩენის საქმეში. სწორედ მისი და მისი მოსწავლის – წმიდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) თავდადების წყალობით, შემოგვენახა გაქრობისთვის განწირული 6 000-მდე უნიკალური, გამორჩეული და შეუფასებელი ღირებულების მქონე საგალობელი. თავად ფილიმონ ქორიძის ცხოვრება საკმაოდ საინტერესო და მრავალმხრივია. ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისთვის‚ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა‚ 2011 წლის 20 დეკემბერს ფილიმონ ქორიძე შერაცხა წმიდანთა დასში‚ წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი‚ ერისთვის თავდადებული.
ლუარსაბ ტოგონიძე (მკვლევარი): ფილიმონ ქორიძე დაიბადა 1835 წელს, გურიაში, სოფელ გამოჩინებულში, მღვდლის, იესე ქორიძის ოჯახში. გალობის ნიჭითა და ულამაზესი ხმით დაჯილდოებული პატარა ფილიმონი ადრეული წლებიდანვე გამოირჩეოდა საგალობლების და სიმღერის სიყვარულითა და ცოდნით. დაწყებითი განათლება ფილიმონმა მამამისის უახლოეს მეგობრისა და მოყვარის – მღვდელ იაკინთესაგან მიიღო. 1853 წელს ფილიმონ ქორიძემ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა, სადაც ასევე, მუყაითობით, გულისხმიერებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მას ყველაზე მეტად სასწავლებლის საეკლესიო გუნდში გალობა იზიდავდა. შემდეგში მან სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. ყველაზე მძიმე ქართველი მოსწავლეებისთვის სემინარიის სასწავლო პრაქტიკა და შინაგანაწესი იყო. უცხო, რუსულ ენაზე სწავლება, ქართული ენისა და გალობა-სიმღერის დევნა, მკაცრი რეჟიმი, საცხოვრებლის დატოვების აკრძალვა საშობაო და სააღდგომო არდადაგებზეც კი – ქართველი ბიჭებისათვის გაუსაძლის პირობებს ქმნიდა. ამ წლებში ფილიმონისთვის განსაკუთრებული ნუგეში იყო ზოგიერთი საგნის სწავლა და სემინარიის საეკლესიო გუნდში მონაწილეობა. ეს გუნდი იმხანად რუსულ გალობას ასრულებდა, მაგრამ ულამაზესი და ხავერდოვანი ტემბრის წყალობით, ქართველ ფილიმონს თავიდანვე გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მგალობლის პატივი ერგო. ფილიმონმა 1858 წლის სექტემბერში ეგზარქოს ევსევის სახელზე თხოვნა დაწერა, დიაკვნად კურთხევის თაობაზე. ამავე წერილში ფილიმონი საეგზარქოსოში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად მსახურების ნებართვასაც ითხოვდა. ღვთის განგებით, ფილიმონ ქორიძის დიაკვნად კურთხევა გაურკვეველი მიზეზებით გადაიდო და არ შედგა. ფილიმონი საქართველოს საეგზარქოსოში საქმეთა მმართველად და სიონის გუნდის მგალობლად განაწესეს მხოლოდ.
სწავლა და წარმატებები იტალიასა და ამერიკაში. პირველი ქართველი მუსიკოსი – იტალიის ყველაზე ცნობილი და აღიარებული ბანი
მალე, ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ სრულიად შეცვალა ფილიმონ ქორიძის ცხოვრება – სტუმრად მყოფმა ფილიმონ ქორიძემ რამდენიმე იტალიელი გაიცნო. იტალიიდან მოწვეული დასი თბილისის ოპერაში 1851-1872 წლებში გამოდიოდა. სუფრასთან ფილიმონმა სხვა ქართველებთან ერთად რამდენიმე საგალობელი, ხალხური სიმღერა და რომანსი შეასრულა. მომღერლის ბანმა იტალიელები განაცვიფრა და აღაფრთოვანა. „ამ ხმით თქვენ ქვეყანას დაიმონებთ“‚ – აღტაცებას ვერ მალავდა ოპერის იტალიელი დირიჟორი. იტალიელები ისე დაინტერესდნენ ფილიმონის უნიკალური მუსიკალურ-ვოკალური მონაცემებით, რომ მის მოსასმენად სიონის საკათედრო ტაძარში მივიდნენ. წირვის შემდეგ ახალგაზრდა მგალობლის ხმით მოხიბლული დირიჟორი გაესაუბრა ფილიმონს და ურჩია: „არ შემიძლია‚ თვალები არ აგიხილოთ. თქვენი ხმა დიდი და არაჩვეულებრივი განძია... მკერდში სამჭედლოს საბერველი გაქვთ, ამ საბერვლის მოხმარება კი არ იცით. სერიოზულად გირჩევთ, საოპერო სიმღერა ისწავლოთ. აქ თქვენი შესაფერი მასწავლებელი არ გვეგულება. წადით იტალიაში! თქვენი ხმის პატრონს იქ საუკეთესო პროფესორები უფასოდ გასწავლიან. მაშინ დიდი მომღერალი გახდებით“. იტალიელი მაესტროს ეს შეფასება ფილიმონისთვის საკვირველი იყო, რადგანაც ის გულწრფელი თავმდაბლობით, გამორჩეულ მგალობელ-მომღერლად არ მიიჩნევდა საკუთარ თავს. თუმცა‚ იტალიაში წასვლა და იქ სრულყოფილი სამუსიკო განათლების მიღება ფილიმონის ოცნებად იქცა. მაგრამ, არც მას და არც უმამოდ დარჩენილ მის ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნდა. 1868 წელს ფილიმონი დაოჯახდა – ვინმე ხანჯალაძის ქალზე (სახელი უცნობია). მეუღლის ოჯახის დახმარებით‚ ფილიმონის ოცნება ასრულდა, მან შეძლო იტალიაში, მილანში გამგზავრება და განათლების მიღება. იტალიელებმა გულთბილად მიიღეს და ხმაც მოუწონეს. შესანიშნავი პედაგოგის, რონკონის ხელმძღვანელობით, ის ეუფლებოდა მუსიკალურ-სასიმღერო ხელოვნების სირთულეებსა და საიდუმლოებებს. იტალიაში ქორიძის პირველ საკონცერტო გამოსვლებს დიდი წარმატებები ჰქონდა. ამავე პერიოდში ქორიძე, კოლეგების დასთან ერთად, ამერიკაში გაემგზავრა. ამერიკაში გასტროლებმა დიდი გამარჯვებები მოუტანა ქართველ მომღერალს. მას ყველგან მქუხარე აპლოდისმენტებით ხვდებოდნენ. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ფილიმონ ქორიძის დებიუტი „ლა სკალაში“ შედგა, რამაც დიდი წარმატებით ჩაიარა. 1870 წელს ფილიმონს გარდაეცვალა მეუღლე. ეს მძიმე განსაცდელი იყო ახალგაზრდა მომღერლისთვის. ის საქართველოში ჩამოვიდა და ერთხანს სამშობლოში დარჩა. 1872 წელს ფილიმონ ქორიძე პეტერბურგში, საიმპერატორო თეატრში მიიწვიეს. რუსულმა საზოგადოებამ ფილიმონი თავიდან მოწონებით მიიღო. ცოტა ხანში ის აღიარეს იტალიური რეპერტუარის კარგ შემსრულებლად, მაგრამ უწუნებდნენ რუსული საოპერო მუსიკის ცოდნასა და საშემსრულებლო ოსტატობას. რუსეთის იმპერიის დედაქალაქში ამგვარი დამცირება არცთუ მცირე სულიერი სიმძიმე იყო იტალიაში დაფასებული და აღიარებული მომღერლისთვის. ამ მძიმე პერიოდში ახალგაზრდა მოღვაწისთვის ღვთისგან მოვლენილი ნუგეში აღმოჩნდა უკრაინელი სენატორის ქალიშვილის, ზინაიდა ვორობეცის თანაგრძნობა. 1873 წელს ფილიმონმა და ზინაიდამ იქორწინეს. ეს არისტოკრატი ქალბატონი დიდად განათლებული, ღვთისმოშიში და სათნო ადამიანი გახლდათ – კარგი პიანისტი, უცხო ენების მცოდნე, მეუღლის უერთგულესი თანამდგომი და შემწე. 1873 ან 1874 წელს ცოლ-ქმარი კვლავ იტალიაში ჩავიდა, ფილიმონმა თავდაუზოგავი შრომით უმაღლეს შედეგებს მიაღწია – რეცენზენტები მას მთელ იტალიაში საუკეთესო ბანად აღიარებდნენ. აღნიშნავდნენ მის მიერ შესრულებული ურთულესი პარტიების სიღრმეს, ოსტატობას, საშემსრულებლო-ვოკალური ხელოვნების სრულყოფილებას. ქართველი მომღერლის არნახული წარმატების ამბავი საქართველოშიც ჩამოვიდა და არაერთხელ აღინიშნა მაშინდელი პრესის ფურცლებზე. 1880 წლის 28 მარტის „დროებაში“ თარგმნილია იტალიური პრესის გამოხმაურებები ქორიძის შესახებ: „არ არის ჩვენში (იტალიაში) ისეთი თეატრი, რომელსაც დიდის ამბითა და პატივით არ მიეღოს ჩინებული ბოხი ხმის პატრონი, მომღერალი არტისტი ფილიმონ ქორიძე და არც ისეთი ჟურნალი, რომელსაც არ შეექოს ის... ქორიძე ისეთი არტისტია, რომელიც, თავისი ხმის ძლიერებითა და გალობის მანერით, ყველა უპირველეს თეატრში პატივცემული იქნება”. ფილიმონ ქორიძე, საოპერო სპექტაკლებში მონაწილეობის გარდა‚ თავის მეუღლესა და მეგობრებთან ერთად, იტალიის სხვადასხვა ქალაქში მცირე კამერულ კონცერტებსაც მართავდა. ის ოჯახთან ერთად მოგზაურობდა ევროპაში და ეცნობოდა ევროპულ კულტურას. საყოველთაოდ აღიარებულ მომღერალს ევროპაში გამოჩენილი ხელოვანის პატივი და დიდება არ აკლდა. ჰქონდა უზრუნველი და საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება. მაგრამ, მას მოსვენებას მხოლოდ ერთი რამ აკარგვინებდა – სამშობლოში ყოფნის დაუოკებელი სურვილი. იტალიაში ყოფნისას ის ახერხებდა, რომ პერიოდულად ჩამოსულიყო საქართველოში კონცერტების გასამართავად. საბოლოოდ, ის ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა...
ქართული გალობის ჩამწერი, გამომცემელი, გამავრცელებელი, მასწავლებელი და გადამრჩენელი...
ქართული საგალობლების ნოტებზე გადატანას ფილიმონი 1882 წელს შეუდგა. თავდაპირველად, მელქისედეკ ნაკაშიძისა და მღვდლის‚ ნესტორ კონტრიძისგან, ძველი გალობის აღიარებულ მცოდნეთაგან, იწერდა. მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და სულ მალე მრავალი საგალობლის ჩაწერა მოხერხდა. ფილიმონმა გადაწყვიტა, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ჩამოეყალიბებინა, რათა მის მიერ ჩაწერილი საგალობლები შეესრულებინათ და ასე გაევრცელებინა, ხალხისთვის შეეყვარებინა. ფილიმონი ხედავდა, რომ ამ საგანძურს დაღუპვის საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მან ცხოვრება მთლიანად ქართულ გალობას მიუძღვნა – ჯერ თბილისში, შემდეგ ქუთაისში, გურიასა და მთელ დასავლეთ საქართველოში ის რჩეული, ყველაზე პატივცემული და განსწავლული‚ სრული მგალობლებისაგან იწერდა საგალობლებს. საჭირო იყო ჩაწერილი საგალობლების‚ უპირველეს ყოვლისა‚ წირვის სამგალობლო კრებულის გამოცემა. ფილიმონი და მისი მეუღლე ამას საოჯახო დანაზოგის მეშვეობით გეგმავდნენ, მაგრამ, ბანკი, რომელშიც თანხა ჰქონდათ შენახული, გაკოტრდა. ქორიძე და მისი თანამებრძოლნი იძულებულნი გახდნენ, ცნობილ ეგზარქოს პავლესთვის მიემართათ დახმარებისთვის. ეგზარქოსმა კი კომისია შექმნა და ეს საქმე ქართველთა მიმართ სიძულვილით ცნობილ ჩუდეცკის მიანდო, რომელიც ყველანაირად ცდილობდა‚ ნოტების გამოცემის საქმე ჩაეშალა. საბოლოოდ კი‚ განაცხადა, რომ ქართული გალობა კარგია, მაგრამ ფული არ გვაქვს და ვერ გამოგიცემთო. ფილიმონ ქორიძემ ქართველ სამღვდელოებას მიმართა თხოვნით – ფინანსური შემწეობა აღმოეჩინათ საგალობლების ჩაწერისა და გამოცემის მამულიშვილური საქმისთვის. გაბრიელ ეპისკოპოსმა დახმარება აღუთქვა ფილიმონ ქორიძეს. მიუხედავად საეგზარქოსოს უარყოფითი დამოკიდებულებისა, გაბრიელ ეპისკოპოსმა 1884 წელს მოიწვია სამღვდელოების კრება. კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაარსებულიყო ქართული საეკლესიო გალობის აღმდგინებელი კომიტეტი დეკანოზ დავით ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. წმიდა გაბრიელის თაოსნობით, იმერეთის ეპარქიის ეკლესიებმა და შეძლებულმა გლეხებმა შეაგროვეს საგალობელთა ჩაწერისა და გამოცემისთვის საჭირო თანხა. კომიტეტმა დაავალა ფილიმონს, რომ 2 წლის განმავლობაში ჩაეწერა 400 საგალობელი. მართლაც, ჩაწერეს იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსის წირვების, აღდგომის და წირვის სადღესასწაულო, მღვდლის კურთხევის, ქორწინების წესისა და შესვენებულთა საგალობლები, ასევე, მთელი წლის სადღესასწაულო განიცადეები. 1887 წელს ფილიმონმა წმიდა გაბრიელს აღთქმული 400 საგალობლისაგან შემდგარი კრებული გადასცა. გალობის აღდგინების საქმისთვის თანხების შესაგროვებლად ფილიმონი საქველმოქმედო კონცერტებსაც მართავდა, სადაც ასრულებდა ქართულ საგალობლებს, სიმღერებს და ევროპულ საოპერო მუსიკასაც. ფილიმონი ხალხის დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა. ამიტომ‚ კონცერტებზე ბევრი მსმენელი მოდიოდა. შემოსული თანხა კი გალობის ჩაწერა-გამოცემას და გავრცელებას ხმარდებოდა. მალე‚ უსახსრობის გამო‚ ის და მისი მეუღლე სიმღერისა და ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლებას შეუდგნენ. თუმცა, ფილიმონი აქაც მისთვის ჩვეული უანგარობით მოქმედებდა – მოსწავლეთა უმრავლესობას უსასყიდლოდ ამეცადინებდა. ზინაიდას მეუღლეზე ბევრად მეტი მოწაფე ჰყავდა და გაკვეთილების ჩასატარებლად დილიდან საღამომდე ქუთაისის სხვადასხვა ოჯახში მიდიოდა. თუმცა, მომქანცველმა შრომამ და გაჭირვებამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. 1889 წლის სუსხიან ზამთარს‚ ორი თვის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ‚ ზინაიდა ვორობეცი – ფილიმონის უსაყვარლესი და თავდადებული მეუღლე‚ გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალება ფილიმონისთვის უმწარესი ტკივილი იყო. ის თავის მცირეწლოვან ქალ-ვაჟთან ერთად სრულიად მარტო აღმოჩნდა გაჭირვებული ცხოვრების წინაშე. მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი – ვალენტინა‚ მეუღლის ოჯახმა კიევში წაიყვანა აღსაზრდელად, ხოლო ვაჟი – მიხეილი, მეოთხე კლასის მოსწავლე, გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. მეგობრების რჩევით, 1890 წელს ფილიმონი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა, მელქისედეკ ნაკაშიძის მეშვეობით გაიცნო მაქსიმე შარაძე და წმიდა ექვთიმე აღმსარებელი. 1890 წელს მაქსიმე შარაძემ და წმიდა ექვთიმე აღმსარებელმა, წმიდა ილია მართლის დახმარებით‚ შეიძინეს სტამბა სასულიერო ლიტერატურის საბეჭდად, ხოლო 1891 წელს – ნოტების შრიფტი. სტამბაში იბეჭდებოდა ქორიძისა თუ კარბელაშვილთა მიერ ნოტებზე გადატანილი სამგალობლო კრებულები. სწორედ მათი ინიციატივითა წავიდა ფილიმონი 1893 წელს ოზურგეთში, ყველაზე ავტორიტეტული გალობის მცოდნისგან, ანტონ დუმბაძისგან საეკლესიო საგალობლების ჩასაწერად. საგალობელთა ნოტებზე გადატანის გასაადვილებლად ფილიმონ ქორიძეს ფისჰარმონიაც უყიდეს (გადმოცემის მიხედვით, ეს ინსტრუმენტი წმიდა გიორგი და იოანე ბერების მიერ იყო დაცული და დღემდე ინახება ბეთანიის მონასტერში). მხცოვანი მგალობლისაგან ფილიმონმა ჩაიწერა ძველი ქართული სასულიერო მუსიკის ჯერ კიდევ დაუფიქსირებელი უამრავი ნიმუში: ძლისპირები, მთელი წლის სადღესასწაულო საგალობლები, ქართული რვა ხმის სისტემის პრაქტიკულად თითქმის ყველა საგალობელი, ქუთაისში ჩაწერილი „გამშვენებული“ ჰიმნების მარტივი, „სადა” ვარიანტები და სხვა. ფილიმონ ქორიძე გურიის სოფლებშიც დადიოდა. ურემზე დაკეცილ ფისჰარმონიას დადგამდა, თვითონ კი გზას ფეხით მიუყვებოდა. 1895-1911 წლებში, ქართული საეკლესიო საგალობლების 6 კრებული დაიბეჭდა. სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში დიდი მოღვაწის ცხოვრება უსახსრო და მატერიალურად შეჭირვებული იყო. ფილიმონის მიერ ორგანიზებული კონცერტების მცირე შემოსავალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მგზავრობას, საგალობლებისა და სიმღერების ჩაწერას ძლივს ჰყოფნიდა. ის ზოგჯერ კერძო მოსწავლეებისგან აღებული გასამრჯელოთი ირჩენდა თავს, ზოგჯერ კი დღიური სარჩო სხვადასხვა ოჯახში როიალის ამწყობად მუშაობით მოუპოვებია. ფილიმონ ქორიძემ იცოდა, რომ ქართული საეკლესიო საგალობლების სანოტო ჩანაწერები უდიდესი სულიერი განძი იყო და მათ ადგილსამყოფელს არავის უმხელდა, საკუთარ შვილსაც კი – „წამოგცდება სადმეო”‚ – ეტყოდა‚ თურმე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ფილიმონი ხელნაწერების შენახვასა და მოვლა-პატრონობას ანდობდა, მისი მოსწავლე, წმიდა ექვთიმე კერესელიძე იყო. ექვთიმე ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილ ნიმუშებს გულმოდგინედ იწერდა, ათეთრებდა და საგულდაგულოდ ინახავდა. დიდმა მოღვაწემ საგალობლების გამოცემა გადაწყვიტა. ვინაიდან, საქართველოში ეს ვერ ხერხდებოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებას იტალიელებთან აწარმოებდა. ევროპაში წასვლის წინ ფილიმონი ბახმაროში გაემგზავრა. სამწუხაროდ, ცხენით მგზავრობისას ძველი უნაგირისგან დაშავდა, სისხლი მოეწამლა და სულ რაღაც ორ დღეში გარდაიცვალა – 1911 წლის 12 ივლისს. ფილიმონ ქორიძე ბახმაროდან ჩამოსვენებისთანავე ოზურგეთში ხის ეკლესიაში დაასვენეს. კვირას, 17 ივლისს ღვაწლმოსილი მამულიშვილი ეკლესიის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე, დიდი პატივით დაკრძალეს. ფილიმონ ქორიძის საფლავი მრავალი წლის განმავლობაში დაკარგული იყო, რადგანაც კომუნისტური რეჟიმის მიერ საგალობლების გადამრჩენელი ადამიანი არ მიიჩნეოდა ხსოვნისა და პატივის ღირსად. უფრო მეტიც, თუკი მის ღვაწლს სადმე ახსენებდნენ – ან არასათანადოდ წარმოაჩენდნენ, ან ცილს სწამებდნენ, თითქოს არ იყო მორწმუნე ადამიანი.