კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩამოუტანა თამარ ივერს ფლორენციიდან „მანიანის“ ფირმის საქორწილო კაბა და რატომ დააჩქარა მისი ბედნიერება მეუღლის დამ

მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავის თამარ ივერისა და სპორტსმენ რაულ ცხადაძის სიყვარული ვერონაში დაიწყო, ორი წელი რომანტიკულად გაგრძელდა და 28 ივლისს, თბილისში, გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. ეს თამარის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი „პრემიერა“ იყო, რადგან ულამაზეს საქორწილო კაბაში, საყვარელ ადამიანთან ერთად, მეგობრებისა და ახლობლების წრეში, შესანიშნავი და დასამახსოვრებელი დრო გაატარა. რაულმა და თამარმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს და ახალდაქორწინებულები პატრიარქმა თავად დალოცა.
თამარ ივერი: უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან, ნამდვილი სიყვარული ვიპოვე. მე და რაულმა ორი წლის წინ, საერთო მეგობართან, ვერონაში გავიცანით ერთმანეთი.  თავიდან ოფიციალურად ვეკონტაქტებოდით, მაგრამ, ისეთი ადამიანური თვისებები, მზრუნველობა, სითბო და სიყვარული გამოავლინა და ისე შემაყვარა და შემაჩვია თავი, რომ, საბოლოო ჯამში, ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ. ქორწილი კი სპონტანურად დავნიშნეთ ერთი თვის წინ, რადგან რაულის და აგვისტოში ამერიკაში მიდის – იქ ცხოვრობს და, ალბათ, დაახლოებით ორი წელი ვეღარ ჩამოვიდოდა. ამიტომ, გვთხოვა, იქნებ ჩემს წასვლამდე დააგვირგვინოთ თქვენი ურთიერთობა, რომ ქორწილში მეც თქვენთან ერთად ვიყოო. ამ ფაქტის გამო, ასე სახელდახელოდ დავნიშნეთ ქორწილი და ძალიან კმაყოფილები ვართ.
– ვინ იზრუნა შენს საპატარძლო კაბაზე და თუ საიდუმლო არ არის, რა დაჯდა ის?
– ქორწილში მეცვა იტალიური ფირმა „მანიანის” ხელით შესრულებული კაბა, რომელიც ჩემმა დედამთილმა მიყიდა ფლორენციაში და მისი ფასი დაახლოებით ოთხი ათას ევრომდეა. სვაროვსკის თვლებითაა მოოჭვილი და ძვირფასი ტიულითაა გაწყობილი. ფეხსაცმელიც იტალიური ფირმის მეცვა, თუმცა, საქორწილო არ იყო. ის, რომელიც ამ დღისთვის ვიყიდე, ძალიან წვრილი ქუსლი ჰქონდა და, მივხვდი, ამით მთელი დღე ვერ შევძლებდი სიარულს. თან, კაბის შლეიფზე მედებოდა და გამიფუჭებდა. ამიტომ, უფრო კომფორტული ფეხსაცმელი ჩავიცვი – თეთრი და ლამაზი.
– თითქმის ყველა ის ადამიანი გყავდა დაპატიჟებული ქორწილში, ვინც ქართულ შოუ-ბიზნესში საკმაოდ ცნობილია. ისინი შენი მეგობრები არიან?
– უცხოეთში მოღვაწე ხელოვანებიც მყავდა დაპატიჟებული, მაგრამ ვერ მოიცალეს, მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილს იტალიაში ჰქონდა გამოსვლები, ნინო მაჩაიძე სტრასბურგში მღეროდა იმ დღეს, პაატა ბურჭულაძე კი „იურმალაზე“ მელაძის შემოქმედებით კონცერტზე გამოდიოდა  და ვერ ჩამოვიდა. სხვათა შორის, პაატამ დამირეკა და მომილოცა გაბედნიერება. ვინც საქართველოში იყო და  დავპატიჟე, ყველა ჩემი და რაულის გვერდით იყო. ყველა დავპატიჟე ჩემს ქორწილში, ვისთანაც ვახლობლობ, ვმეგობრობ და კოლეგიალური ურთიერთობა მაქვს. მამაჩემის მეგობრები, მეზობლები და ბავშვობის მეგობრებიც იქ იყვნენ. ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დავიწერეთ და პატრიარქმაც დაგვლოცა – ეს ჩვენთვის უდიდესი მადლია.
– მეჯვარეები ვინ იყვნენ?
– ჩემი მეჯვარეა ფიქრია აფციაური, რომელთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ და მიუნჰენშია გათხოვილი. რაულის მეჯვარე კი სპორტსმენი, მორაგბე და სიმპათიური ბიჭი დავით უკლებაა.
– ხელი არ მოგიწერიათ?
– არა, ამ ეტაპზე ხელი არ მოგვიწერია, მაგრამ, იმედია, ამასაც მოვახერხებთ (იცინის). საქორწილო სუფრა თბილისის ზღვის კლუბში გვქონდა.
– თამარ, ვიცი, თამადა პაატა ბურჭულაძე უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც გაირკვა, ის ვერ ჩამოვიდა. ვინ შეცვალა მისი ეს „პოსტი“ შენს ქორწილში?
– თამადა იყო მომღერალი მამუკა ონაშვილი, რომელმაც შესანიშნავად ითამადა და არაჩვეულებრივად იმღერა და გაახალისა დამსწრე საზოგადოება. მეც მინდოდა სიმღერა, მაგრამ ისეთი „დამჯდარი” მქონდა ხმა ტელეფონზე ამდენი საუბრითა და არანორმალური რეჟიმით, რომ ვერ გავბედე სცენაზე გასვლა (იცინის). სამაგიეროდ, არაჩვეულებრივად იმღერეს: ლაშა ღლონტმა, ანსამბლმა „იმერეთმა”, ლელა წურწუმიამ, ეკა კახიანმა, რუსუდან მექვაბიშვილმა, სულხან გველესიანმა, გოჩა დათუსანმა, ვანო გალუაშვილმა, მაყვალა ასპანიძემ და დედამისმა; ასევე, ცეკვავდნენ ანსამბლ „სუხიშვილების” მოცეკვავეები. ფოიერვერკი, „სტელა ვუზანის“ ტორტი, ულამაზესი მომღერლები, მოცეკვავეები და თბილი გარემო – აი, ასეთი კარგი და დასამახსოვრებელი ქორწილი მქონდა.
– ალბათ, ახლა თაფლობის თვის გასატარებლად ემზადებით.
– უცხოეთი იმდენად ყელში გვაქვს ამოსული, გადავწყვიტეთ, ბათუმში გავატაროთ თაფლობის თვე. თან, ბათუმში ბინა მაქვს, ქალაქიც გალამაზდა და, რაღა კანარის კუნძულებზე და კანში წავიდეთ ზღვისთვის და ათასები ვიხადოთ?! ბათუმშიც გადასარევად გავატარებთ თაფლობის თვეს. ყოველთვის მინდოდა ქართული, ტრადიციული და, თან, გრანდიოზული ქორწილი მქონოდა, თავისი თამადით, „მრავალჟამიერით“, ხანჯლების ქვეშ გასვლით და ეს ყველაფერი ნამდვილად მქონდა – ზუსტად ასე წარმომედგინა ჩემი ბედნიერების დღე.

скачать dle 11.3