რატომ დატანჯა გიორგი ჯაჯანიძე ქალების ხვედრმა ღამით და ვინ ხდიდა მას თავის ქალას
მისი უცნაური იმიჯი, ჩაცმულობა თუ ვარცხნილობა, ბოლო პერიოდში ბევრი საუბრის თემა გახდა... ფსიქოლოგმა და ტელესახემ, გიორგი ჯაჯანიძემ, ისეთი არაორდინარული იმიჯი მოირგო, იმდენი უცნაური რამ ჩაიცვა და დაიდგა თავზე, რომ ბევრი ხალისიანი ამბავიც „ააგორა“ ქალაქში. ასეა თუ ისე, თავად ჩვენი რესპონდენტი ფიქრობს, რომ ამ ეპატაჟით არავის არაფერს უშავებს და, რას დაიდგამს თავზე შოუსთვის, რათა ის უფრო ხალისიანი გახადოს, ეს მხოლოდ მისი – შოუმენის საქმეა.
გიორგი ჯაჯანიძე: ვინც მე დიდი ხანია, მიცნობს, იცის, რომ უღიმღამო და უფერული ადამიანი არასდროს ვყოფილვარ. სად იყო იმიჯზე ზრუნვა ჩაბნელებულ და დაქცეულ თბილისში, სადაც ყველა შავი ტანსაცმლით დადიოდა, ჭრელი ძაღლივით მე რომ დავიწყე ფერადი პერანგებით სიარული?! ან მაშინ, როცა მითხრეს: შენზე ამბობენ, სოფლიდან ცალ-ცალი კალოშით ჩამოვიდაო, პროტესტის ნიშნად, გავიქეცი, კალოშები ვიყიდე და „მერიოტში” სოლიდურ მიღებაზე კალოშებით მივედი?! სახლში ამდენი უცნაური ნივთი რომ მაქვს, ჩემ გარდა ვინ ხედავს? ესეც იმიჯის ნაწილია? ძალიან დიდხანს, მთელი ცხოვრება, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა წამეკითხა, რა მესწავლა, რა პუბლიკაცია დამეწერა, ღობე-ყორეს ვედებოდი, ოღონდ, მინდოდა, ეს ყორე ისე ამეშენებინა, რომ არ დანგრეულიყო. 40 წლის ვიყავი, როცა ფილოსოფიურზე ჩავაბარე – ძალიან მომინდა ამ საინტერესო ცხოვრების უფრო საინტერესო თემებით გავრცობა და, სწორედ მაშინ მივხვდი: ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი? არც არაფერში. მათ, ვინც ჩემზე ამბობს, ასეთ რადიკალურ იმიჯს ფიარისთვის ირგებსო, შევახსენებ, რომ მე ვარ „ტელევიზიონშჩიკი”, მთელი ცხოვრება ტელევიზიაში გავატარე: ვიყავი რეჟისორი, მიმყავდა გადაცემები... ტელევიზია არის შოუ, ვიზუალზე გათვლილი შოუ. რადიოში იუმორისტული შოუ, შეიძლება, შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილმა წაიყვანო – იცინებს ხალხი და მორჩა, ტელევიზია კი სხვა ეფექტია. შოუ არის სანახაობა, მე კი ვარ შოუმენი – ასე რომ, ჩემი უცნაური სტილი არავის არ უნდა გაუკვირდეს.
– უცნაურიც არის და უცნაურიც. საზოგადოებაში ხშირად ისეთი სამოსით და ისეთი ვარცხნილობით ჩნდები, მერე მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს.
– ამით ვის რას ვუფუჭებ? ამას წინათ ერთმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში სამგვერდიანი წერილი მომიძღვნა. დიდი ხანია, რაც მე ასეთ კრიტიკაზე რეაქცია აღარ მაქვს, მაგრამ, იმ მამაკაცზე ძალიან შევწუხდი – არ დაეზარა, ამდენი დრო რომ დახარჯა ჩემზე? რომ წარმოვიდგინე, მთელი ღამე გაათენა ჩემ გამო, შემეცოდა. ამ დამძიმებულ ცხოვრებაში ჩემი ჩაცმულობისა და ვარცხნილობის მეტი პრობლემა არ აქვს? არ ვიცი, როგორ დამებედა, მაგრამ, როცა იმ დალოცვილი ჭიათურიდან თბილისში ჩამოვედი და არც არაფერი მებადა, გარკვეულ წრეებში, ჩემი ხალისიანი ხასიათისა და სიალალის ხარჯზე, ჩემთვის კარი ყოველთვის ღია იყო. მახსოვს, რკინიგზის სადგურზე ბებიამ მითხრა: დიდ ქალაქში მიდიხარ, წაგლეკავს ქალაქი; იცოდე, არაფერი დაინახო და არაფერი გაიგოო. მე ვუთხარი: ბებია, ყრუ და დებილი ხომ არ ვარ-მეთქი. ბებია, ეს, „ვითომ“, თორემ, ყველაფერი უნდა დაინახო და გაიგოო, – მიპასუხა. ასე ვცხოვრობდი ბებოს „მოძღვრებით”, რომ არა ღმერთის წყალობა, მაღაროში დიდი ხნის მკვდარი უნდა ვიყო შპალის ქვეშ (იცინის).
– რის მიხედვით ირჩევ საოცარ ჩაცმულობას ან ვარცხნილობას – ხასიათის?
– არა, თვალს რომ გავახელ და საწოლიდან ფეხს გადმოვდგამ, ეს ნიშნავს, რომ ცოცხალი ვარ და კარგ ხასიათზე ვდგები. სამოსი ხასიათის გამოსასწორებლად სულ არ მჭირდება. ჩემი სტილი ძალიან დაუგეგმავად იქმნება: ხან – გადაცემის თემის მიხედვით, ხან – სტუმრების, ხან რისი და ხან – რისი. მაგალითად, ნოდარ მელაძესთან გადაცემაში, თავი იეროგლიფებით იმიტომ მოვიხატე, რომ თემა იყო უცხოპლანეტელებსა და პარანორმალურ მოვლენებზე. ვცდილობ, რომ ჩემი ჩაცმულობა თემატური იყოს. ერთ პრეზენტაციაზე თავზე უთოც კი მედო; ამას წინათ გულზე დიდი მაკრატელი მეკიდა, ფეხსაცმელს კი „ცხვირი” მოვაჭერი – ფანტაზია ჯერ მყოფნის. ერთ-ერთმა ტელეწამყვანმა მკითხა: ფანტაზია რომ გამოგელევა, მერე რას იზამო? რას და, თავს მოვიჭრი და სტუდიაში იღლიაში ამოდებული თავით შემოვალ-მეთქი (იცინის). იმის მიუხედავად, რომ არაორდინარული სტილი მაქვს, წესებს მაინც არ ვარღვევ. კოსტიუმს ვერ ვიტან, არასდროს მაცვია, მაგრამ, როცა მიმიწვიეს უნივერსიტეტში ლექციაზე, რომელსაც ორასი სტუდენტი ესწრებოდა, ყველას გასაკვირად, აკადემიურად ჩაცმული მივედი.
– თავზე დადგმული ტაშტი ან სამეფო გვირგვინი, რომელ თემას შეეფერებოდა?
– თავი ჩემია, მინდა ტაშტს დავიდგამ და, მინდა – გვირგვინს. ჩემი თავი ოც კილომდე წონას იტანს (იცინის). გვირგვინი მეგობრის შვილს გამოვართვი – ბავშვის სათამაშო სკაფანდრი იყო, სამეფო გვირგვინად მე ვაქციე. ხან ბუმბულებს ვუკეთებ, ხან – თვლებს. მაქვს კიდევ ერთი ულამაზესი გვირგვინი, რომელიც „მარი გოლდის“ მეგობრული საჩუქარი იყო, ამ გვირგვინით და ულამაზესი სამეფო კოსტიუმით მივედი მოდების ჩვენებაზე. ჩემს ჩაცმულობას ისეთი ფურორი მოჰყვა, ჩვენების მერე, როცა მშვიდობის ხიდზე გავისეირნეთ, ხალხი ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდა. ჩემს უცნაურ გარდერობში ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ვანო ჯავახიშვილის ნაჩუქარი კოსტიუმია, რომელიც დაბადების დღეზე მომართვა. რაც შეეხება ტაშტს, ტაშტთან დაკავშირებით ერთი ხალისიანი ისტორია უნდა მოგიყვეთ: სამსახურში ასე თავზე ტაშტდაფარებული წავედი და ასე ვიჯექი მანქანაში. მე ხომ საოცარი კანონმორჩილი ვარ, მაგრამ იმის გამო, რომ ბრჭყვიალა ტანსაცმელი გამიფუჭდებოდა, ღვედი არ გავიკეთე. გამაჩერა პატრულმა და შენიშვნა მომცა – ღვედი რატომ არ გიკეთიათო. ბოდიში მოვუხადე. პატრული გაოცებული სახით უყურებდა ჩემს ტანსაცმელს, მით უფრო – თავზე მიმაგრებულ ტაშტს. ერთი კვირის წინ, ბაზრობაზე ერთი ქალი გამომეკიდა: შვილო, ძალიან ლამაზი ტაშტი მაქვს და უნდა გაჩუქოო. ისეთი გულით შემომთავაზა იმ ქალმა, უარს ვერ ვეტყოდი (იცინის). რეკვიზიტებზე ძირითადად თავად ვზრუნავ, მაგრამ მყავს მეგობარი დიზაინერი ქეთი მოსიძე „კემუსში”, რომელიც საოცარ ნივთებს მიკეთებს.
– ამას წინათ თმა დაიგრძელე – ეს, ალბათ, მაინც განსაკუთრებული შემთხვევა იყო.
– ერთ დღეს ძალიან მომინდა გრძელი თმა, იმას ხომ ვერ დაველოდებოდი როდის გამეზრდებოდა. ვიცოდი, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ამ სურვილის ასრულება შემეძლო. წავედი სალონში, სადაც მითხრეს: კი ბატონო, მაგრამ, დალოდება მოგიწევთ, სანამ ჭაღარა თმა შემოგვივაო. წამოვედი სახლში და ვთხოვე მშობელ დედას: დედა, ძალიან ცხელა, შენ ეგ თმა გაწუხებს, წნევიან ადამიანს არ უხდება „შპილკები” და ეგ თმა მე უნდა დამითმო-მეთქი. დედა შემოგევლოსო, – მითხრა. მე თვითონ მოვაჭერი თმა, წავიღე სალონში, სადაც მიმაბეს ეს თმა, მაგრამ, მთელი ღამე დავიტანჯე. ახლაც ვერ ვხვდები, რა უჭირთ იმის ფასი, რომ იმას ითმენენ ქალები, რაც მე მოვითმინე. იმ კაფსულებმა საშინლად დამტანჯა, ბალიშზე თავი ვერ დავდე; მესიზმრებოდა, რომ უცნაური ადამიანები თავის ქალას მხდიდნენ. დილით გავიქეცი და თმა მოვიხსენი (იცინის).
– შენი იმიჯის მნიშვნელოვანი ნაწილია უამრავი აქსესუარი, ბეჭდები, სამაჯურები..
– ბეჭდები მიყვარს. რატომ?! ჭიათურაში ჯართის საყრელთან ახლოს ვცხოვრობდი, ბოლტებს ვიკეთებდი თითებზე და ბეჭდებით ჩემი გატაცება მაშინ დაიწყო. საყურე არ მიყვარს, მაგრამ, ყური გახვრეტილი მაქვს. უნგრეთში მეგობარმა მაჩუქა ბრილიანტისთვლიანი ძვირფასი საყურე და ყური იმ საყურის ხათრით გავიხვრიტე, მაგრამ, ტრაპზე როგორც კი ავედი, საყურე მოვიხსენი, თბილისში ჩამოსულმა კი საყურე მაშინვე გავყიდე. ის, რაც არ მიყვარს, არის სათვალე – ვფიქრობ, რომ არ მიხდება. რაც უნდა უცნაურად ვიცვამდე, არ იცი, ხანდახან როგორ წავიგოიმებ-ხოლმე, მაგალითად: ფერების შეხამება ვიცი ხოლმე, რაც არაა მოდური; ვერ ვიცვამ ტუფლსა და „ბასანოშკს“ შიშველ ფეხზე, წინდის გარეშე; ვერ ვიცვამ შორტს – ბებერი და კიწაწა ფეხები მაქვს (იცინის). 200-კილოიან კაცს შორტი უხდება?! ასე ვარ მეც. წარმოიდგინე, სექსუალური, გამჭვირვალე ტანსაცმლით რომ გავიდე გარეთ, რა სასაცილო ვიქნები (იცინის).