როგორ დაუბრუნდა ავთანდილი წარსულს და როგორი ქალების გამოცნობა უჭირს მას
წლებია, მისი სახელი ქართული მოდის სიმბოლოდ იქცა... წლებია, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ისე მიდის, არც „წესებს” არღვევს, არც წარმატებები ცვლის და არც ვარსკვლავური სენი შეყრია... ქართულ სინამდვილეში ძალიან ცოტაა ასეთი, ალბათ, ამიტომაც არის მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტული, გახსნილი რესპონდენტია, იმ „იარლიყებს” არასდროს იკრავს, რაც მისი არაა, არც ყალბი ეპატაჟი და სკანდალები სჭირდება. ამიტომაც მასზე, ალბათ, თვით ყველაზე დიდი ჭორიკნებიც კი ყველაზე ცოტას ჭორაობენ... ჩვენი ინტერვიუ ავთანდილის ახალ სალონში შედგა, სალონში, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება და სადაც ყველა კუთხეს აშკარად ატყვია ავთანდილისეული კვალი.
ავთანდილი: ლესელიძის ¹29-ში მდებარე ექვსსართულიანი შენობა, ჩვენი კომპანიისთვის დიდი შენაძენია. ეს იქნება მთავარი ოფისი, სადაც ყველაფერი ერთად მოიყრის თავს. პირველ სართულზე გაკეთდება ატელიე „ავთანდილი“ – „კოქტეილის კაბები”, რომელიც გააგრძელებს ჩემს ხაზს. იქნება დარბაზი ყოველდღიური ტანსაცმლისთვის – ასეთი ხაზი ყველა სერიოზულ დიზაინერს აქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ხაზი იყოს თბილისის სამ სხვადასხვა ტერიტორიაზე: აქ, ჩვენს ძირითად ოფისში, „გრატოში” და „თბილისი-მოლში”. ახალ ოფისში გაკეთდა ორი, ტექნოლოგიურად და ვიზუალურად ევროპული სტანდარტების ლაბორატორია – ერთი, ვიპ-კლიენტებისთვის, სადაც ხელით იქმნება ტანსაცმელი; მეორე ლაბორატორიაში კი შეიქმნება ძირითადი მოდელები, მეორე, დამხმარე ხაზისთვის. ეს კოლექციები ყოველდღიურად განახლდება, შემდეგ კი გაიგზავნება სხვადასხვა ფაბრიკაში, მათ შორის ქუთაისში, სერიული წარმოებისთვის. შენობის ზედა სართულებზე იქნება ჩვენი ოფისები, მაქვს სიურპრიზი დიზაინერებისთვის – შევარჩიეთ ახალგაზრდა დიზაინერები, რომლებიც იმუშავებენ მეორე ხაზისთვის. ისინი მეტად შრომისმოყვარეები არიან, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ასეთი სოლიდური სალონი, ალბათ, ახალი ეტაპი გახდება თქვენთვის. ასეთი ორიგინალური ინტერიერი ვისი დამსახურებაა?
– დამჭირდა პროფესიონალების დახმარებაც, აქაურობა „რუმსის” ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორისა და ჩემი ერთობლივი ნამუშევარია. რადიკალურად ინტერიერზე აქცენტის გაკეთება არ მინდოდა, თუმცა მაინც ასე გამოვიდა. ამ ინტერიერში დევს ჩემი ხასიათი – თავშეკავებული დიზაინია, საკმაოდ მკაცრი. აქ თითქმის ყველაფერი იქნება თეთრი, რომ არ დაიღალოს თვალი და აღქმის მეტი საშუალება ჰქონდეს. ეს ოფისი ჩემი საქმიანობის ახალი ეტაპია. იყო დრო, როცა საერთოდ არ მქონდა სალონი, შემდეგ პლეხანოვზე გავაკეთე პატარა ბუტიკი „ავთანდილი”, შემდეგ ვერაზე, გაცილებით მოზრდილი სალონი, ამას მოჰყვა სალონი ფალიაშვილზე, რომელიც რამდენიმე წელი მუშაობდა. ახლა უკვე რადიკალურად სხვა ეტაპია ჩემს კარიერაში, მოდის სახლის გაკეთება ყველა შემდგარი დიზაინერისთვის აუცილებლად გადასადგმელი ნაბიჯია. უკვე რადიკალურად შეიცვალა ჩვენი კომპანიის სტრატეგია, მასშტაბები. გაკეთდა ცალკე შოუ-რუმი ბაერებისთვის, რომლებსაც ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიწვევთ. მათ უკვე მუდმივად შეეძლებათ დათვალიერება და შეკვეთა ამ კოლექციების, იმის გარდა, რომ მათ ამ კოლექციების ნახვის შესაძლებლობა აქვთ, იმ შოუებსა და გამოფენებში, რომლებშიც ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას პარიზში, კიევსა თუ ყაზახეთში, სადაც მოდის ინდუსტრია ძალიან სერიოზულად არის განვითარებული. ქალბატონებიც, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, ძალიან მოდურ ქალბატონებად ითვლებიან.
– ქალაქში ამბობენ, ავთანდილი პარიზშიც აკეთებს სალონსო.
– მათ პირს შაქარი (იცინის). ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ შოუ-რუმებით შემოვიფარგლებით, პრესისთვის და ბაერებისთვის კოლექციებს „ტრანოიზე“ ვაჩვენებთ ხოლმე, ასევე, ვაკეთებთ პირველ ხაზს „ემსი თუ დიფუჟენისთვის”. ეს არის კოქტეილის კაბების ძალიან პატარა კოლექციები, რომელსაც სხვა ტიპის დამკვეთები ჰყავს. ვემზადებით პარიზის „ფეშენ-შოუსთვის“. გვაძლევენ უფლებას, რომ მივიღოთ მონაწილეობა ერთი სეზონის შემდეგ. თუ ამას მოჰყვება ბუტიკი და ეს იდეა განიხილება, ჩვენ დაგვჭირდება ძალიან დიდი მუშაობა მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.
– მუშაობა არ გეზარებათ, ასე დილით ინტერვიუზე მოსულს, ისეთ ფუსფუსში დამხვდით... ბომონდს როგორც წესი, ამ დროს სძინავს და ცხოვრებას დღის მეორე ნახევარში იწყებს.
– მე არ ვარ ასე, არ მგონია, პირველ საათზე დაწყებული საქმე შედეგიანი იყოს. თუმცა, სხვა რაღაცის პირველ საათზე დაწყება შეიძლება (იცინის). მე სამსახურში დილის ცხრა საათზე მოვდივარ. სხვანაირად როგორ უნდა ვიცხოვრო, არც მიფიქრია. მოსწავლეც ასეთი ვიყავი და ახლაც ასე ვარ. არ შემიძლია რაღაცის ხარჯზე „საჩკაობა“, ჩემთვის დრო ძალიან ძვირფასია. ჩემი თაობა მაინც დაკარგული თაობაა, რადგან, მაშინ, როცა პიროვნების შედგომა ხდება, ბევრი ცუდი რაღაც ხდებოდა ირგვლივ. შესაბამისად, ყველას სადღაც დაგვაგვიანდა, თუმცა, მე მაინც ცოტა უფრო „გადავრჩი“ – საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე „ბრძოლა“, მაშინ, როცა საქართველოში შუქი არ იყო და ალბათ, ბევრი ფიქრობდა, გადაირიაო, თუმცა, ძალიან გაამართლა. იმ პერიოდს დაემთხვა შოუ-ბიზნესის განვითარება, ყველა ჩემი სამოსით იმოსებოდა, გაიხსნა სატელევიზიო სივრცე, აიტაცა ხალხმა. მაგრამ, ეს რომ არ გამეკეთებინა, ხომ არავის ეცოდინებოდა, რომ არსებობს ქართველი დიზაინერი, რომლის ტანსაცმლის ტარებაც თურმე შეიძლებოდა.
– როგორც პროფესიონალი, ადამიანის ხასიათს, ალბათ, მისი სამოსით ხვდები. დიზაინერისთვის არსებობენ პირველი და მეორე ხაზის ადამიანები?
– ადამიანებთან პირველი და მეორე ხაზი არ არსებობს, ადამიანი არის ადამიანი. მისი გარეგნობის, შემოწერილობის და მკერდის ზომის გარეშე, მათ კრიტიკოსად არ გამოვდგები. არავინაა ვალდებული, გამოიყურებოდეს მოდის ბოლო ტენდენციებით. ქალი უნდა გრძნობდეს თავის თავს და არ უნდა იყოს გადაწყვეტილი იუმორში, სასაცილოდ ჩაცმული. თუმცა, თუ ასე უნდა, ამის უფლებაც აქვს. ჩაცმის სტილით, რა თქმა უნდა, შეიძლება ადამიანის გამოცნობა, მაგრამ ამას ხომ არ შევიმჩნევ? ისე, მოდას აყოლილი ქალის „გამოცნობა” იოლი არაა (იცინის).
– ამ ცხელ ზაფხულს სულ თბილისში ატარებთ?
– ახლახან ჩამოვედი პარიზიდან. ჯერ აქ ვარ, ბევრი საქმეა სალონის გახსნამდე. 4-5 დღე ალბათ, სადმე გავძვრები, სულ ასე დავძვრები ხოლმე (იცინის). მთელი ზაფხული რომ დავისვენო, ამის ფუფუნება არ მაქვს, რამდენიმე დღე კარგი დასვენებაც საკმარისია. მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის მაინც პარიზისკენ გვაქვს ხოლმე გეზი, სადაც შეიძლება, ბევრი იბოდიალო, უკვე ათასჯერ მოვლილ ადგილებშიც კი, საღამოს კარგ რესტორანში ივახშმო. მე და ჩემი მეუღლე გურმანები ვართ, და ვირჩევთ ხოლმე სად ჩავეწეროთ წინასწარ. პარიზში ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, სასტუმროს და კაფესაც კი.
– პარიზი მაინც განსაკუთრებულ ქალაქად რჩება თქვენთვის.
– კი, იმის მიუხედავად, რომ პარიზი სულ მიწყობს პროფესიულ გამოცდებს, მე მიყვარს საკუთარი თავის გამოცდაც და პარიზიც (იცინის). პარიზი ჩემთვის, ალბათ, იღბლიანი ქალაქიც არის, იქ ხშირად ვარ საქმეების გამოც და ისეც – კარგი იდეაა, როცა სადმე წასვლა გინდა. ჩემს შვილს, ანასტასიასაც ძალიან უყვარს იქ ჩასვლა. ვცდილობთ, ამ სფეროსთან მჭიდრო კავშირში იყოს. ძალიან კარგად ხატავს. შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე მე ასე კარგად არ ვხატავდი. ანასტასიას ყველაფერი აინტერესებს მოდის შესახებ. ძალიან გამიხარდება, თუ ამ სფეროში ჩართვას გადაწყვეტს.
– როგორც ჩანს, ანასტასიას მემკვიდრედ ამზადებთ.
– კი, ვამზადებ. ის ძალიან კარგად ერკვევა ფერების შეხამებაში, გარდერობსა და სტილისტიკაში, ძალიან კარგ ესკიზებს აკეთებს. როცა ლაბორატორიაში მოდის, ისეთი ბედნიერია... ეს ბევრ გოგონას ემართება, როცა ლამაზ ქსოვილებს ხედავს, მაგრამ მას მაინც უფრო მძაფრად აქვს ეს (იცინის).
– ალბათ, გენეტიკურად.
– ჩემი ძირითადი პროფესია ხომ მოდელირება არ არის, ალბათ, უკვე დამიდგა ის ეტაპი, როცა ფერწერას დავუბრუნდები. მოლბერტიც შევიძინე და ტილოებიც შევუკვეთე. აქ, მაღაზიაში რამდენიმე ადგილას იქნება კედლის მხატვრობა, ოფისის ბოლო სართულზე კი გავაკეთებ სახელოსნოს, სადაც პენსიაზე გასვლის შემდეგ, ალბათ, ბევრ დროს გავატარებ (იცინის).
– წარმატებულმა კარიერამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეცვალა თქვენს ირგვლივ, თავად ყველაზე არსებითად ამას სად გრძნობთ?
– უფრო სერიოზული კოლექციების გაკეთება დავიწყე, უფრო სერიოზულად ვუყურებ ყველაფერს, უფრო მეტ ინვესტიციას ვდებ ჩემს განვითარებაში. ვცდილობ, მაქსიმალურად ცოტა შეცდომა დავუშვა ამ სფეროში, ან სულ არ დავუშვა (იცინის). პიროვნულად ძალიან მომემატა პასუხისმგებლობა. ეს, ცოტა არ იყოს გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ეს ასეა. დროს უფრო კარგად ვიყენებ, არ დავდივარ ფართებზე, სადაც ვფიქრობ, რომ დრო ტყუილად უნდა დავხარჯო. მირჩევნია, ეს დრო ჩემს შვილთან და მეუღლესთან ერთად გავატარო. როცა პარიზში ვარ, იქ ვერ ვამბობ უარს ფართებზე, ვერ ვიტყვი, რომ ეს მხიბლავს, მაგრამ ახალი ურთიერთობები და ნაცნობობა საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას მინდა თუ არა, ვაკეთებ. ქართულ ფართებს ნამდვილად არ ვიწუნებ, მაგრამ თავს ვარიდებ უდროობის გამო (იცინის).
– ალბათ, ამიტომაც არასდროს ხდებით ეპატაჟური სკანდალების გმირი, რაც დიზაინერთა ცხოვრებაში იშვიათობა არაა.
– მე არ მჭირდება ეპატაჟები და სკანდალები, ეს, ალბათ, მათი სტიქია უფროა, ვისაც სხვა რესურსი არ აქვს. თუმცა, მათ აქვთ უფლება ისე იცხოვრონ, როგორც თავად სურთ. პარიზული გამოფენების „ავთერფართებზე“ იმდენ შოკისმომგვრელ ადამიანს შეხვდები – „ფეშენ-ინდუსტრიაში“ არიან უცნაური ადამიანები. მე არ მჭირს ასეთი რაღაცეები – არ ზის ჩემში. როცა რაღაც გაქვს მიწებებული, ყოველთვის გეტყობა. საკუთარი თავის დამკვიდრება ისე შევძელი, არც ვიზუალში ჩარევა დამჭირვებია, არც ჩაცმულობაში. ალბათ, დააკვირდებოდით, უკვე წლებია, შავი შარვალი და შავი მაისური მაცვია. მაგრამ, ამ ჩაცმულობაშიც, მგონი, პატივს მცემენ (იცინის).