ვინ არის ხატია შამუგიას გათხოვების კატეგორიული წინააღმდეგი და ვის ათამამებს ყველაზე მეტად გურამ ლომიძე
წლების წინ ხატია შამუგიასა და გურამ ლომიძის წყვილი ერთ-ერთი სამაგალითო ოჯახი იყო. თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, ცალ-ცალკე გადაწყვიტეს ცხოვრება და მათი გზები გაიყო. მიუხედავად ამისა, მათი ურთიერთობა ისევ ყველასთვის სამაგალითოა და დღემდე კარგ, მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ყოფილი მეუღლეების მთავარი დამაკავშირებელი, 10 წლის ნიკუშა ლომიძეა, რომელიც მშობლების ნებიერაა.
– გურამიკო, როგორც ყოველ ზაფხულს, ახლაც მოახერხე და საქართველოში ჩამოხვედი. დარწმუნებული ვარ, ნიკუშა მონატრებული გელოდა. როგორი იყო თქვენი შეხვედრა?
ხატია: ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როცა გურო ჩამოდის, მე და ნიკუშა ყოველთვის აეროპორტში ვხვდებით. ძირითადად, ამერიკიდან ჩამომავალი თვითმფრინავები გამთენიისას მოფრინავენ. ასე რომ, იმ ღამეს მე და ნიკუშას, ფაქტობრივად, არ გვძინავს. წელსაც ასე მოხდა. ნიკუშასთვის გუროს ჩამოსვლა იმდენად ემოციურია, ერთი კვირით ადრე იწყებს ამაზე ლაპარაკს.
ნიკუშა: ხატიას იმდენს ველაპარაკებოდი, ბოლოს კალენდარი მიყიდა და ყოველ დილით, ჯერ გამოფხიზლებულიც არ ვიყავი, როგორც კი ავდგებოდი რიცხვებს ვხაზავდი. აეროპორტში რომ ვიყავით, გუროსნაირი ქუდი ეხურა ვიღაც კაცს და მამაჩემი მეგონა. მოგვიახლოვდა და ულვაშებგადმოყრილი, „მაზოლებიანი“ და ტროსტიანი კაცი შემრჩა ხელში.
– გურო, როგორც ვიცი, ნიკუშასთან ერთად ბორჯომში იყავი წასული 10 დღით. როგორი დრო გაატარეთ?
გურამიკო: არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ნიკუშასთან ერთად „ბასეინზე“ დავდიოდი და კარგად ვერთობოდით.
ხატია: ისე, გურამიკო რაც საქართველოში ჩამოვიდა, ერთი დღე არ გაუთევია სახლში. დატაცებაზეა.
ნიკუშა: ესე იგი, გუროს უყვარს ქორწილებში სიარული. ახლაც ვიყავით ერთად ქორწილში და გათხლეშილი წამოვიდა სახლში. წასულები რომ ვიყავით, ჩამეძინა. ერთხელ რესტორანში გამეღვიძა, მეორედ მანქანაში, ბოლოს სახლში.
ხატია: ნიკუშა მამამისის მესაიდუმლეა. მართალია, არც მე ვეკითხები მამის პირადი ცხოვრების შესახებ, მაგრამ არ არსებობს, რამე მითხრას. გუროს იმდენი „გერლფრენდი“ იცის, უკვე მთელი თბილისი გაიცნო. ასე რომ, ძალიან დატვირთული ზაფხული აქვს მამა-შვილს. ყველგან ერთად დადიან.
გურამიკო: ჯერ ქალებში ერთად არ დავდივართ, მაგრამ ცოტა ხანში, მაგასაც ვიზამთ.
ნიკუშა: 5 წელი დამრჩა და მერე ერთად ვივლით ქალებში მე და გურო.
– ნიკუშა, შენ ის მითხარი, ხატია როგორი დედაა და გურამიკო როგორი მამა?
– ხატია მომვლელი და კარგი დედაა, გუროზეც არაფერს ვიტყვი ცუდს.
ხატია: მე უფრო მიწევს ნიკუშასთან სიმკაცრის გამოჩენა, თუმცა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. არასდროს დამისჯია და არც ამ სიტყვის მნიშვნელობა იცის. პატარაობიდან ყველაფერს მიჯერებს, რასაც ვეტყვი. მამამისი რომ ჩამოდის, ძალიან თამამდება. ის პერიოდი, რაც გურო აქ არის, მათ ურთიერთობაში არ ვერევი. ბოლომდე მინდობილი მყავს მამამისზე და „გულაობს“.
ნიკუშა: სულ რესტორნის განკარგულებაში ვარ, გურო აქ რომ არის.
ხატია: საერთოდ, მკაცრად არ ვზრდით ნიკუშას, რადგან ამას მართლა არ იმსახურებს. ერთადერთი, რაზეც ვკამათობთ, ეზოდან სახლში ამოსვლაა. რომ ჩადის, ამოსვლა აღარ უნდა. რაც შეეხება ნიკუშას სწავლა-განათლებას, ამით უკვე დედაჩემია დაკავებული.
ნიკუშა: აბა, მაგის დრო შენ სად გაქვს! 5 დღე ხომ სკოლაში დავდივარ, შაბათსაც კომაროვში მატარებენ და მარტო კვირა დღე მრჩება ჩემთვის. ხოდა, კვირა გათენდება თუ არა, დილიდან დაღამებამდე ეზოში ვარ. ახლა მაინც გამიმართლა, 9-იდან 1 საათამდე ვიქნები შაბათობით კომაროვში და მერე ეზოში ჩავალ. აბა, 5-ზე რომ მოვდიოდი სახლში, უკვე ღამე იყო.
– მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს დიდი ხნის წინ დაშორდით, ურთიერთობას დღემდე სამაგალითოდ ინარჩუნებთ. ეს კი, უპირველესად, ნიკუშასთვისაა ძალიან კარგი.
ხატია: ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნება, პირველ ყოვლისა, ჩემი და გუროს დამსახურებაა. ემოციურ ფონზე დაშორებული ცოლ-ქმარი ათას სიბინძურესა და სისულელეს რომ აკადრებს ერთმანეთს, ასეთი რამ ჩვენ არ გვქონია. გონივრულად მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ, უპირველესად, კარგი მეგობრები ვიყავით და დღემდე დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს. იმდენი ხანია, ვიცნობ გუროს, ერთმანეთს შევეზარდეთ. ერთი გამოხედვით გვესმის ერთმანეთის. რაც მთავარია, გვყავს ნიკუშა და მიმაჩნია, რომ ქალისა და კაცის ურთიერთობაში ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ შვილია. მე და გუროს ყველაზე მაგარი შვილი გვყავს. მინდა, ბევრმა ექსოჯახმა მაგალითი ჩვენგან აიღოს და ურთიერთობა შეინარჩუნოს.
ნიკუშა: გურო ამერიკაში რომ მიდის, ეგრევე უკან ჩამოსვლა უნდა. გატენილია ჩვენი თხოვნებით, ეს მიყიდე, ის მიყიდე. ეს გამოგვიგზავნე, ის გამოგვიგზავნე. თხოვნა თხოვნაზე აქვს.
ხატია: სხვათა შორის, გურო ის ადამიანია, რომელსაც ბევრი თხოვნა არ სჭირდება.
– გურამიკო, მართლა ყველა თხოვნას ითვალისწინებ?
გურამიკო: ყველას ვერ გაითვალისწინებ, მაგრამ ნიკუშას რაც შეეხება, ულაპარაკოდ.
– ამერიკაში რას საქმიანობ, სიახლე ხომ არაფერია?
– ვმუშაობ და ვანვითარებ ჩემს ბიზნესს. სამ მანქანას ვამუშავებ გადაზიდვებზე და კიდევ ვაპირებ გაფართოებას.
ხატია: იმედი მაქვს, მალე მანქანას გამომაცვლევინებს.
ნიკუშა: ო, ეგ უკვე მაღალი კურსის თხოვნაა, ხატია. არა მგონია, შეგისრულოს.
ხატია: სხვათა შორის, ჩემი „ლექსუსიც” გუროს შერჩეულია, რომელსაც იშვიათი ფერის გამო, სამი თვე ეძებდა.
– რაც ჩამოხვედი, „ქუჩის ბიჭებმა” თუ ჩაწერეთ ახალი სიმღერა?
გურამიკო: ერთი სიმღერის ჩაწერას ვასწრებთ, მერე კი საახალწლოდ კიდევ განვაახლებთ რეპერტუარს – სურვილი მაქვს, ყოველ შემთხვევაში. თუ ყველაფერი კარგად იქნა, დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ ჩამოვალ საქართველოში.
ხატია: გურამიკომ რატომღაც ვერ მოახერხა, რომ ერთ-ერთ ჩამოსვლაზე ნიკუშასთან ერთად დუეტი ჩაწეროს.
გურამიკო: არ დააწერინე სიმღერა და ჩვენ როგორ ჩავწერთ?
ხატია: ჩემი მინუსი ის არის, რომ ოჯახში პროდიუსინგი არ შემიძლია. იმედი მაქვს, ეს დუეტი ჩაიწერება და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი გამოვა. ლილიკო ნემსაძე შემპირდა, რომ სიმღერას აუცილებლად დაუწერს ნიკუშას და გურამიკოს. გურო თუ ჩამოვა, ალბათ, საახალწლოდ მოხერხდება ეს.
– ხომ არ გეგმავთ ქალაქგარეთ ერთობლივად გასვლას დასასვენებლად?
გურამიკო: ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, მე და ნიკუშა ზღვაზე წავიდეთ ერთად.
ნიკუშა: ხატია თურქეთში მიდის, დაბადების დღეს იქ გადაიხდის.
ხატია: ერთადერთი, გურო რატომაც ვერ იტანს ბავშვის წაყვანას, ჩემი სატელეფონო ზარებია. თუ მობილური გამორთული აქვს, მაშინ მეზობლის ბიძაშვილის ტელეფონით ვპოულობ.
ნიკუშა: უნამუსო ვიყო, დღეში 50-ჯერ რეკავს.
– ნიკუშა, შენი აზრით, დედას ჰგავხარ თუ მამას?
– ფიზიკურად ბებიაჩემს ვგავარ ძალიან. ხასიათით უფრო დედას ვგავარ, თუმცა არანაკლებად, მამასაც.
ხატია: უბრალოდ, გურო ძალიან მშვიდია და ისეთი კომუნიკაბელური არ არის, როგორც ნიკუშა. გუროს უფრო ჩრდილში უყვარს ყოფნა. როცა „ქუჩის ბიჭები” დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაშინაც კი არ უყვარდა ინტერვიუს მიცემა. ნიკუშა ბუნებით ლიდერია და პირველობა უყვარს.
ნიკუშა: ხატიასავით კომუნიკაბელური და ხმამაღალი ვარ. რაც შეეხება ინტერვიუებს, მეც გუროსკენ მივდივარ. „პროფილში” და ასეთ რაღაცეებში რომ მპატიჟებენ, არ მინდა წასვლა. პოპულარობა არ მიყვარს.
ხატია: მამაშენს ძალიან უყვარდა პოპულარობა.
ნიკუშა: ქალებში ხომ?
– ხატია რომ გათხოვდეს, ან გურომ მოიყვანოს ცოლი, რა რეაქცია გექნება?
– გურომ რომ ცოლი მოიყვანოს, კიდევ ხო, მაგრამ ხატია არ უნდა გათხოვდეს.
ხატია: მართალია, არაფერს ვაპირებ, მაგრამ რატომ არ უნდა გავთხოვდე?
ნიკუშა: დედის მხრიდან და-ძმა რომ მყავდეს, არ მინდა. მამის მხრიდან, კიდევ შეიძლება, – ჩემგან შორს, შეიძლება. ისე, საერთოდ, არ მინდა და-ძმა მყავდეს.
– შენმა მშობლებმა ერთად ცხოვრება რომ გადაწყვიტონ, ეს თუ გინდა?
– არ არსებობს, არ მინდა.
ხატია: იმიტომ არ უნდა, რომ თავს მშვენივრად გრძნობს და საკმაოდ გათამამებულია. მერე კი აღარ იქნება ასე.
გურამიკო: მე და ნიკუშა ვაპირებთ ქორწილის ერთად გადახდას. ორივე ერთდროულად მოვიყვანთ ცოლებს.
ნიკუშა: ეგ კარგი აზრია, მაგრამ ხატია, მაინც არ უნდა გათხოვდეს.
ხატია: ისეთს რომ გავყვე, ყველაფერს შეგისრულებს, მაინც არა?
ნიკუშა: თუ მაჩუქებს 3 მილიონს, სიამოვნებით.
გურამიკო: ისე, მაგაზე მეც თანახმა ვარ.
ხატია: არც მე ვიქნები წინააღმდეგი, მაგრამ, სამწუხაროდ, კანდიდატურა არ არის.