კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გახდა სექს-სიმბოლო შარლიზ ტერონი ამერიკის მოქალაქე და წელიწადში რამდენს უხდის მას „დიორი“

ეს ჰოლივუდელი ქერათმიანი ლამაზმანი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აფრიკის კონტინენტზეა დაბადებული და პირველი აფრიკელია, რომელმაც „ოსკარის” ჯილდოს მიღება მოახერხა. საუბარია შარლიზ ტერონზე, ჰოლივუდის სექს-სიმბოლოსა და „დიორის” სახეზე, მრავალი გამოკითხვით პლანეტის ყველაზე სექსუალური სარეკლამო რგოლის მთავარ გმირზე, რომელსაც „დიორი“ წელიწადში 2.5 მილიონ დოლარს უხდის.
გთავაზობთ მნიშვნელოვან ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან:
* შარლიზ ტერონი სამხრეთ აფრიკაში, პროვინცია ტრანსვაალში, ქალაქ ბენონში დაიბადა. ის შარლ ჯეიკობ ტერონისა და გერდა ჯეიკობ ალეტის ერთადერთი შვილია. დედის მხრიდან შარლიზს გერმანული, ხოლო მამის მხრიდან – ფრანგული და ჰოლანდიური ფესვები აქვს. ტერონის მშობლები ფლობდნენ ფერმას და ფირმას, რომელიც გზებს აგებდა. ამ ყველაფრის ხელმძღვანელი შარლიზის დედა იყო.
* 15 წლის ასაკში შარლიზ ტერონი მამის სიკვდილის მოწმე გახდა. შარლ ტერონი ქრონიკული ალკოჰოლიკი იყო და  ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა გერდასა და შარლიზს. სწორედ ერთ-ერთი სკანდალის დროს ესროლა გერდამ მას სანადირო თოფიდან და ადგილზე მოკლა. გერდას ქმედება პოლიციამ თავდაცვად შეაფასა და მკვლელობაში ბრალი არ წაუყენებია. საინტერესოა, რომ ეს ფაქტი მოგვიანებით გახდა ცნობილი, მანამდე შარლიზი ირწმუნებოდა, რომ მამა ავტოკატასროფაში დაიღუპა.
* სამხრეთ აფრიკაში ცხოვრების პერიოდში შარლიზი  ბევრ დროს ატარებდა ადგილობრივ ტომებთან და მათგან 26 სხვადასხვა აფრიკული დიალექტი შეისწავლა. შარლიზის მშობლიური ენა აფრიკაანსია, ინგლისური კი მან ტელევიზიის დახმარებით ისწავლა.
* 6 წლის ასაკიდან შარლიზი ბალეტით იყო დაკავებული. 13 წლის ასაკში იგი იოჰანესბურგის ხელოვნების სკოლაში ემზადებოდა და იმედისმომცემ ბალერინად ითვლებოდა, რომ არა ტრავმა, რამაც წერტილი დაუსვა მის საცეკვაო კარიერას.  ამის შემდგომ, შარლიზმა, დედის რჩევით, სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ასე დაიწყო შარლიზ ტერონის სამოდელო კარიერა.
* სამოდელო კარიერის განმავლობაში შარლიზ ტერონი არაერთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან თანამშრომლობდა მილანში, პარიზში, ნიუ-იორკსა და მაიამიში. შემდგომ შარლიზმა კიდევ ერთხელ სცადა საბალეტო სკოლაში მოწყობა, მაგრამ, მუხლის ტრავმის გამეორებამ მას საბოლოოდ დაუმსხვრია იმედები.
* მაიამის შემდეგ შარლიზი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა. ბილეთი ერთი მიმართულებით მას დედამ უყიდა, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი შვილი წარმატებულ სამსახიობო კარიერას აიწყობდა ჰოლივუდში. პირველი პერიოდი შარლიზს ძალიან გაუჭირდა – ის იაფფასიან სასტუმროში ცხოვრობდა და დღის განმავლობაში შიმშილობდა, რათა უკანა გზაზე წასასვლელი ბილეთი ეყიდა. ერთხელ დედამისმა მას 500 დოლარის ოდენობის ჩეკი გაუგზავნა, მაგრამ, ბანკში მისულ შარლიზს უარი უთხრეს ჩეკის განაღდებაზე. მოლარესთან მოჩხუბარი შარლიზით შემთხვევით იქვე მყოფი აგენტი, ჯონ კროსბი მოიხიბლა და გოგონა სხვადასხვა სამსახიობო სააგენტოში წაიყვანა. პირველი როლი, რომელიც შარლიზ ტერონმა შეასრულა, იყო სამწამიანი გამოჩენა საშინელებათა ჟანრის ფილმში – „სიმინდის ბავშვები 3”. შარლიზის გვარი ტიტრებშიც კი არ იყო მოხსენიებული.
* ნამდვილი აღიარება შარლიზ ტერონთან ფილმ „ეშმაკის ადვოკატის” ეკრანებზე გამოსვლის შემდგომ მოვიდა. მისი პარტნიორები გადასაღებ მოედანზე ალ პაჩინო და კიანუ რივზი იყვნენ. მათ ფონზეც კი, კინოკრიტიკოსებმა შარლიზ ტერონის სამსახიობო ოსტატობას მაღალი შეფასება მისცეს.
* შარლიზ ტერონმა მოწევას თავი ჰიპნოზის დახმარებით დაანება.
* ფილმისთვის „მონსტრი”, რომელმაც შარლიზ ტერონს „ოსკარი” მოუტანა მსახიობმა 15 კილოგრამი მოიმატა წონაში და ისეთ გრიმზე დათანხმდა, რომელმაც მისი გარეგნობა მთლიანად შეცვალა. როლზე მუშაობის დროს შარლიზი მხოლოდ ჩიპსებითა და პონჩიკებით იკვებებოდა. ლესბოსელი სერიული მკვლელის როლი შარლიზ ტერონის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
* შარლიზ ტერონი მოდელიერ ჯონ გალიანოს მუზაა და დიზაინერი სპეციალურად მისთვის კერავს ტანსაცმელს.
* წარმატებისა და აღიარების მიუხედავად შარლიზ ტერონი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ ახერხებდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მიღებას. საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლები ცნობილ მსახიობს პერიოდულად უტარებდნენ გამოცდებს ამერიკის ისტორიასა და სახელმწიფოს მოწყობის საკითხებში. შარლიზ ტერონი ამერიკის მოქალაქე 2007 წლის მარტში გახდა.
* შარლიზ ტერონი ერთ-ერთი იმ მსახიობთაგანია, რომელმაც „ოსკარის” მიღებამდე ჟურნალ „ფლეიბოის” გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მსგავსი წარმარტება კიმ ბესინჯერს ჰქონდა, რომელმაც ჯერ ჟურნალისთვის იპოზიორა, შემდგომ კი ფილმისთვის – „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი” – ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო მიიღო.
* შარლიზ ტერონი ერთსქესიანი ქორწინებების ლეგალიზების აქტიური მომხრეა და, ასევე, აბორტის ლეგალიზების უფლებას უჭერს მხარს. გარდა ამისა, იგი საზოგადოებრივი მოძრაობა „ცხოველებთან ეთიკური მოპყრობის” წევრია და აქტიურად იცავს ცხოველთა უფლებას მსოფლიოში.
* ერთი შეხედვით ფაქიზ შარლიზ ტერონს მამაკაცური გატაცებები აქვს: ერთი პერიოდი მას უყვარდა დღეში რამდენიმე კოლოფი სიგარეტის მოწევა, 3-5 ლიტრი ლუდის დალევა და შემდგომ მოტოციკლეტით სეირნობა.
* შარლიზ ტერონი ორჯერ იმყოფებოდა სამოქალაქო ქორწინებაში: მუსიკოს სტეფან ჯენკინსონთან და მსახიობ სტიუარტ თაუნსენდთან. 2012 წლის მარტში შარლიზმა სამხრეთაფრიკელი ბავშვი იშვილა, სახელად ჯეკსონი.
* შარლიზ ტერონს უყვარს შემწვარი ხორცი, კარპაჩო პარმეზანით, პური და ნივრიანი კარაქი.
* ყოველდღიურ ცხოვრებაში შარლიზ ტერონს  ჯინსი და მაისური აცვია. ერთადერთი, რასაც ის არ ღალატობს, არის ქალის ძვირად ღირებული თეთრეული.
* ფილმ „ეონ ფლაქსის” გადაღებების დროს შარლიზ ტერონმა ხერხემალი დაიზიანა. მას ხერეხმლის დისკის თიაქარი დაუდგინდა და გადაღებები რამდენიმე კვირით გადაიდო მკურნალობის გამო.
* ბავშვობაში შარლიზ ტერონი ჟურნალისტობაზე ოცნებობდა.
* 2011 წლის ზაფხულში შარლიზს რომანი ჰქონდა სკარლეტ იოჰანსონის ყოფილ მეუღლესთან, რაიან რეინოლდსთან. თუმცა, ეს რომანი მალევე დასრულდა და ამჟამად შარლიზი სრულიად მარტოა.
* სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენლის ამპლუაში, შარლიზ ტერონს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის ცერემონიალი მიჰყავდა კეიპტაუნში.
* შარლიზ ტერონი ყველაზე სასურველ ვარსკვლავად ითვლება ბეჭდური გამოცემებისთვის. პრიალა ჟურნალების უმეტესობას ყდაზე მისი ფოტოს დაბეჭდვა სურს.
* ამჟამად შარლიზ ტერონი „შეშლილი მაქსის” მეოთხე სერიის გადაღებებისთვის ემზადება. მსახიობმა ცალხელა, ცალთვალა და თავგადახოტრილი გმირი უნდა განასახიეროს. ტერონი ცნობილია, როგორც როლის გამო მსხვერპლზე წამსვლელი მსახიობი  და მან უკვე შეიჭრა თმა მოკლედ, თუმცა, ხელის მოჭრასა და თვალის ამოჭრას არ აპირებს, დანარჩენზე კი  ვიზუალური ეფექტების ოსტატები იზრუნებენ.

скачать dle 11.3