როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ბუიძე
ზოგ ქართულ გვარ-სახელთა წყება ფრინველთა სახელებს უკავშირდება. ქართულში ფრინველთა სახელწოდებისგან ნაწარმოები პირთა სახელებია: ჩიტო, გედია, გვრიტა, გუგულა, ქირი (ანუ, მეგრულად – ქორი), ბუა და სხვა.
სულხან-საბა ორბელიანი წერს: „ბუ არის თავდიდი ღამის ფრინველი“.
ამ ფრინველისგანაა მიღებული მეტსახელი ბუი, რომელიც გვხვდება გვარებში ბუიძე, ბუიშვილი.
ბუიძე და ბუიშვილი ქართული სამართლის ძეგლებში სვეტიცხოვლის საკომლეების ნუსხაში მოიხსენიება 1689 წელს. ბუიძეები კომპაქტურად ცხოვრობენ კახეთში, მესხეთში, იმერეთში.
საქართველოში 312 ბუიძე ცხოვრობს: ლაგოდეხში – 60, ადიგენში – 50, ბაღდადში – 47. არიან სხვაგანაც.
ლოლაძე
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – ლოლა. ის, ასევე, გვხვდება, როგორც ქალის საკუთარი სახელი. ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ლული, ლოლუ, ლულო, ლოლუა.
ლოლაძეები ქსნის ერისთავის აზნაურები იყვნენ. 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის სიაში ისინი მეორე ადგილზე მოიხსენიებიან.
ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში მოხსენიებულნი არიან ლოლაძე და მისი ყმები – ჟოჟე, პაატა და სიხარულა.
1638 წელს მოხსენიებულია კულბათში მცხოვრები თედია ლოლაძე, რომელიც სასახლის მსახური იყო და ყმებიც ჰყავდა.
„აზნაური ლოლაძე და მათი წინაპარი არიან იმერეთიდან მოსულნი ერეკლე მეფის დროს, 1695 წელს და ტრაქტატსა შინაც არიან მოხსენიებული, რომელნიმე სახლობენ აწ იმერეთს და რომელნიმე ქართლსა“.
1783 წელს, ტრაქტატის სიით, ლოლაძეები არიან ასევე, ორბელიან-ყაფლანაშვილების აზნაურები.
საქართველოში 1 890 ლოლაძე ცხოვრობს: თბილისში – 688, საგარეჯოში – 232, ჭიათურაში – 210. არიან სხვაგანაც.
სალამაძე
გვარის ფუძეა სიტყვა სალამა. ამავე ძირისაა გვარი სალამაშვილი.
სალამაშვილები, როგორც სახაზინო გლეხები, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსების მიერ ჩატარებულ აღწერაში მოხვდნენ. ამ გვარს ჩამოაცილეს სუფიქსი შვილი, დაურთეს ოვი და ასე გაჩნდა ახალი გვარი – სალამოვი. დაბეჯითებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სალამოვები სალამაშვილები არიან.
სალამაძე უძველესი გვარ-სახელია. მისი ადრინდელი ფორმა სალამოსძე იყო.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, გვარის ფუძეა სიტყვა სალამი. სავარაუდოდ, საკუთარი სახელი სალამა მომდინარეობს სოლომონიდან.
საქართველში 68 სალამაძე ცხოვრობს: თბილისში – 41, გორში – 24, ახალგორში – 3.
ადუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ადუა.
1537-1538 წლებში დმანისში მცხოვრები ადუა, თავისი მამულით წილად ხვდა თავად იოთამ ბარათაშვილს.
ერთ-ერთ ისტორიულ საბუთში წერია, რომ ადუაშვილისა და პაპუნაშვილის მიერ როსტომ ყორღანაშვილისთვის მიყიდული გურგენას ნაქონი ვენახი ერთმანეთს ემიჯნებოდა.
ელიბო და იასე ადუაშვილები მოიხსენიებიან პაპუა თურქისტანაშვილის მიერ იასე ადუაშვილის სახელზე გაცემული თავდახსნილობის წიგნში.
გოლთეთელმა პავლე ადუაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა ვაჟი – დავითი. მიმრქმელი იყო სვიმონ ქათამაძე.
საქართველოში 1 868 ადუაშვილი ცხოვრობს: გორში – 682, თბილისში – 571, დმანისში – 193. არიან სხვაგანაც.
სესიტაშვილი
საკუთარი სახელიდან სესიტა საფუძველი ჩაეყარა სესიტაშვილების ცნობილ გვარს.
მეფის მიერ გაცემულ დოკუმენტში აღნიშნულია: სესიტა სესიტაშვილი – დამწერი და მოწმე ზურაბ დონდორაშვილის მიერ ბატონ ოსიყმისათვის მიცემული ნასახლარის ნასყიდობის წიგნისა. ეს მომხდარა მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების მიჯნაზე.
1995 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით გაირკვა, რომ სესიტაშვილების საცხოვრებელი ადგილია თბილისი და კახეთი.
საქართველოში 459 სესიტაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 266, ლაგოდეხში – 73, თბილისში – 72. არიან სხვაგანაც.
ხმიადაშვილი
ქართველთა გვარებში გამოიყოფა სხვადასხვა საგნის სახელწოდებისგან ნაწარმოები გვარ-სახელები. მაგალითად, ხმიადაშვილის გვარს საფუძვლად უდევს სიტყვა ხმიადი. ხმიადი იგივეა, რაც უსაფუვროდ გამომცხვარი პური.
ამ სიტყვის წაბაძვით გაჩენილა როგორც მეტსახელი ხმიადა, ისე საკუთარი სახელი – ხმიადა.
ალექსანდრე ღლონტი წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები“ წერს: „საკუთარი სახელი ხმიადა, გვარებში – ხმიადაძე, ხმიადაშვილი“.
გვარი ადრიდანვე მოიხსენიება გორის რაიონში, კერძოდ, ტირძნისში.
საქართველოში 997 ხმიადაშვილი ცხოვრობს: გორში – 588, თბილისში – 249, თელავში – 92. არიან სხვაგანაც.
თუნგია
თუნგია მომდინარეობს მამაკაცის მეტსახელიდან თუნგა.
თუნგი სპილენძის ან თიხის ვიწროყელიანი დოქია.
თუნგიებს გალის რაიონში რაღაც დაუშავებიათ, სოფელი შეშელეთი მიუტოვებიათ, სამეგრელოში ჩამოსახლებულან და აზნაურ მელიებს მინდობიან. მათი ძირი ილორაში გვხვდება.
საქართველოში 228 თუნგია ცხოვრობს: ზუგდიდში – 110, თბილისში – 34, აბაშაში – 17. არიან სხვაგანაც.
ბურნაძე
გვარი ბურ ძირიდან არის წარმოქმნილი. ასევე, ამ ფუძიდან წარმოშობილია გვარები: ბურახიშვილი, ბურდიაშვილი, ბურდული, ბურთიაშვილი, ბურძგიაშვილი, ბურძენიძე, ბურჭულაძე, ბურჯანაძე, ბურჯული.
1667 წელს პაპუნა ფავლენიშვილმა ბურნაძისეული მამული დეკანოზ დავითს გაუცვალა და მიჰყიდა ვენახი, ყარაულის ბაგა და 47 ადლი მიწა.
1673 წელს ბურნაძე ოთიამ, სხვა პირებთან ერთად, პირობა მისცა დომენტი კათალიკოსს, რომ ამიერიდან ტყვეებს აღარ გაჰყვებოდა.
საქართველოში 715 ბურნაძე ცხოვრობს: თბილისში – 221, მარნეულში – 155, გორში – 112. არიან სხვაგანაც.
ბალუაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბალო, ბალუ.
1721 წელს მოიხსენიება საკარის მცხოვრები ვახუშტი ბალუაშვილი.
გიორგი ბალუაშვილი მოიხსენიება სოფელ ჩხრიკვათში, ანდრია ბაიდარიშვილის ასულის, ქეთევანის თავდებად 1882 წელს.
საქართველოში 226 ბალუაშვილი ცხოვრობს: თელავში – 74, გურჯაანში – 58, თბილისში – 44, არიან სხვაგანაც.
სალაია
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სალა.
ამავე ძირისაა გვარები: სალაძე, სალია, სალიაშვილი, სალიბეგაშვილი.
სალაია მოიხსენიება დღევანდელი ოჩამჩირის რაიონის სოფელ თხინას მოსახლეობის 1837 წლის აღწერის სიაში.
სალაიათა გვარის წარმომადგენლები დღეს უპირატესად გურიაში ცხოვრობენ.
საქართველოში სულ 55 სალაია ცხოვრობს: ოზურგეთში – 14, რუსთავში – 13, ფოთში – 13. არიან სხვაგანაც.
სამსონია
გვარი მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელისგან სამსონი. სამსონი ძველი ებრაული სახელია, ის მზიანს ნიშნავს. ასევე, გვხვდება გვარები სამსონაძე და სამსონიძე.
სამსონიათა გვარი მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება ქვემო ქართლში.
სამსონია მოხსენიებულია, ასევე, დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში, კერძოდ, სოფელ კვიტოულში.
საქართველოში 507 სამსონია ცხოვრობს: ოზურგეთში – 165, თბილისში – 147, ლანჩხუთში – 79. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით