რა აპარატებით უთვალთვალებდნენ ავადმყოფ სტალინს
ბევრს წერენ სტალინის ხასიათის თავისებურებებზე. ჩვენ ვიტყვით, რომ მას პროფესიონალი რევოლუციონერის ხასიათი ჰქონდა. ამას გარდა, სტალინი ხასიათით ჩამოჰგავდა ნებისმიერ უკრაინელს, ბელორუსს, მაგრამ, განსაკუთრებით – კავკასიელს. მისი ხასიათი ცხოვრებისეული, შეურიგებელი იყო ტროცკიზმის მიმართ და დაუნდობელი – სამშობლოს მოღალატეებისადმი. მის ხასიათს მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ცოლის გარდაცვალებამ. დაე, ნუ ტყუიან პრესაში, თითქოს სტალინი ნადეჟდა ალილუევას პატივს არ სცემდა და თითქოს ის ფეხით არ მიჰყვებოდა კუბოს, როცა ალილუევას „გუმიდან” მიაცილებდნენ.
თუ ისინი მართალნი არიან, მაშინ მე, კირილინს, კუზნეცოვსა და მელნიკოვს რატომ გვიხდებოდა ნოვოდევიჩის სასაფლაოზე ნადეჟდა ალილუევას საფლავზე მასთან ერთად სიარული? სტალინი დღისით მუშაობდა და ალილუევას საფლავზე ღამღამობით დაიარებოდა.
პირველ ხანებში, სტალინი საკმაოდ ხშირად დადიოდა საფლავის მოსანახულებლად. ერთხანს ფანჩატურში ჩამოჯდებოდა, გააბოლებდა და, უსიტყვო სევდით შეპყრობილი, სასაფლაოდან ამის შემდეგ ბრუნდებოდა.
ვლასიკის მოწმობით, მას არაერთხელ დაუტრიალებია პავლეს მიერ ნაჩუქარი პაწაწინა პისტოლეტი. ამ დროს სტალინი თავისთვის ჩაილაპარაკებდა ხოლმე: „როგორი საქმეა, ამ ერთმა ბეწო რაღაცამ დაუსვა წერტილი ნადეჟდას სიცოცხლეს. თითქოს ყველაფერი განზრახულად და სპეციალურად კეთდებაო.” სვეტლანა არ წერს დედამისზე, რომ, როცა ის ექსტაზში შედიოდა, წონასწორობას კარგავდა და უმართავი იყო.
სტალინის მიერ აგებულ სასახლეებს რაც შეეხება, რაზეც ლოსევი წერს, დიახ, ეს სასახლეები არსებობდა – სულ ჩვიდმეტი სასახლე იყო, მათგან ოთხი – მოსკოვში და მოსკოვის ახლოს.
შავიზღვისპირეთის ყველა აგარაკი საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ ბალანსზე ირიცხებოდა, მაგრამ სტალინი მათ არ იკავებდა. იქ ისვენებდნენ ჩოიბალსანი, ტოლიატი, ტორეზი, მაო-ძე-დუნი, ანუ, დემოკრატიული ქვეყნების ხელმძღვანელები. სტალინს ეჭირა აგარაკი „კუნცევო,” სამხრეთში კი აგარაკები მაცესტასთან და გაგრასთან, „ხოლოდნაია რეჩკაზე”. ცოტა ხანს მკურნალობდა წყალტუბოსა და ბორჯომში, მაგრამ, აქ სულ რამდენიმე დღე დაყო – წყალტუბოში სამი-ოთხი აბაზანა მიიღო და გაემგზავრა.
სტალინი ვარაუდობდა, რომ მაცესტასა და წყალტუბოს წყლები უშველიდა, მაგრამ, მას პრაქტიკულად უკვე აღარაფერი შველოდა.
ის იქ ორთქლის აბანოში ბანაობდა, შემდეგ კი ორიოდე საათს ისვენებდა და ერთ ჩაყრა ჩაის სვამდა – ეს იყო და ეს.
მოდით, ერთმანეთს შევადაროთ კიროვისა და სტალინის დაცვა და ვნახოთ, თუ როგორ იყო ის ორგანიზებული.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვლასიკს, რომელიც მთელი დღე-ღამე აკონტროლებდა ცვლაში მყოფი თანამშრომლების შემადგენლობას. „ოგეპუს” სამმართველოს სისტემაში არსებითად მის მიერ იყო ორგანიზებული პირველი განყოფილება – შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი. ამ განყოფილების თანამშრომლები მხოლოდ ვლასიკს და, რასაკვირველია, სტალინს ემორჩილებოდნენ. 1936 წელს სტალინის მცველები იყვნენ ვლასიკი, რუმიანცევი, ბოგდანოვი, მაგრამ, ეს უკანასკნელი დაავადდა და მწყობრიდან გამოვიდა. კუნცევოს აგარაკი ერთსართულიანი იყო. აგარაკთან პოსტზე იდგნენ შაშხანებით, უფრო გვიან კი შპაგინის სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით (პპშ) შეიარაღებული „ცხრაკაცას” წევრები: კირილინი, კუზმიჩევი, მ. მელნიკოვი, აგარაკის ტერიტორიის შუაში 2-3 თანამშრომელი მორიგეობდა. აგარაკის კართან, ჩრდილოეთის მხარეს იდგა ოპერმუშაკი ვოლკოვი. მცველი იმყოფებოდა სტალინის გვერდითა ოთახში. იყო კომენდანტი ეფიმოვი, რომელსაც სტალინი და მისი ოჯახი დიდად სცემდნენ პატივს. ღობის გარეთა მხარეს პოსტებზე იდგა შაშხანებით შეიარაღებული სამი-ოთხი მცველი. სტალინი აგარაკზე დაცვის გულმოდგინე კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა მისი გადაადგილების დროსაც. სტალინთან მძღოლებად შენაცვლებით მუშაობდნენ სოლოვიოვი, კორპოვი და კრივჩენკოვი.
კუნცევოს აგარაკის მშენებლობაზე სტალინი მხოლოდ იაგოდას თანხლებით მიდიოდა. სოლარიუმზე იმყოფებოდნენ რიბინი, გორუნდაევი და ჟაგორნიკოვი; სტალინის მცველებიდან – რუმიანცევი. სტალინი ღამის 3-4 საათამდე მუშაობდა. დილის 10-11 საათზე დგებოდა. აგარაკის ირგვლივ არავითარი მავთულხლართები და თხრილები არ ყოფილა. ღამღამობით ტყეში ნაგაზითურთ დადიოდა თანამშრომელი პიტერსკი.
1933 წელს კუნცევოს აგარაკზე პირველი სტუმარი იყო კიროვი, რომელსაც სტალინი ყველა თავის გასაჭირს უზიარებდა. მახსოვს, იმის შემდეგ, რაც იაგოდამ, იაკობ სამუელის ძე სორინსონმა (აგრანოვმა), ვოლოვიჩმა და კარლ პაუკერმა სტალინის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს, როცა 1936 წელს, ჩკალოვს ვხვდებოდით, ბელორუსიის ვაგზლიდან გამოკიდებული იყო პოლიტბიუროს წევრების პორტრეტები. ჩემ თვალწინ კომისარმა დაგენმა სტალინის პორტრეტი უკანა პლანზე მოაქცია. ვლასიკმა მოირბინა ჩემთან: „სტალინის პორტრეტი უკანა პლანზე ვინ გადაიტანა?” ვუპასუხე, რომ ეს კომისარმა დაგენმა გააკეთა.
ამის შემდეგ სტალინის დაცვა გააძლიერეს: დააყენეს 3 მეტრი სიმაღლის შიდა ღობე. ლოკატორები დააყენეს ღობეებთან. თუ ღამით ვინმე გამოჩნდებოდა, ღობის ახლოს, მორიგე კლიმოვთან ლოკატორი მის გამოსახულებას აჩვენებდა. სიტყვას მოჰყვა და, მორიგის მაგიდის უჯრაში ეწყო სხვადასხვა ქვეყნიდან საჩუქრად მორთმეული უამრავი პისტოლეტი! „ცხრაკაცას” რაც შეეხება, მისი შემადგენლობა არ იცვლებოდა. სტალინს უკან მიჰყვებოდა მანქანა, რომელშიც 3-4 კაცი იჯდა. ცოტა გვიან გამოდიოდა და მოჰყვებოდა ორი „კუდის” მანქანა. საგზაო შემთხვევებისთვის მანქანებში გათვალისწინებული იყო თანამშრომელთა რეზერვი. არა მგონია, სტალინს სცოდნოდა, რომ აგარაკზე ლოკატორები იყო დაყენებული, მით უფრო, არ ეცოდინებოდა, რომ კარში ეყენა ნაწილი აპარატისა, რომელიც უშუალოდ იღებდა და კონტროლირებულ სიდიდეს (წნევა, ტემპერატურა, სიხშირე, სიჩქარე, სინათლის ძალა და ასე შემდეგ) გარდასახავდა გაზომვისთვის, გადაცემისთვის, რეგისტრაციისთვის და ასე შემდეგ მარჯვე სიგნალად.
როცა სტალინი ცუდად იყო, მის გადაადგილებას თვალს ადევნებდნენ არა მხოლოდ ეს აპარატები, არამედ, თანამშრომლებიც, რომლებიც ელექტროგანათებით ორიენტირებდნენ – სტალინი მომჭირნე იყო და ოთახიდან გამოსვლისას აუცილებლად აქრობდა შუქს. 1950 წლიდან სტალინი დასასვენებლად დადიოდა.
1933 წლიდან მას არ მიუტოვებია აგარაკი „ბოლშაია მაცესტასთან”. იქ დაცვა უფრო გაძლიერებული იყო. ჩვენი შიდა დაცვის გარდა, გარეთა მხრიდან, მას ერტყა მესაზღვრეთა დაცვის რკალი. იყო კაზუსებიც: ერთხელ, ერთი ქალი სოკოებს ეძებდა. მან ტყეში, ბუჩქებში ნახა ტელეფონი, მესაზღვრე კი ახლომახლო არ იყო. ჰოდა, ის ქალი აგარაკთან სოკოებს კრეფდა. აგარაკთან იდგა „ცხრაკაცაც”, ხოლო გორაკზე შაშხანიანი თანამშრომლები იდგნენ. არ ყოფილა იმის შემთხვევა, რომ სტალინი ჭიშკართან მარტო გასულიყო.
სტალინი და კიროვი ადიოდნენ გორაკზე. იქ მათ პატარა მაგიდას უშლიდნენ და ისინი მშვიდად ბაასობდნენ. ხანდახან მათთვის ნახევარბაინაზე უკრავდა მეგარმონე პანტიუშინი – ჩვენი დაცვის თანამშრომელი. თავისუფალ დროს წელავდა გარმონს და იწყებდა რუსული, ხანაც ქართული ხალხური სიმღერების შესრულებას. ეს ის დრო იყო, როცა ცოცხალი იყო ალილუევა, კეთილი, მაგრამ, საშინლად ფიცხი ქალი, იმდენად ფიცხი, რომ ზოგჯერ თავის თავზე კონტროლს კარგავდა. პოლიტიკას თვალყურს ადევნებდა და, თუ ვინმე მისგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა, ნაწყენი რჩებოდა, საავდრო ღრუბელივით იქუფრებოდა. ის სწორედ ამან დაღუპა.
სტალინი „მალაია მაცესტაში” გოგირდწყალბადიანი აბაზანების მისაღებად დადიოდა. იქ დაცვა საკმაოდ საფუძვლიანად იყო უზრუნველყოფილი. შავიზღვისპირეთში, – არც სოჭში და არც გაგრაში, „ხოლოდნაია რეჩკაზე”, – სტალინს საფათერაკო არაფერი შემთხვევია. იმ დროს მე სტალინის დაცვაში ვმსახურობდი და, შემიძლია, დაბეჯითებით დავამოწმო შავიზღვისპირეთში სტალინის უსაფრთხოება.
სტალინის სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივმა გარემოებებმა გამოიწვია. ნუ გამოვიგონებთ იმას, თითქოს სტალინი მოწამლეს. ყველაფერი ეს მისი მოძულეების მიერ მოგონილი ბლეფია. სტალინის სიკვდილი ბევრწილად თვით სტალინის ბრალია: ის არ იცავდა დღის, დასვენებისა და კვების განაწესს; დიდ დროს უთმობდა აგარაკზე მოსულ სტუმრებს, პოლიტბიუროს წევრებს, სარდლებს, მეტისმეტად ზრუნავდა მათზე; კომბოსტოსა და მშრალ ხილს სჯერდებოდა. სულ ინტერესდებოდა იმით, თუ რა უჯდებოდა სახელმწიფოს მისი კვება...”
სტალინის პირადი მცველის ა. რიბინის ჩანაწერების მიხედვით