ფლორის სამყაროში
კითხვა: ჩემს პეპერომიას გაზაფხულზე გაუყვითლდა ფოთლები. როგორ მოვიქცე?
პასუხი: პეპერომია ჩრდილის მოყვარული მცენარეა, ამიტომ, ეცადეთ, რომ ცხელ დღეებში ჩრდილში ამყოფოთ, ანუ, არ დადგათ მზეზე; ასევე, პეპერომიას უყვარს ხშირი დანამვა და, ეცადეთ საღამოობით დანამოთ. რაც შეეხება მიწას, ნუ გამოაშრობთ, რადგან, შესაძლოა, მცენარე დაგეღუპოთ. ზაფხულში გაიტანეთ გარეთ, ჰაერზე და დადგით ჩრდილში. ასეთ პირობებში მცენარე კარგად გრძნობს თავს. ზამთარში მისი ტემპერატურა პლუს 20 გრადუსი უნდა იყოს და, ეცადეთ, ზამთრის დღეებში ხშირად არ მორწყათ, რათა ფესვები არ დაულპეს. შეგიძლიათ, პეპერომია გადარგოთ ყოველ წელიწადს, რადგანაც ასეთ დროს ხშირად ამოიყრის „შვილებს“. იმისთვის, რომ ფესვები კარგად განვითარდეს, მის ნიადაგში აუცილებლად შეიტანეთ ხის ტორფი.
კითხვა: ფიკუსს მთლიანად გაუყვითლდა ფოთლები. როგორ ვუშველო?
პასუხი: მცენარე აუცილებლად გაიტანეთ გარეთ და 3-4 დღე არ მორწყათ. ამის შემდეგ ამოიღეთ ნიადაგიდან და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ფესვთა სისტემა. თუ დაზიანებული არ აქვს, ჩადეთ მიწაში და დადგით ჩრდილში, ხოლო, თუ ფესვთა სისტემა დაზიანებულია, ასეთ დროს მოაჭერით გაფუჭებული ადგილები და გაიტანეთ მზეზე.
კითხვა: როგორ მოვუაროთ დიფემბახიას?
პასუხი: დიფემბახია ტროპიკული და ნაზი მცენარეა, ამიტომ, მას არ უყვარს მზის მწველი სხივები. მცენარე ამყოფეთ დაჩრდილულ ადგილას. ზაფხულში მორწყეთ ინტენსიურად, ხოლო ზამთარში – 5-10 დღეში ერთხელ. ეცადეთ, ზაფხულში არ გამოაშროთ ნიადაგი, ხილო ზამთარში კი ზედმეტად არ მორწყათ. მცენარეს სასუქების მიცემა სჭირდება როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარში. დიფემბახია გადარგეთ ადრე გაზაფხულზე, ოღონდ, ისე, რომ ნიადაგი არ დაუშალოთ. ის არის ძალიან ლამაზი და სასარგებლო მცენარე, რადგან ბევრ ჟანგბადს გამოყოფს. მას ნიადაგში აუცილებლად სჭირდება ქვიშა და ტორფი. ზამთარში ის ამყოფეთ პლუს 22 გრადუსზე, ხოლო ზაფხულში ტემპერატურის სიმაღლეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის სწრაფად მზარდი მცენარეა და, 2 წელიწადში, შეიძლება, 1,5 მეტრს მიაღწიოს. დიფემბახიას არ უყვარს ფოთლების მოშორება, რადგან შეიძლება დაავადდეს. ის ყვავის შემოდგომით, რაც გრძელდება 1-2 კვირა, ზოგჯერ კი უფრო მეტხანსაც.
კითხვა: ბინაში მაქვს აბუთილონი, რომელიც არ ყვავის. როგორ მოვიქცე?
პასუხი: მცენარე არ არის ძალიან პრეტენზიული და მომთხოვნი, განსაკუთრებით კი – ნიადაგის მიმართ. ეცადეთ, გაზაფხულიდან შემოდგომამდე გარეთ გქონდეთ და მიეცით სასუქების ნაკრები. ამასთანავე, მორწყეთ ინტენსიურად. ეცადეთ, რომ მორწყვამდე მისცეთ სასუქი და შემდეგ კარგად მორწყეთ, რათა მინერალები მთელ ნიადაგში გაიჟღინთოს, რომ ფესვებმა კარგად მიიღოს. ეცადეთ, ზამთარში მცენარე მაღალ ტემპერატურაზე არ დადგათ, ამყოფეთ პლუს 12-16 გრადუსზე, რათა მცენარე მოსვენების პროცესში იყოს. თუ, აბუთილონს ასე მოუვლით, ის ყოველ წელს იყვავილებს. მცენარე გადარგეთ ორ წელიწადში ერთხელ. მის ნიადაგში უნდა იყოს: ტორფი, ნაკელი, ქვიშა და ფოთლის მიწა. მცენარე გვიან შემოდგომით შეიტანეთ ბინაში. ის კარგად იტანს გასხვლასა და ფორმირებას, ამიტომ, ეცადეთ, წელიწადში ორჯერ გაკრიჭოთ და სასურველი ფორმა მისცეთ. მცენარეს სჭირდება დიდი ქოთანი, რადგან, მალე მზარდია და, შესაძლოა ერთ წელიწადში მიაღწიოს 2 მეტრ სიმაღლეს. მცენარე მრავლობს როგორც თესლით, ასევე, კალმითაც. ის ძალიან იოლად ფესვიანდება.