როგორ დაკარგეს ერთმანეთი მეგობრებმა და ვის ეძებენ ყაზახეთიდან თბილისში
53 წლის ალსუ მამანდაევა ეძებს: 52 წლის ეველინა რაჟდენის ასულ კალანდაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მეგობარს: 52 წლის ეველინა რაჟდენის ასულ კალანდაძეს. მე და ეველინას არაჩვეულებრივი მეგობრობა გვქონდა. საბედნიეროდ, მიუხედავად სხვადასხვა ეროვნებისა, ჩვენ ერთმანეთს კარგად ვუგებდით. თითქმის 25 წელია, ეველინასთან კავშირი არ მქონია. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი მეგობარი. დიდი იმედი მაქვს, რომ ის დღემდე საქართველოში ცხოვრობს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ქალბატონი ალსუ იმეილის საშუალებით დამიკავშირდა. ის ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ცხოვრობს და რუბრიკა „დაკარგულების“ დიდი იმედი აქვს.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი მეგობრებმა და ბოლოს სად ან როგორ ნახეთ ეველინა?
– მე ეველინა ბოლოს 1987 წელს ვნახე, როდესაც ის ყაზახეთში სტუმრად იყო ჩამოსული. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ერთმანეთს დავკარგავდით, არადა, სწორედ ასე მოხდა. მე შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი, ანუ, ეველინასთვის ცნობილ მისამართზე აღარ ვცხოვრობ, ხოლო, წერილები, რომლებსაც ეველინას საქართველოში ვუგზავნიდი ისევ უკან მიბრუნდებოდა, რადგან, როგორც ჩანს, ძველ მისამართზე ისიც აღარ ცხოვრობს. ჩვენ ერთმანეთი ახალგაზრდობაში გავიცანით, როცა ის ყაზახეთში სტუმრად იმყოფებოდა მამამისის შორეულ ნათესავთან. ჩვენ მეზობლები აღმოვჩნდით და მალევე გავუგეთ ერთმანეთს. ევა მაშინ 22 წლის იყო, მე კი – 23 წლის.
– აქამდე თუ ეძებდით მეგობარს და რა ხერხებისთვის მიგიმართავთ?
– აქამდე ვეძებდი ეველინას, მაგრამ, უშედეგოდ. როგორც გითხარით, წერილებსაც ვუგზავნიდი და ინტერნეტშიც ვეძებდი. როგორც ჩანს, ის ან არსად არ არის დარეგისტრირებული, ანდა, სხვა გვარი აქვს. შესაძლებელია, რომ ის გათხოვდა და ამჟამად მეუღლის გვარზეა. სამწუხაროდ, მეგობრის მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს, მაგრამ, შემიძლია, აგიწეროთ (ბუნებრივია, ის ცოტათი მაინც შეიცვლებოდა, მაგრამ, ზოგადად მისი აღწერა შემიძლია): ეველინა არის მაღალი, წაბლისფერთმიანი, თეთრი პირისახის. მას კარგი აღნაგობა აქვს, ყავისფერი თვალები და საოცრად მეტყველი სახე. იმ დროისთვის არც მე და არც ეველინა გათხოვილები არ ვიყავით. მახსოვს, ჩვენს ქუჩაზე მცხოვრებ ყველა ბიჭს საოცრად მოსწონდა საქართველოდან ჩამოსული ეს ლამაზი გოგონა. ამჟამად მე უკვე ერთი შვილიშვილი მყავს. იმედია, ევასაც აქვს თავისი ოჯახი.
– თავად ეველინას შესახებ კიდევ რა იცით, ჰყავს თუ არა მას და-ძმა ან რას საქმიანობდნენ მისი მშობლები?
– ეველინას არ ჰყავდა და-ძმა, ის დედისერთაა, მამამისს რაჟდენი ერქვა და ის პროფესიით ინჟინერი იყო. დედას, თუ არ ვცდები, ევა ერქვა, ძალიან ლამაზი ქალი იყო (ეველინაც მას ჰგავს). დედა დიასახლისი იყო.
– როგორ ფიქრობ, შეიძლება, ეველინა ამჟამად არ იყოს საქართველოში და საცხოვრებლად უცხოეთში წასულიყო?
– ჩვენი ბოლო შეხვედრიდან უკვე თითქმის 25 წელია გასული ამდენი ხნის განმავლობაში მის შესახებ არაფერი მსმენია და, არ არის გამორიცხული, რომ ის თბილისში აღარ ცხოვრობდეს.
– მეგობრის პოვნის შემთხვევაში, როგორ აპირებთ ერთმანეთის ნახვას?
– ნეტავ ვიპოვოთ ერთმანეთი და შეხვედრაზე შემდეგ ვიფიქრებთ. შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ ეველინასნაირი მეგობარი მე არ მყოლია, არც მაშინ, როცა დავმეგობრდით და დღესაც არავინ მყავს ისეთი ვისთანაც ასე კარგად ვიქნებოდი. ჩვენ ორივეს გაგვიმართლა მაშინ, რადგან, ევამაც და მეც რუსული კარგად ვიცოდით და ამ ენაზე ვურთიერთობდით. ის ბევრს მიყვებოდა საქართველოზე, თქვენს ხალხზე, მეპატიჟებოდა კიდეც სტუმრად, მაგრამ, მე ვერა და ვერ მოვახერხე ჩამოსვლა.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.