ვინ ამოძირკვა თავისი ცხოვრებიდან თამრიკო ჭოხონელიძემ და ვინ იყო მისი შვილების დედინაცვალი
თბილისში არსებობს ერთი კარგი, თბილი ოჯახი, სადაც არც ერთი თაო-ბა არ ღალატობს ტრადიციებს. ეს გახლავთ აწ გარდაცვლილი ცნობილი ფოლკლორისტის, პროფესორ კუკური ჭოხონელიძის ოჯახი. მისი უფრო-სი ქალიშვილი, თამრიკო, სიამოვნებით იხსენებს მამასთან, დედასთან, დებთან, ბებია-ბაბუებთან ურთიერთობისა თუ „მზიურის“ სასიამოვნო ეპიზოდებს. არც ის დრო ახსენდება ცუდად, როცა 23 წლის გოგონას მსახიობი გია როინიშვილი შეუყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. თამრიკოს ქალიშვი-ლი მარიამი კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტია, კოკო კი მა-მის კვალს გაჰყვა – ის თეატრალური ინსტიტუტის, სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსზეა.
თამრიკო ჭოხონელიძე: დედაჩემთან, ალბათ, ახლოსაც ვერ მივალთ შვილები, იმდენად ლამაზი იყო ახალგაზრდობაში. სულ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. მან ძალიან საინტერესო და მძიმე ცხოვრება გამოიარა. ბებიაჩემი, პალინა პარტინა, 18 წლის ყოფილა, როცა ბაბუამ, ვალიკო კალანდაძემ, პოლონეთიდან ჩამოიყვანა. ბაბუა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე იყო და თურმე გამორჩეულად ცეკვავდა კინტაურს. რაღაც გაუგებრობა მოხდა და ერთმანეთს დაშორდნენ. დედა მამასთან იზრდებოდა, თუმცა ბებიას საქართველო არ დაუტოვებია. 14 წლის ვიყავი, როცა ბებია გავიცანი. ჩუმად დადიოდა პიონერთა სასახლეში, ყველა ჩემს კონცერტს ესწრებოდა. როცა მის სახლში მივედი, კედლები სავსე ჰქონდა ჩემი სურათებით. სამწუხაროდ, ერთ წელიწადში გარდაიცვალა, გულით. როცა ბაბუამ ბებიას გარდაცვალება გაიგო, გამომიტყდა – მე ის ყველაზე მეტად მიყვარდაო. ჩემმა მშობლებმაც იმ სულისკვეთებით გაგვზარდეს, რაც მათ ჰქონდათ. მამა დედას იქით ვერავის ხედავდა. ორმოცი წელი იცხოვრეს ერთად. ასეთი სიყვარული არ მინახავს. მამა ხშირად გვეუბნებოდა, განსაკუთრებით, როცა ნასვამი იყო: დედათქვენს ვერც ერთი დაემსგავსეთო. სკოლის მერხიდან უყვარდათ ერთმანეთი, ხელისგულზე ატარებდა. ყველასთან მიმართებაში დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობიდან ვავლებდი პარალელებს. დედა დღესაც ამბობს – ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც მამათქვენის ხელში გამივლია, ყველაფრის გვირგვინიაო. პლეხანოვზე ვცხოვრობდით. სამივე შვილი რთულ პირობებში გაგვაჩინა და გაგვზარდა, მაგრამ გვერდით ისეთი ღირსეული კაცი ედგა, რომ ამ სიმძიმეს არ აგრძნობინებდა. არ აკადრებდა დედას მძიმე აეწია ან კედელზე ლურსმანი მიეჭედებინა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ ეხერხებოდა ასეთი რაღაცეები.
– ბედნიერებაა, როცა ოჯახში სამი და იზრდება. როგორები იყავით?
– სამივეს განსხვავებული ხასიათი გვქონდა. მე უფრო დამთმობი, მშვიდი და მორჩილი ვიყავი, ამიტომ ჩემთან არ ჰქონდათ პრობლემები. სოფიკო თავისი პრინციპების გამტანი იყო. ის უფრო ახერხებდა მეგობრებში წასვლა-წამოსვლას. ჩვენ შორის ოთხი წელია სხვაობა, მაგრამ ნელ-ნელა წაიშალა ასაკობრივი ზღვარი. ჩემს თავს სოფიკოს ანდობდნენ. სახლში გვიან არ უნდა მივსულიყავით. 9 საათს თუ გადასცდებოდა, სოფო სადარბაზოსთან დამაყენებდა და მეტყოდა: ახლა, სახლში რომ შევალთ, მე ვილაპარაკებ, შენ მარტო თავი აქნიე, ხმა არ ამოიღო, იმიტომ, რომ ტყუილი არ გამოგდისო. ჩემსა და თინიკოს შორის შვიდწელიწად-ნახევარია სხვაობა. ძირითადად, სულ ეზოში იყო და ბიჭებთან თამაშობდა. ფეხბურთის დროს კარში იდგა. ძალიან პუტკუნა იყო. მამაჩემი ეხუმრებოდა, – კარში ბურთი აღარ ეტევა, შენ რომ დგახარ და ამიტომ გაყენებენო. ნელ-ნელა ჩვენ შორისაც წაიშალა ასაკობრივი ზღვარი. მგონია, რომ მეც მათი ტოლი ვარ. რაც ყველაზე მეტად მილამაზებდა ცხოვრებას, იყო ის, რომ ვერავინ მოიაზრებდა ჩვენს ცალ-ცალკე ყოფნას, როცა მიპატიჟებები იყო. მამაჩემი იტყოდა ჭოხონელიძეების სტუმრობა არ გეგონოთ ხუმრობაო. ყველა ერთად უნდა ვყოფილიყავით. ბევრს სიამოვნებდა ჩვენთან ერთად ყოფნა, თუმცა აღმოჩნდნენ ადამიანები, ვინც ჩვენი ერთიანობა კარგად ვერ მიიღო. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ცხოვრებაში შევხვდებოდი ისეთ ადამიანებს, ვისაც ჩვენთან ყოფნა არ მოუნდებოდა. მოხდა რაღაცეები, მაგრამ, არა უშავს, ყველას არ უნდა მოსთხოვო ის, რაც არ შეუძლია.
– ასეთი ადამიანები შენს მეგობრებს შორისაც იყვნენ? გვიამბე მათზე.
– მყავს მეგობრები, რომლებიც საბავშვო ბაღიდან მოდიან. ისინი, როგორც ჩემი სისხლი და ხორცი, ისე არიან ჩემთვის. თამუნა ტივაძე, რომლის მეჯვარეც ვარ, მაია კიკნაძე, მისი მეჯვარეც ვარ. ის დათუნა სირბილაძის დედაა, „ჯეოსტარში“ რომ მღეროდა. „მზიურიდან“ – ქეთი ფირცხალავა, მაია ჯაბუა... მივხვდი, რომ მათ გარეშე ძალიან ღარიბი ვიქნებოდი. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გული მატკინეს და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან. არარაობებზე არასდროს ვსაუბრობ. მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება ვიცი და საკუთარი „არას“ თქმის მეშინია. თუ ერთხელ ვთქვი – არა! – იმის მობრუნება გამორიცხულია. იცი, რამდენი მაქვს ნაფიქრი და განცდილი? იყო უძილო ღამეებიც. ცხოვრებაში რაღაცეებზე გიწევს უარის თქმა. რა თქმა უნდა, პირად ცხოვრებაში ყველაფერს ლამაზად, ვარდისფერებში ვხატავდი, მაგრამ, თურმე, ტყუილად. გარკვეულწილად სადღაც, ალბათ, ჩემი ბრალიც არის. ცოტა იდეალისტური შემოტევები მაქვს და არ შეიძლება, ყველაფერი იდეალურად იყოს.
– რამდენადაც ვიცი, მამაშენმა ძალიან განიცადა შენი და გიას დაშორება და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
– ამიტომ არ გარდაცვლილა, თუმცა მტკივნეულად განიცადა, ძალიან ინერვიულა. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მის რომელიმე შვილს ოდესღაც სადარდებელი გაუჩნდებოდა. საკმაოდ ემოციური კაცი იყო. ისეთ საქმეს ემსახურებოდა, ფოლკლორს, რომელსაც პატრონობა სჭირდებოდა. აქაც დიდი ემოცია ეხარჯებოდა. დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, გული გაუსკდებოდა ბევრი მიზეზის გამო. ამ ქვეყნიდან დიდი დარდით წავიდა და ამას ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. მამაჩემი ისეთი ადამიანი იყო, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების სულისთვისაც ლოცულობს იქიდან, ვინც გული ატკინა და, არა მარტო ის, მეც ვლოცულობ მათთვის. სხვათა შორის, იმ ადამიანის მიმართ დღემდე მაქვს გრძნობა, ვისაც ოცი წლის წინ ცოლად გავყევი.
– მამები ყველაზე მეტად განიცდიან ქალიშვილების გათხოვებას. ალბათ, მამაშენიც ასე იყო.
– მამა მტკივნეულად შეხვდა ჩემს გათხოვებას. „ისეთ ჩიხში მომაქციე, როცა მითხარი, მიყვარსო, რომ ვერაფერს გეტყვი. ჩემთვის ეს სიტყვა ჯადოსნური სიტყვაა, თუმცა, ბევრი მიზეზის გამო, არ მინდა გაჰყვე. მეშინია, რასაც სცენაზე აკეთებს, იმას არ აკეთებდეს ცხოვრებაშიც. შეიძლება, არასწორია ჩემი მიდგომა, მაგრამ ამ პროფესიის ადამიანებს უნდობლობას ვუცხადებო“, – მითხრა მან. მახსოვს, ვიტირე. დედამ უთხრა მამას, – ცოდოა, ხომ ხედავ, ეს არ არის ის კატეგორია, რომელიც თაყვანისმცემლებს ცხვირსახოცივით იცვლისო, თუმცა თაყვანისმცემლები მართლაც არ მაკლდა. უბრალოდ, მე არ ვურთიერთობდი მათთან.
– ვიცი, რომ ყველასათვის საყვარელ ადამიანს, გოგი დოლიძეს, შენ მიმართ გრძნობა ჰქონდა. რატომ უთხარი ცოლობაზე უარი?
– საერთოდ, ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ, მაგრამ, რადგან მკითხე, გეტყვი: ის ჩემზე ათი წლით უფროსი იყო და მე არ მინდოდა ამხელა ასაკის ადამიანთან ურთიერთობა. ათი წელი ძალიან ბევრი მეჩვენებოდა. სერიოზულად შემომიტია და შევეცადე, რაღაცნაირად გამოვძრომოდი. მერე ამბობდა თურმე – ეს ერთი შეხედვით გულუბრყვილო გოგო როგორ გამიძვრა ხელიდანო. ვერ ვიტან ზედმეტად ბოჰემურ ცხოვრებას სხვებთან მიმართებაშიც. არ მიყვარს, ოჯახიდან რომ არიან გადავარდნილები და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი ასეთ ცხოვრებას გააგრძელებდა, თუმცა მეუბნებოდა, რომ ასე არ იქნებოდა. გია ჩემი თანატოლია, მასთან თავი კარგად ვიგრძენი და ეს ნაბიჯი გადავდგი.
– შენმა დებმა როგორი არჩევანი გააკეთეს?
– ძალიან მალე მომყვნენ კუდში. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ ორივე მსახიობს გაჰყვა ცოლად. აი, ბედის ირონია. თუმცა ამჟამად არც ერთი არ მუშაობს თავისი პროფესიით. სოფიკოც მსახიობია, მაგრამ უარი თქვა ოჯახის გამო. თინიკომაც ამის გამო თქვა უარი. მამაჩემის მრწამსიდან გამომდინარე, ქალმა ან ერთს უნდა მიუძღვნას თავი, ან-მეორეს. თინიკომ ბავშვთა სტუდია ჩამოაყალიბა. მე ორგანიზატორულ საკითხებში ცოტა უნიჭო ვარ და თინიკომ ეს კარგად მოახერხა. ახლა მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმეში.
– ამ სურათზე ჩინურ სამოსში ვინ არიან გამოწყობილნი? ალბათ, რომელიღაც სპექტაკლიდანაა.
– ეს არის სცენა პუჩინის ოპერიდან „ჩიო- ჩიო-სანი“. ესენი არიან თამარ თაქთაქიშვილი და კობა მელაძე. პირველად სპექტაკლში ვითამაშე, როცა რუსი მომღერალი ატლანტოვი იყო ჩამოსული გასტროლებზე. აღმოჩნდა, რომ ბავშვი არ ჰყავდათ. მოვიდნენ ასარჩევად და მე ამიყვანეს ბიჭის როლზე. დამახურეს პარიკი, გამიკეთეს მაკიაჟი. სპექტაკლის შემდეგ რომ მკითხეს, ყველაზე მეტად რა მოგეწონა, ვუპასუხე, პომადა რომ წამისვეს-მეთქი. მერე 11 სპექტაკლი ვითამაშე.
– როგორც ვიცი დედა აქტიურად იყო ჩართული შენს სასიმღერო კარიერაში. გასტროლებზე ყველგან დაგყვებოდა. რას გაიხსენებ „მზიურის“ პერიოდიდან?
– დედაჩემი თინიკო და სოფიკო-მოკიდებული დამყვებოდა ყველგან. ჰოლანდიაშიც წამომყვა, რადგან მე არ მივდიოდი მის გარეშე, რუსეთშიც... მახსოვს, ლენინგრადში უნდა წავსულიყავით და ძალიან ბევრი ვიტირე, რომ არ წამოვიდა. სცენაზე რომ გავედი და „სიმიონოვნა“ ვიმღერე, დარბაზი ლამის ტაშით დაინგრა, „ბისზე“ გამოსვლას მთხოვდნენ, მე კი კულისებში ვთქვი, მეტს აღარ ვიმღერებ-მეთქი. მაშინ თამრიკო ხორავამ თვალებზე ხელი ამაფარა და მკითხა – ახლა ყველაზე მეტად რა გაგიხარდებაო. მერე გამახელინა თვალები და ვხედავ, დედაჩემი დგას კულისებში. ისე გამიხარდა, მზად ვიყავი, ათჯერ მემღერა.
– შენი შვილების, მარიამისა და კოკოს დაბადება როგორ გახსენდება?
– მარიამი რომ გაჩნდა, ძალიან სასაცილო იყო. გიას ჰგავდა, მაგრამ უშნო ვარიანტი იყო. ვუთხარი კიდეც – შენ გგავს, ოღონდ უფრო უშნოა-მეთქი. მერე ხუმრობით იხსენებდა – თამრიკომ მომწერა, ისეთი უშნოა, სულ შენ გგავსო. სანახავად რომ მოდიოდნენ, ეფექტს ვერ ახდენდა – გამხდარი, დიდი შავი თვალებით, რომელიც ხანდახან უპროპორციო მეჩვენებოდა. ვიფიქრე, რითი მოვაწონო ამ ხალხს ეს ბავშვი-მეთქი. სამი თვის იყო, დავიჭირე ის მომენტი, რომ ბეთჰოვენის „ზაზუნას“ ვუმღერი, გული უჩუყდება და ტირილს იწყებს. ერთხელ, ორჯერ და მესამედაც რომ იტირა, რამდენი მნახველი მოდიოდა, ამ სიმღერას ვიწყებდი. ბოლოს დედაჩემმა ამიკრძალა – ნერვულ სისტემას გაუფუჭებო. მერე გაიზარდა და დაიხვეწა. არაფერს ვუჩივი, ძალიან კარგი გახდა. კოკო ქერა და ცისფერთვალება იყო, მზესავით ანათებდა, მარიამის ფონზე ძალიან ლამაზი მეჩვენებოდა. კეთილი ბავშვი იყო, ყველას ყველაფერს ათხოვებდა. მარიამი ძალიან სასაცილო ლექსებს წერდა. რასაც შეხედავდა, ყველაფერს რითმავდა. მაშინ ის პერიოდი იყო, რომ სულ „თავისუფლება“ და „ზვიადი“ ისმოდა. დაწერა: „საქართველოს უფლება ყველას გაუხარია, დედიკო მყავს ლამაზი, კარგი უარესია“. ვიფიქრე, ამ ბავშვს, ალბათ, ჯანსაღი ფსიქიკა არ აქვს, ეს რა უბედურებაა-მეთქი. ერთხელ, საბავშვო ბაღიდან რომ მოვიყვანე, ვკითხე – მარიამ, დედა მართლა ლამაზია-მეთქი? კი, მაგრამ, იცი, სალომეს დედა რა ლამაზიაო?! ძალიან ვინერვიულე. ერთ დღესაც სალომე და მარიამი ბაღიდან მოდიან, სახლში შემოვიყვანე და მაგიდაზე შემოვასკუპე. ვესაუბრები: მარიამ, ბაღს რომ დაამთავრებ, მერე სკოლაში წახვალ-მეთქი. მერეო? – მკითხა. მერე ინსტიტუტს დაამთავრებ, გათხოვდები-მეთქი. მოკლედ მივიდა იქამდე, რომ ას წელს გადავცილდი. ბავშვი სულგანაბული მისმენს. მერეო? – ისევ მკითხა. მერე უფალი მომაკითხავს და მეც წავალ ამ ქვეყნიდან-მეთქი, – სხვანაირად როგორ მეთქვა, არ ვიცოდი. უცბად გავიხედე და კოკო ტირის გულამოსკვნილი: – „დედიკო, გეხვეწები, არ მოკვდე, რა!“ მარიამი ეუბნება – ბიჭო, რაზე ნერვიულობ, მოკვდება და მოკვდეს, დედანაცვალი გვეყოლებაო. გადავირიე. დავიწყე ბავშვთა ფსიქოლოგის ძებნა. მერე მივხვდი, რომ ძალიან ალალი ბავშვია და ვერ მოიტყუა. რასაც ფიქრობდა, ის თქვა. ღამეები არ მძინავს, ვდარდობ. ერთ დღესაც მარიამი და კოკო თამაშობენ. მათ შორის ერთი წელია სხვაობა. კოკოს ეუბნება – ბიჭო, რით ვერ გაიგე, დედანაცვალი კი არა, დედინაცვალიო. როგორც კი ეს ფრაზა დავიჭირე, მივედი და ვკითხე, – აბა, დედი, მითხარი, დედინაცვალი ვინ არის-მეთქი. შემომიბღვირა და მითხრა, კონკიას ცუდი დედინაცვალიო. დედანაცვალი ვინღაა-მეთქი? დედანაცვალი ისევ დედაა, მაგრამ სხვანაირად აქვს თმა და სხვანაირად აცვიაო, – თავისი ძმა დაამშვიდა.
– შენ და მარიამს პატრიარქთან ახლო ურთიერთობა გაქვთ, უწმიდესთან სიახლოვე ყველასთვის ოცნებაა...
– ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემს ცხოვრებაში დადგებოდა დრო, რომ პატრიარქი, რომლის შორიდან დანახვაც ჩემთვის დიდი ძალის მომცემი იყო, ჩვენ ასე დაგვიახლოვებდა. არ დამავიწყდება პატრიარქის ზარი, როცა მითხრა, მინდა, რომ მამა სიონის ტაძრიდან გასვენდესო. ეს, რა თქმა უნდა, მამასთვის და ჩვენი ოჯახისთვის დიდი პატივი იყო. თუ ვინმემ ძალა მოგვცა, სწორედ ეს ადამიანი იყო. მარიამს ყოველ კვირას უწევს მისი შესანიშნავი საგალობლის, „კირიელეისონის“ სამებაში გალობა. მე და მარიამმა უწმიდესის სიმღერა ვიმღერეთ, რომელიც ვაჟა-ფშაველას ლექსზეა დაწერილი.
ეკა პატარაი