ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საინტერესო ფაქტები
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა და გამარჯვებულიც გამოვლინდა, თუმცა, საუბრები პოლონეთსა და უკრაინაში ჩატარებულ ტურნირზე კვლავ გრძელდება, რადგან, ეს იყო წლის უმთავრესი საფეხბურთო მოვლენა, რომლის დაჩრდილვა მხოლოდ ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ძალუძს. „თბილისელების” ამ ნომერში „ევრო 2012-ის“ შესახებ არსებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ.
* ევროპის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა აღმოსავლეთ ევროპაში – პოლონეთსა და უკრაინაში. ტურნირის ლოზუნგი იყო: „ვქმნით ისტორიას ერთად”, ხოლო თილისმები – ფეხბურთელი ბიჭები: სლავეკი და სლავკო.
* „ევროს“ მასპინძელ რვა ქალაქის ფან-ზონებში ტურნირის მსვლელობას 5 მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალს. ფეხბურთის 1,4 მილიონი მოყვარული უშუალოდ სტადიონზე უყურებდა მატჩებს – საშუალოდ ერთ მატჩს 46 471 ადამიანი დაესწრო. რეკორდი კიევის „ოლიმპიურს” ეკუთვნის: შვედეთ-ინგლისის მატჩს 64 640 მაყურებელი სტადიონზე ადევნებდა თვალს.
* უკრაინა-საფრანგეთის მატჩი, ძლიერი წვიმის გამო, დაწყებიდან 4 წუთის გასვლის შემდგომ, 1 საათით გადაიდო. ეს იყო მატჩის გადადების პირველი შემთხვევა ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში.
* მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ნაკრებმა პირველივე მატჩის შემდგომ დაკარგა ჯგუფიდან გასვლის შანსები, მისი ქომაგები ბოლომდე ქომაგობდნენ მშობლიურ ნაკრებს და ამ ერთგულებისთვის „უეფამ“ ისინი სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა.
* ევროპის ჩემპიონატზე 31 მატჩში 76 გოლი იქნა გატანილი – საშუალოდ, ერთ მატჩში 2,45 გოლი.
* ყველაზე შედეგიანი ნაკრები ესპანეთი გახდა: 12 გატანილი გოლი; ხოლო, ყველაზე მეტი ირლანდიამ გაუშვა საკუთარ კარში – 9.
* საჯარიმო დარტყმით ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთი გოლი იქნა გატანილი – იტალიელმა ანდრეა პირლომ ხორვატიას გაუტანა.
* ფინალურ მატჩში, პირველად „ევროს“ ისტორიაში, ერთმა გუნდმა ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. ეს ფინალი ყველაზე გამანადგურებელ ფინალად ითვლება ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.
* ევროპის ჩემპიონატზე ერთბაშად ექვსმა ფეხბურთელმა მოახერხა 3 გოლის გატანა: ფერნანდო ტორესმა, მარიო ბალოტელიმ, ალან ძაგოევმა, მარიო გომესმა, მარიო მანჯუკიჩმა, კრიშტიანუ რონალდუმ. „ოქროს ბურთის” მფლობელი ესპანელი ფერნანდო ტორესი გახდა, რადგან მან ყველაზე ნაკლები დრო გაატარა მოედანზე და ერთი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.
* საუკეთესო „მეპასედ“ ევროპის ჩემპიონატზე რუსი ანდრეი არშავინი გახდა – მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა. იგივე მაჩვენებელი აქვთ ინგლისელ სტივენ ჯერარდს, ესპანელ დავიდ სილვას და გერმანელ მესუთ იოზილს, თუმცა, არშავინთან შედარებით, მათ გაცილებით მეტი დრო გაატარეს მოედანზე.
* ესპანელ ჩავის ევროპის ჩემპიონატის ახალი რეკორდი ეკუთვნის: ტურნირის განმავლობაში მან 620 პასი გააკეთა, მათგან 531 – ზუსტი.
* ჰოლანდიელი ჯეტრო ვილემსი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელიც მოედანზე გავიდა სათამაშოდ. დანიის ნაკრებთან მატჩის დროს იგი 18 წლის და 71 დღის იყო და მან რამდენიმე დღით მოხსნა ბელგიელი ენცო შიფოს 1984 წელს დამყარებული რეკორდი.
* საბერძნეთის ნაკრების გოლკიპერი, კოსტას ხალკიასი, ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა – მოედანზე გასვლის მომენტში იგი 38 წლის იყო.
* მწვრთნელებს შორის ყველაზე ასაკოვანი იყო ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი, 73 წლის ჯოვანი ტრაპატონი, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი პაულო ბენტუ, 42 წლის.
* „ევრო 2012-ის“ ყველაზე მაღალი ფეხბურთელი შვედეთის ნაკრების კარის დარაჯი ანდრეას ისაკსონი იყო – 199 სანტიმეტრი, ხოლო ყველაზე დაბალი იტალიელი ემანუელე ჯაკერინი - 160 სანტიმეტრი; ყველაზე მძიმე გახლდათ ინგლისის ნაკრების მეკარე ჯეკ ბატლანდი – 95 კილოგრამი, ხოლო ყველაზე მსუბუქი – ფრანგი მატიე ვალბუენა – 58 კილოგრამი.
* პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს სატრანსფერო ფასად შესაძლებელი იქნებოდა პოლონეთის, ირლანდიის, დანიის ან საბერძნეთის ნაკრებების ყიდვა 23-კაციანი შემადგენლობით.
* „ევროზე“ ყველაზე ასაკოვანი იყო რუსეთის, ირლანდიისა და შვედეთის ნაკრებები – საშუალოდ 28 წლის; ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იყო გერმანიის, საშუალო ასაკით – 24,9 წლის; ყველაზე ტანდაბალი – რუსეთის, ესპანეთისა და საფრანგეთის – საშუალოდ 180 სანტიმეტრი ხოლო ყველაზე მაღალი – ხორვატია, შვედეთი და გერმანია, საშუალოდ 185,3 სანტიმეტრი.
* ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი: კრიშტიანუ რონალდუ – 90 მილიონი ევრო; ანდრეს ინიესტა – 65 მილიონი ევრო; უეინ რუნი – 65 მილიონი ევრო; სესკ ფაგრეგასი – 55 მილიონი ევრო; დავიდ სილვა – 46 მილიონი ევრო; რობინ ვან პერსი 45 მილიონი ევრო; მარიო გომესი – 42 მილიონი ევრო; ფრანკ რიბერი – 42 მილიონი ევრო; ლუკა მოდრიჩი – 39 მილიონი ევრო; ბასტიან შვაინშტაიგერი 38 მილიონი ევრო.
* ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების საერთო ღირებულება იტალიასთან ფინალური მატჩის მომენტში 400 მილიონი ევრო იყო; ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი, რომელსაც „ევროზე“ საერთოდ არ მოუწია მოედანზე გასვლა, ესპანელი ფერნანდო ლორენტე გახდა – 25 მილიონი ევრო; ზლატან იბრაჰიმოვიჩის სატრანსფერო ფასი – 37 მილიონი ევრო, რაც შვედეთის ნაკრების მთლიანი ღირებულების 30 პროცენტია, ყველაზე დაბალფასიანი მეგოლე „ევროზე“ ჩეხი ვაცლავ პილარჟი გახდა – ტურნირის დაწყებამდე მისი ფასი, სულ რაღაც, 1 მილიონი ევრო იყო.
* ცნობილი იყო, რომ ხორვატიისა და რუსეთის ნაკრებების მწვრთნელები: სლავენ ბილიჩი და დიკ ადვოკაატი, ჩემპიონატის დაწყებამდე თანამდებობებს ტოვებდნენ. უშუალოდ ჩემპიონატის დასრულებას მოჰყვა ჰოლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებთა მწვრთნელების – ბერტ ვან მარვეიკისა და ლორან ბლანის დაუგეგმავი გადადგომა.
* ჩემპიონატის ყველაზე უხეში გუნდის სტატუსი ხორვატიის ნაკრებმა მოიპოვა – სამ მატჩში ხორვატებმა წესები 61-ჯერ დაარღვიეს, ანუ, ერთ მატჩში საშუალოდ 20,33 ფოლი.
* ყველაზე მეტი კუთხური „ევროზე“ პორტუგალიის ნაკრებმა ჩააწოდა – 41-ჯერ; ყველაზე უხეიროდ კარების მიმართულებით ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელები ურტყამდნენ – 35 არასწორი დარტყმა; ყველაზე ზუსტები კი დარტყმებში იტალიელები იყვნენ – მათი 61 დარტყმული კარის ჩარჩოს მოხვდა.
* ყველაზე სწრაფი გოლი ევროპის ჩემპიონატზე ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა გაიტანა – მატჩის დაწყებიდან სამ წუთში.
* ტურნირის ისტორიაში ესპანეთის ნაკრები პირველია, რომელმაც ტიტულის დაცვა მოახერხა; „ფურია როხას” ერთბაშად რვა ფეხბურთელს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე.
* უკრაინელი ანდრეი შევჩენკო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანია დუბლის ავტორებს შორის: შვედეთის ნაკრებში გატანილი ორი გოლის დროს იგი 35 წლის 8 თვის იყო.
* ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ერთადერთი ავტოგოლი ინგლისელი გლენ ჯონსონის ანგარიშზეა.
* ევროპის არც ერთ ჩემპიონატს არ ჩაუვლია დებიუტანტი ნაკრების გარეშე და ამჯერად ეს საპატიო სტატუსი მასპინძელ უკრაინის ნაკრებს ჰქონდა.
* ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე ფეხბურთელებიდან მხოლოდ ორი არ ასპარეზობს ევროპაში: ირლანდიელი რობი კინი ამერიკული „ლოს-ანჯელეს გელექსის” წევრია, ხოლო შვედი კრისტიან ვილჰელმსონი – საუდის არაბეთის „ალ აჰლის” ფეხბურთელი.
* ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი ანდრეს ინიესტა დასახელდა.