როდის იწყება ადამიანისთვის ამქვეყნად ჯოჯოხეთი და რაში ეხმარება მას თავსდატეხილი განსაცდელი
დღეს ძალიან ბევრი ადამიანია სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში ჩავარდნილი, რადგან, არ იციან, რა არის სულიერი ცხოვრება; შესაბამისად, არ იციან, როგორ უნდა დაადგნენ სულიერი ცხოვრების გზას. ლოცვა ადამიანის სულიერი ცხოვრების საზომიც არის და საწინდარიც, ლოცვის ძალას კი მას უფალი აძლევს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი):
– იმისთვის, რომ სულიერი ცხოვრების გზაზე დავდგეთ, ცხადად უნდა წარმოვიდგინოთ ორივე გზა – გზა სულიერი ცხოვრებისა, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ და გზა ხორციელი ცხოვრებისა, რომელიც წარსაწყმედელში მიგვიძღვის და სულის სიღრმეში უნდა გადავწყვიტოთ სულიერ გზაზე შედგომა. პირველი ნაბიჯის გადადგმა იოლია, რადგან, იოლია არჩევნის გაკეთება სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. სიკვდილს შეგნებულად მხოლოდ უგუნური ადამიანი ირჩევს. ამიტომ, თუ გაცნობიერებული გაქვთ, რომ ხორციელი, საერო ცხოვრება სიკვდილია, ეკლესიური კი – სიცოცხლე, მაშინ უყოყმანოდ აირჩევთ ეკლესიურ ცხოვრებას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ადამიანის შინაგანი, სულიერი მდგომარეობა იცვლება – ახალი თვალით შეხედავს იმას, რასაც ადრე აკეთებდა; გააოგნებს ადრინდელი ცხოვრება და დაინახავს, თუ რამდენ ცოდვას, უზნეობას, უწმიდურობას იტევდა ის და თავიდან დაიწყებს ცხოვრებას. ამ დროს ადამიანს საკუთარი წარსულის გამო იპყრობს სირცხვილის განცდა, გრძნობს მონანიების დაუოკებელ სურვილს. ეს კი პირველი ნაბიჯია ახალი ცხოვრების გზაზე, მაგრამ, ამას აუცილებლად მოჰყვება ცდუნება. სირცხვილისა და ცოდვის შეცნობის განცდას მივყავართ ან სიცოცხლისკენ, ან სიკვდილისკენ. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულიერი ცხოვრების პირველი ნაბიჯებიდან აგვყვება ბოროტის მანქანება, რომელიც ადამიანს სულიერი ცხოვრების ყველა საფეხურზე გველოდება და ცდილობს, ბოროტებად გვაქციოს. სულიერი ცხოვრება არ არის დამოკიდებული დროზე, ასაკზე, ცხოვრების თავიდან დაწყება ნებისმიერ დროს შეიძლება. ასაკს სულიერ ცხოვრებასთან მიმართებაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საერო ცხოვრება საკუთარი კანონებით იმართება, მას თავისი ფუნქცია აქვს. მას იღებთ, რადგან, აუცილებელია თქვენი არსებობისთვის, მაგრამ, შინაგანი და პირადი ცხოვრება ეკლესიურ საწყისებზე უნდა დააფუძნოთ. ეს არის შინაგანი მონასტერი, რომლის მოსპობა არავის შეუძლია, ის ადამიანის განუყოფელი ნაწილია.
– როგორ უნდა მოიქცეს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანი?
– ბევრი ადამიანი განსაცდელებს, დეპრესიას, ჯვრის სიმძიმეს ღირსეულად ვერ იტვირთავს, პირიქით, უარესად ვარდება დეპრესიაში, უიმედობაში, სასოწარკვეთილებაში და ლოცვას წყვეტს, რაც ყოვლად დაუშვებელია. პირიქით, ასეთ დროს რაც უფრო მეტად, გულმხურვალედ ილოცებ, მით უფრო კარგია. განსაცდელი არ ემსახურება ადამიანის დაღუპვას, პირიქით, ემსახურება პიროვნების გამოფხიზლებას რწმენაში გასამტკიცებლად. ჩვენ თუ უიმედო მდგომარეობაში ჩავცვივდებით, უფსკრულისკენ გავექანებით და უფალს დავშორდებით, ამიტომ, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ, გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ, ლოცვის სიტყვების აზრს უნდა ვწვდებოდეთ. მოძღვრის კურთხევით‚ სხვა ლოცვებიც უნდა წავიკითხოთ და უფალთან სიახლოვით ყველა განსაცდელს დავითმენთ. ფსალმუნები განსაკუთრებული და ძლიერი ლოცვებია. არსებობს განსაკუთრებული ლოცვები – პარაკლისები და დაუჯდომლები, რომლებიც, შეგვიძლია, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით წავიკითხოთ. ადამიანებს ორი მხარე გაგვაჩნია – სულიერი და ფიზიკური. როდესაც ადამიანი ფიზიკურად დასნეულდება, ის წავა ექიმთან, იმკურნალებს, მიიღებს წამლებს, დადგება ფეხზე. მაგრამ, როდესაც სულიერი პრობლემა გვაქვს, აუცილებელია ლოცვების გაძლიერება, მარხვა, აღსარება, ზიარება და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ შეუძლია ადამიანს სულიერად გაძლიერება. სხვა შემთხვევაში, განსაცდელი დეპრესიად ექცევა. ადამიანმა უფლის, ხვალინდელი დღის იმედი არასდროს არ უნდა დაკარგოს, მას უნდა სწამდეს, რომ უფალი არასოდეს მიატოვებს, მით უმეტეს – განსაცდელში.
– მამაო, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი სასუფეველში დაემკვიდროს?
– ამისთვის მხოლოდ სურვილი არ კმარა. ქრისტიანმა უნდა დათრგუნოს ვნებები, ბოროტი ფიქრები, მანკიერებები და საკუთარი თავი აიძულოს, რომ ბოროტების ნაცვლად სიკეთე აკეთოს. დღეს წუთისოფელში ძალიან ბევრი საცდურია. მრავალფეროვანი ხდება ცოდვები და ვნებები, მაგრამ, საწყისი ცოდვისა მაინც ამპარტავნებაა, რომელიც სხვადასხვა ცოდვას შობს. ამიტომ, ადამიანები უნდა ვიყოთ მომთმენები, კაცთმოყვარეები, უნდა ვისწავლოთ საკუთარ თვალში დირეს დანახვა, ურთიერთპატიება და მიტევება. არ უნდა ვატარებდეთ გულში ვინმეს მიმართ ბოღმასა და ბოროტებას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რამდენ რამეს გვპატიობს უფალი, გვაძლევს შანსს, თავიდან დავიწყოთ ცხოვრება და ყველა ბოროტება დავივიწყოთ. უპატიებლობა, უსიყვარულობა, ამპარტავნება ადამიანს საბოლოოდ აშორებს ღმერთს. ნებისმიერს შეუძლია, არჩიოს უღირსი ცხოვრება და შესაბამისად, მისთვის ამქვეყნად იწყება ჯოჯოხეთი; ხოლო, ვისთვისაც უფალი და ეკლესიური ცხოვრება უპირველესია, მისთვის დედამიწაზევე იწყება სასუფევლისკენ მიმავალი გზა. როგორც ცნობილია, ხილული და უხილავი სამყარო უფალმა შექმნა, ხოლო ადამიანი – თავის ხატად და მსგავსად. მას შემდეგ ადამიანებსა და უფალს შორის ერთგვარი კავშირი დამყარდა. მაგრამ, როდესაც დავკარგეთ სამოთხე, დავკარგეთ კავშირი უფალთან და დავსახლდით დედამიწაზე, დედამიწა კი სამოთხე როდია, არამედ, სამოთხიდან განდევნის ადგილია, ანუ, ცოდვის ქვეყანა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და სადაც შემდეგში მოციქულების ხელდასხმით აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი, რადგან, უფალთან, შემოქმედთან კავშირი აუცილებელი იყო; მაგრამ, ის კავშირი ისეთი მიახლოებული არ იყო, როგორც სამოთხეში, სადაც ფიზიკურად ხედავდნენ უფალს. ამიტომ, აუცილებელი გახდა, რომ უფალსა და ადამიანს შორის ეარსება სულიერ კავშირს და ამისთვის მოციქულებმა, ეკლესიამ დაადგინეს ლოცვითი კანონები, რომლებიც პერიოდებად იყოფა და განსხვავებულია. ყველასთვის განსაკუთრებული და აუცილებელია დილისა და საღამოს ლოცვების წაკითხვა. მარტივად რომ ვთქვათ, ძილი წუთიერი სიკვდილია და მეტი არაფერი, ანუ, დაძინების დროს არავის აქვს იმის გარანტია, რომ გაეღვიძება, ამიტომ, ძილის წინ აუცილებელია, უფალს შევევედროთ, რომ მშვიდობიანი და უშფოთველი ღამე მოგვმადლოს, ანუ ლოცვით უნდა შევავედროთ უფალს საკუთარი თავი და ოჯახი. ასევე, როდესაც გავიღვიძებთ, უნდა გამოვისახოთ პირჯვარი, მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებს მშვიდობიანი დილა გაგვითენა. საერთოდ, ლოცვის არსი და მნიშვნელობა ძალიან ღრმაა; მარტივად რომ ვთქვათ, ლოცვა არის საუბარი ღმერთთან და მასთან ლოცვითი კავშირით უნდა დავამყაროთ ურთიერთობა. ითხოვეთ და მოგეცემათო – ანუ, ჩვენ უფალს ლოცვით ვთხოვთ და, თუ ღირსი ვართ, მივიღებთ კიდეც ღვთისგან წყალობას. უფალი მოწყალეა და ცდილობს, საკუთარ ქმნილებას ყოველთვის მიჰმადლოს წყალობა. თუმცა, უღირსი საქციელების გამო ვშორდებით უფალს, ვვარდებით ცოდვაში და, ბევრ შემთხვევაში, უფალი განსაცდელებსაც გვივლენს. მაგრამ, ეს განსაცდელები ის არ არის, რასაც ადამიანი იმსახურებს, ეს უფრო მსუბუქია, ისეთი, როგორსაც ვიტვირთებთ. ყველას ჩვენი ჯვარი და ჯვრის სიმძიმე გვაკისრია. წმიდა მამები ამბობენ, უფალმა ის განსაცდელი რომ მოგვივლინოს, რასაც ვიმსახურებთ, ამას ვერ დავიტევთო. ამიტომ, უფალი სწორედ ისეთ განსაცდელს გვივლენს, რასაც ვიტვირთებთ. ეს განსაცდელი ერთგვარი წყალობაა ღვთისა, რამეთუ, არ დაგვავიწყდეს საკუთარი თავი, უფალი, რომ ჩვენი ხორციელი ცხოვრება დროებითია. ამიტომ, ამ ცხოვრებაში ყველამ უნდა ვიფიქროთ სულის ცხონებაზე, სულიერ ფერისცვალებასა და სულის განწმენდაზე.