კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უჩნდება თუ არა ქალს მამაკაცების მიმართ სიძულვილი ქმრის ღალატის შემდეგ

სჭირდებათ თუ არა ქალს და მამაკაცს ერთმანეთი? მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი სქესის ურთიერთობაში საკმაოდ ხშირად არის გულის ტკენა, ღალატი, იმედის გაცრუება, ისტერიკა, კონფლიქტები, ისინი  მაინც მიილტვიან ერთმანეთისკენ, მაინც ვერ ძლებენ უერთმანეთოდ და ისევ და ისევ ეძებენ ერთმანეთს... თუმცა, არსებობს შემთხვევები, როცა სტრესი, გადატანილი უარყოფითი ემოციები სამუდამო დაღს ასვამს ადამიანის ფსიქიკას და მერე უკვე ძალიან უჭირს ცხოვრების მოცემულ რეალობაში აღქმა. ძალიან რთულია, ასეთ ადამიანს რამე ურჩიო ან ანუგეშო, მით უმეტეს, როცა აღარც რჩევა სჭირდება და აღარც ნუგეში...

ლიკა (37 წლის): ვინ თქვა, რომ მამაკაცი ქალის საყრდენი და საფარველია?! სულ ტყუილია ეგ ყველაფერი, ბლეფია, რომლითაც თავს უიმედოდ ვიტყუებთ. ეგენი არც ძლიერები არიან და არც ბუნების „გვირგვინები“. არ გააჩნიათ ღირსება და მოქმედებენ მხოლოდ ინსტინქტებით. მართლა მაინტერესებს, საიდან გაჩნდა მითი, რომ ქალს ცხოვრება არ შეუძლია მამაკაცის „საიმედო მხრის“ გარეშე. პირიქით, ჩვენს ცხოვრებაში ყველა პრობლემის თავი და თავი კაცია.
– ყველა მამაკაცს ერთ ტაფაში ნუ მოუყრით თავს. ერთი კაცის შეცდომისთვის ყველას ხომ არ ვაგებინებთ პასუხს?
– ვერ დაგეთანხმებით. ტყუილად კი არ ამბობენ, ყველა კაცი ერთნაირიაო. თქვენ გამონაკლისებს გულისხმობთ. გამონაკლისები კი, საერთო ფონს ვერ ცვლიან. ვერ ვიტყვი, რომ კაცთმოძულეების ოჯახში გავიზარდე ან ვინმემ ჩამაგონა კაცების მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება. პირიქით, ყოველთვის ვოცნებობდი მოსიყვარულე ქმარსა და მყუდრო ოჯახზე. ვფიქრობდი, ჩემს ქმარს ყველაფერს გავუკეთებ, ყველაფერს დავუთმობ და მოვუთმენ, მაქსიმალურ კომფორტს შევუქმნი-მეთქი. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ? – მგონი, არაფერ განსაკუთრებულს არ ვამბობ. ნებისმიერი ქალისთვის გასაგებია ჩემი ოცნება. თუმცა, ნებისმიერში, ალბათ, არ უნდა ვიგულისხმოთ ისინი, რომლებსაც კაცი სათამაშოდ სჭირდებათ. პრინციპში, ეგენი უფრო მოგებულები რჩებიან, რადგან, თავს არ იტყუებენ და კაცებისგან გმირებს არ ქმნიან, იყენებენ მათ და კარგსაც შვრებიან. არც ერთი მამაკაცი არ არის იმის ღირსი, მოემსახურო და მის ძიძად იქცე. სურვილი კი აქვთ ამის, მაგრამ, პარალელურად, „ნაშაც“ სჭირდებათ. როგორც წესი, ცოლები სულაც ფეხებზე  ჰკიდიათ, იმიტომ, რომ ეგოისტები არიან. ჯერ თვითონ უნდა იყვნენ კარგად, მერე – ყველა დანარჩენი. მეეჭვება, მოიძებნოს მამაკაცი, რომელიც მართლაც სალი კლდესავით იქნება ქალისთვის.
– საკმაოდ არსებობს ამის მაგალითები...
– სად? წიგნებში თუ ფილმებში?! თქვენც ილუზიებით ცხოვრობთ? თავს იტყუებთ და ეგ არის. საერთოდ, ქალებს არ გვინდა,  რეალობას თვალებში შევხედოთ. რატომ მოგვწონს ჩვენივე შეთხზულ ზღაპრებში ცხოვრება – გაუგებარია. გვინდა, მართლა ვიღაც ზრუნავდეს ჩვენზე, ვიღაცის იმედი გვქონდეს... საბოლოოდ კი, ისე გამოდის, საკუთარ თავზეც ჩვენ ვზრუნავთ, შვილებზეც და მაგ უსინდისოებზეც. მე ხომ მყავს ქმარი, მაგრამ, ერთ ნაბიჯზე ვერ ვენდობი და მისი იმედი როგორ უნდა მქონდეს?!
– ყოველთვის ასე იყო თუ მერე მოხდა რაღაც და აზრი იმიტომ შეიცვალეთ?
– იცით, რაშია საქმე?! სანამ გავთხოვდებოდი, მანამდეც არ ვიყავი დიდი წარმოდგენის „ძლიერ“ სქესზე. არ მძულდნენ, მაგრამ, ვიცოდი, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. მეგობრები ხომ მყავს? მეტ-ნაკლებად მქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა მათ ოჯახებში. მიიხედ-მოიხედეთ, ჩვენს რეალობას ხომ უყურებთ, გიჩნდებათ მამაკაცების პატივისცემის სურვილი?! თვალწინ გვაქვს უამრავი უარყოფითი და ნეგატიური მაგალითი. საკმარისია, ენდო კაცს, შეიყვარო ის და – მორჩა, წასულია შენი საქმე, მოსისხლე მტრად გადაგექცევა. სხვათა შორის, სულერთია, ქმარი იქნება ის თუ მეგობარი მამაკაცი, ეგრევე თავში უვარდება. სამწუხაროდ, კაცობა აღარ აქვთ და, ფუნქციამოშლილი ეგოისტების მთელი არმია გვახვევია თავს: ერთი სვამს, მეორე „იკეთებს“, მესამე მუშტებს იქნევს, მეოთხე უსაქმურობს, მეხუთე ღალატობს... – ერთი სიტყვით, „სრული კომპლექტია“. ძალიან იღბლიანი უნდა იყო, რომ ერთადერთი გამონაკლისი შენ გერგოს. მე არ ვიცი, მართლა არსებობდნენ თუ არა ჭეშმარიტი მამაკაცები: ჭკვიანები, ღირსეულები, თავმოყვარეები, სამართლიანები, ხელგაშლილები და საიმედონი, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს მათი ჭაჭანებაც აღარსად არის. თანამედროვე ცხოვრებამ კაცები გადააგვარა. სახე დააკარგვინა და ამით ისევ ქალები დავზარალდით. კაცს თუ ფული აქვს, ის ამ ფულს პირად სიამოვნებაზე ხარჯავს  ხელგაშლით. რა, ასე არ არის?
– თუ თავიდანვე ასე ფიქრობდით ამ ყველაფერზე და კაცებზე ასეთი ნეგატიური წარმოდგენა გქონდათ, საერთოდ რატომ გათხოვდით?
– ოჯახი მინდოდა, რომ მქონოდა. თან, იცით, რა იყო? ჩემი მომავალი ქმარი თავს ისე მაჩვენებდა, ვითომ ძალიან იყო შეყვარებული. მე არ მჯერა კაცის დაპირებების და არც არასოდეს მჯეროდა, მაგრამ, ვიფიქრე, რასაც ამბობს, იმის ერთ მესამედს მაინც აღარ შეასრულებს-მეთქი?! სწორად გამიგეთ, მარტო დარჩენა არ მინდოდა. შვილები მინდოდა და ჩემს წილ ბედნიერებას ვეძებდი. არაფერი განსაკუთრებული არ მსურდა და არც ვითხოვდი. თავიდან თითქოს ნორმალურად ვუგებდით ერთმანეთს და ვფიქრობდი, ოჯახს კარგად ავაწყობდით. ზედმეტი ვალდებულებები არ დამიკისრებია მისთვის. მეც ვმუშაობდი და განებივრებული ცოლის როლი არ მომირგია. პრობლემებს არ გავურბოდი, არ ვწუწუნებდი და არ ვჭირვეულობდი. ჩემმა ქმარმა გარე-გარე სირბილი ჩვენი ქორწინებიდან ექვსი თვის თავზე დაიწყო. მართალია, მე ეს ამბავი ორი წლის შემდეგ გავიგე, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ახლა უკვე ვუძებნი ახსნას მის მაშინდელ უცნაურ საქციელს: არანაირი რომანტიკა ურთიერთობაში; არანაირი პატარ-პატარა სიხარულები ან საჩუქრები, თუნდაც, სიმბოლურად. რატომ უნდა დახარჯულიყო ჩემთვის ზედმეტად?! ცოლი – მომვლელი და მზრუნველი, თანაც, უპრეტენზიო, უკვე ჰყავდა და, შეეძლო, საკუთარ სიამოვნებაზეც ეფიქრა. ჰოდა, იფიქრა კიდეც... რომ იცოდეთ, როგორ მძულს ახლა...
– მაგრამ, მის გვერდით ცხოვრებას განაგრძობთ...
– დიახ. არ გავცილებივარ და არც კი მიჩხუბია მასთან. რა აზრი აქვს? ხომ ვერაფერს შევცვლი და, ტყუილად ნერვები რისთვის ავიშალო? ბიჭი მყავს და მას მამა სჭირდება. მარტო ვერ გავზრდი ბიჭს ისე, როგორც საჭიროა. მე არ შემიძლია, გავუგო კაცებს, მით უმეტეს, ისეთ კაცებს, რომლებსაც თავმოყვარეობა არა აქვთ და საკუთარი თავის სიყვარულის გარდა არაფერი შეუძლიათ. შეიძლება, მკითხოთ, როგორ შეგიძლიათ, იცხოვროთ იმ კაცის გვერდით, რომელიც არათუ არ გიყვართ, გძულთ კიდეცო, გიპასუხებთ: ის ჩემთვის როგორც პიროვნება აღარ არსებობს. კი, ერთ სახლში ვცხოვრობთ, მაგრამ, წარმოდგენა არ აქვს, ვინ ვარ მე, ჩემ შესახებ არაფერი იცის. მეც უკვე საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე და ახლოს აღარ ვუშვებ. ის, იქნებ, ვერც კი გრძნობს ამას, მაგრამ, ეს უკვე აღარ მადარდებს. ვუყურებ, როგორ ცდილობს, მიჩქმალოს თავისი ღალატისა და „პატარა კაცობის“ ფაქტები და მეცინება. ნამდვილი არარაობაა. როგორ შეიძლება, მასზე გაბრაზდე? შეიძლება, მხოლოდ შეიცოდო. თან, თავი რომ კაცი ჰგონია! ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ კაცების გარეშე ცხოვრება გაცილებით სასიამოვნო და მშვიდია. ხარ შენთვის და აკეთებ იმას, რაც გინდა. არავის ჭუჭყიან წინდებს არ რეცხავ და ტუალეტიც არ გაქვს ყოველდღე გასახეხი. მეცოდებიან ის ქალები, რომლებიც კაცებს აღმერთებენ და მათი სიყვარულით იტანჯებიან.
– გაქვთ ქმართან ინტიმური სიახლოვე? თუ, თქვენი კაცებისადმი სიძულვილი ამის საშუალებასაც არ გაძლევთ?
– კი, მაქვს და ეს სუფთა ფიზიოლოგიურ დონეზე მაქვს დაყვანილი. ვარჯიშივით არის, რაც ზოგჯერ საჭიროა და გინდა. მაგრამ, ასეთ დროსაც რეალისტად ვრჩები და სიყვარულის ზღვაში არ დავცურავ. ვიღებ იმას, რაც კანონით მეკუთვნის და აბსოლუტურად არ ვგრძნობ სინდისის ქენჯნას. ოჯახების უმრავლესობა როგორ ცხოვრობს?! – ქალები მიათრევენ ოჯახის მთელ ტვირთს და ჭიანჭველებივით წელში წყდებიან; კაცებს კი საკუთარი შვილების ბედიც ნაკლებად აინტერესებთ. თუ ფული მოაქვთ სახლში, მით უმეტეს, კიდევ უარესია, საერთოდ თავში უვარდებათ და ყოყოჩდებიან – აქაოდა, მე გარჩენთ, ყველაფრის უფლება მაქვსო. გული მერევა მათზე.
– არ გიჭირთ ასე ცხოვრება?
– ვატყობ, გულწრფელად გეცოდებით. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდი უკვე გადავლახე. ახლა კარგად ვარ. ახლა ყველაფერი დალაგდა და, როგორც იტყვიან, დაიწმინდა. ჩემმა ქმარმა ბოლომდე გამოაჩინა თავისი სახე და ამიტომ აღარ მიჭირს. არანაირი სიურპრიზი მისგან მოსალოდნელი აღარ არის. ზუსტად ვიცი, რას უნდა ველოდო მისგან. რაც ეს გავაცნობიერე, ძალიან წყნარად ვარ. ისიც გახარებულია – ეტყობა, ჰგონია, რომ ვერაფერს ვხვდები, არ ვიცი, რა ნაძირალაც არის და როგორ მღალატობს. შეიძლება, იმის ილუზიაც აქვს, რომ ძალიან მიყვარს. ამ ეტაპზე ეგონოს, არ არის პრობლემა, გაიხაროს, მაგრამ, დადგება დღე, როცა ყველაფერზე პასუხს აგებს.
– შურისძიებისთვის ემზადებით? თქვენც უნდა უღალატოთ? ამას აპირებთ?
– არაფერს არ ვაპირებ და არც არაფრისთვის არ ვემზადები. თავად ცხოვრება იძიებს შურს. ბოროტება დაუსჯელი არასდროს რჩება და მშვიდად ველოდები, როდის დაუბრუნდება უკან ის ბუმერანგი, რომელიც გაისროლა. მე არაფერს ვკარგავ: მყავს არაჩვეულებრივი შვილი და შეიძლება, კიდევ ერთიც გავაჩინო, რა თქმა უნდა, ჩემთვის და არა იმიტომ, რომ ქმარი „დავაბა“, რა სისულელეა! ქალი, რომელიც ფიქრობს, რომ კაცს ბავშვებით შეინარჩუნებს, სულელია. ათიც რომ გავაჩინო, მაინც წავა. იმიტომ, რომ „ნაშები“ უკეთესი „დამბმელები“ არიან.
– იქნებ, აჯობებს, გაშორდეთ, სხვასთან იპოვოთ ბედნიერება და კაცებზე აზრიც შეგეცვალოთ?
– გამორიცხულია. არ მინდა. სურვილი არ მაქვს, რომ სხვა კაცი შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში. ესეც საკმარისია. სექსში კარგად ვეწყობი, სხვა მხრივ კი კაცი არაფერში მჭირდება. მყავს კარგი მანქანა, მაქვს კარგი სამსახური და, თუ რამე გამიჭირდება, მეგობრები მიმყოფოს ღმერთმა კარგად – საერთოდ ვერ გაიგებს, ისე მომიგვარებენ ნებისმიერ პრობლემას. გიკვირთ ჩემი სიტყვები? აქამდე ჩემს და სხვის ცხოვრებაზე დაკვირვებით მივედი. ბიჭი მყავს და ძალიან მინდა, ჭეშმარიტ მამაკაცად გაიზარდოს, მაგრამ, გენსა და „მოდგმის ძახილს“ რა ვუყო?! არაფერი არ გამომივა და გული კიდევ ერთხელ მეტკინება.
– შვილი გინდათ დასაჯოთ?
– არა, რა თქმა უნდა, არავის დასჯას არ ვაპირებ, მით უმეტეს – შვილის, მაგრამ, როცა გაიზრდება და ქალებთან ურთიერთობას დაიწყებს, ჩემი ნერვიულობა მერე ნახეთ. არ მინდა, კაცების უმრავლესობას დაემსგავსოს; არ მინდა, მამამისისნაირი იყოს. თუმცა, ვიცი, ვერაფრით დავაზღვევ და ვერ დავიცავ იმისგან, რაც ბუნებისგან მოდის.
 – ბუნებაა დამნაშავე იმაში, რომ მამაკაცები გულგრილები, ეგოისტები და უპრინციპოები არიან?!
– ალბათ, თუმცა, შეიძლება, აღზრდის ბრალიც იყოს. მაგრამ, პასუხისმგებლობის მთლიანად დედებზე დაკისრება, რბილად რომ ვთქვათ, ქალების კიდევ ერთხელ შეურაცხყოფაა. რაღაც დოზით, დედები მართლაც ვანებივრებთ შვილებს და ეგოიზმის მარცვალს ვდებთ მათში, მაგრამ, რომელ ქალს არ უნდა, მისი ბიჭი ღირსეულ კაცად ჩამოყალიბდეს?! მე მაინც ყველაფერს ბუნებას ვაბრალებ და იმ გარემოს, რომელშიც კაცები ცხოვრობენ. ისინი ჩვენს ხარჯზე არიან კარგად და ქალები ვაძლევთ ჩვენი დაკნინების უფლებას. მე ამ ნებაყოფლობითი მონობისგან გავთავისუფლდი.

скачать dle 11.3