ინტიმური საუბრები
ჩემმა დაქალმა ჩემს ძმას ოჯახი დაუნგრია
მე და თათა ერთად გავიზარდეთ. ისეთი ახლობელი იყო მთელი ოჯახისთვის, ჩემი მშობლები საკუთარ შვილებში არ არჩევდნენ, ჩემს ძმას კი თავის მეორე დად მიაჩნდა. დედამისი ეუბნებოდა ხოლმე დედაჩემს, ბარემ, თქვენს ბინაში ჩაიწერეთ და თქვენს გვარზე გადაიყვანეთ, მაინც სულ თქვენთან არისო.
ჩემი ძმა ჩემზე შვიდი წლით უფროსია და თათასაც ყოველთვის ისე ანებივრებდა და ჰპატრონობდა, როგორც მე. ისიც პატარაობიდანვე შეთამამებული იყო ვატოსთან და უფროს ძმად მიაჩნდა.
მე და თათა სკოლას რომ ვამთავრებდით, ვატომ იმ წელიწადს შეირთო ცოლი, რაც თათამ საშინლად განიცადა. თავის ემოციებს იმით ხსნიდა, რომ ჩვენი რძალი არ მოსწონდა – ვატოს უკეთესი გოგო ეკუთვნოდა, ნეტავი ამ ბიჭებს თვალები სად აქვთო. ცოტა ხანი რომ გავიდა, აშკარად შევამჩნიე, რომ თათამ ვატოსთან პრანჭვა დაიწყო – ცდილობდა, მისი ყურადღება „სხვანაირად“ მიექცია. ეს დედაჩემმაც შენიშნა და თავიდან ძალიან ერიდებოდა, რამე ეთქვა, მაგრამ, როცა თათამ ჩვენთან ნახევრად შიშველმა დაიწყო სიარული და ვატოსადმი სიმპათიას უკვე მის ცოლთანაც აღარ მალავდა, დედაჩემმა მე მომთხოვა, გონზე მომეყვანა ჩემი დაქალი და, თუ ამას ვერ შევძლებდი, საერთოდაც დამეთხოვა სახლიდან, ანუ, მასთან ურთიერთობა შემეწყვიტა. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ, რომ დავფიქრდი, დედა მართალს მეუბნებოდა, მით უმეტეს, რომ ჩემი რძალი ფეხმძიმედ იყო, ისედაც მძიმე ორსულობა ჰქონდა და მისი განერვიულება არ შეიძლებოდა. მე მაინც ჩემი ძმის წესიერების იმედი მქონდა და დედას ვუთხარი კიდეც, ვატო ასეთ რამეს არ იკადრებს – ჯერ ერთი, წესიერი კაცია, მეორეც, თათა მის ხელში გაიზარდა და უმცროსი დასავით უყურებს-მეთქი. მაგრამ, დედამ მითხრა, ქალი კაცის წინ შიშველი უკანალის ქნევას რომ დაიწყებს, იმ კაცის წესიერება ცხრა მთას იქით იკარგება და მერე რითიც მთავრდება ეს კუნტრუში, ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ, დროულად დაითხოვე ეგ გოგო სახლიდან, სანამ შენს ძმას ოჯახი არ დანგრევიაო. მივხვდი, რომ დედა მართალს მეუბნებოდა, თანაც, თათას „ჩალიჩს“ უკვე ჩემი რძალიც ამჩნევდა (და, ჩემი ძმაც) და ჩემს დაქალს მკაცრად მოვთხოვე, ან გონზე მოსულიყო, ან ჩემი სახელი და სახლი დაევიწყებინა. მან კი ირონიულად შემომცინა და მითხრა, ჩემს მიზანზე შენ გამოც კი ვერ ვიტყვი უარს. ვატო ბავშვობიდან მიყვარს და, ასი ცოლიც რომ ჰყავდეს, მაინც ჩემი ქმარი გახდებაო. ძალიან გავბრაზდი და მივახალე, შენისთანა გოგო რომ მოსწონებოდა, მთელი ცხოვრება თვალწინ ჰყავდი და, სხვას კი არა, შენ შეგირთავდა-მეთქი. ეგეც მალე იქნება, იმ შენს მახინჯ რძალს (არადა, ჩემი რძალი ძალიან სიმპათიური გოგოა) ცოტა ხანში დავავიწყებ და, წინასწარ შეეგუე, რომ მისი ცოლი გავხდებიო. იმ დღიდან თათა ჩვენთან აღარ მოსულა, საერთოდაც, შევწყვიტეთ ურთიერთობა და, მეგონა, რომ ამით დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ, თურმე, მწარედ ვცდებოდი. როგორც აღმოჩნდა, თათამ იმდენი მოახერხა, რომ ვატოს ნასვამს ჩაუგორდა ლოგინში, მერე კი ქვეყანა შეუყარა (გაუპატიურება დააბრალა) და აიძულა, ორსულ ცოლს გაჰყროდა და მასთან მოეწერა ხელი. არ ვიცი, რა ჯადო გაუკეთა, მაგრამ, ვატო თან ჰყვება თავის ახალ ცოლს, პირველი ცოლი და შვილი კი საერთოდ აღარ ახსოვს. ან, შეიძლება, ახსოვს კიდეც, მაგრამ, თათა არ აძლევს უფლებას, მათაც მიაქციოს ყურადღება. დედაჩემი ისეა გადარეული, თათასი კი არა, თავისი შვილის დანახვაც აღარ უნდა და უთხრა კიდეც, ჩვენ ერთად ვერ ვიცხოვრებთო. ამაზე ვატო გაბრაზდა, გვაიძულა, ბინა გაგვეყიდა, აღებული ფულით ჩვენ ერთოთახიანი ბინა გვიყიდა, თავისთვის – სამოთახიანი და ცალკე დასახლდა (პირველ შვილს არაფერი მისცა) მას მერე აღარც თვითონ გვეკონტაქტება და არც ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობა.
ვერ წარმოვიდგენდი, ჩემი სერიოზული და ჭკვიანი ძმა ოდესმე ასე თუ გამოშტერდებოდა. ეტყობა, ბუნებაში საერთოდ არ არსებობს ერთგული და ჭკვიანი მამაკაცი.
ანა, 22 წლის.
ღმერთმა დრო ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად მომცა
მე და აკოს, ჩემს საქმროს, ქორწილის დღე უკვე დანიშნული გვქონდა, ის რომ ორი თვით სამსახურიდან ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მივლინებაში გაგზავნეს. ისე გამოვიდა, რომ მისი ჩამოსვლიდან ერთ კვირაში უნდა მოგვეწერა ხელი და ჯვარიც დაგვეწერა. ძალიან გავნერვიულდი, რადგან ქორწილისთვის ათასი წვრილმანი გვქონდა მოსაგვარებელი, მაგრამ, რას ვიზამდი, ბედს შევეგუე. აკო თვითონაც ძალიან განიცდიდა ამ ამბავს და, რომ დამეწყნარებინა, ვუთხარი, ყველაფერს მე თვითონ მივხედავ და ყველაფერს გამზადებულს დაგახვედრებ-მეთქი. ცრემლების ღვარღვარით გავაცილე აეროპორტში და მეორე დღიდან საათებს ვითვლიდი, როდის გავიდოდა ეს ორი თვე. დღეში რამდენჯერმე ვურეკავდით ერთმანეთს, საღამოობით კი სკაიპით ვსაუბრობდით. ყოველ დარეკვაზე აკო მეუბნებოდა, ძალიან მომენატრე და ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალო. კიდევ კარგი, მეც ვმუშაობდი (თანაც, ძალიან მკაცრ და სერიოზულ სამსახურში) და სამუშაოზე გადამქონდა ჩემი დარდები, თორემ, ალბათ, გავგიჟდებოდი. თან საქორწილო საკითხებსაც ვაგვარებდი (აკოს ხომ ასე შევპირდი), რაშიც, ხან ჩემი დაქალები მეხმარებოდნენ, ხან ოჯახის წევრები და ხანაც – თანამშრომლები. ერთი თვის შემდეგ აკომ დამირეკა და მითხრა, კიდევ თვე-ნახევრით გამიგრძელეს მივლინებაო, რაზეც კინაღამ ინფარქტი მივიღე. მთავარი სანერვიულო კი ის იყო, რომ ქორწინების სასახლეში ჩვენს რიგს თუ გავუშვებდით, თავიდან უნდა ჩავწერილიყავით და, ვინ იცის, კიდევ როდის მოგვიწევდა. ეს სამსახურშიც ვთქვი და ჩემმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ჩემი იქ მისვლის დღიდან მაწონებდა თავს და, ხან ირიბად და ხან პირდაპირ სიყვარულს მიხსნიდა, მითხრა, იქ ჩემი ბიძაშვილი მუშაობს, თუ გინდა, მიგყვები და, რომელ თვესა და რიცხვშიც გინდა, მაშინ მოაწერთ ხელსო. ამ საქმეზე რამდენჯერმე მოგვიწია წასვლა და ყოველთვის აჩიკოს მივყავდი ხოლმე თავისი მანქანით. მერე სხვა საქმეებზეც წამომყვა და ყველა პრობლემა მომაგვარებინა. ამასობაში აჩიკო სულ სხვა მხრიდან გავიცანი – აღმოვაჩინე, რომ ძალიან ხალისიანი, იუმორით აღსავსე, საოცრად ნაკითხი და თბილი ადამიანი ყოფილა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემს თავს გამოვუტყდი, რომ მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა. თან, იმითაც მომხიბლა, რომ ძალიან მოხერხებული, რომ იტყვიან, შანსიანი ბიჭი იყო – რა საქმესაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერი ბოლომდე მიიყვანა, თანაც, ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ ერთხელაც არ უხსენებია, რომ ვუყვარდი, თუმცა, ვხვდებოდი, რომ ჩემ მიმართ გრძნობა ისევ ჰქონდა, რადგან, ხშირად დამიჭერია მისი სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერა, თუმცა, ყოველთვის ცდილობდა, ეს დაემალა. ერთხელ კი საკუთარი თავი იმაშიც გამოვიჭირე, რომ, ჩემდაუნებურად, ერთმანეთს ვადარებდი ხოლმე აკოს და აჩიკოს, ყოველთვის აჩიკო „უგებდა“ და, გამოგიტყდებით, ეს სულაც არ მწყინდა. მე და აკო ისევ ყოველდღე ველაპარაკებოდით ერთმანეთს სკაიპში, მაგრამ, ის მონატრება და მოუთმენლობა აშკარად აღარ მქონდა. კიდევ ერთი თვე რომ გავიდა, აკომ მითხრა, აქ ისეთი პროექტი ჩამაბარეს, მინიმუმ, ერთი წელი კიდევ უნდა დავრჩეო. ერთადერთი გრძნობა, რაც ამ სიტყვების გაგონებისას გამიჩნდა, სიბრაზე იყო და ვუყვირე, – რას მაპამპულავებ, თუ ჩემი შერთვა გადაიფიქრე, პირდაპირ მითხარი-მეთქი. ის კი არ მიპასუხა, რა სისულელეს ამბობ, მენატრები და ერთი სული მაქვს, როდის გნახავო, რაღაც სისულელეების მიდებ-მოდება დაიწყო: რა გვეჩქარება, ჯერ ახალგაზრდები ვართ და, ეს დრო, შეიძლება, ჩვენი სიყვარულის გამოსაცდელად მოგვცა ღმერთმაო. ერთი სიტყვით, კარგა გვარიანად ვიჩხუბეთ. კომპიუტერი რომ გამოვრთე, ტირილი დავიწყე, რადგან გაბრიყვებულად და მიტოვებულად ვიგრძენი თავი. ან ოჯახში რა მიზეზი მეთქვა, ან ახლობლებში, ან მეგობრებში – რატომ გადაიდო ჩემი ქორწილი განუსაზღვრელი ვადით-მეთქი, რა ტყუილი მომეგონებინა. არავის დანახვა აღარ მინდოდა, ხმამაღლა ვბღაოდი და საკუთარ თავს ფიცი მივეცი, რომ აღარასოდეს ვახსენებდი აკოს სახელს, აღარც დავურეკავდი და აღარც მის ზარს ვუპასუხებდი, მაგრამ, აკოს იმ დღის მერე აღარც დაურეკავს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი მისი კარის მეზობლისგან (რომელიც ჩემი თანაკურსელია) გავიგე, რომ აკოს იქ თავისი პროექტის ხელმძღვანელი შეურთავს ცოლად, მაგრამ, ოჯახის წევრები ამ ამბავს ასაიდუმლოებდნენ, რომ ჩემი ოჯახისგან უსიამოვნება არ შეხვედროდათ. შეიძლება, არც კი დამიჯეროთ, მაგრამ ამ ამბის გაგება ისე გამიხარდა, ჭკუაზე აღარ ვიყავი. რაღაც უცნაური შეგრძნება გამიჩნდა – თითქოს ჯაჭვებზე ჩამოკიდებული გირები მომხსნეს გულიდან. მაშინვე აჩიკოს დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე – ძალიან მინდოდა, ვინმე ახლობელი ადამიანისთვის გადამეშალა გული. აჩიკო ათ წუთში ჩემთან გაჩნდა გულგახეთქილი – ხომ მშვიდობააო. როდესაც ყველაფერი ვუამბე, შევამჩნიე, რომ თვალებში სიხარულის ნაპერწკალი აუკიაფდა, მაგრამ, არაფერი უგრძნობინებია, მხოლოდ ის მკითხა, მითხარი, რა გავაკეთო და ყველაფრისთვის მზად ვარო. ეს სიტყვები იყო ბოლო წვეთი – თავი ვეღარ შევიკავე, ჩავეხუტე და სიყვარულში გამოვუტყდი. ჩემდა გასაოცრად, ყველაფერი ისე რომანტიკულად წარიმართა, ფილმებში რომ ხდება ხოლმე.
აკო ერთ რამეში მართალი იყო: ღმერთმა ეს დრო მართლაც გრძნობის გამოსაცდელად, ან, სულაც, ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად მოგვცა.
ეთუნა, 26 წლის.