„ვინ თქვა, მოკვდა არსენაო“?!
აქამომდე არშეფუცხუნებულები
რაკი არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადდა, ბუნებრივია, ის პოლიტპარტიებიც შეფუცხუნდნენ, რომლებიც (როგორც აწ უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე იტყოდა) აქამომდე შეფუცხუნებულები არ ყოფილან.
ამ თუ სხვა მიზეზით, მკაფიო განცხადებები არც მშრომელთა პარტიის წარმომადგენლებს დაუშურებიათ. მართალია, ქართველ ლეიბორისტებს სიტყვაძუნწობას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ, მათი ლიდერის მიერ გასულ კვირას გაკეთებული განცხადება თავისი პათოსით წინამორბედებისგან განსხვავდებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ჩვენი მშრომელების ლიდერმა საპარლამენეტო არჩევნების დღე „საქართველოს ყოფნა-არყოფნის დღედ“ გამოაცხადა, ამომრჩეველს ისიც გაანდო, რომ მათ ასარჩევი მაინცდამაინც ბევრი არაფერი აქვთ.
მეტიც, უფრო დააკონკრეტა (მომყავს ციტატა): „ერთ მხარეზეა სამშობლოთი მოვაჭრე სააკაშვილ-ივანიშვილის პროამერიკულ მილიარდერ მძარცველთა ბანდა, მეორე მხარეს კი – თქვენი „ლეიბორისტული პარტია“.
ოღონდ, არც იმის აღნიშვნა დაივიწყა, რომ მშრომელ-ამომრჩევლებს მშობლიური პარტიისთვის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „მშობლიურში“ „ლეიბორისტული“ იგულისხმება) არაერთხელ უღალატიათ „და ეს უკვე დაგიჯდათ ქვეყნის დაშლად“.
შესაბამისად, ამომრჩეველს მოუწოდებს: „ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და ჩვენ გადაგარჩენთ. მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ.“
ჩვენ არ ვიცით, ენდობა თუ არა მშრომელი ამომრჩეველი მშრომელთა პარტიას და არც ის, როგორ წაართმევს მდიდარს და დაუბრუნებს ღარიბს, მაგრამ, ჩნდება ეჭვი, რომ ეს ჩვენებური „ლეიბორისტები“ არსენას პრიცნიპით ხელმძღვანელობენ და, თუ მთლად ამომრჩევლის არა, იმის იმედი მაინც აქვთ: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა?!“