როგორ დაიწყო პავლე ჭავჭავაძისა და იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილის, ნინა რომანოვას სიყვარულის ისტორია
ახალგაზრდა, სიმპათიური, ნიჭიერი, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი... პავლე ჭავჭავაძე ცნობილი ბელეტრისტი იყო. ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის ცხოვრება ძალიან საინტერესოდ წარიმართა. სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებისას მას ყველგან ძალიან საინტერესო წრე ჰყავდა – ისეთი მეგობრები, როგორიც, მაგალითად ვლადიმირ ნაბოკოვია. კრებულის – „ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში” ავტორი, ლევან გურიელიძე, პავლეს ბიოგრაფიას გვიამბობს.
ლევან გურიელიძე: პავლე ჭავჭავაძე ძალიან ცნობილი ქართველი პიანისტის, გიორგი ჭავჭავაძის უფროსი ძმა იყო. პავლესა და გიორგის მშობლები, მარია და ალექსანდრე 1915 წელს დაშორდნენ, რის შემდეგაც ბიჭების ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ალექსანდრე, სამშობლოში დაბრუნდა და აქ განაგრძო ცხოვრება. პავლე მამას ორჯერ ეწვია საქართველოში. მაგრამ, სულ რამდენიმე წელიწადში მსოფლიო აბსოლუტურად შეიცვალა და, ასევე – საქართველოშიც. ბოლშევიკებს თავადი, რა თქმა უნდა, არ მოსწონდათ და ის რამდენჯერმე დააპატიმრეს. მიზეზის პოვნა არ გაუჭირდებოდათ და, საბოლოოდ, ალექსანდრე 1930 წელს დახვრიტეს კონტრრევოლუციური შეთქმულების ორგანიზების ბრალდებით. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პავლე ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. ინგლისში ყოფნისას დაამთავრა ცნობილი და პრესტიჟული „ტრინიტი” კოლეჯი, სადაც დაუმეგობრდა ვლადიმირ ნაბოკოვს. საინტერესოა მისი პირადი ცხოვრებაც: ლონდონში ყოფნისას მან გაიცნო და შეუყვარდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი, ნინა რომანოვა, რომელზეც ის 1922 წელს დაქორწინდა.
– ალბათ, მათი სიყვარულის ისტორიას ძალიან ლამაზი დასაწყისი ჰქონდა.
– დიახ, ისეთი ისტორია ფილმებში რომ გვინახავს და წიგნებში წაგვიკითხავს. პატარა პრინცესამ 7 წლის ქართველი თავადი რომში, საქველმოქმედო მეჯლისზე გაიცნო. ცეკვის დროს პატარა ნინამ პარტნიორად პავლე აირჩია. ამ ფაქტის შემდეგ მათი გზები გაიყარა და ერთმანეთს უკვე მოგვიანებით, 1922 წელს შეხვდნენ, რასაც სერიოზული რომანი მოჰყვა. ხანმოკლე რომანის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. იმ პერიოდში, ნინას ბაბუა, მიხეილი, კავკასიის მეფისნაცვალი იყო. მიხეილის ოჯახს საქართველო უყვარდა და დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ქართულ კულტურას. სწორედ ნინას ბაბუის, მიხეილის სახელს უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის განაშენიანება. მისი სახელი ერქვა დღევანდელი აღმაშენებლის გამზირს – „მიხეილის პროსპექტი” და თბილისის პირველ საავადმყოფოს – „მიხეილის საავადმყოფო”.
– ამის მიუხედავად, პავლე კიდევ უფრო მეტად დაშორდა სამშობლოს და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.
– 1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ოჯახთან, ცოლთან და 2 წლის დავითთან ერთად, ამერიკაში გადასახლდა და მალევე მიიღო ამ ქვეყნის მოქალაქეობა. მოგვიანებით, 1950-იან წლებში, როგორც „წითელი ჯვრის” თანამშრომელმა, მან მთელ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად პეტერბურგში გაიზარდა და საკმაოდ ახალგაზრდა წავიდა ემიგრაციაში, ქართული არ დავიწყებია და ქართველებთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. პავლე იყო ნიუ-იორკში ქართული სათვისტომოს დაარსების მონაწილე. საინტერესო ფაქტია, რომ 1932 წლის 31 იანვარს, სათვისტომოს საზეიმოდ კურთხევის შემდეგ გამართულ ნადიმზე, რომელიც თორმეტ საათს გაგრძელდა, დღის სამიდან ღამის სამ საათამდე – თამადის უჩა დადიანის თანაშემწედ, დიდი ეროვნული მოღვაწისა და პატრიოტის, გიორგი მაჩაბლის გვერდით, პავლე ჭავჭავაძეც დაასახელეს. მისი გვარი ქართულ ემიგრანტულ პრესაში 1935 წლის 26 მაისის დღესასწაულის აღწერისას გვხვდება. თუ მანამდე ამერიკელი ქართველები ამ დღეს შინაურულად აღნიშნავდნენ, 1934 წელს, ერთა ლიგაში საბჭოთა კავშირის მიღების შემდეგ, პირველად იზეიმეს ფართო მასშტაბით და ოფიციალური ხასიათიც მისცეს. მართალია, იმ დროისთვის მთლიანად ამერიკაში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი სამოცს არ აღემატებოდა, ნიუ-იორკში კი – ორმოცს, მაგრამ ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი და საერთო საქმეში ერთსულოვნებას იჩენდნენ. ნიუ-იორკის საუკეთესო ნაწილში მდებარე სვიმონ სიდამონ-ერისთავის რესტორან „კავკასიის არწივში” გამართულ სადილზე ორასამდე სტუმარი იყო დაპატიჟებული, მათ შორის – კავკასიელები, ყოფილი რუსეთის იმპერიაში მყოფი ხალხების წარმომადგენლები, ამერიკელები, უცხოელები. ზეიმის ორგანიზატორებს ყველაზე მეტად აფიქრებდათ რუსეთის პოზიცია. მათი დიდი ნაწილი ქართველებთან მეგობრობდა, მაგრამ, დიდი უმრავლესობა საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ იღებდა. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი შესანიშნავად ჩატარდა, შესაძლოა, იმიტომაც, რომ ზეიმზე მიწვეული ორი ყველაზე დიდი რუსული ორგანიზაციის დელეგაცია ქართველის ხელმძღვანელებით იყო წარმოდგენილი: რუს მხედართა საზოგადოებას გენერალი იმნაძე თავმჯდომარეობდა, შეერთებულ რუსთა ორგანიზაციებს კი – ნიუ-იორკის ქართული სათვისტომო, რომლის აქტიური წევრი პავლე ჭავჭავაძე იყო. მეორე მსოფლიო ომის წლებში პავლე ჭავჭავაძე მაიორის ჩინით მსახურობდა ამერიკის არმიაში.
– ის ამერიკაში როგორც მწერალი, ისეა ცნობილი?
– დიახ. წერა მან მოგვიანებით დაიწყო. პირველი რომანი – „საოჯახო ალბომი”, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, რომლის ერთ თავში პავლეს წინანდალში ცხოვრების პერიოდია აღწერილი. 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი „მთები ალაჰისა”, რომელშიც აღწერილია მისი წინაპრების ისტორია, შამილის მიერ წინანდლიდან დავით ჭავჭავაძის გატაცება. რომანმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა. 1955 წელს გამოქვეყნებული რომანი „მამა ბიკენტი” რუს მღვდელსა და ნიუ-იორკელ მრევლზე მოგვითხრობს. 1966 წელს გამოცემული წიგნი ოქტომბრის რევოლუციის შესახებ – „რამეთუ იდგა შავბნელი ღამე”, ხუთი წლის შემდეგ ხელახლა გამოიცა.
1960 წელს, როდესაც ჭავჭავაძის ოჯახს ძალიან გაუჭირდა, ძველი მეგობრის, ვლადიმირ ნაბოკოვის რეკომენდაციით, პავლემ ინგლისურად თარგმნა სტალინის ქალიშვილის – სვეტლანა ალილუევას წიგნი – „მხოლოდ ერთი წელიწადი”, რომელიც ამერიკელი მკითხველისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. პავლე ჭავჭავაძე 1971 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.