რატომ დაშორდა ცოლს დათო ხუჯაძე და ვის მიეცა „ვიზა“ და გაეხსნა გზა მასთან ურთიერთობისთვის
ქართველმა მომღერალმა დათო ხუჯაძემ უკვე დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაითქვა სახელი და ბევრ ქვეყანაში პოპულარულ მომღერლად მიაჩნიათ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, რამდენიმე დღით დათო საქართველოს ესტუმრა და დროს საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ატარებს. რა სიახლეებია მის პირად ცხოვრებასა და კარიერაში, ამას უკვე მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– დათო, ამჟამად თბილისში ხარ. როდემდე აპირებ აქ დარჩენას?
– თბილისში ორი დღის წინ ჩამოვედი და 1 აგვისტოს დავბრუნდები მოსკოვში. ამ პერიოდში ყოველთვის აქ ვარ, რადგან, დედაჩემის დაბადების დღეა და მას ყოველთვის ვესწრები. ასე რომ, ეს წელიც არ ყოფილა გამორჩეული, სპეციალურად დედაჩემისთვის დაბადების დღის მისალოცად ჩამოვედი.
– მარტო ხარ ჩამოსული თუ ოჯახთან ერთად?
– თბილისში მარტო ჩამოვედი. ალბათ, არ იცით, რომ ცოლს დავშორდი.
– ეს ჩვენთვის მოულოდნელი ინფორმაციაა.
– ერთი თვეა, რაც დავშორდით. რას იზამ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.
– მელანია როგორ გყავს?
– კარგად არის, იზრდება, უკვე 2 წლის და 3 თვის არის.
– ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსულ შოუ-ბიზნესში თავი კარგად დაიმკვიდრე, პოპულარობა მოიხვეჭე და უამრავი თაყვანისმცემელიც გაიჩინე. მართალია, ძალიან სამწუხაროა ის ამბავი, რომ ცოლს დაშორდი, მაგრამ, ეს ფაქტი ნამდვილად არ გაანაწყენებდა შენს თაყვანისმცემელ გოგონებს.
– გეთანხმები, ჩემი „პაკლონნიცები” როცა გაიგებენ, რომ ცოლს გავშორდი, ბევრს გაუხარდება. გზა გაეხსნათ, „ვიზა“ მიცემული აქვთ.
– შენს მრავალრიცხოვან თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობა ხომ არ იყო შენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
– არა, საკმაოდ ბევრი მიზეზი იყო. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაც ხდება და, როგორ და რანაირად, დეტალებში ნუ ჩამეძიებით.
– თუმცა, როგორც ვიცი, ძალიან კარგი და მოსიყვარულე მეუღლე იყავი.
– მე კი ვიყავი მოსიყვარულე მეუღლე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ყველა ვერ აფასებს.
– სამაგიეროდ, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შენს დადებით თვისებებს დააფასებს.
– ბუნებრივია, აბა რა! იმედი მაქვს, ასეთი ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება. ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც თავისუფალი მამაკაცი გავხდი.
– რაც შეეხება შვილს, მასთან, ბუნებრივია, ჩვეულებრივი ურთიერთობა გექნება.
– რა თქმა უნდა, ბავშვი ჩემია და ურთიერთობაც მექნება მასთან.
– ხომ არ გამოჩნდა ახალი პერსონა შენს ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით არა, ძიებაში ვარ.
– შენს მუსიკალურ კარიერას რაც შეეხება, რა სიახლეებია?
– ბევრი სიახლე მაქვს. კუბელების ჯგუფი ავიყვანე, ათკაციანი ცოცხალი ბენდი მყავს და მათთან ერთად ვაკეთებ ძველ ქართულ სიმღერებს ლათინურ სტილში.
– ანუ სიმღერის სტილი შეიცვალე და სხვა მიმართულებაში მოსინჯე თავი?
– დიახ, უფრო კონცერტების ფორმატზე გადავედი.
– საზაფხულო ტურნეს თუ გეგმავ ბენდთან ერთად?
– ამჟამად პროგრამაზე მიდის მუშაობა. დაახლოებით თვე-ნახევარში გვექნება მზად პროგრამა. როგორც კი დასრულებულ სახეს მიიღებს ჩვენი ნამუშევარი, მაშინვე დავიწყებთ ტურნეებს. სავარაუდოდ, ეს სექტემბრიდან მოხერხდება.
– გამოდის, რომ საკმაოდ შრომატევადი ზაფხული გაქვს.
– კი, ძალიან, რადგან, ყოველდღე რეპეტიციები და ჩაწერები გვაქვს.
– ალბომზეც მუშაობ?
– პრინციპში, ალბომზე მუშაობა დასრულებული მაქვს, მაგრამ, ვერა და ვერ მოვახერხე გამოშვება. ახლა ამ ახალ პროგრამაზე მუშაობაც დაემთხვა კუბელებთან ერთად და ამიტომ ცოტა კიდევ გადაიწია ალბომის გამოშვებამ.
– როგორ ფიქრობ, ახალი პროგრამა გაამართლებს?
– დარწმუნებული ვარ, გაამართლებს. ჯერ ერთი, ხომ იცით, ლათინური მუსიკა როგორია. ადამიანს სმენა საერთოდ რომ არ ჰქონდეს და არც ცეკვა იცოდეს, იმდენად დინამიკური ჟღერადობის მუსიკაა, ასეთ კაცსაც კი ააცეკვებს. თან, ცოცხლად ათი კაცი რომ დაუკრავს, სულ სხვა რამეა, ვიდრე მინი-დისკით სიმღერა. ასე რომ, ჩვენ საკმაოდ მაღალი დონის პროგრამაზე ვმუშაობთ და, იმედი მაქვს, მსმენელსაც მოეწონება. ძველი ქართული სიმღერები გავაკეთე, რუსულიც, ჩემი სიმღერებიც გადავიყვანე ლათინურ სტილზე და ასე შემდეგ. იამაიკური სტილია. ბიჭები დაკვრას რომ იწყებენ, მაშინვე სიცოცხლე გიხარია. ამ მუსიკაში მზე, ზღვა და ყველა დადებითი ემოცია ერთად არის.
– ანუ, ზაფხულში ვერ ისვენებ?
– დასვენებას ვერ ვახერხებ, რადგან, როგორც გითხარი, სულ რეპეტიციები მაქვს. ის დღეები, რომლებსაც საქართველოში გავატარებ, სულიერად დავისვენებ.
– საქართველოში შენი ვიზიტი ოჯახის წევრების გარდა შენს მეგობრებსა და ახლობლებსაც ძალიან გაუხარდებოდათ.
– აბა რა! მათთან ერთად მეც ძალიან მიხარია ყველა იმ ადამიანის ნახვა, ვინც ჩემთვის ახლობელი და ძვირფასია.
– ის რამდენიმე დღე, რომლებსაც აქ ატარებ ხოლმე, ალბათ, ძირითადად, სუფრას უკავშირდება.
– კი, ეგეც არის, მაგრამ, ქეიფი და დროსტარება არც იქ მაკლია. აქ რომ ჩამოვდივარ, ყველას მოვინახულებ და მერე სოფელში მივდივარ, კარგად რომ დავისვენო. აბა, ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ჩამოსვლა, ჩემი აზრით, დასვენება არ არის. ახლაც, რომ გელაპარაკები, მე და ჩემი ბიძაშვილები ვსხედვართ მაქანაში და საბანაოდ მივდივართ მდინარეზე. სად მივდივართ, ზუსტად არ ვიცი, რადგან, შტურმანები ესენი არიან. თან გუშინ დედაჩემის დაბადების დღე იყო, დილით „პახმელიაზე“ გამოვედით კარგად და ახლა გასაგრილებლად მივდივართ მდინარეზე. ქართული ვარიანტია, რა, ანუ, ეს ის არის, რაც მოსკოვში მენატრება.
– კიდევ რა გენატრება, როცა აქ არ ხარ?
– საქართველო მენატრება და ბანალური მოძრაობები მეგობრებთან ერთად, დანარჩენი იქ მე არაფერი მაკლია. ქეიფებისა და სმა-ჭამის მოყვარული ნამდვილად არ ვარ, სულ ამაზე რომ ვფიქრობდე და მენატრებოდეს.
– უკვე დიდი ხანია, რაც მოსკოვში ცხოვრობ. დრომ თუ იქონია შენზე გავლენა, თუ, მაინც ტრადიციების მოყვარულ ქართველად რჩები?
– ქართველობას მე ვერავინ შემიცვლის, უბრალოდ, გავლენა იმაზე იქონია, რომ საქმეს უფრო სხვანაირად ვუდგები, უფრო მომემატა პასუხისმგებლობა. ეს ცუდი ნამდვილად არ არის, პირიქით, ძალიან კარგია.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– კარგ სიმღერაზე და კარგ ქალზე უარს არასდროს არ ვიტყვი.
– თუ აქცევ ყურადღებას სასურველ მანდილოსნებში სიმღერისა და სმენის ნიჭს?
– კი, ამას ყურადღებას ნამდვილად ვაქცევ. ბუნებრივია, სასიამოვნოა, როცა გოგო მღერის, კარგად ცეკვავს ან გიტარაზე უკრავს.
– შეიძლება, ბევრმა არ იცის, რომ პროფესიით ექიმი ხარ.
– ვითომ ექიმი.
– სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, თეატრალურ უნივერსიტეტშიც სწავლობდი.
– კი, თეატრალურში საპროდიუსერო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, მაგრამ, ლექციებზე არ დავდიოდი და გამომაგდეს. საბოლოო ჯამში, ჩემი საქმე სცენა აღმოჩნდა.
– ანუ, დათო ხუჯაძე უდიპლომო სასიძოა?
– არა, დიპლომი მაქვს – მეორადზე ვსწავლობდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და დიპლომიც ავიღე.
– გამოდის, რომ კოლეგები ვყოფილვართ. ადვილია დათო ხუჯაძის დაყოლიება?
– ჩემი დაყოლიება ოდნავ რთულია, თუმცა, გააჩნია საკითხს.
– ყოველთვის იცავ საკუთარ პრინციპებს?
– რა თქმა უნდა. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მე მიმაჩნია საჭიროდ. რაღაცა ამართლებს, რაღაცა ვერ ამართლებს, თუმცა, არც ისე ვარ, რომ არავის არ ვუსმენდე. ამ საკითხში საკმაოდ ლოიალური ვარ, მოსმენა და შემდეგ მისი გაანალიზება ნამდვილად შემიძლია. უაზრო ამბიციები არ მაწუხებს.
– მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ დათო ხუჯაძე ამბიციური ადამიანია.
– რა შემამჩნიეს ამბიციურობის? ტელევიზორში რომ ვუყურებ დღევანდელ მომღერლებს, ისინი მართლა ამბიციურები არიან. არ მგონია, ასე ვიქცეოდე და მათსავით სულ „მე, მე-ს“ გავიძახოდე. ასეთი პიროვნება ნამდვილად არ ვარ.
– დეპრესიული ადამიანი ხარ?
– ადრე ვიყავი, მაგრამ, ახლა აღარ. პრინციპში, როგორ უნდა ვიყო დეპრესიული, როცა დღე და ღამე ვმღერი?!
– როგორ დაახასიათებ საკუთარ პიროვნებას?
– რაღაც მომენტში, პრინციპული და ჯინიანი ვარ, გააჩნია სიტუაციას, თორემ, პირად ურთიერთობაში საკმაოდ ლოიალური ადამიანი ვარ. რაც საქმეს ეხება, იქ ყველაფერი უნდა გავაკონტროლო. საერთოდ, ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევ – ეს ჩემში ნამდვილად დევს. მიმაჩნია, რომ დეტალებიდან ბევრი რამის აწყობა შეიძლება.
– რას ეტყვი შენი გულშემატკივრების დიდ არმიას?
– ამდენი წელია, წასული ვარ და, მადლობა ყველა ჩემს მსმენელს, რომ არ მივიწყებენ, ჩემს სიმღერებს უსმენენ, მოსწონთ და პატივისცემით მეპყრობიან.