როგორ გახდნენ ცნობილი სამოდელო სახლები ეკა ბუაძის მუდმივი კლიენტები და რაში უწყობს მას ხელს ფრანგი მეუღლე
„ვიცე-მის საქართველო“ ეკა ბუაძე, რომელიც უკვე რამდენიმე წელია‚ პარიზში ცხოვრობს და აქტიურ სამოდელო საქმიანობას ეწევა, ამჟამად კიდევ ახალი საქმით დაკავდა – სამოდელო სააგენტო გახსნა. ეკამ კარგად იცის იმ სირთულეების შესახებ‚ რაც სამოდელო საქმიანობას ახლავს, განსაკუთრებით იმ გოგონებთან დაკავშირებით, რომლებიც მოდის ქალაქებში დიდი კონკურენციის ფონზე კარიერის გასაგრძელებლად საქართველოდან ჩადიან. ამიტომაც‚ ეკას სამოდელო სააგენტო, რომელიც პარიზში მუშაობს, მიზნად ისახავს საქართველოში შესაფერისი მონაცემების მქონე გოგონების შერჩევას და მათი კარიერის ევროპის იმ პრესტიჟულ სააგენტოებში გაგრძელებას, რომლებთანაც ეკას წლების განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
ეკა ბუაძე: ცოტა ხნის წინ გავხსენი ჩემი სააგენტო, რომელსაც ჰქვია „ბიქეი მოდელს“. ვაპირებ, ქართველი გოგონები წავიყვანო საფრანგეთის, იტალიისა და სხვა ქვეყნების სამოდელო სააგენტოებში, რადგან‚ საკმაოდ დიდი კონტაქტები მაქვს და ბევრს ვიცნობ ძალიან კარგად. სააგენტო საქართველოშია დარეგისტრირებული, მაგრამ‚ ვინაიდან პარიზში მიწევს ცხოვრება და მუშაობა, ამიტომ, აქ ფუნქციონირებს, თუმცა‚ გოგონების შერჩევა საქართველოში მოხდება. ცხრა წელია‚ აქტიურად ვტრიალებ ამ სფეროში და ვიცი, როგორი გარეგნობის, როგორი სტილის, აღნაგობის გოგონებს ეძებენ. ამ მხრივ‚ დიდი გამოცდილება მაქვს და არ გამიჭირდა მათი შერჩევა. ევროპის ბევრ ქალაქში საუკეთესო და, რაც მთავარია‚ სანდო სააგენტოებთან მაქვს ურთიერთობა. როდესაც გოგონა ჩემი სააგენტოდან წავა მათთან, ისინი, რადგან მიცნობენ, უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ და ეცდებიან‚ ისეთ ქასთინგებზე გაგზავნონ, რომლებიც მისთვის კარგი იქნება. ხდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც „ბუქერები“ არ აქცევენ ყურადღებას და არასასურველ ქასთინგებზე გზავნიან – ჩემი გაგზავნილი მოდელები ამისგან ნამდვილად იქნებიან დაზღვეულები. ვიცი, რა გრძნობაა‚ როდესაც ქასთინგზე მიდიხარ და არ იცი, როგორ უნდა ისაუბრო, როგორ უნდა მოიქცე; ამიტომ‚ შევეცდები, მათ მივცე ყველაფერი‚ რაც ვიცი და რაც თავის დროზე მაკლდა.
– ამის პარალელურად‚ ისევ წარმატებულად განაგრძობ სამოდელო კარიერას.
– ისევ დავდივარ ქასთინგებზე, კვლავ ვმუშაობ „გი ლაროშთან“, განვაგრძობ ჩვენებებს „დიორთან“ და „ნინა რიჩისთან“ მაქვს შოუ-რუმები. საკმაოდ დატვირთული ვარ. ხანდახან‚ როცა სამუშაო მაქვს, შეიძლება, დილის 7 საათზე გავიდე სახლიდან და ღამის 1 საათზე შემოვიდე.
– რაც მთავარია‚ მეუღლე ძალიან გიწყობს ხელს.
– დიახ, მეუღლე ძალიან მეხმარება. ის რომ ასეთი არ იყოს‚ ალბათ‚ უკვე დიდი ხანია‚ ჩემს საქმიანობას თავს დავანებებდი, ან, მასთან მექნებოდა პრობლემები. სულ გვერდში მიდგას. ფეხბურთს თავი დაანება და ახლა თავისი საქმე აქვს – ერთ-ერთი ცნობილი სპორტული მაღაზიის დირექტორია.
– სხვადასხვა ქვეყნიდან ხართ, სხვადასხვა კულტურის, ტრადიციების მქონე ქვეყანაში გაიზარდეთ. თქვენი ურთიერთობის პირველ ეტაპზე თუ გქონიათ ამის გამო პრობლემები, ან, ხომ არ გაგიჭირდათ რაღაც საკითხებში საერთო ენის გამონახვა?
– საერთო ენის გამონახვა არც დაგვჭირვებია, რადგან‚ როდესაც ერთმანეთს ვუყურებდით, უკვე ვგრძნობდით, რა გვჭირდებოდა, რა გვინდოდა. ის რომ ფრანგია და მე – ქართველი, ამას ჩვენთვის პრობლემა არ შეუქმნია, პირიქით‚ მგონია, რომ ისიც ქართველია. ბევრი გოგონა იოცნებებდა ასეთ მამაკაცზე და, მიხარია, რომ მას შევხვდი. რაც მთავარია‚ ძალიან მოსწონს საქართველო და ორივეს გვინდა, განსაკუთრებით კი ჩემს მეუღლეს, რომ მომავალში აქ ვიცხოვროთ. თან, ქართულიც უკვე იცის – ყველაფერი ესმის, უბრალოდ, ცოტა ლაპარაკი უჭირს.
– შენს საქმიანობას დავუბრუნდეთ.
– ამჟამად სამოდელო სააგენტოსთან აღარ ვმუშაობ, რადგან უკვე პირდაპირი დაკვეთებია კლინეტებისგან, სამუშაოს შესახებ მომდის მეილზე და მივდივარ. როცა კლიენტი გიცნობს, მერე უფრო ადვილია ასე მუშაობა.
– ვიცი, რომ მანამდე ძალიან ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობდი.
– ვიყავი „ფორდში“, „მადმუაზელში“, „ვივა პარიზში“ და „ვიპში“. მათთან მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა, რაც მთავარია‚ კლიენტურა შევიძინე და ახლა უკვე საკუთარი კლიენტები მყავს. ესენი არიან: „გი ლაროში“, „ნინა რიჩი“, „დიორი“ და კიდევ სხვა ჟურნალები. მახსოვს, ძალიან საინტერესო გადაღება მქონდა ჯურნალ Ghubar-ისთვის. გადაღების თემა იყო – „მე ვარ“; დამამსგავსეს ლედი გაგას, ჯეკსონს, ბიონსეს, კარლ ლაგერფილდს და ისე გადამიღეს ფოტოები. გარდაქმნის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ყველას გვაინტერესებდა‚ რა გამოვიდოდა. საბოლოო ჯამში‚ ძალიან კარგი გამოვიდა, რედაქტორი გახარებული დარჩა ჩვენი ნამუშევრით და მომავალშიც შემომთავაზა მუშაობა. ყდაზეც დაბეჭდეს ფოტო, სადაც ლედი გაგას ვგავარ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში „ნინა რიჩისთან“ აღარ ვთანამშრომლობდი, მაგრამ, რამდენიმე ხნის წინ მათი მთავარი მენეჯერი ჩემი ახლობელი გახდა და მან შემომთავაზა დაბრუნება. მეც დავბრუნდი და ახლა „ნინა რიჩის“ შოუ-რუმებში სულ ვიღებ მონაწილეობას, ყველა სეზონზე, „ფეშენ-ვიქის“ დამთავრების შემდეგ. სხვათა შორის პირველი ქასთინგი მქონდა სწორედ ნინა რიჩისთან, ხოლო მეორე – „დიორთან“, ორივემ ამირჩია და ძალიან გამიხარდა. როცა „დიორის“ სამკაულების ჩვენებაა პარიზში, ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას. საოცარი სამკაულები აქვთ, თან, ძალიან ძვირად ღირებული და ამიტომ დაცვა არასდროს გვაშორებს თვალს, ოღონდ, ჩვენ კი არა, სამკაულებს იცავს. ახლახან მქონდა „ჟან პოლ გოტიეს“ სპორტული სამოსის, ანუ, მაისურისა და ჯინსის პრეზენტაცია, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში შედგა. „გი ლაროშის“ ქალის ტანსაცმელი, აბსოლუტურად ყველაფერი ჩემს ტანზე იკერება, რაც ძალიან მიხარია. ყოველივე ამას ერთი უბრალო‚ მარტივი ქასტინგით მივაღწიე. ამიტომ, სულ ვამბობ, რომ გოგონამ არ უნდა გააცდინოს არანაირი ქასთინგი, რადგან, შეიძლება‚ ეს მისთვის სერიოზული წარმატების მომტანი გახდეს მომავალში. თავიდან, ქასთინგის შემდეგ, რამდენიმე დღით შემომთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ‚ მერე ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდა, რადგან აღმომაჩნდა ზუსტად ის პარამეტრები, რაც მათთვის იყო მისაღები და უკვე ორწელიწად-ნახევარია, მათთან განვაგრძობ მუშაობას. თითქმის ყოველდღე ვჭირდები მათ, ამიტომ, რადგან არმინდა „გი ლაროშს“ უარი ვუთხრა, ზოგჯერ სხვა გადაღებებზე ვამბობ უარს.
– ცხრაწლიანი სამოდელო საქმიანობიდან რა გახსენდება ყველაზე ემოციურად?
– ბოი ჯორჯის ჩვენება – ფერადი, ხალისიანი, გიჟური. თან‚ ძალიან საყვარელი პიროვნებაა, სასიამოვნო იყო მისი გაცნობა და მასთან საუბარი. ეს ჩემი საყვარელი ჩვენება იყო. მახსოვს, ერთ-ერთი თურქი დიზაინერის კოლექციის ჩვენება მქონდა და ზუსტად არ ვიცოდი, რომელი გოგონას შემდეგ გავდიოდი. ამიტომ, ვკითხე, აღარ მახსოვს‚ დიზაინერს თუ მენეჯერს, – ვის შემდეგ გავდივარ-მეთქი. ისეთი შემომყვირა – წადი აქედან, შენთვის არ მცალიაო, კინაღამ ტირილი დავიწყე. მაგრამ, თავი შევიკავე და ვუთხარი: ახლა ამ კაბას გავიხდი და, ვნახოთ‚ ვინ გავა ჩემ მაგივრად, თუ შეიძლება ხმას დაუწიეთ-მეთქი. ეს დღე ძალიან ცუდად დამამახსოვრდა. ზოგადად‚ ყველა კლიენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ხშირად უთქვამთ, ნეტავ ბევრი იყოს შენისთანა მოდელიო. ანუ‚ ზოგ მოდელს შემთხვევით თმა რომ მოაწიწკნო, ამაზე გიყვირის და გეჩხუბება. მე ვცდილობ‚ თავმდაბალი ვიყო და თუ ვინმე რამეს დააშავებს, ვეუბნები – არა უშავს, მერე რა მოხდა-მეთქი. რამდენჯერ ყოფილა, რომ თმის დახვევისას შემთხვევით ჩემთვის ყური დაუწვავთ, ან კისერი, მაგრამ, ამაზე არასდროს მიჩხუბია.
– არის ისეთი გადაღებები, რომლებშიც არასდროს მიიღებ მონაწილეობას?
– რამდენჯერმე უარი ვთქვი, ავკრძალე და სააგენტოსაც ვუთხარი, რომ, არ მინდოდა საცურაო კოსტიუმში და საცვლებში გადაღება. აქ უფლება გაქვს, მიხვიდე სააგენტოსთან და უთხრა: მე არ მინდა ამ გადაღებაში მონაწილეობა, ამის გაკეთება და ასე შემდეგ. არავინ არაფერს გაიძულებს.