პატარძალი 2012
ზაფხულის ერთ ლამაზ საღამოს, მშვენიერმა და კრეატიულმა ლიკა ყაზბეგმა, თავის მშვენიერ პარტნიორ ქალბატონებთან ერთად, საოცარი საღამო აჩუქა თბილისურ ბომონდს – საქმიანი და პოპულარული ქალბატონები „მარიონელას” ჰაეროვან საქორწინო კაბებში გამოაწყო და პატარა დედოფლებთან ერთად ჩვენება მოაწყო. იყო შამპანური, ყვავილები, ბაფთები, მუსიკა და, რა თქმა უნდა, რომანტიკული განწყობაც... შადრევანთან მოგოგმანე ქალბატონებს მეუღლეები და ოჯახის წევრები ტაშით ამხნევებდნენ. „პატარძლების” ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ, შეუდარებლები იყვნენ: ნინო ნადირაძე-კუზანოვი, ლულუ კახიანი, თეონა ჯაში, ნინი შერმადინი, თინათინ მაღალაშვილი, მარიამ ჯოლოგუა... ერთი სიტყვით, ლიკა ყაზბეგმა თავისი ორიგინალური პროექტით კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს მომხიბვლელი პატარძალი.