კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყალბი მწუხარება

სადაზღვევო კომპანიამ პუაროს  მიმართა თხოვნით, გადაემოწმებინა რამდენიმე დღის წინ მომხდარი უბედური შემთხვევა. საქმე ეხებოდა მათ კლიენტს, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სიცოცხლე ორმოცდაათი ათას დოლარად დააზღვია, მერე კი, უცებ, შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა – ყოველ შემთხვევაში, ასე ეწერა ექიმის დასკვნაში. ეს რომ ინფარქტი ყოფილიყო, ყველაფერი ნათელი იქნებოდა, მაგრამ მისტერ მალტრევერსს ოცდაათი წლით უმცროსი ცოლი დარჩა, რომელსაც მთელი ეს ფული უნდა მიეღო და რომელიც, სულ რაღაც, ათი თვის წინ შეირთო – მაშინ, როცა საკმაო ქონებას ფლობდა. თუმცა, მერე საქმეები აერია და ვალები დაედო. ერთი სიტყვით, სადაზღვევო კომპანიას სურდა, ყველაფერში ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული. პუაროც, თავის განუყრელ მეგობართან ერთად, მასდონ მეინორში გაემგზავრა. სასტუმროში დაბინავებამდე ჯერ ექიმს ესტუმრა. ექიმი, რალფ ბერარდი, შუა ხანს გადაცილებული პედანტი, მკაცრი მამაკაცი აღმოჩნდა; ეტყობოდა, დიდად არ სიამოვნებდა პუაროს შეკითხვები. „დიახ, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ მისტერ მალტრევერსი შინაგანი სისხლჩაქცევით გარდაიცვალა“; „არა, ის მისი პაციენტი არ ყოფილა“; „არ გაკვეთა გვამი, რადგან, ქვრივის ზედმეტად აღელვებას მოერიდა“, „გარდაცვლილს მხოლოდ ტუჩები ჰქონდა სისხლიანი. მერე რა, რომ გვამის გვერდით მცირეკალიბრიანი შაშხანა იპოვეს – ის ბაღში შაშვების დასაფრთხობად იყო ჩასული. ერთ-ერთმა მებაღემ ნახა და მაშინვე გამოიძახეს“... „დიახ, თავის დიაგნოზში დარწმუნებულია“...
პუარომ, როგორც კი ექიმის სახლიდან გამოვიდა, ბრაზით ჩაილაპარაკა:
– ბებერი, ჯიუტი ვირი! არ მომწონს ასეთი პედანტები!
– თქვენ ფიქრობთ, ის მოკლეს? – ჩაეკითხა ჰასტინგსი.
– არ მგონია. ჯიუტი კი არის, მაგრამ, არც ისეთი სულელია, ნატყვიარი ვერ შეემჩნია. მეგობარო, ქვრივის მონახულება მოგვიწევს...
მისის მალტრევერსი ოცდახუთიოდე წლის, გასაოცარი სილამაზის ქალი აღმოჩნდა. სახეზე ღრმა მწუხარების კვალი აჩნდა და ლამაზ თვალებთან წამდაუწუმ მიჰქონდა ქათქათა ცხვირსახოცი ცრემლების მოსაწმენდად.
– ნუთუ არ შეიძლებოდა, ეს შეხვედრა რამდენიმე დღით გადაგვედო? ჩემი საწყალი ქმარი ჯერ კარგად არც გაცივებულა. მე ისე მიყვარდა ის... – ქალი ასლუკუნდა.
– მომიტევეთ, მისის, კარგად მესმის თქვენი, მაგრამ, სადაზღვევო კომპანიებს თავისი მკაცრი წესები აქვთ. თავისი ინტერესების დამცველად კი, მე დამიქირავეს. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, თავს დიდხანს არ შეგაწყენთ.
ჰასტინგსს ეტყობოდა, რომ ქვრივით მისი პირველი დანახვისთანავე მოიხიბლა და პუარომ უკმაყოფილოდ უბიძგა მეგობარს.
– მისის, თქვენი მეუღლე რამეს უჩიოდა? ჯანმრთელობას ვგულისხმობ.
– არა. თუმცა, გამახსენდა... ერთხელ მომიყვა, რომ შეტევა ჰქონდა. საერთოდ არ უფრთხილდებოდა თავს...
– სიცოცხლეც რამდენიმე დღის წინ დააზღვია, ანუ, ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა.
– ეტყობა, რაღაცას გრძნობდა. ღმერთო, რად მინდა ფული, თუკი ის არ იქნება? თავს საშინლად მარტოსულად ვგრძნობ...
– მისის, თოფი სად არის?
– არ ვიცი, ალბათ, შემოსასვლელში. მე ის არ მაინტერესებს.
პუარომ მოახლეს თოფი მოატანინა და გასინჯა.
– ორი ტყვია არ არის... მდაა... ჰასტინგს, წავედით. ნახვამდის, მისის!
– მშვიდობით... – ამოიოხრა ქალმა.
ეზოში გამოსულმა პუარომ ხელები მოიფშვნიტა:
– აბა, რას იტყვით, ჰასტინგს?
– ვერაფერს. თქვენს მეგობრებს სადაზღვევოდან თანხის გადახდა მოუწევთ. ტრაგედია მოხდა. ქვრივიც ნამდვილად უნუგეშოდ დამწუხრებულია.
– ჰმ, მე ასე არ ვფიქრობ. რაღაც ეჭვები მაქვს და უნდა გადავამოწმო.
პუარო მებაღესთან მივიდა:
– გვამი თქვენ იპოვეთ, არა?
– დიახ... საწყალი მისტერ მალტრევერსი...
– გასროლის ხმა არ გაგიგონიათ?
– არა. ბალახის საკრეჭი მანქანა მქონდა ჩართული, ისინი კი მოშორებით იყვნენ.
– ვინ ისინი? – თვალები აუციმციმდა პუაროს.
მებაღემ კეფა მოიქექა:
– ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ, მგონი, დავინახე, რომ მისის და მისტერ მალტრევერსები ერთად წავიდნენ სასეირნოდ...
– აჰა... ესე იგი, დარწმუნებული არ ხართ.
– არა, სერ, არ ვარ.
 – ცოლ-ქმარი შეხმატკბილებულად ცხოვრობდა?
– მგონი, კი. როცა ქმარი ძალიან მდიდარია, ცოლი კი მასზე ოცი წლით უმცროსი, რაზე უნდა იჩხუბონ?
– რომ ამბობენ, ფინანსური პრობლემები ჰქონდაო?
მებაღემ მხრები აიჩეჩა:
– მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, სერ...
ჰასტინგსმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო პუაროს, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაცამ ჩააფიქრა.
 ლონდონში ვბრუნდებით?
– არა, ჯერ კიდევ მაქვს რაღაც საქმე. საღამოს მისის მალტრევერსს ჩაიზე უნდა ვესტუმროთ.
ჰასტინგსმა მხრები აიჩეჩა.
ქვრივს აშკარად არ ესიამოვნა დილანდელი სტუმრების დანახვა.
– მისის, მგონი, ჩემი ხელჯოხი დამრჩა... აი, თურმე, სად ყოფილა. ჩაიზე ხომ არ დაგვპატიჟებთ?
– დიახ, რა თქმა უნდა... – უხალისოდ თქვა ქალმა.
პუაროს მეტი მიპატიჟება არ დასჭირვებია, სწრაფად მიუჯდა მაგიდას და ხელები მოიფშვნიტა:
– მიყვარს სურნელოვანი ინგლისური ჩაი... თუ ძალიან არ შეწუხდებით, ერთ ამბავს მოგიყვებით... თვითმკვლელობაზე.
– ჩემს ქმარს თავი არ მოუკლავს, ის შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა, – მკაცრად თქვა ქვრივმა და გაფითრდა.
– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ, მე მაინც მოვყვები ამ ამბავს... მოკლედ, ერთმა ფერმერმა, რომელსაც ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, მცირეკალიბრიანი შაშხანით მოიკლა თავი – თოფის ლულა პირში ჩაიდო, ქვემოთ მიმართა და სასხლეტს გამოჰყრა თითი. არანაირი ნატყვიარები... მხოლოდ ცოტაოდენი სისხლის კვალი ტუჩებზე... ექიმები გაოცებულები იყვნენ. ყველაფერი ძალიან ჰგავდა შინაგან სისხლდენას. ეს ამბავი თქვენც ხომ არ გაქვთ გაგონილი, მისის? ჰასტინგს, წყალი მოიტანეთ, ქალბატონი ცუდადაა!
პუარომ ჩიბუხი გააწყო და კმაყოფილმა ჩაიღიმა.
– ჰასტინგს, თქვენ, როგორც ყოველთვის, ძალიან უყურადღებო ხართ,  მით უფრო, როცა გვერდით ლამაზი ქალია. ჩვენი პირველი ვიზიტისას არც კი შეგინიშნავთ მაგიდაზე გადაშლილი გაზეთი. სხვათა შორის, ამბავი ფერმერის თვითმკვლელობაზე სწორედ იქ ამოვიკითხე. ახლა კი წარმოიდგინეთ: ცხოვრობდა ერთი არცთუ სულელი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი. გათხოვდა ასაკით უფროს მამაკაცზე, ფულისთვის, რა თქმა უნდა. მერე, უცებ გაიგო, რომ ქმარს ფინანსური პრობლემები აქვს და ურჩევს მას, სიცოცხლე დააზღვიოს. ალბათ, იცით, რომ ასეთი ქმრები ასეთ ცოლებს უარს არაფერზე ეუბნებიან... მერე, ცოლი გაზეთში შემთხვევით კითხულობს ფერმერის ამბავს და ჩნდება იდეა – სასეირნოდ თუ შაშვების დასაფრთხობად წასულ ქმარს მიჰყვება და მიამიტი სახით ეკითხება: „ნუთუ ასეთი რაღაც შესაძლებელია? არა, არ მჯერა! შეგიძლია, მაჩვენო?“ მიამიტი, გულუბრყვილო, მისი სილამაზით მოხიბლული კაციც სურვილს უსრულებს – თოფის ლულას პირში იდებს და... არა, სასხლეტზე თითი მას არ გამოუკრავს, ეს ქალმა გააკეთა... ეჰ, ჰასტინგს, ჰასტინგს... არ იცით, რომ ყველაზე ხშირად დანაშაულს სწორედ ასეთი, ანგელოზისსახიანი ქალბატონები სჩადიან?! მგლოვიარე ცოლის როლი კი მართლაც კარგად შეასრულა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ საგულდაგულოდ იყო შეპუდრული...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3