მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-30(604)
სალეჰმა მანიშნა, რომ მისთვის პირი გამეთავისუფლებინა. ჩოგბურთის ბურთი რომ გამოვუღე, მითხრა:
– წადი, შენი დედაც!..
აბდულა სალეჰ ბეის დედიშობილა სხეული ყურადღებით შევათვალიერე, გამეცინა და ირონიულად ვუთხარი:
ახლა მაგ შენს „ინსტრუმენტს“ ძირში მოგაჭრი, სურათს გადაგიღებ და მთელ მსოფლიოს ვანახვებ.
აბდულა სალეჰ ბეი ძალიან იდეური ადამიანი იყო და, როგორც უკვე ვთქვი, მას არც სიკვდილის ეშინოდა და არც ტანჯვა-წამების. მაგრამ, როდესაც მისი მამაკაცური ღირსების შელახვითა და საქვეყნოდ გამომზეურებით დავემუქრე, ის უმალვე გატყდა და მკითხა:
– ეგ რომ არ გამიკეთო, ჩემგან რას მოითხოვ?
– ერთადერთს: ორი ცალი ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნის ჩემთვის გადმოცემას.
– მერე რას მიპირებ?
– არ მოგკლავ.
– გამიშვებ?
– არა.
– აბა, რას მიზამ?
– ჩემს ხელმძღვანელობას მიგგვრი.
– ვისი დავალებით მუშაობ?
– ვერ ხვდები?
– სამი ვარიანტია: ან ამერიკელი ხარ, ან ებრაელი, ან – რუსი.
– შენ ვის ისურვებდი?
– რა თქმა უნდა, რუსს.
– ჰოდა, ჩათვალე, რომ რუსი ვარ.
აბდულა სალეჰ ბეი ისე გაახარა ჩემმა სიტყვებმა, რომ სახე გაუბრწყინდა და მითხრა:
– საბჭოთა კავშირსა და რუსებს დიდ პატივს ვცემ და, მიმაჩნია, რომ სწორედ თქვენ უნდა მოსპოთ ამერიკული გველეშაპი. ჩვენ კი ამაში დაგეხმარებით.
მაშინ მხოლოდ დავალების შესრულებაზე ვფიქრობდი და მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, თუ რაოდენ დიდ სიმართლეს ამბობდა ფანატიკოსი ტერორისტი, რომელსაც მივუგე:
– ჰოდა, დამეხმარე და იარაღი ჩამაბარე!
ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნები საკრუიზო გემის შემნახველ საკანში იყო შენახული. მე ისინი ავტომატური უჯრიდან გამოვიღე და, სალეჰ ბეის კაიუტაში რომ დავბრუნდი, მითხრა:
– პირობა ხომ შევასრულე და იარაღი ჩაგაბარე, ახლა შენც შეასრულე პირობა და ამხსენი, რომ შევიმოსო.
აბდულა სალეჰ ბეის ყბაში ვლეწე და გავთიშე. შემდეგ პირობა შევასრულე – ავხსენი და ტანსაცმელი ჩავაცვი, ბოლოს დასაძინებელი ნემსი გავუკეთე და კაიუტაში გამოვკეტე, მე კი დაშლილი და სპეციალურ ჩემოდნებში ჩალაგებული იარაღებით გემი დავტოვე, რომ ისინი ჰამბურგის საბჭოთა კონსპირაციულ ბინაში შემენახა და ტერორისტის წამოსაყვანად დავბრუნებულიყავი. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ჰამბურგიდან მოსკოვში სალეჰ ბეი და ავტომატურქობინიანი ნაღმმტყორცნები ერთად ჩავიტანე. როგორც ტერორისტის დაკითხვამ ცხადყო, ის ირანის დავალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ტერორისტული აქტის განხორციელებას აპირებდა და, სავარაუდოდ, ოცდაათი ათასი ადამიანი უნდა დაღუპულიყო. ჩვენმა უწყებამ, რა თქმა უნდა, არ გაახმაურა აბდულა სალეჰ ბეის ამბავი, ის, უბრალოდ, კარგად დაამუშავეს, ანუ გადაიბირეს და „დააკონსერვეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტი სამომავლოდ შემოინახეს, რათა ის რომელიმე ბინძური აქციისთვის გამოეყენებინათ.
სხვათა შორის, „დაკონსერვებულ“ ტერორისტს წლების შემდეგ, უკვე პოსტ-საბჭოთა პერიოდში, კვლავ შევხვდი და მართალია, ის უკვე რესპექტაბელური ჯენტლმენის იმიჯით სარგებლობდა, მაგრამ, ჩემი აზრით, შინაგანად ისეთივე უსულგულო ფანატიკოსი იყო, როგორიც ჩვენი პირველი შეხვედრისას. აბდულა სალეჰ ბეის სახელი შეცვლილი ჰქონდა – მას ალი-მუსა ერქვა და ბაღდადში ცხოვრობდა, სადაც იმ ქვეყნის მმართველთან ახლო დამოკიდებულება ჰქონდა და ყველაზე დაცულად თავს იქ გრძნობდა. სწორედ ერაყში შევხვდი მას, სადაც მე ერთ-ერთი არაბული ქვეყნის ტელეკომპანიის ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი ჩასული და ერთ შეკვეთას ვასრულებდი, რაშიც მე 5 მილიონი ამერიკული დოლარი გადამიხადეს. საქმე ის იყო, რომ მე ალი-მუსა, იგივე სალეჰ ბეი, უნდა მომეკლა და შემკვეთი მის ლიკვიდაციაში იმიტომ იხდიდა ამხელა თანხას, რომ ის უმსხვილესი ტერორისტული ქსელის სათავეში იმყოფებოდა და მის სინდისზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იყო. ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ მსხვილი და სისხლისმსმელი ტერორისტი ამერიკელების მიერ შედგენილ ტერორისტთა სიაში არ ფიგურირებდა და მას თავისუფლად შეეძლო ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და დაუბრკოლებლად გადაადგილება, თუმცა, ბაღდადში ყოფნას ამჯობინებდა და იქიდან ხელმძღვანელობდა იმ სისასტიკეს, რასაც მისი ფანატიკოსი ხელქვეითები ახორციელებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
– იცით, რას გეტყვით, ჩემო მეგობარო, – მითხრა ალი-მუსას უშუალო შემკვეთმა, რომელსაც მე მისივე დაჟინებული თხოვნით პარიზში შევხვდი, – მე, რა თქმა უნდა, ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე პირველად მივდივარ.
შემკვეთი ევროპელი იყო და ძალიან ცნობილი მილიარდერი. მე მას, რა თქმა უნდა, შენიღბული ვეახელი შეხვედრაზე, თვითონ კი, როგორც შემპირდა, მარტო, ყოველგვარი დაცვის გარეშე, ძალიან უბრალოდ ჩაცმული მოვიდა ლუქსემბურგის მშვენიერ ბაღში, სადაც ჩვენ სკამზე ვისხედით და ვსაუბრობდით.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მესიე. მე არ მაინტერესებს თქვენი ბიოგრაფია და არც ის მიზეზი, რამ გიბიძგათ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, – მივუგე შემკვეთს, – მე პროფესიონალი ვარ. მაძლევენ მიზანს, მე კი მას ვანადგურებ.
– იცით, მე მითხრეს, რომ ამ საქმეში თქვენ ყოვლისშემძლე ხართ და თქვენთან შეხვედრა იმიტომ მოვითხოვე, რომ დეტალებზე მოგელაპარაკოთ.
– ყოვლისშემძლე მხოლოდ ღმერთია, მესიე. მე კი მხოლოდ მისი ერთ-ერთი ქმნილება ვარ. მართალია, სხვებისგან გამორჩეული, მაგრამ, ყოვლისშემძლე არ გახლავართ. გისმენთ, რა დეტალებზე გნებავთ ჩემთან მოლაპარაკება?
საქმე ის იყო, რომ შემკვეთის ერთადერთი ქალიშვილი თვითმფრინავში ცოცხლად დაიწვა. თვითმფრინავი კი ალი-მუსას ტერორისტ-კამიკაძეებმა ააფეთქეს და მილიარდერი სწორედ ამიტომ მაძლევდა ტერორისტთა სისხლისმსმელი შეფის ლიკვიდაციის შეკვეთას. მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი, თუმცა, შემკვეთისთვის ეს არ მითქვამს და მას ყურადღებით ვუსმენდი, როდესაც ის თავის ტრაგედიას მიყვებოდა.
– ცოლ-შვილი გყავთ? – მოულოდნელად მკითხა შემკვეთმა.
– დიახ.
– მე კი ერთადერთი ქალიშვილი მყავდა, ჩემი ულამაზესი ანა. და ჩემი დაჟინებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ის სტიუარდესად მუშაობდა. მე მინდოდა, რომ ჩემი ბიზნესიმპერიის საქმიანობაში ჩართულიყო, მაგრამ, ის თავისას არ იშლიდა. ის მხოლოდ 20 წლის იყო, მას უნდა ეცოცხლა და ცხოვრებით დამტკბარიყო. ამის ნაცვლად კი, ჩემი ანა თვითმფრინავში ცოცხლად ჩაიწვა. ამიტომ მინდა, რომ ალი-მუსასაც ანალოგიური დაემართოს – ცოცხლად ამოიბუგოს. შეძლებთ ასეთი შეკვეთის შესრულებას?
– ვფიქრობ, რომ შევძლებ.
– ჰოდა, ძალიან კარგი. გნებავთ, თანხას საბანკო ანგარიშზე დაგისვამთ, გნებავთ, მთლიანად ხელზე გადმოგცემთ, სადაც და როცა მეტყვით.
– ჯობია, ანგარიშზე დამისვათ, – ვუთხარი შემკვეთს, – თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს და თუ შემისრულებთ?
– რა თქმა უნდა, ბრძანეთ.
– მესიე, იქნებ ორი ჭიქა ბურბონი შეუკვეთოთ და ჩემთან ერთად შესვათ.
შემკვეთი თავიდან ჩემი სიტყვების შინაარსს ვერ ჩაწვდა და გაოცებით შემომხედა, შემდეგ გაეცინა და თავისი ხელით მოიტანა ორი ჭიქა ღვინო, ერთი მე მომაწოდა, მეორე თვითონ დაიჭირა და მზერა მომაპყრო. მე კი გავუღიმე, ჭიქა ჭიქაზე მივუჭახუნე და სანამ დავლევდი, ვუთხარი:
– თქვენი გოგონას ხსოვნა იყოს და, მისი სული ზეცაში ცხონდეს...
ასეთი წინაისტორია ჰქონდა ბაღდადში ჩემს ჩასვლას, სადაც მე ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში დავბინავდი, რომ პანისლამისტური ლიგის საერთაშორისო კონფერენცია გამეშუქებინა, რომელშიც თავად ჩემი ობიექტიც მონაწილეობდა და სიტყვითაც უნდა გამოსულიყო. შეკრების მეორე დღეს ალი-მუსა ათწუთიანი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც მხურვალე ოვაციების ფონზე ჩაიარა და ოთხიათასკაციანი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა მას ტაშს. ალი-მუსას თავად სადამ ჰუსეინიც კი ფეხზე დამდგარი უსმენდა და ტაშს უკრავდა. კონფერენციის მეორე დღე რომ დასრულდა, მე ალი-მუსასთან მივედი, მოწიწებით დავუკარი თავი, გავეცანი და ვუთხარი:
– იცით, მე ერთი იდეა მაქვს, რომელიც თქვენს მოძრაობას წაადგება.
– ძალიან კარგი. მე ვაფასებ პანისლამისტურ იდეებს. ბრძანეთ, – მომიგო ალი-მუსამ და გამჭოლი მზერა მესროლა.
– მე ვფიქრობ, რომ თქვენზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უნდა გადავიღოთ და მთელ მსოფლიოს ვუჩვენოთ.
ალი-მუსამ სიამაყით აღსავსე სახე მიიღო და, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ იმ მომენტში მან საკუთარი თავი ყველა ისლამისტის იმამად წარმოიდგინა. შემდეგ ყელი მოიღერა და მომიგო:
– მომწონს ეგ იდეა. შეგიძლიათ, რომ უფრო დაწვრილებით მითხრათ ყველაფერი?
– სცენარი ხვალ მექნება მზად. მთელი ღამე ვიმუშავებ და, გარწმუნებთ, თქვენც მოგეწონებათ. თუ საღამოს გეცლებათ, მიბრძანეთ, სად მოვიდე და სცენარს მოგართმევთ.
– ხვალ საღამოს, ხომ?
– დიახ.
– კეთილი. ხვალ, საღამოს შვიდ საათზე შევხვდეთ. ჩემს ვილაში მოდით და ყველაფერი დაწვრილებით განვიხილოთ.
– კარგი. ხვალამდე, – გავუღიმე ალი-მუსას და დავშორდი. ცოტა ხნის შემდეგ კი უკვე ალი-მუსას ვილის მიმდებარე ტერიტორიას ვზვერავდი და ობიექტის ლიკვიდაციისა და ჩემი გაქცევის გეგმას ვადგენდი.
მეორე დღეს, დანიშნულ დროს უკვე ალი-მუსას ფეშენებელურ ვილაში ვიმყოფებოდი. მე და მასპინძელი ცალკე ოთახში განვმარტოვდით. მე კინოკამერით მივედი, ვითომდა სასინჯი კადრების გადასაღებად, სინამდვილეში კი კინოკამერას ორლიტრიანი ავზი ჰქონდა ჩამონტაჟებული, რომელიც ბენზინით იყო სავსე. ალი-მუსა მწვანე ხალათში გამოწყობილი დამხვდა, რაც მის პანისლამისტურ ლიდერობას უსვამდა ხაზს. ის მედიდურად მომესალმა და მითხრა:
– აბა, ბრძანეთ, რით მეწვიეთ!
ყოველი წუთი ძალიან ძვირფასი იყო, დაყოვნება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ალი-მუსას კისერში ხელი ჩავცხე და მივთიშე. შემდეგ ორი ლიტრი ბენზინი სხეულზე თანაბრად დავასხი და ცეცხლი წავუკიდე, ბოლოს კი მისი ვილა სასწრაფოდ დავტოვე. ორი კვარტალი ფეხით გავიარე და წინასწარ მომზადებული „ჯიპით“ ის კვადრატი სასწრაფოდ დავტოვე.
იმ პერიოდში ერაყი და ამერიკა ჯერ კიდევ მეგობრები იყვნენ და ჩემი ძებნა პირადად სადამ ჰუსეინის თხოვნით „ეფბეერის“ აგენტებმა დაიწყეს. მათი შტაბ-ბინა მაშინ ბაღდადში მდებარეობდა და იქ საუკეთესო თანამშრომლები მუშაობდნენ. თუმცა, მე მოვასწარი ქვეყნიდან დაუბრკოლებლად გაღწევა და, სანამ საღამოს „ეფბეერელი“ „მეგობრები“ მეძებდნენ, მე და შემკვეთი კვლავ პარიზში, ლუქსემბურგის ბაღში შევხვდით ერთმანეთს.
– დიდი მადლობა. მართალია, ამით ჩემი ანა არ გაცოცხლდება, მაგრამ, მორალური კმაყოფილება მივიღე. თქვენ, მართლაც რომ, ზუსტად, ერთი-ერთში შეასრულეთ ჩემი თხოვნა.
– ამაში მიხდიან ფულს.
– იცით რა, ჩემო მეგობარო? – მითხრა შემკვეთმა, – მართალია, შესრულებულ სამუშაოში საფასური მიიღეთ, მაგრამ, თქვენთან თავს დავალებულად ვგრძნობ და თუკი რამე გჭირდებათ, შემიძლია, დაგეხმაროთ.
– დიახ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.
– ბრძანეთ. მე მზად ვარ ყველაფერში გვერდში დაგიდგეთ.
– მესიე, იქნებ პატივი დამდოთ და კიდევ ორი ჭიქა ბურბონი შეუკვეთოთ, როგორც მაშინ.
შემკვეთმა ჩემი თხოვნა შეასრულა, ორი ჭიქა ღვინო მოიტანა. წითელი სითხით სავსე ჭიქა რომ მომაწოდა, მე სასმისი მაღლა ავწიე და ვთქვი:
– ყველა საქმის კეთილ დასასრულს გაუმარჯოს!..
ჩვენს საქმეში კეთილი დასასრულის ცნება, ცოტა არ იყოს, რბილად ნათქვამი ირონია უფროა, ვიდრე რეალობა, მაგრამ, გამონაკლისები ჩვენთანაც ხდება ხოლმე და ჩემს პრაქტიკაშიც მქონია ასეთი შემთხვევა.
ჯერ კიდევ ჩემი კარიერის დასაწყისში შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:
– თქვენთან ერთი კონფიდენციალური დავალება მაქვს და, იმედია, ზუსტად შეასრულებთ.
იმ პერიოდში შჩუკინი ჯერ კიდევ თქვენობით მომმართავდა, მე კი მას მხოლოდ როგორც მრისხანე უფროსს, ისე ვუყურებდი და მივუგე:
– დიახ, რა თქმა უნდა. გისმენთ, ამხანაგო გენერალო!
შჩუკინმა ერთი საბჭოთა ჟურნალის ყდა მაჩვენა, რომელზეც ძალიან ცნობილი საბჭოთა სპორტსმენი იყო გამოსახული და მითხრა:
– ალბათ, გეცნობათ.
– დიახ, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.
– ის ახლახან ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და სამშობლო ასახელა, მაგრამ, ცნობები გვაქვს, რომ ის ამერიკაში გაქცევას გეგმავს, ამის დაშვება კი არ შეიძლება და ყოველმხრივ წინ უნდა აღვუდგეთ. ის ერთ კვირაში ლოს-ანჯელესში მიემგზავრება საბჭოთა ნაკრებთან ერთად და, ალბათ, მაშინ აპირებს თავისი განზრახვის განხორციელებას.
შჩუკინის სიტყვებმა მეხი დამცა, რადგან იმ სპორტსმენს უდიდეს პატივს ვცემდი, თანაც, ის ქართველი იყო და ისეთი პერსპექტიული, რომ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში პირველობას არავის დაუთმობდა მსოფლიოში. გენერალი ტყუილად არ დამიბარებდა და, ჩემი ვარაუდით, მის ლიკვიდაციას დამავალებდა, მე კი ამ ახალგაზრდა გენიოსის მოკვლა არ მინდოდა. თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ იყო და, თუკი დამავალებდნენ, ჩემი სახელოვანი თანამემამულის ლიკვიდაცია მომიწევდა.
– მე რა მევალება, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს.
– რა და, უნდა გაარკვიოთ, მართლა აპირებს თუ არა ოლიმპიური ჩემპიონი გაქცევას.
– ეგ როგორ უნდა მოვახერხო?
– სპეციალური წამლის მეშვეობით. შენ მას ამ წამალს სისხლში შეუშხაპუნებ და ყველაფერს გეტყვის. თუ ეს ტყუილია, ხომ კარგი, ხოლო, თუ არა, მაშინ, შენ მას მეორე წამალსაც შეუშხაპუნებ და ის ინფარქტით გარდაიცვლება. ასეთი რამ ზოგჯერ ოლიმპიურ ჩემპიონებსაც ემართებათ და არავინ აიღებს ეჭვს. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყანა სირცხვილს გადაურჩება. ხომ წარმოგიდგენია, რა ამბავს ატეხენ უცხოელები, ეს კაცი ჩვენი ქვეყნიდან რომ გაიქცეს.
– გასაგებია. ყველაფერი რიგზე იქნება, – მივუგე შჩუკინს და იმავე საღამოს თბილისში დავბრუნდი.
ასალაპარაკებელი და გულის გასახეთქი წამლები ლუბიანკაზევე გადმომცეს და თბილისში ის სპეციალური კონტეინერით ჩამოვიტანე, რომელსაც პორტსიგარის ფორმა ჰქონდა და ორმაგი ფსკერით იყო აღჭურვილი. დავალება ბაკურიანში უნდა შემესრულებინა, რადგან ობიექტი იქ მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებოდა და სამი დღის მერე კი ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ ამერიკაში უნდა გამგზავრებულიყო.
დანიშნულ დროს ბაკურიანში ჩავედი, ღამით კი სპორტსმენების სასტუმროს იმ ნომერში შევიპარე, სადაც ერთადგილიან ოთახში ობიექტს ეძინა. მე საჭირო ნემსი ამოვიღე და მძინარე სპორტსმენს ვენაში შევუშხაპუნე. რეაქცია მყისეული იყო. ის ჯერ გამოფხიზლდა და წამოხტა, შემდეგ კი მოდუნდა, საწოლზე ჩამოჯდა და მომაჩერდა.
– შენ ახლა მხოლოდ სიმართლეს მეტყვი. მზად ხარ პასუხისთვის? – ვუთხარი ობიექტს, რომელმაც მომიგო:
– მზად ვარ.
მე მას თავისი და მისი ოჯახის წევრების სახელები ვკითხე, აგრეთვე, ცნობილი ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან, რაზეც მან სწორი პასუხები გამცა. ხოლო კიდევ რამდენიმე საკონტროლო კითხვის შემდეგ კი ვკითხე:
– მართლა აპირებ ამერიკაში გაქცევას საბჭოთა კავშირიდან?
– არა, ეს ტყუილია, – მტკიცედ მომიგო ობიექტმა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან პრეპარატი უტყუარ, ასპროცენტიან შედეგს იძლეოდა და აშკარა იყო, რომ „კაგებეში“ შესული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ბინძურ ჭორს წარმოადგენდა.
სპორტსმენს კიდევ რამდენიმე შეკითხვა დავუსვი, რაც, რა თქმა უნდა, შჩუკინისთვის არ მითქვამს. კონკრეტულად კი, შევიტყვე, რომ ჩემს თანამემამულე ახალგაზრდა სპორტსმენს ძალიან უყვარდა საქართველო და რომ ის საქართველოს დიდებისთვის იღვწოდა. მისი თქმით, ყოველ ორთაბრძოლაზე ისეთი განწყობით გადიოდა, თითქოს დიდგორის ომში მიდიოდა. მას რუსები არ სძულდა, მაგრამ, ყველაზე მეტად რუსის დამარცხება უხაროდა...
ეს სახელოვანი ქართველი სპორტსმენი დღესაც ცოცხალია და, რომ იტყვიან, ასაკის მიუხედავად, კვლავ ჯანზეა. პირადად მე არ ვიცნობ და, მან, რა თქმა უნდა, არ იცის, რომ იმ შორეულ წარსულში, ბაკურიანის სასტუმროს ერთადგილიან ნომერში მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მე რომ ლუბიანკაზე მეთქვა ამ კაცის პატრიოტული გრძნობების შესახებ, მას არ მოკლავდნენ, მაგრამ, სპორტს სამუდამოდ ჩამოაშორებდნენ და ამას ისევ ჩემი ხელით გააკეთებდნენ – უბრალოდ, მის ორგანიზმში ისეთ წამალს შემაშხაპუნებინებდნენ, რომელიც არ მოკლავდა, მაგრამ, სპორტისთვის გამოუსადეგარს გახდიდა. სხვათა შორის, არც ასალაპარაკებელი პრეპარატი იყო მსუბუქი საშუალება და, შჩუკინთან რომ მივედი ანგარიშის ჩასაბარებლად, სინანულით მითხრა:
– სამწუხაროა, რომ ჩემპიონს ასალაპარაკებელი სითხე შევუშხაპუნეთ. ეს ისეთი ძლიერმოქმედი წამალია, რომ უარყოფით შედეგს აუცილებლად გამოიღებს – აი, ნახავ, ამერიკაში წარუმატებლად გამოვა. თუმცა, არა უშავს, ექვს თვეში კვლავ აღიდგენს ფორმას.
შჩუკინი შეცდა. ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენმა არამცთუ ამერიკის ტურნირი მოიგო, ორი თვის მერე მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, ექვსი თვის შემდეგ კი ევროპაც „ზედ მიაყოლა“...
აი, ასე კეთილად დასრულდა ეს საქმე და დღემდე უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ იმ კაცის მოკვლა არ მომიწია. თუმცა, ამ სიხარულს ვერავის ვუზიარებ და არც იმ კაცის ვინაობის გამხელაა საჭირო. ერთი სიტყვით, გრძნობების დამალვა მიწევს და ეს ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ძალიან ბევრჯერ მქონია ემოციური მომენტები, მაგრამ, გრძნობები მომითოკავს და ზოგჯერ ძალიანაც გამჭირვებია ეს. ერთხელ კი ამის გაკეთება ვერ მოვახერხე, ანუ, ჩემი ემოციები ვერ დავფარე, თუმცა, ის ამბავიც კეთილად დასრულდა და, რომ იტყვიან, არ „დავიწვი“.
მრავალი წლის წინ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მიმავლინეს ერთი საქმის გასაკეთებლად. მისი არსი კი, ერთი საჭირო კაცის მოტაცება და მოსკოვში მისი ჩამოყვანა იყო. მე ჯერ კონტაქტში უნდა შევსულიყავი ობიექტთან, შემდეგ კი ის უნდა გამეთიშა და წამომეყვანა. ობიექტი საბჭოთა კავშირიდან იყო გაქცეული და მხოლოდ უკან უნდა დამებრუნებინა, რადგან მისი მშობლები დიდი მეცნიერები და საბჭოეთისთვის თავდადებული ადამიანები იყვნენ. ის ახალგაზრდა კაცი კი, რატომღაც, ანტისაბჭოთა იდეოლოგიით იყო მოწამლული, ყველაფერი საბჭოური სძულდა და იმიტომაც გაიქცა ქვეყნიდან. წამოსვლის წინ მუხინმა გამაფრთხილა:
– იცოდე, საბჭოეთი უკიდურესად აძაგე მასთან, თორემ, შენთან კონტაქტში არ შემოვა.
– დარდი ნუ გაქვთ, ანდრეი ლუკიჩ, იმ სუბიექტს ქაბაბივით შეხვეულს მოგართმევთ ლუბიანკაზე.
ერთი სიტყვით, დანიშნულების ადგილზე ჩავედი და ობიექტი ერთ-ერთ ბოჰემურ კაფეში აღმოვაჩინე, სადაც ჰომოსექსუალები და მსგავსი ტიპის ნაგავი იკრიბებოდნენ. ობიექტთან ძალიან ადვილად დავამყარე კონტაქტი, რადგან საბჭოთა ღერბიანი და დროშიანი მაისური მეცვა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და ეწერა: „დასაწვავი, წყეული ქვეყანა“.
მე ერთ-ერთ მაგიდასთან განვმარტოვდი. ყავა და მარტინი შევუკვეთე და ობიექტის რეაქციას დაველოდე, რამაც არ დააყოვნა. მან ჯერ ჩემი მაისური შეისწავლა, შემდეგ მომიახლოვდა და რუსულად მკითხა:
– რუსი ბრძანდებით?
– არ მესმის, რას მეუბნებით, – ინგლისურად მივუგე ობიექტს. მანაც ინგლისურად მითხრა:
– ძალიან საინტერესო მაისური გაცვიათ, ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძინეთ?
– ამერიკიდან გამომიგზავნეს, – მივუგე ობიექტს, რომელიც ნელ-ნელა ებმებოდა ჩემს ბადეში.
– ხომ ვერ მომყიდით?
– სიამოვნებით. ასი დოლარი გადამიხადეთ და თქვენი იყოს.
ასი დოლარი ორმოცდაათჯერ მეტი იყო, ვიდრე მაისურის რეალური ღირებულება, მაგრამ, ობიექტს წარბიც არ შეუხრია და მომიგო:
– კარგი, თანახმა ვარ. ახლავე გადაგიხდით ოღონდ, მაისურიც ახლავე მინდა.
მე მაისური გავიძრე და ობიექტს მივეცი, შემდეგ სხვა მაისური ამოვიღე ჩანთიდან და ჩავიცვი, ასი დოლარი საფულეში ჩავიდე და მაისურის მყიდველს ვუთხარი:
– მაინც, რამ მოგხიბლათ ასე ძლიერ ჩემს მაისურში?
– იდეამ.
– რა იდეამ?
– საბჭოთა კავშირის დაწვის იდეამ. ეს თქვენს მაისურზე წერია, – ამიხსნა ობიექტმა და მაისურზე თითი მიიდო.
– „იდიოტი! ვერასოდეს ეღირსები ამას“, – გავიფიქრე გუნებაში, ობიექტს კი ვუთხარი:
– სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, რა ეწერა მაისურზე და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მეცვა, რომ კარგი ხარისხის ქსოვილია.
– მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი. მე ანტონი მქვია, – ხელი გამომიწოდა ობიექტმა.
– ჩარლი, – მივუგე ანტონს და ხელი ჩამოვართვი, – დაბრძანდით, თუ, რა თქმა უნდა, არსად გეჩქარებათ.
– არ მეჩქარება. ნება მიბოძეთ, სასმელზე დაგპატიჟოთ.
– მოდი, სასმელზე მე დაგპატიჟებთ. ახლახან თქვენი წყალობით სარფიანი გარიგება გავჩარხე და აღვნიშნოთ, – მივუგე ანტონს, გავუღიმე და ვკითხე, – რას მიირთმევთ?
– არაყს.
მე არაყი შევუკვეთე და ობიექტს ვკითხე:
– სადაური ბრძანდებით?
– რუსი. თქვენ?
– მე ინგლისელი ვარ, – მივუგე ანტონს და ვკითხე: – გეტყობათ, რომ საბჭოთა კავშირი გძულთ. რას ერჩით თქვენს სამშობლოს?
– საბჭოეთი ჩემი სამშობლო არ არის. ის სტალინის სამშობლოა, ჩემი სამშობლო რუსეთია. საბჭოეთი კი ხალხთა ციხეა და ის უნდა დაინგრეს.
„კრეტინო. სტალინის სამშობლო საქართველოა. საბჭოთა კავშირის დანგრევა კი ვერ მოგართვი“, – გავიფიქრე გუნებაში, ანტონს კი ვუთხარი:
– არც ზოგიერთ ბრიტანელს ეხატება გულზე ინგლისი და ინგლისელები, მაგრამ, ქვეყანას ამის გამო არავინ ანგრევს.
– ბრიტანეთი თავისუფალი, კარგი ქვეყანაა. საბჭოეთში კი სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და ყველგან „კაგებე“ დაგდევს.
– აქ როგორ აღმოჩნდით?
– გამოვიქეცი.
– რას საქმიანობთ?
– ჯერჯერობით არაფერს. თუმცა, დიდი გეგმები მაქვს – ვაპირებ, მძლავრი ანტისაბჭოური ორგანიზაცია ჩამოვაყალიბო და საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ვიბრძოლო.
„აბა, შენ გიქრის ტვინში ქარები“, – გავიფიქრე გუნებაში, ხმამაღლა კი ვუთხარი:
– კეთილშობილური იდეისთვის ბრძოლა დიადი საქმეა. წარმატებას გისურვებთ!
– გმადლობთ. აუცილებლად მივაღწევ მიზანს.
„კი. როგორ არა. მიაღწევ მიზანს, აბა არ მიაღწევ? მე დაგეხმარები ამაში. ხვალ ან ზეგ რომ ლუბიანკაზე მიგაგრიალებ, ეგ იქნება შენი მიზანიც და ნავსაყუდელიც“, – გავიფიქრე გუნებაში და გავამხნევე:
– თქვენ ისეთი მიზანდასახული ადამიანი ჩანხართ, აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.
მოსულელო ანტონს ძალიან მოეწონა ჩემი დითირამბები და ქალაქში ფეხით გასეირნება შემომთავაზა, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ჩვენ ფეხით გავუყევით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამზირს. უცებ დავინახე, ერთ სარეკლამო ბანერზე საფეხბურთო მატჩის აფიშა იყო გაკრული და, რომ წავიკითხე, გული ამიფანცქალდა, რადგან ჩემი მშობლიური და საყვარელი თბილისის „დინამო“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ეთამაშებოდა ოთხთა ტურნირის მატჩში, რომელიც იმ ქალაქში ტარდებოდა.
– ფეხბურთი გიყვართ? – მკითხა ანტონმა.
– ბუნებრივია, მე ხომ ბრიტანელი ვარ.
– მე კი გულზე არ მეხატება, მაგრამ, თუ გნებავთ, შევიდეთ და ვუყუროთ, როგორ გადაუვლიან საბჭოთა გუნდს, მით უმეტეს, რომ ეს საბჭოელები ქართველები არიან, ქართველები კი განსაკუთრებულად მძულს და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ სტალინი ქართველი იყო, სწორედ სტალინმა შექმნა საბჭოთა კავშირის იმპერია და ამ დამპალი ხალხის წიაღში იშვა ის.
ანტონს კატის კნუტივით მივახრჩობდი, მაგრამ, ქართველების მოძულე იდიოტს გავუღიმე და მივუგე:
– ესე იგი, კომპანიონობას გამიწევთ და ჩემთან ერთად წამოხვალთ მატჩზე?
– დიახ. წავიდეთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში