ვინ იყვნენ „რადიოხულიგნები“ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში და როგორ იყენებდა სუკი „დოსააფის“ რადიომოყვარულებს
რადიომოყვარულების შესახებ, ალბათ, ძალიან ცოტას თუ სმენია ჩვენს ქვეყანაში, არადა, საქართველოში რადიომოყვარულთა კლუბიც არსებობს და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონებიც ვართ. რადიომოყვარულთა შესახებ კლუბის პრეზიდენტი მამუკა კორძახია მოგვითხრობს.
მამუკა კორძახია: ადრე, 60-70-იან წლებში, „დიოსააფში” იყო რადიომოყვარულობა, მაგრამ, ნებართვის მიღება იყო ძალიან რთული – 6-7 თვეს უნდა დალოდებოდი; შეზღუდული იყო სიხშირეების რაოდენობა, ასევე თემატიკა. საერთაშორისო წესდებითაც შეზღუდულია თემატიკა: ვერ ისაუბრებ ყველაფერზე – არ შეიძლება პოლიტიკასა და რელიგიაზე ლაპარაკი, ძალადობისკენ მოწოდება, ასევე, მესამე პირის ნათქვამის გადაცემა; ძირითადად, ელექტრონიკაზე, ტექნიკაზე შეგიძლია ისაუბრო. საბჭოთა კავშირში ეს შეზღუდვა კიდევ უფრო მეტი იყო. როდესაც ადამიანს, მით უმეტეს – ბავშვს, თავისუფლება გინდება, ყველანაირ გზას ეძებ. მე მაშინ ნაძალადევში ვცხოვრობდი, გადასასვლელ ხიდთან და ჩემს ბავშვობაში ძალიან გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებული „რადიოხულიგნობა“ მეექვსე კლასში გავაკეთეთ ბიჭებმა და ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, ვინ უფრო შორ კავშირს დაამყარებდა, მუსიკას ვუშვებდით ხოლმე. თეორიული ლიტერატურაც არაფერი გვქონდა, ერთადერთი ჟურნალი გამოდიოდა –„რადიო”, მეტი არაფერი იშოვებოდა. საბჭოთა რადიო არ მიყვარდა, არ ვუსმენდი. რადიომოყვარულობა დამეხმარა იმაში, რომ ის ხმები მესმინა, რომელსაც საბჭოთა კავშირში ახშობდნენ: „ამერიკის ხმა”, რადიო „თავისუფლება”, „გერმანიის ხმა”, „შვედეთის ხმა”. სამხრეთამერიკული „ანდების ხმა”, რომელსაც დილის 7 საათზე ვუსმენდით, ისრაელი აკეთებდა კიდევ გადაცემას ქართულ ენაზე, რომელსაც, ასევე, ახშობდნენ. სპეციალური მიმღები გვქონდა. ნაწილები არსად არ იშოვებოდა, ერთადერთი მაღაზია იყო საბჭოთა დროს – „ელექტრონიკა” და იქაც არ იყიდებოდა არაფერი. გითხრათ, ნაწილებს სად ვშოულობდით?! რუსი სამხედროები არაყში გვიცვლიდნენ არალეგალურად (იცინის). სამხედრო ნაწილში მიგვქონდა სპირტიანი სასმელები – არაყი, ხან ღვინოც, სიგარეტი და, ოფიცრები და ჯარისკაცები სანაცვლოდ ნაწილებს გვაძლევდნენ, ხანდახან გვჩუქნიდნენ კიდეც მილაკებს, სპეციალურ ბლოკებს. ზოგიერთი ისეთი მძიმე ნაწილი იყო, ვერ ვძრავდი და წელში მოხრილი მოვათრევდი. სად არ დავდიოდით: ხან მახათას მთაზე, ხან მიწისქვეშა სამხედრო ნაწილში – ბუნკერში...
– უშიშროება გამოწმებდათ ხოლმე?
– რა თქმა უნდა, თანაც, ძალიან სერიოზულად. იმდენ საბუთს ითხოვდნენ, დედის ქალიშვილობის გვარსაც კი გეკითხებოდნენ, ნათესაობის ნასამართლეობა, თუ ვინმე შენიანი უცხოეთში ცხოვრობდა... ჩემს დროს საკმაოდ ბევრი რადიომოყვარული იყო ქალაქში, მაგრამ, მათგან 5 პროცენტს თუ ჰქონდა ნებართვა, დანარჩენები რადიოხულიგნობდნენ, რადგან, რთული იყო ლიცენზიის მიღება სიხშირეზე. რადიოხულიგნებს იჭერდნენ ხოლმე. მეც დამამუშავეს ერთხელ – დამიწყეს „მამაშვილური” საუბარი: რად გინდა, შვილო, ხომ იცი, ეგენი მტრები არიან და საწყალ მუშებს ჩაგრავენო. ჩვენთან თავისუფალი ქვეყანაა, რაც გინდა ის აკეთე, ვინ რას გიშლისო.
მე მქონდა სპეციალური რადიომიმღები ფილტრით, რომლითაც შემეძლო იმ სიგნალების მიღება, რომელსაც საბჭოეთში ახშობდნენ. დღესაც მაქვს შენახული რადიო „თავისუფლების“ ოცი წლის წინანდელი ჩანაწერები, მეზობლებიც შემოდიოდნენ და ვასმენინებდი. სულ სხვა სამყაროში ვგრძნობდი თავს. სხვათა შორის, მაშინდელი რადიო „თავისუფლება“ სულ სხვა იყო, მბურძგლავდა ისეთი მუსიკა იყო, ისეთი გადაცემები... ვაკეში რა ხდებოდა გამსახურდიას დროს, იქიდან ვიგებდი ამბებს (იცინის). რუსულ რადიო „სვობოდასაც” ვუსმენდი ხოლმე.
ახლა რომ არის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, საბჭოთა დროს მაგას „ელექტროკავშირის ინსპექცია” ერქვა და 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარეობდა. იყო სპეციალური განყოფილებები, რომლებიც ამ არალეგალების აღმოჩენაზე მუშაობდნენ – გეგმა ჰქონდათ შესასრულებელი. თუ მოგაგნებდნენ, ყველანაირი ელექტრომოწყობილობა მიჰქონდათ, უთოსაც არ ტოვებდნენ ხოლმე (იცინის). მაგრამ, როგორც კი გავიდოდნენ სადარბაზოდან, ჩუმად იქვე დაყრიდნენ, რომ აგეღო და ერთი თვის მერე ისევ მოსულიყვნენ გეგმის შესასრულებლად. თუ დიდ პრობლემას შეუქმნიდი სისტემას, მაშინ შენც გექნებოდა პრობლემები. რადიოხულიგანმა შეიძლება, პრობლემები შეუქმნას ავიაციას, კერძოდ კავშირს პილოტსა და დისპეტჩერს შორის, მაუწყებლობას, რკინიგზას – შეიძლება, იმ ტალღაზე შემთხვევით დაჯდე და ჩაახშო ის სიგნალები, მით უმეტეს, თუ რადიომოწყობილობა გაუმართავად მუშაობს და ეთერში უსუფთაო სიგნალებს უშვებ. მახსოვს, საბჭოთა რაციები ეყენა სამედიცინო დახმარების მანქანებზე, სასწრაფოში კარგი გოგონები მუშაობდნენ და იმათ ველაპარაკებოდით ხოლმე (იცინის). კიდევ ერთი დიდი პრობლემა იყო – ეთერში ლანძღვა-გინება იკრძალებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ისრაელი და პალესტინა ხომ ეომებიან ერთმანეთს, შინ რომ მიდიან, სხდებიან და რადიოსიხშირეზე ერთმანეთს ესაუბრებიან!
– სიხშირეები როგორ რეგულირდებოდა?
– სიხშირეებს იცვლიდნენ ხოლმე, რადგან, რუსული რადიოჩამხშობები ახშობდნენ ამ სიგნალებს და პერიოდულად გამოცვლა უწევდათ. ერთხელ უცხოელები იყვნენ თბილისში ჩამოსული. ფოტოგრაფიის გამოფენა იყო და უშველებელი რიგი იდგა. ერთი რუსულად მოლაპარაკე უცხოელი იყო, რომელმაც რაღაც დაჭმუჭნილი ქაღალდი გადმომცა, დავხედე და, „ამერიკის ხმის“ განრიგს არ ვხედავ?! (იცინის). იმ განრიგის მიხედვით ვუსმენდი ხოლმე. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რადიომოყვარულობამ ჩემს ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ჯარში არ მომეცა იმის საშუალება, რომ კავშირგაბმულობის ნაწილში ვყოფილიყავი და იქ ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. რომ ჩამოვედი, მივედი „დოსააფში”, 1983 წელს ავიღე ოფიციალური ნებართვა. რადიოკლუბი იმხანად მარტო „დოსააფში“ იყო, თან, საშინელი პირობებით: ქართულად არ შეიძლებოდა საუბარი. ქართულად თუ დაილაპარაკებდი, ნებართვას ჩამოგართმევდნენ. კრებაზე 20 პროცენტი ვიყავით ქართველები და იქაც ვერ ვლაპარაკობდით ქართულად, მით უმეტეს – ეთერში, რადგან, სუკი ვერ გაგშიფრავდა. „დოსააფის” ინსტრუქტორებს უშიშროება ფულს უხდიდა მოსმენაში. პლუს, სუკს თავისი რამდენიმე მოსასმენი პუნქტი ჰქონდა და ერთ-ერთი იყო სართიჭალაში. ახლაც არის ეს ცენტრი. ჩვენ ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი გვქონდა, მოკლედ, ვიმძლავრეთ, ჩამოვაყალიბეთ საქართველოს რადიოსპორტის ფედერაცია და დავწერეთ წესდება. ეს ერთ-ერთი პირველი ქართული ორგანიზაცია იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. რადიომოყვარული უცხო ქვეყანაში რომ ჩადის, იქ ღირსშესანიშნაობებს კი არ ეცნობა, პირველ ყოვლისა, სახურავებს უყურებს, რომ „თავისიანი“ აღმოაჩინოს (იცინის). ეგრე „მივაჭერი“ ერთხელ უკრაინაში სრულიად უცხო ადამიანთან. რადიომოყვარულები ერთმანეთს სპეციალური ბარათების საშუალებით ვუკავშირდებით, თითოეულ ჩვენგანს ინდივიდუალური მოსახმობი, ეგრეთ წოდებული „ქოლ საინი” გვაქვს. ბევრი ცნობილი ადამიანია გატაცებული სერიოზულად რადიომოყვარულობით. ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს ბურბონი, რომის პაპი იოანე-პავლე მეორე იყო დიდი რადიომოყვარული და პოლონეთში ჰქონდა რადიომოწყობილობა, იორდანიის მეფე, საერთოდ, პუტჩსა და სიკვდილს გადაარჩინა რადიოს სიყვარულმა, მისი შვილებიც სერიოზული რადიომოყვარულები არიან; ასევე, სადამ ჰუსეინი და, რა ვიცი, კიდევ ვინ აღარ. იცი, რა მაგარია?! შეგიძლია, შტორმში მყოფ გემზე რადისტს ელაპარაკო, მეორე წუთში კი ტროპიკებში დაუკავშირდე ადამიანს, ან, სულაც, ანტარქტიდაზე სამეცნიერო სადგურს.
– ეროვნული მოძრაობის დროს რა ხდებოდა?
– საკმაოდ აქტიურად ვიყავით ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართულები. მე, მამუკა კაციტაძე და გია ბარამიძე ჯგუფელები ვართ და ვმეგობრობდით. მამუკა კაციტაძე ჩემი მეჯვარეა. ზვიადს და მერაბსაც ვიცნობდი, მერაბთან სახლშიც ვარ ნამყოფი. ძალიან გულითადი და დადებითი ადამიანი იყო, სულ ღია იყო მისი სახლის კარი. მაგრამ, მერე უკვე აღარ მომწონდა ზვიადის მთავრობა და მისი კურსი. ძალიან ბევრი ისტორია მაქვს ამასთან დაკავშირებით. სამოქალაქო ომის დროს სიგუასთან მქონდა ახლო ურთიერთობა, აკაკი ბაქრაძეს ვიცნობდი კარგად – მან გამაცნო. ომი რომ დაიწყო და სამხედრო საბჭო მოვიდა სათავეში, სიგუამ მითხრა, მოსკოვთან არავითარი კავშირი არ გვაქვს და იქნებ რადიომოყვარულებს შენ დაუკავშირდე მოსკოვშიო. გავგზავნეთ რადიოგრამა მთავრობის სახლში ასეთი შინაარსით: (მაშინ ბორის ელცინი იყო პრეზიდენტი): „საქართველო უკვე დამოუკიდებელი ქვეყანაა, თავი დაანებეთ და მის შიდა საქმეებში ნუ ჩაერევით!” საომარი მოქმედებების დროს ვაკეში კომენდანტი დამადგა შეიარაღებული ძალებით, დამაპატიმრეს და წამიყვანეს. მაშინ კომენდანტის საათი იყო გამოცხადებული და ლანჩავა იყო კომენდანტი. ზვიადი ჩეჩნეთში იყო გაქცეული. მოკლედ, დამიჭირეს და ზვიადთან კავშირში დამდეს ბრალი. კი კარგად მივხვდი, რომ ეს ამბავი „დოსააფში“ ზოგ-ზოგიერთმა რუსმა და სომეხმა მომიწყო, ვისაც ქართველების პოზიციების გაძლიერება და დამოუკიდებლობა დიდად გულზე არ ეხატებოდა.
სიგუას კარგად ვიცნობდი და გამსახურდია დიდად გულზე არ მეხატებოდა, მოკლედ, ერთმანეთზე უარესები იყვნენ. სოხუმში ვიყავი ომის დროს და იქიდან გადმოვცემდი ამბებს. არავითარი ცნობები არ ჰქონდათ თბილისში, იქ რა ხდებოდა, ჭორების დონეზე იყო ქალაქი და იქმნებოდა პანიკა. აკაკი ბაქრაძეს შევთავაზე, სოხუმში ჩავალ და იქაურ ამბებს გადმოვცემ-მეთქი. აკაკის გაუხარდა – ხვალ უზენაესი საბჭოს სხდომაა ზუგდიდში და შენც წამოდიო. სოხუმში რომ ჩავედი, დიმა ჯაიანმა და ვიღაც ორმა ბიჭმა გადამმალეს სოხუმთან ახლოს და იქიდან გადმოვცემდი ამბებს. მაგრამ, შემდეგ რუსები შემოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიებს ვეღარ მომცემდა ქართული მხარე. სოხუმის აეროპორტიდან ჯერ კიდევ სრულდებოდა რეისები და ბოლო თვითმფრინავს გამოვყევი – გამოვასწარი! კიდევ, სპიტაკში ვიყავი ჩასული მიწისძვრის შემდეგ, იქ ქართული სოფელი გავაკეთეთ – კარვები გავშალეთ და ყველაფერს გადმოვცემდით.
ერთხელ შემომთავაზა სუკმა თანამშრომლობა, სულ ეთერში ვიყავი და ყველაფერი მესმოდა. 90-იან წლებში, უშუქობასა და გაჭირვებაშიც არ მიღალატია საკუთარი საქმისთვის. ასეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში ამდენი რადიომოყვარული რომ გყავს – ძალიან მაგარია, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონები ვართ, ალიკა თეიმურაზოვის რეკორდი დღემდე ძალაშია. ჰო, კიდევ ერთი მაგარი ამბავი: 1925 წელს თბილისში უკვე იყო ერთ-ერთი პირველი რადიომოყვარული.