ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ზაფხულში, როგორც წესი, ძალიან ბევრი მწერია, მით უმეტეს – აგარაკებზე. საშიშია თუ არა ძაღლის მწერისგან დაკბენა და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?
პასუხი: მწერების, ფუტკრისა და კრაზანის ერთეული ნაკბენები ჯანმრთელი ძაღლისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, როცა ნაკბენი მრავლობითია, განსაკუთრებით – პატარა ტანის და დეკორატიულ ძაღლებში. მწერები, როგორც წესი, ძაღლებს კბენენ ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოში. ნაკბენი მტკივნეულია და სწრაფად სივდება. ძაღლი ცდილობს, მოიფხანოს ნაკბენი თათებით ან უხახუნებს საგნებს. პატარა ტანის ძაღლებში შეიმჩნევა მოწყენილობა, იშვიათად – ღებინება. ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ნესტარი და ნაკბენ ადგილას დავადოთ ბამბის ტამპონი, რომელიც დასველებული იქნება არაყში, სპირტში, წყალბადის ზეჟანგში ან ბორის მჟავაში.
კითხვა: ჩემს ლეკვს კბილების მოცვლის პერიოდი დაეწყო და ყველაფერს კბილებით ეკიდება. ძალიან მეშინია, არ დაიზიანოს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან პირის ღრუს დაზიანება, რა უნდა გავაკეთოთ უპირველესად?
პასუხი: ეს ნაკლებად დასაშვებია, მაგრამ, თუ თქვენმა ძაღლმა კბილი დაიზიანა და სისხლდენა დაეწყო, დაზიანებულ ადგილას მაშინვე დაადეთ ტამპონი და ეცადეთ, რომ პირი დახუროს. ამისთვის გაუკეთეთ ალიკაპი ან მჭიდროდ შეუკარით ყბები დოლბანდით.
კითხვა: მინდა შევიძინო რომელიმე პატარა ტანის ძაღლი. მაინტერესებს, რომელი ჯიშია ყველაზე ადვილი მოსავლელი?
პასუხი: პატარა ტანის ძაღლების მოვლა არ გაგიჭირდებათ. ისინი ოჯახის წევრების მიმართ უზომოდ თბილები და მოსიყვარულენი არიან და ამავდროულად, ერთგული მცველის ფუნქციასაც ითავსებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ მათ ძალიან უყვართ ყურადღება და აღმერთებენ ოჯახის წევრებთან ერთად სეირნობას. შეგიძლიათ, მათთან ერთად სამოგზაუროდაც წახვიდეთ, რადგან ეს პრობლემას არ წარმოადგენს – პატარა ტანის ძაღლის ცხოვრებას ნომერში პატრონთან ერთად არ კრძალავს მსოფლიოს თითქმის არც ერთი სასტუმრო.
კითხვა: შევიძინე ჩინური ქოჩორა ძაღლი, მაგრამ, თავზე თმა არ ამოუვიდა. იქნებ, მითხრათ, ეს ჯიშის არასასურველი წარმომადგენელია, თუ სხვა ძაღლი შემომაჩეჩეს? ვნერვიულობ, რადგან მასში არცთუ ისე ცოტა თანხა გადავიხადე.
პასუხი: თქვენ, ალბათ, არ იცით, რომ ჩინური ქოჩორა ძაღლის ორი სახეობა არსებობს: ბეწვიანი და ქოსა, ერთი დედ-მამის ლეკვებიდან, შეიძლება, ერთი ქოსა იყოს, დანარჩენი კი – ბეწვიანი. ბეწვიან ძაღლებს ძირითადად, ჯიშის მომშენებლები იყენებენ, რადგან ის აუცილებელია ჯიშის შემდგომი გამრავლებისთვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბეწვიანი ძაღლის ქოსა ძაღლთან შეჯვარებით ბევრად უფრო ჯანმრთელი ლეკვები იბადებიან, ვიდრე ქოსა ძაღლის ქოსასთან შეჯვარებით. ასე რომ, თქვენ ნამდვილად არ შეგიძენიათ ჯიშის არასასურველი წარმომადგენელი, უბრალოდ, ის ჩინური ქოჩორა ძაღლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკშია სასურველი ლეკვის აყვანა?
პასუხი: სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდგომ აიყვანოთ. 30 დღის ასაკამდე აუცილებელია ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს. 45 დღის ასაკში კარგად ჩანს ლეკვის როგორც ანატომიური დეფექტები, ასევე, შესამჩნევია ჯანმრთელია თუ არა ის. 45 დღის ლეკვს ადვილად შეამჩნევთ მხედველობისა და სმენის პრობლემას. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მშიშარა.