კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რა არის მილიუმი, აკნე და როზა ცეა?
პასუხი: მილიუმს უწოდებენ თეთრ ფერისმჭამელებს. უფრო ხშირად განლაგებულია ქვედა ქუთუთოების გარშემო, ლოყებსა და საფეთქლებზე; კანის ზედაპირი წამოწეულია, არ არის მტკივნეული და ჩნდება საცხიმე ჯირკვლების სადინარების დახშობისას. უფრო მეტად გვხვდება მშრალ კანზე, ხშირად მკლავის უკანა ზედაპირზეც ლაგდება.
აუცილებელია წყლის რეჟიმის დაცვა და კანის მოვლა.
აკნე არის საყმაწვილო ფერისმჭამელები. ძირითადად გვხვდება გარდატეხის ასაკში. ესაა ცხიმიან კანზე გაფართოებული ფორები. პაპულა – წითელი ფერისაა. განთავსებულია ღრმად კანქვეშ; პაპულა პუსტულა – ლურჯ-წითელი შეფერილობისაა, ამოწეულია კანის ზედაპირზე და მომწიფებულია გასახეთქად.
პაპულა მტკივნეულია, მას ვერ გამოვრწყავთ, რადგან ის სიღრმეშია.
მიზეზები: კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედება/ ყავის, ალკოჰოლის, ცომეულის, მლაშე, ცხარე საკვების ხშირი მიღება; კანისჰიგიენის უგულებელყოფა.
როზა ცეა იგივე ვარდისფერი ფერისმჭამელებია. ესაა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ყალიბდება კანის გაფართოებული კაპილარებისგან (ანუ, თუ კაპილარები ახლოს გაქვთ კანის ზედაპირთან). ეს კაპილარები გროვდება ჯგუფობრივად, შემდეგ, ინფექციის მოხვედრის შედეგად, შეიძლება, მოხდეს კვანძების დაჩირქება, რასაც უკვე როზა ცეა ეწოდება. გვხვდება ძირითადად ქალებში, 35 წლის ზემოთ. მის გაჩენას ხელს უწყობს არასწორი ჰორმონალური ფუნქცია, არარეგულარული ციკლი, საკვერცხეების ანთებები, სისხლძარღვების კედლების სისუსტე; ასევე, მზეზე, ქარში, ყინვაში ხშირი ყოფნა, კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედება, ალკოჰოლისა და სიგარეტის ხშირი მოხმარება.
კითხვა: გამიგია, რომ შავი პურით კარგია სახის გაწმენდა. გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ მზადდება შავი პურისგან გამწმენდი ნიღაბი.
პასხუი: ნიღბის დასამზადებლად სასურგველია სამი დღის ჭვავის პური. ამოაცალეთ გული და წვრილად დაფშვენით ან სახეხზე გახეხეთ. ნიღაბი უნდა დაამზადოთ დილით, რომ საღამოს გამოიყენოთ. გახეხილ პურს დაასხით ცოტაოდენი ანადუღარი თბილი წყალი და კარგად აზილეთ, ისე რომ მიიღოთ ბლანტი, ფაფის კონსისტენციის მასა. მოათავსეთ მინის ჭურჭელში და თავდახურული შეინახეთ საღამომდე, თბილ ადგილას, წასმის წინ ჩაამატეთ: ა) თუ ცხიმიანი კანი გაქვთ – სოდა (დანის წვერით), თუ მშრალი – ამავე რაოდენობის ბორის მჟავა.
პურის გამწმენდი ნიღაბი ინახება მხოლოდ დილიდან საღამომდე, ოთახის ტემპერატურაზე.
ნიღაბი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ გაიკეთეთ პილინგი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ღამის მკვებავი.
კითხვა: როგორ მზადდება კოსმეტიკური საპონი სახლის პირობებში?
პასუხი: კოსმეტიკური საპონი, რომელსაც ახლა გთავაზობთ, იხმარება ნებისმიერ სახის კანზე:
წინასწარ მოამზადეთ ინგრედიენტები: 200 გრამი კარგი საპონი, ნახევარი ლიტრი თბილი წყალი, 50 მილიგრამი ნიშადურის სპირტი, 75 მილიგრამი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი („პერეკისი„), ნახევარი სადილის კოვზი კოსმეტიკური ზეთი (ზეითუნის, სიმინდის, სოიის...), ნახევარი სადილის კოვზი გლიცერინი (ძალიან სქელი).
დამზადების წესი: საპონი გახეხეთ პლასტმასის მსხვილ სახეხზე, ჩაყარეთ ემალის მაღალ ქვაბში, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და გააჩერეთ მინიმუმ 2-3 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ, მეორე დღემდეც გააჩეროთ). დადგით საშუალო ცეცხლზე და სულ ურიეთ (ულაქო ხის გრძელი კოვზით). დუღილს რომ დაიწყებს, თანმიმდევრობით ჩაუმატეთ: ქაფურის სპირტი (ნელ-ნელა და თან ურიეთ), ზეთი, გლიცერინი, ნიშადური და, სულ ბოლოს – წყალბადის ზეჟანგი.
ამოფუშფუშდება თუ არა, მაშინვე გადმოდგით და თქვიფეთ იმავე ხის კოვზით სრულ გაცივებამდე. ბოლოს მოათავსეთ მინის ჭურჭელში და თავდახურული შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
წასმის წინ კოსმეტიკური საპონი უნდა ათქვიფოთ შესაბამის სითხეში კანის ტიპის მიხედვით: მშრალი კანისთვის – ბალახების ნაყენში; ნორმალური კანისთვის – ბორაქსის 5-პროცენტიან ხსნარში; ცხიმიანი კანისთვის – 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგში.
საპნის ნიღაბს მშრალ კანზე იჩერებთ 10 წუთს, ნორმალურზე – 15 წუთს, ცხიმიანზე – 17-20 წუთს. მერე ჩვეულებრივად ჩამოიბანთ თბილი წყლით და წაისვამთ მკვებავს.
კითხვა: როგორი ტიპის კანისთვის რა სიხშირით არის რეკომენდებული საპნის ნიღბის გაკეთება?
პასუხი: საპნის ნიღბის გაკეთება ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია 5-6 დღეში ერთხელ, ნორმალური კანისთვის – 10-12 დღეში ერთხელ, მშრალი კანისთვის – თვეში ერთხელ.