რის გამო გაატარა ათი დღე ციხის საკანში კვენტინ ტარანტინომ და რის გამო გადაიფიქრა მან 3D ფორმატში პორნოფილმის გადაღება
ის თანამედროვეობის უდიდეს კინორეჟისორად არის მიჩნეული. მისი ფილმები მსოფლიო კინემატოგრაფიის შედევრებადაა აღიარებული. კვენტინ ტარანტინოს ხელწერა და მისი სტილი ყველასგან განსხვავებულია. ამჟამად მთელი მსოფლიო მისი ახალი ფილმის პრემიერის მოლოდინშია. ვესტერნი ის ჟანრია, რომელსაც ტარანტინომ პირველად მოჰკიდა ხელი და დეკემბერში, როდესაც კინოეკრანებზე „გათავისუფლებული ჯანგოს” ჩვენება მოეწყობა, კინომოყვარულებს საშუალება მიეცემათ შეაფასონ კვენტინის თვალით დანახული მონათმფლობელური ამერიკა. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ტარანტინოს შესახებ.
* მისი სრული სახელი და გვარია კვენტინ ჯერომ ტარანტინო. ის 1963 წლის 27 მარტს ტენესის შტატში, ქალაქ ნოქსვილში დაიბადა.
* მამა – ტონი ტარანტინო წარმოშობით იტალიელია, ხოლო დედა – კონი მაკჰიუ, ნახევრად ირლანდიელი და ნახევრად ჩეროკის ტომის ინდიელი.
* 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კინოგაქირავების პუნქტში დაიწყო მუშაობა, სადაც პირველად ეზიარა კინემატოგრაფის სიყვარულს. შემდგომში ის პორნოფილმების კინოთეატრში მუშაობდა კონტროლიორად.
* კვენტინის დედა 16 წლის იყო, როცა ის შეეძინა.
* კვენტინის დედის მეორე ქმარი მუსიკოსი კურტ ზასტუპილი გახლდათ, რომლის გვარსაც ატარებდა კვენტინი. სკოლაში სწავლისას კვენტინმა ბიოლოგიური მამის გვარი დაიბრუნა და ტარანტინო გახდა.
* დაბადებისას დედამ მას კვინტი დაარქვა – ბერტ რეინოლდსის ერთ-ერთი გმირის სახელი ამერიკული სერიალიდან. მოგვიანებით, რეჟისორმა სახელი გადაირქვა და კვენტინი გახდა.
* კვენტინ ტარანტინო ორგანიზაცია „მენსას” წევრია. ამ ორგანიზაციაში ისინი არიან გაწევრიანებულები, რომელთა IQ მსოფლიო მოსახლეობის 98 პროცენტზე მაღალია. ტარანტინო ამ ორ პროცენტში შედის. მისი IQ 160-ს აღემატება.
* კვენტინ ტარანტინო, როგორც თვითონ აღიარებს „ფუტ ფეტიშისტია”, მას განსაკუთრებული ლტოლვა აქვს ქალის ფეხებისა და ფეხის თითებისადმი.
* კვენტინ ტარანტინოს თავის ფილმებში არ უყვარს რეკლამების გამოყენება ეგრეთ წოდებული „პროდუქტ პლეისმენტი” და მის ფილმებში მთავარი გმირები, ძირითადად, მის მიერვე მოგონილ სავაჭრო ნიშნებს გამოიყენებენ. მაგალითად: სიგარეტი „რედ ეფლ” ან ბურგერი „ბიგ კაჰუნი”.
* კვენტინ ტარანტინო ხშირად თანამშრომლობს რობერტ როდრიგესთან. მუსიკისთვის ფილმში „მოკალი ბილი” მან როდრიგესს ერთი დოლარი გადაუხადა. არც როდრიგესი დარჩა ვალში და ფილმ „ცოდვების ქალაქში” ტარანტინო მოწვეული რეჟისორის ამპლუაში დაასაქმა და ჰონორარად ერთი დოლარი გადაუხადა. ამჟამად როდრიგესი „ცოდვების ქალაქის” მეორე ნაწილის გადაღებას იწყებს და ამბობს, რომ ტარანტინოს ჰონორარი ორ დოლარამდე გაეზრდება.
* ტარანტინოს წყალობით ჰოლივუდში „მეორე სიცოცხლე” დაიწყეს ერთ დროს საკულტო და ცნობილმა მსახიობებმა: ჯონ ტრავოლტამ „კრიმინალური საკითხავი”, დევიდ კერედაინმა „მოკალი ბილი”, ლოურენს ტირნმა „ცოფიანი ძაღლები”, პემ გრიერმა და რობერტ ფორსტერმა „ჯეკი ბრაუნი”, კრისტოფ ვალცმა „უსახელო ნაბიჭვრები”.
* საყვარელ რეჟისორებად, რომლებმაც მის კარიერაზე გავლენა იქონიეს ტარანტინო მარტინ სკორსეზეს, ბრაიან დე პალმას, სერჯიო ლეონეს და ჟან ლიუკ გოდარს მიიჩნევს.
* „უსახელო ნაბიჭვრების” სცენარზე კვენტინ ტარანტინო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ ფილმის გადაღება მას „მოკალი ბილის” გადაღებებამდე სურდა, თუმცა ბოლო სცენები არ ჰქონდა მოფიქრებული და ამიტომ გადაღება რამდენიმე წლით გადადო. თავდაპირველად, სცენარის მიხედვით ტარანტინო მინისერიალის გადაღებას აპირებდა, შემდგომ – ორსერიანი ფილმის, ბოლოს კი ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. „უსახელო ნაბიჭვრების” სცენარი 165 გვერდზე დაეტია, მაშინ, როცა „კრიმინალური საკითხავის” სცენარი 170 გვერდზე იყო დაწერილი.
* 1993 წელს „ცოფიანი ძაღლების” ეკრანზე გამოსვლის შემდგომ, კვენტინ ტარანტინოს შესთავაზეს მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერის, „სიჩქარის” გადაღება, სადაც მთავარ როლებს კიანუ რივზი და სანდრა ბალოკი ასრულებდნენ. ტარანტინომ არ მიიჩნია „სიჩქარის” სცენარი საინტერესოდ და უარი განაცხადა მის გადაღებაზე. 1997 წელს, მან ასევე, უარით გაისტუმრა პროდიუსერები, რომლებიც სთავაზობდნენ „ადამიანი შავებში” ფილმის გადაღებას.
* ახალგაზრდობაში კვენტინ ტარანტინომ ათი დღე გაატარა ციხეში. რეჟისორი პარკინგის ქვითრების გადაუხდელობის გამო მოათავსეს წინასწარი დაკავების საკანში, სადაც მან 10 დღე გაატარა. შემდგომ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა 7 ათასი დოლარის ოდენობით და გათავისუფლდა. თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტარანტინოს პრობლემები ჰქონდა სამართალდამცველებთან. 15 წლის ასაკში ტარანტინომ კალიფორნიაში, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიიდან ელმორ ლეონარდის კრიმინალური მოთხრობა „ტყუილი” მოიპარა. აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ, კვენტინ ტარანტინომ ლეონარდის მოთხრობის მიხედვით გადაიღო ფილმი „ჯეკი ბრაუნი”.
* თავისი პირველი ფილმის, „ცოფიანი ძაღლების” სცენარი კვენტინ ტარანტინომ სამ კვირაში დაწერა. ის მზად იყო, რომ ფილმი მინიმალური დანახარჯით, 16-მილიმეტრიანი კამერით, შავ-თეთრ ფირზე გადაეღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სცენარით ჰარვი კეიტელი, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი დაინტერესდა, ფილმის ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონი დოლარით მოიმატა.
* კვენტინ ტარანტინოს რამდენიმე ცნობილ ქალბატონთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა. ესენი არიან: მსახიობები – ჯული დრეიფუსი და მირა სორვინო, რეჟისორები – სოფია კოპოლა და ელისონ ანდერსი, კომედიური მსახიობები – კეტი გრიფინი, მარგარეტ ჩო. ვარაუდობდნენ, რომ ტარანტინოს რომანი ჰქონდა უმა ტურმანთან, თუმცა მოგვიანებით, ეს ფაქტი არ დადასტურდა.
* გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტის” ცნობით, ერთხელ კვენტინ ტარანტინომ ავტობუსი დაიქირავა, მავან ლამაზმანებთან ერთად ალკოჰოლს მიირთმევდა და ლოს-ანჯელესში სეირნობდა. ამის შემდგომ ტარანტინომ თავის აპარტამენტებში, ჰოლივუდის ბორცვზე გადაინაცვლა და იქ გრანდიოზული წვეულება გამართა.
* რეჟისორობის გარდა, კვენტინ ტარანტინოს მსახიობობაც იზიდავს. საინტერესოა, რომ კარიერის დასაწყისში ის მსახიობობაზე უფრო ოცნებობდა, ვიდრე რეჟისორობაზე. კვენტინს ნახავთ ფილმებში: „ცოფიანი ძაღლები”, „დაბინდებიდან განთიადამდე”, „დესტინი რთავს რადიოს”, „დესპერადო” და „ოთხი ოთახი”.
* კვენტინ ტარანტინოს მუზა უმა ტურმანია. რეჟისორის თქმით, მას პლატონურად უყვარს უმა და მისთვის ის ნამდვილი შთაგონების წყაროა. საგულისხმოა, რომ „მოკალი ბილის” გადაღებების დაწყებას ტარანტინო ჯერ კიდევ 2001 წელს აპირებდა, თუმცა ტურმანის ფეხმძიმობის გამო გადაღება გადაიდო.
* ცნობილია, რომ კვენტინ ტარანტინოს დიდი სურვილი აქვს, გადაიღოს ფილმი ჯეიმს ბონდზე. თუმცა, ამის გაკეთებას ის კარიერის ბოლოსკენ გეგმავს.
* კვენტინ ტარანტინოს გადაწყვეტილი ჰქონდა, გადაეღო სრულმეტრაჟიანი ფილმები თავისი კინოგმირების – ვინსენტ ვეგას („კრიმინალური საკითხავი“) და ვიკ ვეგას („ცოფიანი ძაღლები“) ცხოვრების შესახებ. მთავარ როლებზე ჯონ ტრავოლტა და მაიკლ მედსენი იყვნენ დამტკიცებულნი, თუმცა ტარანტინომ შემდგომ გადაიფიქრა ამ ფილმების გადაღება.
* ერთხანს კვენტინ ტარანტინოს პორნოგრაფიული ფილმის გადაღება უნდოდა. მთავარ როლებზე ჰოლივუდის ვარსკვლავების მიწვევას გეგმავდა და წინასწარი სცენარიც ჰქონდა დაწერილი. ფილმი 3D ფორმატში უნდა გადაღებულიყო, თუმცა ტარანტინომ მისი გადაღებაც გადაიფიქრა.
* ყველაზე ხშირად თავის ფილმებში კვენტინ ტარანტინო სამუელ ჯექსონს და ტიმ როტს იღებს. მისი ბოლო ფავორიტი მსახიობებიდან კი აღნიშვნის ღირსია კრისტოფ ვალცი „უსახელო ნაბიჭვრებიდან” და „გათავისუფლებული ჯანგოდან”.