კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში ემსგავსება ქრისტიანი ფარისეველს


მეზვერე – ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას! (ლუკ. 18,13). ამ სიტყვებში ცხადად ჩანს, როგორი სიმდაბლითა და შემუსვრილი გულით ლოცულობს მეზვერე. ფარისევლის მსგავსად, მარხვას, ალბათ, ისიც ინახავდა და ათეულსაც სწირავდა ღმერთს თავისი მონაგებისაგან, რადგან ისიც ურია იყო, ხოლო ურიები სჯულის ასეთ მცნებებს მტკიცედ ასრულებდნენ. მაგრამ თავს არ იტყუებდა და თავისი უღირსება და ცოდვილობა კარგად იცოდა. ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. როგორც ვხედავთ, იგი არ მრავალსიტყვაობს, სამაგიეროდ, სიტყვების ნაცვლად მისი გულის ფეთქვა და ოხვრა ისმის, ხოლო ღმერთს ჩვენი სიტყვები არ სჭირდება, რადგან იგი სწორედ გულს ხედავს. მეზვერე, რომელიც ჭეშმარიტად ლოცულობდა, წინ წარდგომას ვერ ბედავდა, შორს იდგა და ისე იყო შეწუხებული საკუთარი ცოდვების გამო, რომ თავი ლამის სძულდა. თვალების მაღლა აწევას და ირგვლივ მიმოხედვასაც ვერ ბედავდა, მხოლოდ მკერდში იცემდა და ფარისევლის მრავალსიტყვაობის საპირისპიროდ მხოლოდ ამას ამბობდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა. მეზვერემ იგრძნო, რომ ტაძარში, ღმერთის წინაშე ყოველგვარი თავის მართლება მხოლოდ მზაკვრობა და სიცრუე იქნებოდა, ამიტომ მხოლოდ წუხს და პატიებას თხოვს. ყოველმა ქრისტიანმა მეზვერის სიტყვები გულის სიღრმიდან უნდა წარმოთქვას, საკუთარი ცოდვებით გულწრფელად შეწუხებულმა. საკუთარი თავის უკმაყოფილება კარგი ნიშანია. ეს შინაგანი უკმაყოფილება სდევნის ადამიანს, აფხიზლებს და აიძულებს, რომ თავი დააღწიოს ცოდვასა და ღმრთის მცნებები აღასრულოს. ეს უკმაყოფილება არის წყარო ყოველი წარმატებისა, როგორც სულიერის, ასევე, ხორციელისა. მაცხოვარმა ფარისევლისა და მეზვერის ლოცვის აღწერა ასე დაამთავრა: გარდამოვიდა ესე (მეზვერე) განმართლებული სახედ თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი (ლუკ. 18,14). ესე იგი, როცა ვლოცულობთ, ჩვენს ლოცვას სულიწმიდა ისმენს და განჩინებას მაშინვე შეადგენს: ან განგვამართლებს ან გაგვამტყუნებს, ან განგვწმენდს, ან დაგვსჯის ჩვენი ლოცვისთვის. მეზვერე გამართლებული იმიტომ გამოვიდა, რომ თავი თვითონვე გაიმტყუნა. მან კარგად გაიხსენა ყოველი ცუდი საქმე, მის მიერ ჩადენილი, გულით შეწუხდა და შენდობა ღმრთისგან სიმდაბლით ითხოვა. მაგრამ მხოლოდ ამით ვერ განმართლდებოდა, სულიწმიდას რომ არ დაენახა, რომ მან ცოდვა მოიძულა და მისგან განშორება მტკიცედ გადაწყვიტა; მეზვერენი მთავრობისაგან დადგენილი ხარკის შემკრებლები იყვნენ. თავიანთი ანგარებით და უსამართლობით ხალხს ხშირად აწუხებდნენ და ამიტომ ისინი ყველას სძულდა. ასე რომ, მეზვერე და ცოდვილი ერთი მნიშვნელობის გამოთქმად იქცნენ.

ფარისეველი – ჩვენ ტაძარში სალოცავად დავდივართ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელი ლოცვა განგვამართლებს და რომელი – არა. ტაძარში შესულმა ფარისეველმა ღმერთს ასე მიმართა: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარცა სხვანი კაცნი მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ეს მეზუერე; ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა; ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ამ ლოცვის შედეგად ფარისეველმა არათუ ცოდვათა მიტევება ვერ მიიღო, არამედ ცოდვა კიდევ უფრო დაამძიმა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ პირველი თვისება ფარისევლობისა ამპარტავნება და გულდიდობაა. მართლაც, რა ქედმაღალი უნდა იყოს კაცი, რომ ტაძარში შესულს ლოცვის დროსაც არ ჰქონდეს თავმდაბლობა და იქაც პატივი და წინდგომა ახსოვდეს. ლოცვაში კაცი ღმრთის წინაშე თავის უღირსებას უნდა აღიარებდეს. გულში კიდევაც რომ იცოდეს, რომ მან შეძლებისდაგვარად დაიცვა ღმრთის მცნებანი და რომელიმე დიდ ცოდვაში არ ჩავარდა, ამას ღმრთის მადლს უნდა მიაწერდეს, ნაცვლად თავის ქებისა. მას უნდა ჰმადლობდეს და შემწეობას მისგან მომავლისთვისაც უნდა ითხოვდეს. გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ, ჩვენც ხშირად ვემსგავსებით უგუნურსა და ამპარტავან ფარისეველს, როცა თავს ვიმართლებთ იმით, რომ ქურდები, კაცის მკვლელნი და მრუშები მაინც არა ვართ და ვამბობთ, მადლობა ღმერთს, ჩვენზე უარესებიც არიანო, ანუ იმასვე ვიმეორებთ, რაც ფარისეველმა თქვა: არა ვარ მე ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. უგუნურებაა, თავი დიდად მიგვაჩნდეს იმის გამო, რომ ჩვენზე უარესნიც არსებობენ. თუ შენი სულიერი მდგომარეობის შეტყობა გსურს, თავი არა შენზე უარესს, არამედ უკეთესს უნდა შეადარო. თუ ძალიან ცუდ ადამიანებს არ ჰგავხარ, არ ნიშნავს, რომ წმიდანთა მსგავსი ხარ. საკმარისი არაა, ცოდვებს არ სჩადიოდე, მადლი უნდა ქნა და სათნოება შეიძინო.

არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე. ამ სიტყვებში ჩანს მეორე თვისება ფარისევლობისა: შეურაცხყოფა, ანუ დაკნინება მოყვასისა. ფარისეველს თავი სხვაზე ბევრად კარგი ჰგონია. როცა ჩვენ სხვათა საქმეებს ვრცლად განვიკითხავთ, მათ შეცდომებს მჭევრმეტყველურად აღვწერთ და მათ საქმეებსა და თვისებებს დავცინით, ფარისევლებს ვემსგავსებით, რადგან ამით თითქოს იმას ვამტკიცებთ, რომ ჩვენ მათზე უკეთესნი ვართ. ასეთ ქედმაღლურ სიტყვებს ღმრთისმოყვარე და მოშიში კაცი არათუ იტყვის, ვერც კი მოიფიქრებს. მას მცირე ცოდვაც კი შეაშინებს, გულს შეუმუსრავს და ღმრთისაგან განმართლებას სასოებით დაელოდება. ფარისეველს კი იმის გამო, რომ უსაშინლესი ცოდვანი არ ჩაუდენია, თავისი თავი წმინდად მიაჩნია. ის, რითაც მას თავი მოაქვს, კერძოდ, მარხვა და მსხვერპლის შეწირვა, სათნოებასთან მიმყვანი გზაა და არა თვით სათნოება. თუ მარხვამ და მსხვერპლის შეწირვამ ადამიანი შინაგანად არ გააუმჯობესა, იგი ემსგავსება კაცს, რომელიც გზაზე დგას, მაგრამ წინ არ მიდის.

გარდა ამისა, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ თურმე მარხვა და მსხვერპლშეწირვა არა სინანულიდან და ღმრთისმოყვარებისგან მომდინარეობს, არამედ, ამპარტავნებისაგან. თურმე შეიძლება, რომ მარხვაცა და მსხვერპლის შეწირვაც არა მადლსა და ღმრთისმსახურებას მოასწავებდეს, არამედ ცოდვასა და ღმრთის წინააღმდეგობას. რაი არს და რას ნიშნავს ჭეშმარიტი მარხვა და მსხვერპლშეწირვა? მეტი არაფერი. მხოლოდ გლოვა, სინანული, ტირილი საკუთარი ცოდვების გამო და ვედრება ღმერთისადმი მათი შენდობისათვის. ფარისევლის მარხვა კი ორგულობისა და ამპარტავნების ნაყოფია. მას მარხვა თავის მოწონებისათვის, პატივის მიღებისათვის დაუცავს. ესე იგი, თუ ფარისეველი რამეს აკეთებს, მხოლოდ გარეგნულად და სხვათა სავენებლად. ფარისევლობა ერთი უმძიმესი ცოდვათაგანია, მით უმეტეს, რომ ძნელად მოიპოვება ქვეყანაზე კაცი, რომელიც რაღაც სახით ამ ცოდვას არ იზიარებდეს.



წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი


скачать dle 11.3