სტერეოტიპები – კონფლიქტის წყარო...
სტერეოტიპები და წვრილმანები ხშირად ხდება წყვილების კონფლიქტის მიზეზი. მაგალითად, ოჯახური საქმეების დაყოფა სქესის მიხედვით დრომოჭმული და მავნე სტერეოტიპია. ეს ქალის საქმეა, ის კი – კაცისო, ამის თქმა ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვე სირცხვილია. სისუფთავე და წესრიგი ხომ ქალს და კაცს ერთნაირად სჭირდებათ. ასევე, ერთნაირად შივდებათ და დაღლითაც, პრინციპში, ერთნაირად იღლებიან (გულახდილები რომ ვიყოთ, კაცი უფრო ნაკლებად უნდა იღლებოდეს იმ ლოგიკით, რომ ფიზიკურად ის უფრო ძლიერია, მაგრამ, რეალობა სხვაა). თუ ქალი გაცილებით ძლიერი, დამოუკიდებელი, მიზანდასახული და პრინციპული გახდა, ამაში მას ბრალს ნუ დავდებთ, დამნაშავენი სწორედაც რომ მამაკაცები არიან. მათი სტერეოტიპებისადმი „სიმპათიები“ (იმიტომ, რომ ასე აწყობთ) ქალს აიძულებს, გახდეს ისეთი, როგორიც დღეს არის. სამწუხაროდ, მამაკაცებს ავიწყდებათ, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა ოჯახშიც საჭიროა, თანაც, ეს ჰარმონიული თანაცხოვრების ლამის მთავარი პირობაა. რატომ არ უნდა შეეძლოს მამაკაცს, გარეცხოს ბოსტნეული ან დაჭრას ხორცი? გარეცხოს ჭურჭელი და დაალაგოს (უკიდურეს შემთხვევაში, არ მიყარ-მოყაროს მაინც) თავისი ნივთები?! მხოლოდ იმიტომ, რომ არ უნდა?! – ეს ხომ უსამართლობაა იმ ქალის მიმართ, რომელიც ამ ყველაფერს მის ნაცვლად აკეთებს. მერე კიდევ იმის პრეტენზიაც უჩნდებათ, რომ ოჯახის უფროსები იყვნენ. მაგალითად, ჩინეთში ასე ამბობენ, ოჯახში დიდი საქმე კაცს „უჯერებს“, პატარა – ქალს... ხოლო იმას, თუ რომელი საქმეა დიდი და რომელი – პატარა, ქალი წყვეტსო! ჩინელები ბრძენი და ტრადიციების მოყვარული ხალხია, დაუჯერეთ მათ...
ზაფხულის დედოფალი
ქალი, რომელიც ორგანულად ერწყმის ბუნებას, „ესაუბრება“ მას და ესმის მისი ენა, არაჩვეულებრივად მომხიბვლელი და მიმზიდველია. მთავარია, თავად ქალმა იგრძნოს თავისი სიახლოვე ბუნებასთან და მოერგოს წელიწადის ოთხივე დროს.
ასეთი ქალი ნებისმიერ მამაკაცს ახვევს თავბრუს და გულგრილს არ ტოვებს. შეხედეთ პეპელას, როგორი ჭრელი და ფერადოვანია მისი ფრთები, როგორ ლაღად და მსუბუქად ფრენს ერთი ყვავილიდან მეორეზე... რა თქმა უნდა, ჭრელ პეპელას ძალიან არ უნდა დაემსგავსოთ და, მით უმეტეს, მამაკაციდან მამაკაცზე არ უნდა იფრინოთ, მაგრამ, მსუბუქი ფლირტი არაფერს გააფუჭებს.
გულწრფელად უნდა გიხაროდეთ ცხელი დღეები... უნდა შეიყვაროთ ზაფხული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწუწუნოთ, თუკი გინდათ, რომ ზაფხულის დედოფლად იქცეთ. თუ მოინდომებთ, აუცილებლად შეძლებთ იმას, რომ წელიწადის ეს დრო თქვენს ნებას დაუმორჩილოთ. მოიშველიეთ წარმოსახვა და ფანტაზია:
1. თქვენ – კრიალა ლურჯი ცის ფონზე!
2. ხასხასა, მწვანე მინდორი... თქვენ კი – ფეხშიშველი და ბედნიერი!
3. ბევრი ლამაზი, ფერადი ყვავილი...
4. და, რაც ყველაზე მთავარია, მსუბუქი, ლამაზი სამოსი და თავისუფლება (გნებავთ, ამ თავისუფლებაში შვებულება იგულისხმეთ).
P. S. ზაფხულში დაისვენებთ – ამას მთელი წლის განმავლობაში ელოდებოდით! ანუ, ეს თქვენი დროა და ამ დღეების დედოფლად თავად უნდა იქცეთ. რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია – იხელმძღვანელეთ ამ პრინციპით!
ეს შენი შანსია!
კრიზისი ყველა თანამედროვე ადამიანს აქვს. შეიძლება, ის ქვის ხანის ადამიანებსაც აწუხებდათ, მაგრამ, ფსიქოლოგებისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი. კრიზისი ხშირად თან ახლავს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს, ურთიერთობების გამწვავებას, გაურკვევლობის განცდას... ადამიანების უმრავლესობას კრიზისი აფრთხობს და აშინებს. რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. შიში ჩნდება როგორც აწმყოს, ასევე, მომავლის მიმართ.
სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ კრიზისი კარგი ბიძგია წინსვლისა და განვითარებისთვის. მართალია, საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაა, მაგრამ, ზოგჯერ ასეთი პერიოდები სასარგებლოა. კრიზისი რომ არა, ადამიანები მუდმივად ერთხელ გაწერილი „პროგრამის“ მიხედვით იცხოვრებდნენ. კრიზისი, ასევე, არის ძლიერი ემოციების წყარო: ხან ნეგატიურის, ხან – პოზიტიურის. ყოველ შემთხვევაში, წინსვლაში ნამდვილად შეგიწყობთ ხელს.
რა არის მთავარი?! – ის, რომ კრიზისიდან დანაკარგების გარეშე გამოხვიდეთ, ანუ, არ დაამსხვრიოთ ის, რისი გამთელებაც მერე შეუძლებელი იქნება და ის, რაც დიდი წვალების შედეგად ააშენეთ. თავად მიხვდებით, იგრძნობთ, რა არის მთავარი და რა – მეორეხარისხოვანი. ნუ შეეცდებით იმის გამოსწორებას, რაც ისე უნდა მიიღოთ, როგორც არის. არ იყოთ საკუთარი თავით უკმაყოფილო ყოველთვის და ყველაფერში, დანარჩენი კი თავისით მოგვარდება. კრიზისი თქვენი შანსია უკეთესი მომავლისთვის, მაშ, გამოიყენეთ ის!..
მოუსმინე შენს „მეს“
გრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ არის, ცხოვრება იმ კალაპოტში არ მიედინება, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდი, მაგრამ არ იცი, რა გააკეთო, რა შეცვალო...
დაიწყეთ იმით, რომ დაფიქრდით: – რისი გამოსწორება გინდათ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის. თქვენ უკვე შეჩვეული ხართ თქვენი ცხოვრების არსებულ რიტმს, მოგწონთ ის თუ არა. რთულია, გაარკვიო, რა არ გაკმაყოფილებს მასში კონკრეტულად. ერთეულები ახერხებენ საკუთარ ცხოვრებას „გვერდიდან“, უცხო თვალით შეხედონ – მაშინ ნამდვილად ხედავ რეალურ სურათს. ზოგჯერ, ოღონდ, ამას მერე ხვდებიან ადამიანები, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში ყოფილა: ჰქონიათ კარგი სამსახური, ჰყოლიათ შესანიშნავი ოჯახი და საყვარელი ადამიანიც კი...
იმის გასაგებად, თუ რა არ გაკმაყოფილებთ და მოგწონთ საკუთარ ცხოვრებაში, ერთი მეთოდი დაგეხმარებათ: აიღეთ დიქტოფონი და მოყევით თქვენი ყოველდღიურობის შესახებ, ისე, ვითომ სხვა ადამიანზე ყვებით (ან დაწერეთ და წაიკითხეთ ხმამაღლა, თუ დიქტოფონი არ გაქვთ). შეიძლება, ეს ერთი შეხედვით სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, მაგრამ, როცა ადამიანებს პრობლემები უგროვდებათ, ქვეცნობიერში მათზე თვალის დახუჭვის სურვილი ჩნდება, ამ მეთოდით კი მათ შესახებ მოისმენთ, ანუ, მოუსმენთ საკუთარ „მეს“...