კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩალეწა კოტე მარჯანიშვილმა ფეხით დეკორაცია და რატომ მიატოვა ვახტანგ ტაბლიაშვილმა „ქეთო და კოტეს“ გადაღებები

„... ჭიანი იყო მიქელანჯელოს სხეული – წყალს არ იკარებდა, არ ბანაობდა, ლოგინში გაუხდელად წვებოდა, მაგრამ, ხელოვნების ზეადამიანური შედევრები შექმნა. ეს არის ჭეშმარიტი განსხეულება უკვდავი სულისა“... – იტალიელი ფილოსოფოსის, ჯიროლამო კარდანოს ეს ციტატა მოჰყავს თავის დღიურებში ვახტანგ ტაბლიაშვილს. მე კი ვიტყოდი, რომ ჩვენს ეპოქაში, 40-იანი წლების შემდგომ წლებში, მაშინ, როცა ქვეყანა ომმა შთანთქა და მიწასთან გაასწორა, როცა საბჭოთა წეს-ჩვეულებებს, გაუგებარ აზროვნებასა და ახირებებს მილიონობით ადამიანი ეწირებოდა, სწორედ იმ პირობებში, იმ რეალობაში იძერწებოდა ყველა ძალიან მაგარი წიგნი, ფერწერული ტილო, მუსიკა, სპექტაკლი თუ ფილმი. ქართულ სინამდვილეში, სწორედაც რომ, შედევრი შექმნა ვახტანგ ტაბლიაშვილმა. მან ერთსახოვანი კინოკამერით, მწირი ბიუჯეტითა და საკუთარი თავის რწმენით გადაიღო მასშტაბური ფილმი „ქეთო და კოტე“. ამ მუსიკალური კომედიის შემდეგ მის შემოქმედებაში ისტორიული ჟანრი იკავებს ადგილს – განუმეორებელი „დიდოსტატის მარჯვენა“...“ – ეს რეჟისორის დღიურია, წაიკითხეთ და დატკბით.
„... 1927 წელს თბილისში გადმოვსახლდით. ძალიან მომეწონა რუსთაველის გამზირი. რუსთაველის თეატრს რომ შევხედე, გამიხარდა, მეგონა, მარჯანიშვილი გამოვიდოდა, ახლოდან ვნახავდი. დიდხანს ვიცადე და არ გამოვიდა. მერე აფიშაზე დავიწყე მისი გვარის ძებნა და ვერ ვნახე, ყველგან ახმეტელი იყო გამოცხადებული. გვიან გავიგე, რომ ახმეტელი მარჯანიშვილის აღზრდილი რეჟისორი ყოფილა. ისიც გავიგე, რომ მარჯანიშვილისა და ახმეტელის კონფლიქტს მსახიობთა კოლექტივი ორად გაუყვია. თეატრიდან გამოთავისუფლებული და განაწყენებული მარჯანიშვილი ქუთაისში წასულა და თან წაჰყოლია მსახიობთა დიდი ნაწილი. იმ დღიდან მარჯანიშვილი და ახმეტელი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ... 1931 წელს საშუალო სკოლა დავამთავრე. საჭირო იყო ჩემი მომავლის დადგენა. არჩევანი არ მქონია, გზა ერთი იყო – თეატრი. არც თეატრებში მქონია არჩევანი – მარჯანიშვილი ჩემს იდეალად იქცა. მარჯანიშვილთან მისვლა ვერ გავბედე და წერილი მივწერე – რეჟისორი მინდა გამოვიდე და ეს დიდი ხელოვნება მასწავლეთ-მეთქი. თეატრის კანცელარიიდან ბარათი მივიღე – ამა და ამ რიცხვში მარჯანიშვილთან გამოცხადდითო. მივედი, ძალიან ვღელავდი, მაგრამ მარჯანიშვილის საუბრის უბრალო ტონმა გამამხნევა. რეჟისორის თანაშემწედ მიმიღო – დაბალი საფეხურიდან დავიწყოთო. არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი დღე უცნობ სამყაროში. მე უკვე რეჟისორის თანაშემწე ვარ. სცენაზე მიმდინარეობს მიკიტენკოს „აანთეთ ვარსკვლავი“ რეპეტიცია. მარჯანიშვილი დაჭრილი ვეფხვივით ბორგავს პარტერში. ვაი მისი ბრალი, ვისი მიზეზითაც მუშაობა შეფერხდება. ვიღაც თბილისელი ქალი სპეციალურად მარჯანიშვილისთვის ამზადებდა ცერის სისქე პაპიროსებს. ამ პაპიროსებს ეწევა იგი განუწყვეტლივ და განუწყვეტლივ გრგვინავს – ელენა! – იყვირა აღშფოთებულმა მარჯანიშვილმა. მას არ მოეწონა სცენაზე დადგმული სარკმელი. ელენე ახვლედიანი – სპექტაკლის მხატვარი, კულისებში იდგა, შეეშინდა და გაირინდა. მარჯანიშვილი სცენაზე ამოვარდა და წიხლით ჩალეწა დეკორაცია... პირველმა დღემ შემაშინა, შემაშინა თვითონ მარჯანიშვილმა. მასთან მუშაობა ნიშნავდა მარტენის გავარვარებულ ღუმელთან დგომას. რეპეტიცია გვიან დამთავრდა. ფიზიკურად და სულიერად დაღლილი, ფეხით წავედი სახლში და მტკიცედ გადავწყვიტე, უკან აღარ დავბრუნებულიყავი, მაგრამ, მეორე დღეს შიში გაქრა. დილის რეპეტიციაზე მარჯანიშვილი იღიმებოდა, თვალები უბრწყინავდა... ქუთაისში და შემდეგ თბილისში, მარჯანიშვილი დადგმებს თავის გვარს არ აწერდა, აფიშებზე და პროგრამებში დამდგმელ რეჟისორებად სხვები ცხადდებოდნენ... 1935 წელს, მამაჩემის რჩევით, მოსკოვში წავედი ცოდნის მისაღებად. პირველ შთაბეჭდილებებზე ვერაფერს ვიტყვი, არაფრის აღქმის უნარი არ მქონდა, რადგან ზომაზე მეტად ვღელავდი. თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდებზე რომ ჩავჭრილიყავი, ჩემი მომავალი ბურუსში გაეხვეოდა...
„სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – თითქოს არაფერი გვაბრკოლებდა, კეთდებოდა ყველაფერი, რაც კი საქმისთვის იყო საჭირო... ჩემმა შიშმა ერთხელ უკიდურესობამდე მიმიყვანა. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს მსახიობ ირაკლი ქოქრაშვილს გავანდე, სპექტაკლი არ გამოდის-მეთქი. დავტოვე დარბაზი და სასოწარკვეთილი წავედი სახლში. შალვა ღამბაშიძე შეშფოთებულა, ახალგაზრდა მსახიობებისთვის სცენიდან უყვირია, სასწრაფოდ წადით ვერის ხიდისკენ, მტკვარში არ გადავარდესო... სპექტაკლზე მუშაობა თითქმის ერთ წელიწადს გაგრძელდა... პრემიერა 1940 წლის 8 ნოემბერს შედგა. ეს იყო ჩემი მეორე დაბადების დღე. ჩემი პირველი სპექტაკლის წარმატებას თბილისის ინტელიგენცია გულთბილად შეხვდა. დამდგმელ კოლექტივს  ოჯახებში გვეპატიჟებოდნენ. ვერიკო ანჯაფარიძესთან და მიხეილ ჭიაურელთანაც გახლდით. თემა ყველგან ერთი იყო, ჭიაურელთან კი უმთავრესად კინოზე ვლაპარაკობდით – შენ შეგიძლია სურათის დადგმა. თუ მოისურვებ, მოდი ჩვენთან და მხარში ამოგიდგები... 1945  წელს კინოსტუდიამ შემომთავაზა მხატვრული ფილმის „ნიკოლოზ ბარათაშვილის“ გადაღება. ფილმი მეტად მიმზიდველ ფერებში მესახებოდა. დავიწყეთ მსახიობთა შერჩევა და ფილმი წარმოებიდან ამოიღეს. ეს იყო კატასტროფა, სახლში ჩავიკეტე, არც სტუდიას ვეკარებოდი და არც თეატრს. ერთი თვის შემდეგ სტუდიის დირექტორმა დამიბარა. კაბინეტის კარი შევაღე თუ არა, ვლადიმერ მაჭავარიანმა ღიმილით მახარა. მალე დაიწყებ მუშაობასო. ბარათაშვილი? „ქეთო და კოტე“! ოპერის ეკრანიზებას გვთხოვენ. ცოტა ხანს ვდუმდი. მადლობელი ვარ ნდობისთვის, მაგრამ, იმედს ვერ გაგიმართლებთ. „ქეთო და კოტე“ ჩემი საქმე არ არის, – გამოვეთხოვე დირექტორს და გასვლა დავაპირე. – მოიცა, ნუ ნერვიულობ და ნუ ჩქარობ, მოდი, რა გაჩვენოო. მივედი, მაჭავარიანმა მაგიდის უჯრა გამოსწია და დიდფორმატიან ქაღალდზე მიმითითა – წაიკითხე! ეს იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დამტკიცებული ფილმების სია, რომლებზეც რესპუბლიკების სტუდიებს უახლოეს ხანში უნდა დაეწყოთ მუშაობა. მეშვიდე თუ მერვე ადგილზე იყო „ქეთო და კოტე“ ხელს აწერდა ი. სტალინი. ფილმი უნდა გადავიღო, ეს გარდაუვალია. დავინახე! მოქმედების დრომ ცხრაასიანი წლებიდან ბარათაშვილის დროში გადაინაცვლა... მეორე დღეს სახლში რა გამაჩერებდა. თეატრში წავედი და ამოვთქვი სიხარული, ქეთოს როლი მედეა ჯაფარიძეს შევთავაზე. ახლა სცენარის დაწერა იყო საჭირო. ძველი თბილისი გრიშაშვილზე უკეთ ვინ იცოდა, მაგრამ, არ მივმართე – „მეჯღანუაშვილის“ გასცენიურებაზე უარი მითხრა და, აქაც რომ უარი ეთქვა, მეწყინებოდა. „მეჯღანუაშვილი“ მე გავასცენიურე, „ქეთო და კოტეს“ ავტორობა კი ვერ გავბედე. მამაჩემმა მირჩია სიკო ფაშალიშვილი – რევოლუციამდე საქართველოში მაგას ისეთივე წარმატება ჰქონდა, როგორც გრიშაშვილსო. მან ჩემი წინადადება სიამოვნებით მიიღო. სცენარის დასაწერად საგურამოში მიგვავლინეს, ილიას სამსართულიანი შენობა მაშინ მწერალთა დასასვენებელ სახლს წარმოადგენდა. ძნელი დასადგენია, სად იწყება სპექტაკლისა თუ ფილმის ბედი, მაგრამ, როლების არასწორი განაწილებით რომ ერთიც და მეორეც განწირულია, ეს უდავოა. რეჟისორული გააზრება ვერას გიშველის, თუ მსახიობი ზუსტად არ მოერგო როლს. ასეთ შემთხვევაში, ჯობს, უარი ვთქვათ დადგმაზე. ეს საშიშროება ჩემთვის არ არსებობდა, იმიტომ, რომ არსებობდა მარჯანიშვილის თეატრი. მსახიობები ისე მოერგნენ როლებს, თითქოს მათთვის ყოფილიყვნენ დაბადებულნი. ერთადერთი ლევანი დამრჩა საჭოჭმანო. საცდელ გადაღებებში მონაწილეობა მიიღეს ლადო კავსაძემ, სანდრო ინაშვილმა, სპარტაკ ბაღაშვილმა და ბათუ კრავეიშვილმა. გადაღების შემდეგ კრავეიშვილმა მითხრა: მოხარული ვიქნები, თუ ლევანს შევასრულებ, მაგრამ, უფრო მოხარული ვიქნები, თუ კოტეს მანდობო. კოტე ტენორია – ვუთხარი. იყოს ბარიტონი. აზრი მომეწონა. ბაღაშვილმა მონდომებით იმუშავა, იმღერა კიდეც, მაგრამ, სითამამე აკლდა. შემთხვევით უკან გავიხედე და თვალს არ დავუჯერე – შორიახლო პეტრე ამირანაშვილი იდგა ლევანის ჩაცმულობით და გრიმით. უხერხულად ვიგრძენი თავი, მეორე რეჟისორი ნატაშა ჟუჟუნაძე ვიხმე. მან შეკითხვა არ მაცალა. მაპატიეთ, ჩემი ბრალია, სხვანაირად არ შემეძლო, მთხოვა, მეც გადამიღეთ, ვივარგებ – კარგი, არ ვივარგებ და კარგად იყავითო. სპარტაკის წასვლის შემდეგ ამირანაშვილს მივესალმე, ბოდიში მოვუხადე – არ ვიცი, როგორ გამომრჩით-მეთქი... პეტრე ჩემს საუბარს ისმენდა სპარტაკთან მუშაობის დროს და ეპიზოდი ჩემი მინიშნებით შესანიშნავად გაითამაშა. სიკოს და ნიკოს კუპლეტების ჩაწერა დაინიშნა, მოვიწვიეთ ოპერის მომღერლები. ვასო გოძიაშვილსა და ჟორა შავგულიძეს ვთხოვე, ამ პროცესს დაესწარით, იქნებ თქვენი დახმარება დამჭირდეს-მეთქი. ოპერის მომღერლებმა კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვეს. სწორად მღეროდნენ, მაგრამ, შესრულება ერთფეროვანი იყო. ვასო გოძიაშვილმა ცალკეული ფრაზები წაიმღერა, ჟორამაც სცადა სწორი ინტონაციების მიწოდება, მაგრამ უშედეგო იყო ყოველივე. სამუშაო დრო იწურებოდა, აღარ ვიცოდი, რა მეთქვა და მექნა. დირიჟორმა შალვა აზმაიფარაშვილმა მიმართა ვასოს და ჟორას: ბიჭებო, იმღერეთ ორკესტრთან ერთად! წინადადება მოულოდნელი იყო. განსაკუთრებული ხალისით აჟღერდა ორკესტრი და შესანიშნავად ამღერდნენ ნამდვილი სიკო და ნიკო. მუსიკა უცებ ჩაიწერა, ოპერის მომღერლები განაწყენდნენ. მეორე დღეს მაჭავარიანმა გამომიძახა: ოპერას ვიღებთ და ოპერის მომღერლებს ახლო არ ვიკარებთ. არ გადავიღოთ და აღარც ვიმღეროთ? კიდეც ვამღერებთ და კიდეც გადავიღებთ. გუშინდელი საქციელით ამტკიცებთ ამას? გუშინ გოძიაშვილი და შავგულიძე ოპერის რეჟისორმა ამჯობინა თავის მომღერლებს. მთელ ვოკალურ მასალას ოპერის მსახიობთა შესრულებით ვწერთ, მათვე ვთავაზობთ მთავარ როლებს, ამირანაშვილი ლევანს ასრულებს და კრავეიშვილი – კოტეს. მაჭავარიანმა ვეღარაფერი თქვა... კინოს სპეციფიკას არ შევუშინებივარ. რასაც შინაგანად ვხედავდი, იმას ვიღებდი. ჩვენი მუშაობის ხალისი სტუდიის თავკაცების სკეფსისმა დაჩრდილა, ჩემი რეჟისორული სიახლენი მათ გულისწყრომას იწვევდა. მაჭავარიანმა მითხრა: მიხეილ ჭიაურელი ორი მომღერლის მონაწილეობას საკმარისად არ თვლის, ქეთოს როლზე მერი ნაკაშიძის გასინჯვას მოითხოვსო. საცდელი გადაღება ჭიაურელმა აწარმოა. ვნახეთ ეკრანზე. ქეთოს როლში მედეა ჯაფარიძეს ვხედავ მხოლოდ. კეთილი, ასე იყოს, – მიპასუხა ჭიაურელმა და დარბაზიდან სწრაფად გავიდა.. რეჟისორთა შემოტევამ მწვავე ხასიათი მიიღო. მუშაობა გაძნელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ მაჭავარიანს ვუთხარი – ან თქვენი რეჟისორები გააჩერეთ, ან ჩემი მუშაობა-მეთქი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი, გაგრაში ისვენებდა. გადაწყდა ჩემი წასვლა. გამხმარი პური და ცოტაოდენი ერბო ჩავიდე ჩანთაში და მაჭავარიანის წერილით იმავე საღამოს გავემგზავრე. ჭიაურელს გაუგია ეს ამბავი და მაჭავარიანს წასჩხუბებია – ახლავე დააბრუნეთ ტაბლიაშვილი, ჩარკვიანი თქვენ ერასტი ხაჩიძე ხომ არ გგონიათო... (სტუდიის დირექტორის მოადგილე – ავტორი). გაგრაში დილას ჩავედი... 12 საათზე კანდიდ ჩარკვიანის სამუშაო ოთახში გახლდით. მაჭავარიანის წერილიდან გავიგე თქვენი გასაჭირი, მაგრამ, პირადად თქვენგან მსურს გავიგო სტუდიის რეჟისორებთან კონფლიქტის არსი. შემომთავაზეს ოპერა „ქეთო და კოტეს“ ეკრანიზება. მე გთავაზობთ მუსიკალურ ფილმს. მჯერა, რომ კარგ ფილმს გავაკეთებ, მაგრამ, სტუდიის რეჟისურა წინააღმდეგობას მიწევს-მეთქი. რას მოითხოვენ? ოპერის ეკრანიზებას ყოველგვარი სიახლის გარეშე. მათ სურთ თავადი ლევანი და მისი წრე მეტისმეტად ღატაკნი იყვნენ, კატეგორიულად მოითხოვენ ყარაჩოხელთა ეპიზოდის გაუქმებას, მიაჩნიათ, რომ ეს არის ბანალური გემოვნების ნაყოფი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ლამაზი სცენა. სცენარი წამოიღეთ? წამოვიღე. წავიკითხოთ. სცენარი ხალისით წავიკითხე, იმედით გავხედე, ღიმილით მიყურებდა. სცენარი მომეწონა, მომწონს თქვენი ჩანაფიქრი. ფილმს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათო... საუკეთესო ხარისხით შენდებოდა დეკორაცია, ავეჯი და ნივთები გამოგვქონდა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, სასახლეებიდან, მუზეუმებიდან, ოჯახებიდან, მსახიობებს სჯეროდათ ჩემი და მეც მჯეროდა მათი... გადაღებების დასრულების წინა დღეებში გამაოცა ნატო ვაჩნაძის მომართვამ: მეც მინდა მონაწილე ვიყო თქვენი ფილმისაო. თქვენ ქართული კინოს დიდება ხართ. თქვენ ან პირველი როლი უნდა შეასრულოთ ან არაფერი-მეთქი. მოეშვით... საფინალო ცეკვებში მივიღებ მონაწილეობასო. მეგონა, იხუმრა, მაგრამ,  არა, ქალბატონმა ნატომ სიტყვა საქმედ აქცია... მადლობელი ვარ მიხეილ ჭიაურელის, მან გამიღო კინოს კარი... გამარჯვების რწმენა მქონდა, ამის გარეშე არაფერი კეთდება. მე დაჯერებით ვძერწავდი სიცოცხლის სილამაზეს, მაგრამ, შიშიც მწიწკნიდა, ვნერვიულობდი, ძილი დავკარგე. ამიტომ უნდა მაპატიოს ის უნებლიე უტაქტობანი, რაც მუშაობაში აქა-იქ იჩენდა ხოლმე თავს. პიონერთა სასახლის ეზოში, ქეთოსა და მისი მეგობრების ეპიზოდის გადაღებისას, სასახლის პერსონალმა კაცი გამომიგზავნა თხოვნით – მედეას ნუ უყვირითო.
ერთ დღეს რუსთაველის თეატრის დირექტორმა, დოდო ანთაძემ დამიბარა და მითხრა: კონსტანტინე გამსახურდიამ გამოთქვა სურვილი, ჩვენს თეატრში დაიდგას მისი რომანი „დიდოსტატის მარჯვენა“. დამდგმელ რეჟისორად შენ გასახელებს. ჩვენ თანახმანი ვართ, თუ შეძლებ გადაღებას, ა ბურთი და ა მოედანიო. „დიდოსტატის მარჯვენა“ ჩემი საყვარელი წიგნი იყო. მისმა ნდობამ კიდეც გამახარა და კიდევაც გამაოცა. თბილისში რეჟისორები ბევრნი იყვნენ, მე რატომ დამასახელა? თეატრის დირექტორს მოვახსენე, დრო მომეცით, ვიფიქრებ, ვიმუშავებ რომანის სცენურ ხასიათზე-მეთქი. ინტენსიურად ვიმუშავე და დავრწმუნდი, რომ შევძლებდი ამ რომანიდან კარგი სპექტაკლის შექმნას, მაგრამ, სპექტაკლის დადგმა, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ მოხერხდა. ვეახელი კონსტანტინე გამსახურდიას კოლხურ კოშკში... მე შენ იმიტომ დაგასახელე, ვახტანგ, რომ ჩვენი ისტორია გიყვარს, პატივს სცემ ჩვენს წარსულს. კინოფილმი გავაკეთოთ, – ვუთხარი. ბატონი კონსტანტინე ჯერ გაირინდა, მერე წამოიყვირა: მომწონს ეს აზრი! შემდეგ დინჯად წარმოთქვა: სცენარს მე დავწერ. დიდ პატივს დამდებთ! – მოვახსენე ბატონ კონსტანტინეს, თუმცა, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ იგი სცენარს ვერ დაწერდა. აინშტაინიც დარწმუნებული იყო, რომ კარგად უკრავდა ვიოლინოზე... დაახლოებით სამი თვის შემდეგ ბატონი კონსტანტინე ტელეფონით დამიკავშირდა: უნდა გახარო, სცენარი მზად არის! მე თავად მომეწონა ჩემი რომანი, რამ დამაწერინა?.. დაიწყო სცენარის კითხვა. გულს შემომეყარა, ბატონ კონსტანტინეს რომანი გადაუწერია მთელი თავისი თანმიმდევრობით და დეტალებით. დაიღალა, შეჩერდა. რას იტყვი? ფრთხილად გამოვთქვი მოსაზრება ზოგიერთი ეპიზოდის გადაადგილებისა და ზოგის მთლიანად ამოღებაზე. რას ამბობ, როგორ შეიძლება გადაადგილება? ეპიზოდების ამოღებაზე არც იფიქრო! – ამიყვირდა ბატონი კონსტანტინე... გავიდა დრო. ოპერის თეატრში ერთ-ერთ საზეიმო საღამოზე კონსტანტინე გამსახურდიამ დამინახა და ხმამაღლა მომმართა: არ ხარ კარგი კაცი! რა დავაშავე, ბატონო კონსტანტინე? რატომ არ წერ „დიდოსტატის“ სცენარს? დავიწყე სცენარზე მუშაობა. გარდაუვალი იყო რომანის მთლიანი ეკრანიზება... ჩემს კოლეგა დევი აბაშიძესთან, ოპერატორ გიორგი ჭელიძესა და კომპოზიტორ არჩილ კერესელიძესთან ერთად ორ წელიწადს ვიღებდი ამ სურათს“...

скачать dle 11.3