რომელ ოლიმპიურ თამაშებზე დაწესდა გამარჯვებულთა პოდიუმზე დაჯილდოება და რომელ წელს გადაეცათ მათ ოქროსგან ჩამოსხმული მედლები უკანასკნელად
ლონდონში სტარტი აიღო ოთხწლეულის მთავარმა სპორტულმა ფორუმმა, ზაფხულის ოლიმპიურმა თამაშებმა. მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩასული საუკეთესო ათლეტები სამი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ და ეცდებიან, თავიანთი სახელი სამუდამოდ ჩაწერონ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. სანამ სპორტსმენები მედლებისთვის იბრძვიან, „თბილისელების” მკითხველს ოლიმპიური თამაშების შესახებ გავრცელებულ საინტერესო ფაქტებს ვთავაზობთ.
* ლონდონი პირველი ქალაქია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელიც ზაფხულის თამაშებს მესამედ მასპინძლობს. ოლიმპიადა ორჯერ, 1908 და 1948 წლებში ჩატარებულა ლონდონში.
* ოლიმპიური დროშა პიერ დე კუბერტენმა 1914 წელს შექმნა. დროშაზე გამოსახული წრეები კონტინენტებს გამოსახავენ, ხოლო მათი შეერთება კონტინენტებს შორის მეგობრობაზე მიუთითებს. პირველად ოლიმპიური დროშა 1920 წლის ოლიმპიადაზე გამოიყენეს.
* 1936 წლის ოლიმპიური თამაშები ბერლინში გახსნილად ადოლფ ჰიტლერმა გამოაცხადა.
* 1980 წლის 4 იანვარს ამერიკის პრეზიდენტმა, ჯიმი კარტერმა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების შესახებ ამცნო მსოფლიოს. ამერიკელების პროტესტი ავღანეთში საბჭოთა კავშირის ჯარების შესვლამ გამოიწვია. ამ ფაქტის გამო, ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ენა ფრანგული გახდა, ხოლო ოლიმპიადაზე გაცილებით ნაკლები დელეგაცია ჩავიდა.
* ამერიკელების ბოიკოტის გამო, საბჭოთა კავშირში სრულიად განადგურდა ამერიკის ოლიმპიური ნაკრებისადმი მიძღვნილი საბჭოური ჟურნალ „ამერიკის” მთელი ტირაჟი.
* ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების მედლები, სხვა ოლიმპიური თამაშების მედლებთან შედარებით, წონაში უფრო მძიმეა – და 400 გრამამდე იწონის.
* მთლიანად ოქროსგან ჩამოსხმული მედლები უკანასკნელად 1912 წლის ოლიმპიადაზე გადაეცათ გამარჯვებულებს.
* ოლიმპიადის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი 1908 წლის თამაშებზე, ლონდონში დაინერგა და ტრადიციის თანახმად, პირველი დროშით საბერძნეთის ნაკრები გამოდის სტადიონზე. დანარჩენი ნაკრებები კი, ანბანის მიხედვით გამოდიან. მასპინძელი გუნდი ბოლოა.
* რომის იმპერატორმა თეოდოსე პირველმა, ჩვენი წელთაღრიცხვით 394 წელს აკრძალა ოლიმპიური თამაშების ჩატარება და ოლიმპიადის აღდგენას 1896 წლამდე 15 საუკუნე დაჭირდა.
* პირველად ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულების წარდგენა და დაჯილდოება პოდიუმზე ლოს-ანჯელესის 1932 წლის ოლიმპიადაზე შედგა.
* 1896 წლის ათენის ოლიმპიადაზე, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენმა იასპარეზა – ბერძენმა დიმიტრიოს ლუნდრასმა. მხატვრულ ტანვარჯიშში მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იმ მომენტისთვის ბიჭი 10 წლის და 218 დღის იყო. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ლუნდრასმა ადმირალის წოდება მიიღო და პირველ და მეორე მსოფლიო ომებში მონაწილეობდა.
* 1908 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს პენსილვანიის ეპისკოპოსმა, ეტელბერტ ტეილორმა წმინდა პავლეს ტაძარში წირვის დროს ცნობილი ფრაზა წარმოსთქვა: „მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება”. შეცდომით, ამ ფრაზას პიერ დე კუბერტენს მიაწერენ.
* 1908 წლის ოლიმპიადაზე შვედმა მსროლელმა, ოსკარ სვენმა ოლიმპიური ოქროს მედალი 60 წლის ასაკში მოიგო.
* 1952 წლის ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ზიგფრიდ ედსტრემს დაავიწყდა მეთხუთმეტე ოლიმპიური თამაშების ოფიციალური დახურვის გამოცხადება. ამიტომ, ის ოლიმპიური თამაშები ფორმალურად დღემდე არ დახურულა.
* რომის 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კრივში 81 კილოგრამი წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 18 წლის კასიუს კლეიმ მოიგო. მოგვიანებით, ის მუჰამედ ალის სახელით გაიცნო მსოფლიომ.
* 1972 წლის მიუნჰენის ოლიმპიადაზე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა. პალესტინურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „შავი სექტემბერი” ოლიმპიურ სოფელში შეაღწია, ებრაელი სპორტსმენები ტყვედ აიყვანა და მათგან 11 დახოცა.
* 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშები დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ გახსნა. ამავე თამაშებზე დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა საცხენოსნო სახეობაში ასპარეზობდა.
* 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთში დაუშვეს პროფესიონალ მოთამაშეთა ასპარეზობა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ოლიმპიადაზე ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად წოდებული გუნდი ჩაიყვანა, რომლის შემადგენლობაში ბრწყინავდნენ: მაიკლ ჯორდანი, მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, ჩარლზ ბარკლი და სხვები. ამ გუნდს, მოგვიანებით „დრიმ თიმი” ანუ „ოცნების გუნდი” უწოდეს.
* 2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩატარება, ორგანიზატორებს 45 მილიარდი ამერიკული დოლარი დაუჯდათ. ჯერჯერობით პეკინის ოლიმპიადა ყველაზე ძვირად ღირებულია ისტორიაში.
* ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში შევა, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა თამაშები. ორგანიზატორებმა ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში დარგეს ნახევარ მილიონამდე ახალი ნერგი. ოლიმპიადისთვის აგებული ნაგებობების 75 პროცენტს თამაშების დასრულების შემდგომ საცხოვრებელ სახლებად გამოიყენებენ, თამაშებზე მონაწილე სპორტსმენები ავტომობილების ნაცვლად მეტროპოლიტენით ისარგებლებენ, რათა გამონაბოლქვის რაოდენობა შეამცირონ ლონდონში.
* სპეციალურად ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის „მაკდონალდსმა” მსოფლიოში ყველაზე დიდი რესტორანი გახსნა. უზარმაზარ ორსართულიან შენობაში ერთდროულად 1 500 სტუმარი დაეტევა, რომელთაც 500 ადამიანისგან შემდგარი პერსონალი მოემსახურება. ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, ეს რესტორანი დაიშლება, ხოლო მის ავეჯს და მოწყობილობებს ხელმეორედ გამოიყენებენ.
* ლონდონის ოლიმპიური სტადიონი 80 ათას მაყურებელზეა გათვლილი და თამაშების ისტორიაში ყველაზე მსუბუქია. სტადიონის მშენებლობისას გამოიყენეს 10 ათასი ტონა ფოლადი, რაც 75 პროცენტით ნაკლებია პეკინის ოლიმპიური სტადიონის მშენებლობის დროს გამოყენებული ფოლადის რაოდენობაზე.
* ოლიმპიადის ორგანიზატორები გაცილებით მეტ ტვიტებს, ფოტოებს და სტატუსებს ელიან ლონდონის თამაშების შესახებ სოციალურ ქსელებში. მაგალითისთვის, პეკინის ოლიმპიადის დროს „ტვიტერზე” 6 მილიონი მომხმარებელი იყო დარეგისტრირებული, ხოლო „ფეისბუქზე” – 100 მილიონი. დღეისთვის ეს მაჩვენებელი შემდეგნაირია: „ტვიტერი” – 140 მილიონი და „ფეისბუქი” – 900 მილიონი.
* ლონდონის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის 4 700 მედალი დამზადდა.
* 2012 წლის ოლიმპიადის ემბლემა კომპანია „ვოლზ ოლინსმა” შეიმუშავა და ის 400 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა. ემბლემას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს, რადგან მასში სვასტიკის ელემენტებს ხედავენ. ემბლემის გამო ირანი ბოიკოტს უცხადებს ოლიმპიადას და აღნიშნავს, რომ ემბლემაში იკითხება სიტყვა „ზიონი”, რაც „იერუსალიმს” ნიშნავს.