რატომ უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი ყოველ სიტყვას და რა დამღუპველი ძალა აქვს დედის წყევლას
ადამიანის ცხოვრებას ორი მხარე აქვს: ერთი შინაგანი, უხილავი, რომელსაც შეადგენს სულიერი თვისებები: აზრი, ფიქრი, განზრახვა, სურვილი, მიდრეკილება და მეორე – გარეგანი, ხილული, როგორიცაა: ლაპარაკი, მოძრაობა და ასე შემდეგ. როგორ ავლენს ადამიანი ადამიანურობას, მოყვასის სიყვარულს, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ადამიანის ნებისმიერი საქციელი მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. თუკი მას ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაში. ასეთ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება აქვს და ის გონებას კეტავს ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისთვის. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას. ის არა მხოლოდ სიკეთის, სილამაზის მქონეა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც არის. „კაცის საქმენიც ისეთივეა, როგორიც მისი სულიერი თვისებები“. (გაბრიელ ეპისკოპოსი). „გულის სიწმიდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლია“ (უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე).
– მამაო, რა არის მაინც ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭი?
– ყველაზე დიდი ნიჭი და სამკაული ადამიანისა არის სიყვარული. თუ ღმერთმა ადამის ცოდვილნი შვილნი შეიყვარა ისე, რომ ჩვენ გამო დასდო თავი, ჩვენ მით უმეტეს გვმართებს მოყვასის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. მოყვასისადმი ჩვენს სიყვარულს თავის საზომი აქვს: ეს არის ჩვენივე თავი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოყვასი გიყვარდეს ისე, რომ მისთვის გემეტებოდეს ყველაფერი, რაც საკუთარი თავისთვის გვინდა. მას ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გვსურს, რომ ჩვენ სხვები გვექცეოდნენ. თუ ასე ვიცხოვრებთ, შევძლებთ საკუთარი „მე“ გარდავქმნათ სხვის სიყვარულად, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ადამიანი ღვთაებრივი სიყვარულის ნაყოფია. სიყვარულის გამოვლენა, მოყვასის შეყვარება, ყველა ადამიანს არ შეუძლია, რადგან ისინი, ხშირად ცოდვით დამძიმებულები, კარგავენ სულიწმიდის მოვლენილ ამ ნიჭს და გული სიძულვილით ევსებათ. ნებისმიერი ადამიანისთვის სიხარული, როდესაც მას მეგობარი ჰყავს, ეს ერთგვარი მოვალეობაც არის. მაგრამ ადამიანს, მოყვასი, მეგობარი ჭეშმარიტად რომ უყვარდეს, ამისთვის მას უნდა ჰქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე, მტკიცე სული. უნდა შეეძლოს სხვისთვის ბევრი რამის პატიება, მოთმენა, ბევრი რამის დავიწყება. ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, რომ ადამიანი არ ჩავარდეს კონფლიქტურ სიტუაციებში – ვინმე მას აწყენინებს, ან თავად აწყენინებს სხვას, მაგრამ ადამიანმა უნდა შეძლოს მოთმინებაც, შენდობაც და სხვისი გატანა და გვერდში დგომაც. ერთმანეთისკენ სავალ გზებზე მხოლოდ სიყვარული უნდა იყოს, რადგან თითოეულ ადამიანში ჩადებულია, არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ მოთხოვნილებაც ერთმანეთის სიყვარულისა. შერიგება – ეს არის არწივის ფრთები, რომელსაც შეუძლია ადამიანის სული კლდის მწვერვალზე აიყვანოს, მაგრამ ჩვენი სიამაყე – ეს არის საშინელი ჯაჭვი, რომელიც ბორკავს ჩვენს სულს, მძიმედ ადევს გულს და გვიშლის ხელს შერიგებაში. ადამიანმა ეს უნდა დაძლიოს და უნდა შეძლოს, როგორც შერიგება, ასევე, სხვა ადამიანისთვის გულწრფელად მიტევება. „აღიარეთ, ერთმანეთის წინაშე თქვენი ცოდვები და ილოცეთ ურთიერთის გამო, რათა განვიკურნოთ, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას“ (იაკობ. 5.16). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის პირიდან ამოსულ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამიტომაც გვეუბნებიან წმიდა მამები, „შეიწყნარეთ ნერგი სიტყვისა“.
– მამაო, როგორ უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი, მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას, განსაკუთრებით მას, რომლითაც სხვებს მიმართავს?
– ადამიანს არაფერი აქვს, სიტყვაზე მეტად პატიოსანი და გასაფრთხილებელი, რადგან ენით გამოთქმული, გონების მსახურია. რაც სურს ადამიანს, სწორედ იმას გამოხატავს სიტყვით. ამიტომ ყოველი ადამიანის ბუნება, მისი პირიდან ამომავალი სიტყვებით შეიცნობა: „ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა, იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისგან მოთვლიან ყურძენს. კეთილ კაცს თავისი გულის საუნჯიდან გამოაქვს კეთილი სიტყვა, ბოროტ კაცს თავის გულის ბოროტი სალაროდან ამოაქვს ბოროტი, რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე„. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, მას ადამიანის მოკვლაც და გაცოცხლებაც, ცხოვრების ხალისის დაბრუნებაც შეუძლია. „სიტყვა „მაპატიე“ არის უდიდესი საიდუმლო, როცა ჩვენ მივუტევებთ ადამიანს, ჩვენს გულში, სულში ვგრძნობთ სიმშვიდეს, ბედნიერებას. აპატიო იმას, ვინც გაწყენინა – ამაზე დიდი სიკეთე, სათნოება და ბედნიერება არ არსებობოს ამ ქვეყანაზე. რაც უფრო უსამართლოდ და მკაცრად მოგვეპყრობიან, მით უფრო წრფელად და ღრმად უნდა შევუნდოთ, რათა უფრო მაღალი და ნათელი იყოს ჩვენი სიხარული“ (უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე).
ის, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს, ამის ასახსნელად მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, იმედია, ამას კარგად წაიკითხავენ და გაითვალისწინებენ ის დედები, რომლებსაც ძალიან უყვართ წყევლა, თუნდაც საკუთარი შვილების. დეკანოზი პეტრე (პოლიდოროვის) მონათხრობიდან: „ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ჩემი მრევლის წევრი იყო, თავისი დიდი მწუხარების შესახებ მაუწყა და მთხოვა, რომ მისთვის რჩევით და ლოცვით დახმარება გამეწია. მიზეზი კი ასეთი იყო: „მე ორი შვილი მყავდა – დაიწყო ქალმა – 12 წლის ასული და 3 წლის ვაჟი. ერთხელ ჩემი გოგონა მეზობელთან რაღაც ნივთის სათხოვნელად გავაგზავნე, ის კი ქუჩაში თავის თანატოლ გოგონებთან თამაშში გაერთო და ამის გამო მოსვლა შეაგვიანდა. ამან მოთმინება ისე დამაკარგვინა, რომ განრისხებულმა დავწყევლე: არც გადარჩენილხარ! იმავე დღეს, მოულოდნელად, ჩემი გოგონა ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა. თავზარდაცემულმა შვილის ცხედარი, როგორც წესი იყო, განვბანე და ქალაქში გამგზავრება დავაპირე, რათა დასაფლავებისთვის საჭირო ნივთები შემეძინა. ამ დროს ჩემმა სამი წლის ბიჭუნამ ტირილი დაიწყო და მთხოვა, ისიც თან წამეყვანა. მე უარი ვუთხარი, მან კიდევ მოუმატა ტირილს. ისედაც ჭირში მყოფს გონება დამიბნელდა, მრისხანება კვლავ ვერ დავძლიე და მოთმინებადაკარგულმა ბავშვს დავუყვირე: თავი დამანებე! ჭირსაც წაუღიხარ! – და ამ სიტყვებით კარი მოვიჯახუნე. ატირებული ბიჭუნა სახლში უპატრონოდ დავტოვე და ქალაქში წავედი. როდესაც სახლში დავბრუნდი, ბავშვი ავად დამხვდა. რამდენიმე დღეში ისიც გარდაიცვალა. ახლა კი ბიჭუანა ყოველ ღამე მესიზმრება და მეუბნება: დედა, რატომ მომკალიო. მეტი აღარ შემიძლია. არც დღისით და არც ღამით მოსვენება აღარ მაქვს. მასწავლეთ მამაო, როგორ მოვიქცე“... მგლოვიარე დედა შესაბამისად დავმოძღვრე, რათა მას სამომავლოდ, სიტყვის წარმოთქმისას, დიდი სიფრთხილე გამოეჩინა და ეპიტიმია დავაკისრე. რაც შეეხებოდა მის შვილებს, ვურჩიე, რომ ორმოცი დღის განმავლობაში, მათ სახელზე კვეთისას სეფისკვერი შეეგზავნა, რათა პატარების სულებს შვება მისცემოდათ, რომლებიც, როგორც თავად ქალი ფიქრობდა, წყევლის გამო დაიღუპნენ. დამწუხრებულმა დედამ ჩემი რჩევა გაითვალისწინა და ყველაფერი ისე აღასრულა, როგორც მე ვურჩიე. რამდენიმე ხნის შემდეგ, მან მითხრა, რომ, როგორც დედა, უდიდეს ტკივილს განიცდიდა შვილების დაღუპვის გამო, თუმცა მისი ვაჟი ძილში უკვე აღარ ეცხადებოდა“.