იგავები საფუარზე და საუნჯეზე
„ცათა სასუფეველი საფუარს ჰგავს, რომელიც აიღო დედაკაცმა და შეურია სამ საწყაო ფქვილს, და ცომი მთლიანად აფუვდა“.
მათე 13, 33
შენც გამოიცხვე შენი წილი პური
საფუარს ახალ ცომში ურევენ ხოლმე ასაფუებლად. ამისთვის სულ მცირე საფუარიც კი საკმარისია.
მდოგვის პაწაწინა მარცვლის მსგავსად, მცირე საფუარიც რწმენის უდიდეს ძალას გამოხატავს. ამ დროს უფალი თავის მოციქულებსაც გულისხმობდა. ისინი მცირედნი იყვნენ, არაფრით გამოირჩეოდნენ, ღარიბნი და უსწავლელნი შეუმჩნევლად შრომობდნენ, მაგრამ მათი გარჯა ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა: ქრისტეს ეკლესია დამკვიდრდა, ქრისტიანობა გავრცელდა და მთელი ქვეყნიერება სულიერად განახლდა. როგორც საფუარი აღწევს ცომის ყველა ნაწილში, კაცობრიობაც ასევე შეიმოსა ქრისტეს ღვთაებრივი ნათლით.
საფუარს ფქვილში დედაკაცი ურევს. წმიდა საიდუმლოებანი ხომ დედაეკლესიაში სრულდება, სადაც საეკლესიო მსახურები ქრისტეს რჯულსა და რწმენას უქადაგებენ მრევლს.
მაგრამ, ღვთის სიტყვის მიღება თვითონ მორწმუნეზეა დამოკიდებული. მარტო საფუარით პურს ვერ გამოაცხობ, ფქვილიც თუ არ შეაშველე, არაფერი გამოვა. სამი საწყაო ფქვილი არის კაცის გონება, გული და ნება, ურომლისოდაც ღვთის სიტყვას ვერავინ მიიღებს. უფალი გულით უნდა შეიყვარო და მოყვასი შეიწყალო, გონებით კი ღმერთი ეძიო და ამას აუცილებლად საკუთარი ნებით უნდა აკეთებდე.
ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა, მაგრამ, განახლებასა და ხსნას ჩვენივე მონაწილეობით, ჩვენი ნება-სურვილით მოგვცემს.
იგავი საუნჯეზე
„ცათა სასუფეველი იმ საუნჯის მსგავსია, რომელიც ყანაშია დაფლული; იპოვა კაცმა, დამალა და სიხარულით წავიდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა და იყიდა ის ყანა“.
მათე 13,44
მოინდომე და შენც იპოვი საუნჯეს
შენც რომ გეპოვა მიწაში ან ხის ძირას საგულდაგულოდ ჩამარხული განძი, განა უდიდესი სიხარულით არ წაიღებდი სახლში? უფალი ამ კაცზე ამბობს, ნაპოვნი საუნჯე ჯერ დამალა, მერე ყველაფერი გაყიდა და ის ყანა იყიდა, სადაც საუნჯე იყო დაფლულიო.
რატომ დამალა ამ კაცმა ნაპოვნი საუნჯე? ან ყანა რისთვისღა იყიდა? ხომ შეეძლო, საუნჯე სახლში წაეღო და მოეხმარა?
ყანა წუთისოფელია, სადაც საიდუმლოდ არის დაფარული საუნჯე, ანუ ღვთაებრივი სიბრძნე. ეს საუნჯეა ქრისტეს ქადაგება და ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვას ბევრი ისმენს, ბიბლიასაც კითხულობს, მაგრამ, მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა ზოგჯერ კარგად არ ესმის, იმიტომ, რომ მზად არ არის და ეს საუნჯეც ჯერ დაფარულია მისთვის. ერთ მშვენიერ დღეს კი, ღვთის მადლითა და საკუთარი გულმოდგინებით, სიხარულით აღმოაჩენს, რომ აქამდე მიუწვდომელი იპოვა და შეიცნო.
ჩვენს წუთისოფელში არის წმიდა ადგილი, სადაც ყველაზე უსაფრთხოდ ინახება ღვთაებრივი საუნჯე. ეს ადგილია ქრისტეს ეკლესია. ამ წმიდა საგანძურში საიდუმლოდ დაცულია სულიწმიდის მადლი, წმიდა ლოცვები და საგალობლები, ჯვარ-ხატები. უფალი იესო ქრისტე თვითონ აკურთხებს და აძლიერებს ეკლესიას, რომელიც შენთვისაც არის განმზადებული. შენც შეგიძლია, ეს კეთილი საუნჯე იპოვო და სიხარულით შეიძინო.
მაგრამ, ნაპოვნ საუნჯეს თვალისჩინივით უნდა მოუფრთხილდე. ამ კაცმა ეს კარგად იცოდა და ამიტომაც დამალა, რაც იპოვა; მერე გაყიდა თავისი ძველი, უვარგისი ქონება: მოიშორა ცოდვები, დაიცხრო მრისხანება, დაიმოკლა ენა, შეიძულა მტრობა; სამაგიეროდ, იყიდა ახალი ყანა: სიწმინდე და სიმშვიდე, სიტყვატკბილობა და სათნოება, სიყვარული და გულმოწყალება. ასე გახდა იგი ღვთაებრივი საუნჯის პატრონი.
აი, რას ამბობენ ჩვენი ეკლესიის ღვთივსათნო წმიდა მამები: მთელი ქვეყანა რომ შეიძინო და არ გქონდეს წმიდა სახარება – ღარიბი ხარ, მაგრამ, სულ არაფერიც რომ არ გქონდეს და მარტო წმიდა სახარებას ფლობდე – იცოდე, ამქვეყნად ყველაზე მდიდარი იქნები!