მამათა შეგონებანი
იოანე კრონშტადტელი: ჩვენი გულის უდიდესი მუდმივი შეცდომა, რომელსაც ჩვენ განუწყვეტლივ, მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვებრძოლოთ, ესაა მისი ფარული აზრი, რომ თითქოს ჩვენ შეგვიძლია სადმე, ოდესმე, თუნდაც ერთი წუთით, ვიყოთ ღვთის გარეშე.
იოსებ ათონელი: ეშმაკები სულები არიან. ჰოდა, ისინი ენათესავებიან და ემსგავსებიან ჩვენს საკუთარ სულს, გონებას. ხოლო სულის ჭკუა არის გამომზრდელი, რადგან გულში მიაქვს გონივრული მოძრაობის ყოველგვარი სახე და აზრი, გული კი გადაამუშავებს ყოველივე ამას და აწვდის შემეცნებას – ჰოდა, გონება ამგვარად ტყუვდება... ანუ, უწმინდური სულ ქურდულად აბინდებს გონებას და იგი ამას ჩვეულებისამებრ, როგორც არის, ისე აძლევს გულს და თუ გული განწმენდილი არ არის, ხშირად გადასცემს მას შემეცნებას. მაშინ ბინდდება და შავდება სული და მას შემდეგ ჭვრეტის ნაცვლად მუდმივად იღებს წარმოდგენებს. ამგვარად წარმოიშვა ყოველგვარი ხიბლი და აღმოცენდა მწვალებლობები.
მამა დოროთე: ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს მოძღვარი და სულიერი ცხოვრების წარმმართველი, ჰგავს ფოთოლს, რომელიც გაშლისას მწვანეა, ყვავის, მაგრამ ცოტა ხანში ხმება, ვარდება ხიდან და ფეხქვეშ ითელება. ასევეა ადამიანიც, რომელსაც ხელმძღვანელი არ ჰყავს, გულმოდგინებით შეუდგება ღვაწლს, შემდეგ თანდათან უქრება გულმოდგინება და, ვინაიდან არ ჰყავს მასწავლებელი, რომელიც დაარიგებდა, შეეწეოდა და აღანთებდა მის მონდომებას, ფოთლის მსგავსად გამოშრება, გახმება სულიერად და, საბოლოოდ, იმის მონად გადაიქცევა, ვინც მისი გადარჩენის მტერია. კაცთაგან ყველაზე უბედური ისაა, ვისაც არავინ ჰყავს წინამძღვრად უფლისკენ სავალ გზაზე. ასეთი ადამიანი ძალიან ახლოს არის წარწყმედასთან.
წმიდა სილუანი: მხოლოდ სულიწმიდით შეიმეცნება ღმერთის სიყვარული რწმენისაგან, გონებით არ შეიმეცნება. ზოგიერთები კამათობენ რწმენის შესახებ და არ უჩანს დასასრული ამ კამათს, მაგრამ, კამათი რა საჭიროა; შევევედროთ ღმერთსა და ღვთისმშობელს და უფალი კამათის გარეშე გაგინათებთ... ჩქარა გაგინათებთ გონებას. ბევრმა ყველა სარწმუნოება ისწავლა, მაგრამ, ჭეშმარიტი რწმენა, როგორიც საჭიროა, ვერ შეიმეცნა. ვინც მორჩილებით შეეხვეწება ღმერთს, მას მისცემს უფალი შემეცნებას, რა ძლიერ უყვარს მას ადამიანი. ამაყი ადამიანები ყველაფრის მოპოვებას (მიღწევას) გონებით ცდილობენ, მაგრამ, ღმერთი არ მისცემს მას ამას. ჩვენ ვიცნობთ უფალს, მან თავი გაგვიმჟღავნა სულიწმიდით და სული იცნობს მას... და უხარია, მშვიდადაა და, აი, ამაშია ჩვენი წმიდა ცხოვრება.
ნიკოლოზ სერბი: ყოველდღიური შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული ჩვენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით. უნდა იშრომო, რათა ერთხელ შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.