კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა გააკეთოს თუ არა ყველაფერი ცოლმა ქმრის შესანარჩუნებლად და ოჯახის გადასარჩენად

„აპატიო ღალატი“... – როცა ამ თემაზე იწყება  საუბარი, ყოველთვის ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა. არიან რადიკალები, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ღალატი უპატიებელი დანაშაულია, თუმცა, კონკრეტულ სიტუაციაში ასე არ იქცევიან. ყველა ადამიანი ინდივიდია და, შესაბამისად, ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას. მართალია, ამ გადაწყვეტილებაზე გარე ფაქტორებიც და საზოგადოებრივი აზრიც მოქმედებს, მაგრამ, კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანები ძირითადად ვმოქმედებთ ან გულის, ან გონების კარნახით. რომელია უფრო მართებული, ამას ცხოვრება თავად გვიჩვენებს. არის თუ არა დაჩაგრული და მოტყუებული ის, ვინც საყვარელ ადამიანს ღალატს აპატიებს – პიროვნულ დეგრადაციას განიცდის  თუ, პირიქით, უფასდება თავგანწირვა და ერთგულება? შევეცადეთ, ჩვენს რესპონდენტთან ერთად სწორედ ამ კითხვებზე გაგვეცა პასუხი.

თეიკო (31 წლის): მე ჩემს ქმარს იმაზე მეტი გავუკეთე, ვიდრე ამას იმსახურებდა და ჩემი მთავარი შეცდომაც, ვფიქრობ, ეს არის. ქმარი, როგორც არ უნდა გიყვარდეს, მეტისმეტი არ უნდა მოგივიდეს ანუ, ზედმეტად არ უნდა გაანებივრო ამ სიყვარულით. ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის – სიყვარულსაც, თორემ, სინანული და ტკივილი გარანტირებული გაქვს. როცა ვთხოვდებოდი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. დავფრინავდი ბედნიერებისგან, მაგრამ ძალიან სწრაფად დამიმსხვრიეს „ვარდისფერი სათვალე“. ალბათ, ყველა ქალი ამ პრობლემაზე სალაპარაკოდ მოდის თქვენთან, ყველას ერთი და იგივე სტკივა: ქმრის ორგულობა და უსინდისობა. იმაზე საშინელი არაფერი ყოფილა, როცა თავი ყველაზე უკანასკნელი არარაობა გგონია. კაცებს რომ ამის გაგება შეეძლოთ, ცოლებს აღარ უღალატებდნენ.
– კაცებსაც ხომ ღალატობენ?
– დიახ, და სწორედ მაშინ გრძნობენ ღალატის მთელ საშინელებას. თუმცა, ისე არა, როგორც ქალები – ამ შემთხვევაშიც განსხვავებულები ვართ. ქალებს მაინც შიგნიდან და ღრმად გვტკივა, ძალიან ღრმად. მე ფიზიკური ტკივილიც კი არ მქონია ასეთი საშინელი, მიუხედავად იმისა, რომ ორი ბავშვი გავაჩინე. ჩემი ქმრის ღალატმა ძალიან გამამწარა. იცით, რამდენ ხანს არ მჯეროდა, რომ, ადამიანმა, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, ასე გამწირა? გიყვებით და კიდევ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა. ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს, როგორ გაუძელი-მეთქი და გულწრფელად მეცოდება, ხან კი – ვბრაზობ. მე მივიყვანე საქმე აქამდე, მე გავუჩინე ჩემს ქმარს იმისი განცდა, რომ ერთადერთი და შეუცვლელი იყო. თავი სამყაროს ჭიპად წარმოიდგინა. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამომატარა. ისეთი სულიერი ტრავმები მომაყენა, რომ, მიკვირს, საერთოდ როგორ დავდექი ისევ ფეხზე. განადგურებული და პიროვნულად დეგრადირებული ვიყავი.
– თქვენ ხომ არ გიღალატიათ, ეს იმან გააკეთა. პიროვნული დეგრადაცია რამ გამოიწვია?
– სწორედ იმან, რომ მე ეს ღალატი ვაპატიე. ქალებს, თუ, ზოგადად, ადამიანებს საკუთარ ტკივილზე ლაპარაკი, რატომღაც, უცხო ადამიანებთან უფრო გვიადვილდება – ეტყობა, ესეც ფსიქოლოგიური ამბავია.
მე ისე გავყევი  ჩემს ქმარს ცოლად, ბოლომდე გაცნობიერებული არ მქონდა, იყო ის მამაკაცი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი თუ არა. ახლა ვხვდები, რომ ამოსუნთქვის საშუალება, გასაქანი არ მომცა და გადაწყვეტილება ბურანში მყოფმა მივიღე.
– ანუ, არ გიყვარდათ?
– როგორ არ მიყვარდა, მაგრამ, წესიერად გაცნობა ვერ მოვასწარი. მთლიანად მივყევი ემოციებს, ვეღარ წარმოვიდგინე, რომ შეიძლებოდა, მასზე უკეთესი მამაკაცი შემხვედროდა ცხოვრებაში. როგორ აგიხსნათ, იმისი თქმა მინდა, რომ გონების თვალით არ შემიფასებია ჩვენი ურთიერთობა და არ გამიანალიზებია ის, რომ მან თავიდანვე მოირგო მბრძანებლის როლი. ნახევარი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს და დავქორწინდით. იცით, როგორი ამაყი ვიყავი?! ძალიან გამიმართლა-მეთქი, ყველას ვეუბნებოდი. ასეთი საოცარი ქმარი შემხვდა: ჭკვიანიც, ლამაზიც, შესანიშნავი მომავალი ექნება და, რაც მთავარია, ჩემზე გიჟდება, ისე ვუყვარვარ-მეთქი. ეიფორიაში ვიყავი. ქალს თუ ჭკუა გაქვს, კაცით,  მით უმეტეს – ქმრით, ასე არ უნდა აღფრთოვანდე.
– რატომ?
– იმიტომ, რომ კაცი ადამიანი არ არის, ეგენი მთლიანად ინსტინქტებზე არიან აწყობილები, პრიმატებს ძალიან არ დაშორებიან. თანაც, სიყვარულისა და ერთგულების შეფერება არ შეუძლიათ – მაშინვე, თავში უვარდებათ. ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი დაიმსახურეს, რომ შეუძლიათ, დაგამცირონ, ფეხქვეშ გათელონ შენი ღირსება! იცით, როგორი ცოლი ვიყავი?!  თვალებში რომ შესციცინებენ ქმრებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან. ყველაფერი ისე იყო, როგორც მას უნდოდა, საკუთარი აღარაფერი დავიტოვე. ჭკუა უნდა გეყოს ქალს, რომ ასეთი სისულელე არ გააკეთო. ჩემს ქმარს საკუთარი სიამოვნებისთვის უნდოდა ცხოვრება და მშვენივრადაც ახერხებდა ამას. შვილებს რომ ვაჩენდი, აღფრთოვანება არ გამოუხატავს, მას ყურადღება მოაკლდებოდა. მეუბნებოდა კიდეც, რატომ ვჩქარობთ, ჯერ ცოტა ხანს ჩვენი სიამოვნებისთვის ვიცხოვროთო.
– რამდენი წლისანი იყავით?
– მე – ოცდაშვიდის, ის – ოცდაცხრის. ამ ასაკში კაცი ისევ საკუთარ სიამოვნებაზე რომ ფიქრობს,  რაღაზე უნდა ელაპარაკო. მე კი, უკანასკნელი იდიოტივით მეგონა, სალ კლდეს ვარ ამოფარებული-მეთქი. ისეთი იმედი მქონდა ჩემი ქმრის. თურმე, არავინ გყავს ქალს ქმარზე უფრო დიდი მტერი.
– ამას სერიოზულად ამბობთ?
– დიახ. არავის ისე არ გავუმწარებივარ ცხოვრებაში, როგორც ჩემმა ქმარმა გამამწარა... კაცი სანდო არ არის – თუ ამას დაივიწყებ, წასულია შენი საქმე. დაფიქრდით, აბა, შეიძლება, ასი პროცენტით ვინმეში იყო დარწმუნებული? მე საკუთარ თავშიც არ ვარ ასეთი დარწმუნებული, მით უმეტეს, ახლა, როცა ყველასი და ყველაფრის მიმართ ნდობა მაქვს დაკარგული. თავდაყირა ვდგებოდი, რას აღარ ვაკეთებდი, ოღონდ ქმარი მყოლოდა კმაყოფილი. კულინარიული ოსტატობით ვიწონებდი თავს. სპეციალურ კურსებზეც კი ჩავეწერე, რომ განსაკუთრებული კერძებით გამენებივრებინა.
– ფიქრობდით, რომ კაცის გულისკენ სავალი გზა მის კუჭზე გადის?
– არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, მინდოდა, მესიამოვნებინა, რაღაცით გამეხარებინა, გამენებივრებინა. ხომ იცით, როცა ადამიანი გიყვარს, ყველაფერი საუკეთესო გინდა მისთვის. უბრალოდ, მან ეს უნდა დაინახოს და დააფასოს. მაგრამ, როგორც ვხვდები, კაცები ჩემნაირ ცოლებს სხვანაირად ექცევიან. დაფასებას ვინ ჩივის, თავზე დამაჯდა და გადაწყვიტა, რომ ყველაფრის უფლება აქვს. არ უნდა უყურო ქმარს შეყვარებული თვალებით, თუ არ გინდა, რომ ცხარე ცრემლებით გატიროს. როგორ ვერ ვიტანდი იმ პერიოდებს, როცა ის ჩემ გვერდით არ იყო!..
– იმიტომ, რომ ეჭვიანობდით?
– არა, არა... პრობლემაც ისაა, რომ არანაირად არ ვეჭვიანობდი. ბოლომდე ვენდობოდი და ესეც დიდი შეცდომა იყო. სახლში მოდიოდა და იწყებდა წუწუნს – როგორ დავიღალე, თავს როგორ საშინლად ვგრძნობო. არაფერი აღარ მახალისებს და არაფრის სურვილი აღარ მაქვსო. მეც ფეხის წვერებზე დავდიოდი, ზედმეტად არ შევაწუხო-მეთქი. მეტსაც გეტყვით, ყველა საქმე საკუთარ თავზე ავიღე: საყიდლებზეც მე დავრბოდი, გადასახადებსაც მე ვიხდიდი, ბავშვებზეც მე ვზრუნავდი – ერთი სიტყვით, ყველაფერი მე ვიყავი... ორი შვილის გაჩენის მერე წონაში საგრძნობლად მოვიმატე. ჩემი ქმარი ვითომ არ იმჩნევდა, რომ არ მოსწონდა ეს, მაგრამ, როცა დიეტებს ვიცავდი და თავს შიმშილით ვიკლავდი, დამცინოდა – ირონიულად მეხუმრებოდა და გუნებას მიშხამავდა. ისეთი სულელი ვარ, ამის გამო მასზე კი არ ვბრაზობდი, საკუთარ გულს ვასკდებოდი – ეს რა მჭირს, რატომ ვერ ვდგები ფორმაში-მეთქი. ჩემი ქმრისთვის საუკეთესო ტანსაცმელს ვყიდულობდი. ერთხელ დიდი სისულელე გავაკეთე და ვუთხარი, ოღონდ სულ ჩემ გვერდით იყავი და ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. როგორ უნდა უთხრა ქმარს ასეთი სისულელე, ხომ ღირსი ვარ ამ ყველაფრის, რაც დამემართა?! სისტემატური სახე მიეცა იმას, რომ ქმარი სახლში, ტელევიზორის წინ, დივანზე იყო წამოწოლილი, მე კი სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული. არანაირი ინტიმური კავშირი ჩვენ შორის აღარ იყო.
– ფიქრობთ, რომ უკვე ჰყავდა საყვარელი?
– ფაქტია, რომ ჰყავდა და მე უკვე აღარ ვჭირდებოდი როგორც პარტნიორი, მხოლოდ დამლაგებლისა და მომვლელის ფუნქცია დამეკისრა. ეს საშინელება იყო. ფსიქოლოგიურადაც დამანგრეველი და ფიზიკურადაც. ვდარდობდი და ვწუხდი, რომ ჩვენ შორის ყველანაირი რომანტიკა გაქრა.
– არ გილაპარაკიათ ამაზე თქვენს მეუღლესთან?
– რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ, სულ თავიდან მიშორებდა. მეტი პრობლემა არ გაქვსო? – მეუბნებოდა, – ძალით რატომ იჩალიჩებო. მოკლედ, მოსწონდა ისეთი ცხოვრება, როგორიც ჰქონდა: სახლში ერთგული ცოლი, კარგი  მზარეული – და მოახლე, ლოგინში კი – ვნებიანი საყვარელი. მე მაინც ვფიქრობდი, რომ იღლებოდა და ამის ბრალი იყო ყველაფერი. ერთხელ ვკითხე, ისევ გიყვარვარ-მეთქი? აღშფოთდა და შეურაცხყოფილი კაცის იერით მიპასუხა: ღმერთო, რანაირები ხართ ეს ქალები! ყველას ერთნაირი სისულელეები გიტრიალებთ თავში! რა თქმა უნდა, მიყვარხარ, ოღონდ, გულს ნუ შემიღონებ ზედმეტი ლაპარაკით. ხომ ხედავ, როგორ ვიღლები სამსახურში, ლაპარაკის უნარიც კი აღარ მაქვს. თქვენთვის ვწვალობ და ვშრომობ – ამდენ ხალხს ჭამა არ გინდათ? შენ სახლში მშვიდად ზიხარ, მე „ვპახაობ“ და კიდევ იმას ითხოვ, ყოველდღე სიყვარული აგიხსნაო. რა უნდა მეთქვა?
– უნდა გეთქვათ ის, რომ გჭირდებოდათ მასთან სიახლოვე...
– ვაიმე, პასუხი ყველაფერზე ჰქონდა – არ იცით, კაცების ამბავი?! თანაც, არ მოსწონდა ის, რომ ბოლო დროს უგუნებოდ ვიყავი და სულელივით აღარ ვიღიმებოდი. სწორად გამიგეთ, გული მტკიოდა და როგორ ვიქნებოდი კარგად?! არ შემიძლია თამაში და ფარისევლობა. სხვის თამაშს მივხვდი გვიან, თორემ, საკუთარს ეგრევე „ვშიფრავ“.
– შინაგანად მაინც ვერ გრძნობდით, რომ თქვენი ქმარი „სხვაგან“ იყო?
– ეტყობა, ვერ ვგრძნობდი. ვერ ვიჯერებდი იმას, რისი დაჯერებაც არ მინდოდა. თვალებს ვიბრმავებდი და არ ვუტყდებოდი საკუთარ თავს იმაში, რომ ჩემს ქმარს, როგორც ქალი, აღარ ვუნდოდი და ეს უკვე იყო ჩემი მხრიდან ღალატის პატიება, რამაც პიროვნულ დეგრადაციამდე მიმიყვანა. თვითშეფასების უნარი დავიქვეითე და საკუთარ თავზე წარმოდგენა დავკარგე. უფრო მეტიც, არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. კედელთან კი არ მივაყენე ჩემი მოღალატე და ორგული  ეგოისტი და საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ქმარი, ჩემს თავს დავუწყე შთაგონება, რომ უკეთესს არ ვიმსახურებდი. ვამბობდი, მე ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, რომ მიმატოვოს, მოვკვდები. ჯობია, ყველაფერი მოვითმინო და ისეთი ავიტანო, როგორიც არის-მეთქი. ჩემნაირ უთავმოყვარეო ქალებს რაც ემართებათ, ხომ იცით? ჰოდა, ზუსტად ის დამემართა. ერთ საღამოს, ქმარმა გამომიცხადა, უნდა გავცილდეთ, შენ გვერდით თავს ოთხმოცი წლის მოხუცად ვგრძნობ, მეტი აღარ შემიძლია, ძალიან დავიღალე. საერთოდ აღარ მაინტერესებ და შენც აღარაფერი გაინტერესებს საჭმელებისა და დალაგება-დასუფთავების გარდაო. ამიტომ, სხვა ქალთან მივდივარ და ნუღარ გამამტყუნებ. მე ვცადე შენთან ოჯახური ცხოვრების აწყობა, მაგრამ, არ გამომივიდა. ბავშვებზე ვიზრუნებ, ნუ გეშინიაო. თავმოყვარეობა რომ მქონოდა, იმ დღესვე უნდა გამეგდო სახლიდან. მე კი რა გავაკეთე? ფეხებში ჩავუვარდი ტირილით – არ დამღუპო, არ მიმატოვო-მეთქი. ისეთი ისტერიკა დავიმართე, აღარ წავიდა; მაგრამ, ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსგავსა: უცხო, ერთმანეთზე გაბრაზებული ადამიანების იძულებითი თანაცხოვრება; ყოველ საღამოს ჩხუბი და ტირილი... ის კი იმ ქალთან ურთიერთობას განაგრძობდა, ნივთიც აღარ ვიყავი მისთვის და, უცებ, ჩემში რაღაც ამოტრიალდა – მივხვდი, რომ მისი დაკარგვის შიში სრულ დეგრადაციამდე მიმიყვანდა და გავუშვი – ჩემი ხელით ჩავულაგე ყველაფერი... ორი თვის განმავლობაში არ დამირეკავს და არაფერი მითხოვია მისთვის, ახლა კი თვითონ რეკავს და მთხოვს, დავბრუნდებიო. თურმე, ჩემნაირი მზრუნველი ცოლის დაკარგვა სისულელე ყოფილა. არ ვიცი, რა ვქნა... მივიღო და ისევ ისეთი ცხოვრება მქონდეს?! აღარ მინდა!

скачать dle 11.3