როგორ მოხვდა ქართველი ინჟინერ-კონსტრუქტორის ბინა ცნობილ ევროპულ ჟურნალში
ცნობილი ინჟინერ-მშენებელი, აკადემიკოსი, საქართველოს და დაღესტნის დამსახურებული ინჟინერი ნოდარ ედიშერაშვილი ოჯახთან ერთად მთაწმინდაზე, პარლამენტის გვერდით მდებარე შვიდსართულიან კორპუსში ცხოვრობს. ეს კორპუსი თბილისის ომის შედეგად გადამწვარი სახლების ადგილას აშენდა. ბატონმა ნოდარმა ამ სახლზე არჩევანი ორი მთავარი მიზეზის გამო გააკეთა – ძველ თბილისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის მთაწმინდის მთას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა: მისი ბინიდან, რომელიც ბოლო, მეშვიდე სართულზე მდებარეობს, მამადავითიც ერთი ხელის გაწვდენაზეა და ძველი თბილისის ულამაზესი ხედებიც...
ედიშერაშვილებმა ბინა 2000 წელს შეიძინეს, საცხოვრებლად კი ორი წლის შემდეგ გადავიდნენ. ოჯახის უფროსს, რომელიც ცნობილი ინჟინერ-კონსტრუქტორია და მაღლივი შენობები არა მხოლოდ თბილისში, მოსკოვსა და რუსეთშიც აქვს აშენებული, საკუთარი სახლის რემონტისა და ინტერიერის დაპროექტებაში სპეციალისტების ჩარევა არ დასჭირვებია. ბატონმა ნოდარმა თავად უხელმძღვანელა სახლის რემონტს და ორიგინალური იდეის გამო არცთუ პატარა ავანტიურაზეც წავიდა.
ბატონი ნოდარი: „ეს სახლი კარკასულ მდგომარეობაში შევიძინეთ, მაშინ თავისუფალი დრო მქონდა და თავად ვუძღვებოდი სარემონტო სამუშაოებს. ეს სახლი კარგი მშენებლის – დათო ჯობავას აშენებულია, მის აშენებულ სახლს, რა თქმა, უნდა, ვენდობოდი და, ამის გამო, თითქმის არაფერი გადამიკეთებია, ისე გავარემონტე ეს ბინა. მაშინ თბილისში სამშენებლო მასალები არ იშოვებოდა და უამრავი რამე ჩამოვიტანე მოსკოვიდან, სადაც რამდენიმე წელი ვმუშაობდი. ორმა სართულმა არ დამაკმაყოფილა, ძალიან პატარა აივანი გვქონდა, ამიტომაც წავედი ავანტიურაზე – სახლს ავხადე სახურავი და გავაკეთე ვერანდა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები მოჩანს. მახსოვს, მერიის ურბანულ სამსახურში ხუმრობით მითხრეს: ხალხი ერთ მეტრს რომ ააშენებს, სახურავს უკეთებს და თქვენ უკვე გაკეთებულ სახურავს ხდითო? ვერანდას რიკულებიც კი ისეთი გავუკეთე, ძველი უბნის შესაბამისი რომ ყოფილიყო და ეს ხიბლი არ დაკარგულიყო.
ედიშერაშვილების ბინა, რომლის ფართობი 220 კვადრატული მეტრია, დუპლექსის ტიპისაა. სართულები ერთმანეთთან ულამაზესი, წაბლის ხის კიბით არის დაკავშირებული. პირველ სართულზეა ორი სასტუმრო ოთახი, რომლებიც ერთმანეთისგან სანახევროდაა გამოყოფილი და სამზარეულო. მეორე სართულზე კი განთავსებულია სამი საძინებელი და აბაზანა, სხვენში არის კიდევ ერთი სასტუმრო ოთახი, რომელიც მასპინძლის სანაქებო ვერანდაზე გადის. ამ სასტუმრო ოთახიდან მამადავითიც მოჩანს და სამებაც... ბინის სამივე სართული აკადემიურ სტილშია მოწყობილი. ბატონმა ნოდარმა მოსკოვიდან ჩამოიტანა ესპანური კარი, რომელიც ძველი მუხისგანაა დამზადებული. მეორე სართულის ოთახებში პასტელის ფერები ჭარბობს, სასტუმრო ოთახები და ჰოლი კი, ღია ყავისფერია. როგორც ბატონი ნოდარის მეუღლე, ქალბატონი თინა ამბობს, სახლი კლასიკურ სტილში მოაწყვეს და თანამედროვე დიზაინის ელემენტების შეტანაზე არ უფიქრიათ:
– ბევრი ლითონი და შუშა განწყობას ამძიმებს, ხე და ხის ავეჯი კი ბინას უფრო თბილ და მყუდრო იერს უქმნის, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სტილის სასარგებლოდ. ძალიან ძველია ჩვენი ავეჯიც, რომელიც მე და ნოდარს მშობლებისგან და წინაპრებისგან მემკვიდრეობით გვერგო.
ამ ბინის ხიბლია ძალიან ბევრი ნახატი, რომლებიც თითქმის ყველა კედელს ამშვენებს. ჩუფჩიკა, ზურაბ წერეთელი, თამარ თვარაძე და კიდევ ბევრი ნაცნობი თუ უცნობი სახელი... ედიშერაშვილების ბინაში კიდევ ბევრი რელიკვიაა: ძველისძველი ჭაღი, ხანჯლები, დაღესტნური სინი, რომელიც ცნობილ ინჟინერ-კონსტრუქტორს რასულ გამზატოვმა საკუთარი სახლიდან უსახსოვრა... მეორე და მესამე სართულებზეა ბუხრები, ერთი თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული, მეორე კი შინდისფერით. სახლის თითქმის ყველა სართულზე არის უამრავი ეროვნული ატრიბუტი, რომლებსაც ძველ თბილისურ ოჯახში საპატიო ადგილები აქვს მიჩენილი. ამ სიმბოლიკების გამო ედიშერაშვილების ბინა ერთ-ერთ ევროპულ ჟურნალშიც კი მოხვდა.