„არაკომპეტენტური ფანტაზია“
ანუ „მისტრალზე“ შესკუპებულები
მართალია, ერთ დროს საქართველოში საფრანგეთის ელჩი, ბ-ნი ფურნიე, არაკომპეტენტურ ფანტაზიას უწოდებდა რფ-სთვის თავისი მშობელი ქვეყნის მიერ „მისტრალების“ მიყიდვას, მაგრამ, რფ-ელმა ადმირალმა ჩირკოვმა უკვე აუწყა ფართო საზოგადოებას, რომ პირველი „მისტრალი“ მის სამშობლოს 2014-ში გადაეცემა, მეორე – 2015-ში და ამ უნივერსალურ სადესანტო გემს ვლადივოსტოკში განათავსებენ (ყოველ შემთხვევაში, პირველს მაინც), რადგან იქ გემების სარემონტო ქარხანაცაა და კადრებსაც ადგილზე დაამზადებენ (ადმირალს ის აღარ უხსენებია, რომ იქვე იაპონია-აშშ-ა).
რაც შეეხება თავად „მისტრალს“: მისი ცურვის სიშორე 32 000 კილომეტრია, ხოლო ბორტზე 450-დან 900-მდე-კაციანი დესანტის მიღება შეუძლია, ზედაც, 4 სადესანტო კატერიც აქვს, ხოლო მის ბაქანზე 40 ტანკი ან 70 ავტომობილიც კი ეტევა. მეტიც, გემზე ადგილია 16 მძიმე ან 350 მსუბუქი ვერტმფრენისთვის, სახმელეთო ტექნიკისა და სადესანტო კატერებისთვის („ვოტ ტაკ“!).
სულ ეს სიამოვნება რფ-ს მილიარდ „სჩემტო“ ევრო დაუჯდება („სჩემტო“ 200 მილიონია), თუმცა, რთული სათქმელია, რა დაუჯდება ცივილიზებულ დასავლეთს (აშშ-ის თაოსნობით) იაპონიის სანაპიროებთან „მისტრალს“ შესკუპებული რუსი სამხედროები?!