რა წიგნი დაწერა ემიგრანტებზე ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი პაპაშვილმა და ვინ შეასრულეს რომანის ეკრანიზაციაში მთავარი როლები ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან
ქართული ემიგრაცია ამერიკაში – ჩვენთვის ეს მხარე ნაკლებად არის ცნობილი. მსოფლიო დონის ვარსკვლავების გარდა, როგორიც, ვთქვათ, ჯორჯ ბალანჩინი და სხვები იყვნენ, არავინ იცნობს ბევრ ისეთ ადამიანს, რომელმაც ამერიკის ისტორიაში ლიტერატურაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. გიორგი პაპაშვილი ერთ-ერთი მათგანია. მეოცე საუკუნის დასაწყისში ის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობდა, იყო ცნობილი მწერალი და მოქანდაკე. მისი ყველაზე ცნობილი რომანი „Anything can happen” ცნობილმა ჰოლივუდურმა კინოკომპანიამ ფილმადაც გადაიღო, სადაც მთავარი როლები ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა – ხოსე ფარერიმ და კიმ ჰანტერმა
ლევან გურიელიძე: გიორგი პაპაშვილი ქართლში, სოფელ კობიაანთკარში დაიბადა 1898 წლის 23 აგვისტოს. მოგვიანებით, როგორც საკუთარ ბიოგრაფიაში აღწერა, მას ამზადებდნენ იმისთვის, რომ ეკეთებინა ხმლები და ემუშავა ტყავზე. მაგრამ, მის ცხოვრებაში ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა. სრულიად ახალგაზრდა გიორგი პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო, რუსულ არმიაში ის სნაიპერი იყო. ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. ამერიკამ ის როგორც მწერალი და მოქანდაკე ისე გაიცნო. თუმცა, გარდა იმ პროფესიებისა, რომელმაც პოპულარობა მოუტანა, პაპაშვილი ინჟინერ-გამომგონებელიც იყო.
– ვიცი, რომ მეუღლემ პაპაშვილის ბიოგრაფიაში ძალიან დიდი როლი ითამაშა?
– დიახ. მან ცოლად მოიყვანა ამერიკელი ქალბატონი ელენ უოლტი. ის ნაწარმოებები, რომლებმაც პაპაშვილს სახალხო აღიარება მოუტანა, ცოლ-ქმარმა ერთად დაწერა და ძირითადად მათ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე იყო დაფუძნებული. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად მეუღლესთან ერთად დაწერილ წიგნს „Anything can happen” (ყველაფერი შეიძლება მოხდეს), რომელიც ბესტსელერად იქცა. წიგნის მილიონ-ნახევარზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა მთელ მსოფლიოში.
– ეს ემიგრაციიდან მალე მოხდა?
– არა. ყველაფერი 1944 წელს, ოქტომბერში დაიწყო, როცა ამერიკის ორმა უდიდესმა გამომცემლობამ ამერიკელ მკითხველს შესთავაზა სრულიად ახლებური წიგნი, რომელიც მაღაზიის თაროებიდან თვალის დახამხამებაში ქრებოდა. იმავე წლის ნოემბერშიც იგივე განმეორდა. მომდევნო წელს კი, ეს რომანი მხოლოდ იანვარში ოთხჯერ გამოიცა. აღნიშნეს კიდეც, რომ ეს იყო ლიტერატურული ბუმი, – 1945 წლის თებერვალში ამ ორმა გამომცემლობამ სამჯერ გაიმეორა იგივე. ერთი წლის განმავლობაში რომანი ზუსტად ათჯერ გამოიცა. ნაწარმოები ერთბაშად აღიარეს. გიორგი პაპაშვილის წიგნის ნახევარ მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვა შეფასდა როგორც „უმაგალითო მოვლენა”. შეიძლება, დღევანდელ დღეს, ამერიკაში ამდენი წიგნის გაყიდვა სასწაული ნამდვილად აღარ არის, მაგრამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ ეს მართლა იშვიათი მოვლენა იყო.
– რაზეა წიგნი?
– ეს არის წიგნი ქართველ ემიგრანტზე, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ქართველის ისტორია. რომანში საუბარია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ემიგრანტებზე, ზოგადად ამერიკაზე, იმ ქვეყანაზე, სადაც ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ნაწარმოებში პაპაშვილი საუბრობს საქართველოზე, თბილისზე, კობიაანთკარზე, ხევსურეთზე. ისე ბუნებრივად იხსენებს ყველაფერს, რომ უხერხულობის განცდა არ რჩება, იცის ამერიკელმა მკითხველმა ეს ყველაფერი თუ არა. აგრეთვე, საუბრობს ქართულ სამზარეულოზე, ქართველი ადამიანის ხასიათზე, ჩვენს ფასეულობებზე.
– როგორც ვიცი, ამ რომანის ეკრანიზაციაც მოხდა.
– ცნობილმა რეჟისორმა, ჯორჯ სიტონმა ჰოლივუდს ამ ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღება შესთავაზა. რომანი იმდენად გახმაურებული იყო, რომ ჰოლივუდი შეთავაზებას ადვილად დასთანხმდა და ფილმის რეჟისორი თავად ჯორჯ სიტონი გახლდათ. საინტერესოა, რომ ფილმის ტექნიკური დირექტორი ქართველი, ლადო ბაბიშვილი იყო. მთავარ, ჯორჯ და ელენის, როლებზე მიიწვიეს ცნობილი ამერიკელი კინოვარსკვლავები – ხოსე ფარერი და კიმ ჰანტერი. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები. ფანდურები, რომლებიც ფილმის გადაღებების დროს გამოიყენეს, დღესაც ინახება ალექსანდრე ფუტკარაძის სახლში. მუსიკა შექმნეს კომპოზიტორმა იუნგმა და ალექსანდრე ფუტკარაძემ. ფილმი გადაიღეს, თუმცა სამწუხაროდ, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორც რომანი. რომანი თხუთმეტ ევროპულ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ჩინურად და იაპონურად. „ყველაფერი შეიძლება მოხდეს” ურდუს ენაზეც ითარგმნა. გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ურდუ გავრცელებული ენა იყო პაკისტანში, ბანგლადეშში, შრი-ლანკაში, არაბეთის ქვეყნების უმეტესობაში და ინდოეთის მოსახლეობის დიდ ნაწილში. მასშტაბები უდავოდ შთამბეჭდავია. ქართველი ემიგრანტის რომანს მთელი მსოფლიო კითხულობდა. გიორგი პაპაშვილი 1950 წელს „ამერიკის რჩეული ბიბლიოთეკის” საპატიო ავტორადაც აღიარეს.
– მის სხვა რომანებს თუ ხვდა წილად ამხელა პოპულარობა?
– მეუღლეთა კალამს ეკუთვნის სხვა ნაწარმოებებიც: „ძაღლები და ადამიანები”, „სახლი და ისევ სახლი” და მრავალი სხვა. მათვე 1946 წელს გამოსცეს ქართული ხალხური ზღაპრების წიგნი „yes and no stories”. გიორგი პაპაშვილი იყო შესანიშნავი, აღიარებული სკულპტორი. ძირითადად, ქმნიდა ცხოველთა სკულპტურებს. ერთ-ერთი მათგანი – „რაში” საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. მისი ნამუშევრები ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ მუზეუმის ექსპოზიციას ამშვენებს. ხელოვანი არჩეული იყო რამდენიმე პრესტიჟული საზოგადოების წევრად. 1979 წელს პენსილვანიაში გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. მის შესახებ ტერმინსტატიები შეტანილია რამდენიმე მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ გამოცემაში. პაპაშვილი მოხსენიებულია შეერთებული შტატების მეოცე საუკუნის ამერიკული მწერლობისა და ხელოვნების ანთოლოგიაში.