რატომ დააფუძნა ორმა ქართველმა გოგონამ ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაცია და როგორ აპირებენ ისინი საქართველოსა და ეთიოპიის შემდეგ არგენტინისა და ჩილეს შესწავლას
„ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი წარმატების ჯილდოა – დაეხმარო ნაკლებად იღბლიან ადამიანებს, მათ, რომლებიც მოკლებულნი არიან ოჯახურ სითბოს, მშობლების სიყვარულს, იმას‚ რაც ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. შეიძლება‚ მთელი ქვეყანა ვერ გადავარჩინოთ, მაგრამ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვცადოთ და ვაქციოთ სამყარო უკეთეს ადგილად – ეს არის ნებისმიერი ადამიანის მოვალეობაც და ჯილდოც, რაც ცხოვრებას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. თუნდაც, რამდენიმე ბავშვს რომ დავეხმაროთ, სრულყოფილ პიროვნებად, საზოგადოების ნამდვილ წევრებად ჩამოყალიბებაში, ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება“‚ – ეს სიტყვები ორ მშვენიერ გოგონას: ანი ამირიძესა და მარი ქინქლაძესა ეკუთვნით. ერთი შეხედვით ლამაზმა, ნაზმა, სიფრიფანა გოგონებმა, სინამდვილეში კი საკმაოდ ძლიერმა პიროვნებებმა, გადაწყვიტეს, ამერიკაში დაეარსებინათ საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „Honore vitae”, რომელმაც ორ წელიწადში საერთაშორისო სტატუსი მიიღო. ახლა ისინი მზრუნველობას უწევენ ქართველ და ეთიოპიელ ბავშვებს, ზრუნავენ მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე და, რაც მთავარია‚ ისინი სხვა ქვეყნებში ამ კუთხით მდგომარეობის შესწავლასაც გეგმავენ.
ორი ქართველი გოგონას საქველმოქმედო ტანდემი ამერიკაში
მარი ქინქლაძე: 16 წლიდან ამერიკაში ვცხოვრობ, იქ დავამთავრე საშუალო სკოლა და „კოლუმბია უნივერსიტეტის“ პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტი. უკვე ხუთი წელია‚ ქველმოქმედებაში ვარ ჩართული და ორი წელია‚ რაც საკუთარი საქველმოქმედო ორგანიზაცია „Honor Vitae” დავაარსე, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მათ განათლებასა და უფლებების დაცვაზე. ეს ყველაფერი აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო: ეთიოპიაში ვიყავი ვიზიტით და, ამერიკაში რომ ჩამოვედი, ანის საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნის შესახებ მოვუყევი, მან მაშინვე აიტაცა იდეა და შემომთავაზა, ეს საქართველოშიც გაგვეკეთებინა და ქართველ ბავშვებს დავხმარებოდით. რა თქმა უნდა‚ დავთანხმდი, რადგან ჩემი დიდი მიზანი ყოველთვის ქართველი ბავშვების დახმარება იყო. ჩვენთან ერთად ორგანიზაციის დამფუძნებელია სალომე ბეღელაძე, რომელმაც ამ ეტაპზე თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ნიუ-იორკიდან აგვარებდა საქმეს.
ანი ამირიძე: სხვა ქვეყნებსაც ვეხმარებით, მაგრამ, მოვიტყუებით, თუ ვიტყვით‚ რომ საქართველო და ქართველი ბავშვები ჩვენთვის განსაკუთრებულები არ არიან. ამიტომ‚ ახლა ვმუშაობთ პროექტზე – საქართველოში ვაპირებთ „ჰონორა ვიტას“ ფილიალის გაკეთებას.
მარი: ეთიოპიაში უკვე ავაშენეთ სკოლა, სადაც 276 ბავშვი სწავლობს, მაგრამ ფილიალი ჯერ არსად გაგვიხსნია და პირველი საქართველოში იქნება.
ანი: ავაშენებთ კომპლექსს, თავისი სკოლით, სპორტული დარბაზით, ყველაფრით უზრუნველყოფილს. უკვე მიმდინარეობს ტერიტორის ძებნა თბილისის მიდამოებში და მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიებთან. ჩვენი მთავარი მიზანია შერჩეული ტერიტორია იყოს უსაფრთხო და დაცული. ლიმიტი ჩვენს ფინანსებზეა დამოკიდებული; თუ დღეს შევძლებთ‚ დავეხმაროთ 20 ბავშვს, ხვალ ასს დავეხმარებით, ზეგ კი – უფრო მეტს და მეტს.
მარი: თუ ბავშვს დასჭირდება ექიმის, ფსიქოლოგის დახმარება, ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ.
ანი: ბავშვებს ჩაუტარდებათ ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევები – სისხლის საერთო ანალიზი და ასე შემდეგ.
მარი: ადრეც ვიყავი ჩამოსული და „ჩვენი სახლის“ ბავშვებსა და მასწავლებლებს ლეპტოპები დავურიგეთ, რადგან დღეს კომპიუტერის გარეშე განათლების მიღება ცოტა წარმოუდგენელია. მეორე ჩამოსვლაზე ბავშვები უფრო მეტად განვითარებულები დაგვხვდნენ – ისეთ კითხვებს მისვამდნენ‚ გაოცებული დავრჩი. მათ უკვე აქვთ ინტერნეტი და იმის საშუალება, რომ ბევრ რამეზე მიიღონ ინფორმაცია, მათ შორის იმაზე‚ თუ რა არის მათი უფლებები, ქველმოქმედება; სწავლობენ‚ რა არის თავისუფლება, რადგან, ჯანმრთელობასთან ერთად, მნიშვნელოვანია‚ იცოდნენ და დაიჯერონ საკუთარი უფლებები. ბავშვები ხშირად მიგზავნიან წერილებს. ერთმა მთელი გულით და სულით მთხოვა – ჩემი დედა გახდიო. მათ ყველაზე მეტად მშობლების სითბო აკლიათ, ამიტომ, მე და ანიმ გადავწყვიტეთ, მთელი დღე მათთან ერთად გაგვეტარებინა და წაგვეყვანა მაღაზიებში, მათთან ერთად აგვერჩია სამოსი. ამ მიზნით, 13 ივლისს „ჩვენი სახლის“ ბავშვები მაღაზია „ზარაში“ წავიყვანეთ და ვუყიდეთ ის, რაც უნდოდათ და რაც სასექტემბროდ, ზღვაზე დასასვენებლად დასჭირდებათ.
ანი: ყველაფერი ვუყიდეთ, რაც უნდოდათ და ძალიან ბედნიერები იყვნენ, ჩვენ კი ამ დროს ვიყავით გადაღლილები, მაგრამ, უბედნიერესები, რადგან, ამ ყველაფერმა მათში საოცარი სიხარული გამოიწვია. საღამო „მაკდონალდსში” დავასრულეთ ვახშმით, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მარი: ასევე‚ სადილი გავმართეთ რესტორან „კრუიზში,“ დავპატიჟეთ ბავშვები და ასევე, მოხუცები თავშესაფრიდან, რადგან, მათ საოცრად უხარიათ, როდესაც ამ ბავშვებს ხედავენ გახარებულებს.
ანი: საღამოს ბავშვებმა გვთხოვეს‚ ჩვენთან სახლში ამოდითო და უარი ვერ ვუთხარით. უამრავი კითხვა დაგვისვეს, დიდი სურვილი ჰქონდათ ცნობილ სახეებს შეხვედროდნენ. უკვე ღამე იყო, ძალიან ვიყავით დროში შეზღუდებული, მაგრამ, მეორე დღეს მაინც ავუსრულეთ ოცნება – გავაცანით: „სეიშენის“ ბიჭები, თემო რცხილაძეც და პოეტი – რეზი ქინქლაძე, რისთვისაც, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს – მათ ბავშვებს არაჩვეულებრივი საღამო აჩუქეს.
საერთაშორისო სტატუსი, ფინანსები
მარი: ჩვენმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ მოიპოვა საერთაშორისო სტატუსი, ამიტომაც, ჩვენი დონორები – კორპორაციები, ბანკები, ანუ, ვინც დონაციას გააკეთებს, თავისუფლდება სახელმწიფო გადასახადებისგან – ეს ჩვენი პრივილეგიაა. ზოგადად‚ ხუთი წელი მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ საერთაშორისო სტატუსი მოიპოვო. ჩვენ ამ ორ წელიწადში იმდენი რამ გავაკეთეთ, რომ ეს სტატუსი დაჩქარებული წესით მოგვანიჭეს – ჩვენი ადვოკატიც კი გაოცებული იყო.
ანი: ეთიოპიაში ჩვენ ავაშენეთ სკოლა, რის შედეგადაც 276 ბავშვს მიეცა საშუალება მიეღო საშუალო განათლება. აგვისტოს ბოლოს ვბრუნდებით ეთიოპიაში და დამატებით კიდევ 67 ბავშვზე ავიღებთ მზრუნველობას. სწორედ საქმეში ასეთმა აქტიურმა ჩართულობამ მოგვიტანა სწრაფი სტატუსი, რის შედეგადაც, რამდენიმე დიდი ფონდი დაინტერესდა ჩვენით. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკის ერთ-ერთი დიდი ფონდი, რომელმაც გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღო კონკრეტულად ქართული პროექტების განხორციელებაში. ასევე არიან ფონდები, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობის სურვილს გამოთქვამენ. ყველაზე მნიშვნელოვანია მათ დაინახონ შედეგები, რაც ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის გარანტიაა. ჩვენ ძალიან კარგი რეპუტაცია გვაქვს და, თავდაუზოგავი შრომით ვცდილობთ დონორების მეტი ნდობა მოვიპოვოთ.
მარი: გარდა ამისა‚ ყოველ წელს გვაქვს „ფონდრეიზერები“, სადაც იმართება გალერეის გახსნა, კონცერტი, დიზაინერთა ჩვენებები და, მასში ვმონაწილეობთ როგორც ჩვენ, ასევე, სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები; ვიწვევთ იმ ხალხს‚ ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული. აქ ყველას ერთი მიზანი აერთიანებს – ქველმოქმედება და, სწორედ აქ ხდება ხშირად დაფინანსების მოპოვებაც.
ანი: თავიდან, როდესაც საქმიან შეხვედრაზე მივდივართ, ყველა გაოცებული გვიყურებს – ფოტოგრაფები, მოდელები, ანუ, პროექტის მონაწილეები, „ფეისები“ ვგონივართ; მაგრამ, მერე „ჰონორა ვიტას“ განხორციელებულ პროექტებს, ჩვენს გეგმებს რომ გადავუშლით და სერიოზულ საკითხებზე დავიწყებთ საუბარს, სახეზე ყველას დიდი გაოცება აწერია – თქვენ ეს რაები გაგიკეთებიათო. ამ საქმის იქით ჩვენ ორივე ძალიან დაკავებულები ვართ, მარიმ ახლახან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი, მე რამდენიმე წელია მოდელი ვარ ამერიკაში ისეთი ცნობილი ტანსაცმლის ბრენდების, როგორიც არის „მარკ ჯაკობსი“, „ჯუსი კუტიური“ და სხვა. ჩვენს ასაკში ქველმოქმედებაში ასეთი აქტიური ჩართვა მათ კეთილგანწყობას იწვევს. ამ კეთილგანწყობას კი, ჩვენი მხრიდან გონივრული მუშაობით გამყარება სჭირდება.
მარი: ეს‚ რა თქმა უნდა‚ არ არის მარტივი, მყარი ნერვები გჭირდება. ამიტომაც ვამბობ, რომ, სწორედ ქველმოქმედებაა ჩემი შეყვარებული. ანი „დედა ტერეზას” მეძახის.
ეთიოპიაში მიღებული დიდი შოკი
მარი: აგვისტოს ბოლოს ეთიოპიაში გვაქვს დაგეგმილი ვიზიტი და ერთად გავემგზავრებით. ოქტომბერში მივდივართ ჩილეში, არგენტინაში, რათა, გავიგოთ‚ იქ რა მდგომარეობაა ამ კუთხით, შევისწავლოთ; შემდეგ დავწერთ პროექტს და, თუ მივიღებთ დაფინანსებას, ამ ქვეყნებზეც ვიმუშავებთ. მე ვმუშაობდი ავსტრიის არასამთავრობო ორგანიზაციაში და მათი წარმომადგენელი ვიყავი ამერიკაში. მისი დამფუძნებელი არის ეთიოპიაში გაზრდილი ადამიანი, რომელსაც პატარაობისას გამოუჩნდა სპონსორი, მისცა განათლება და, იმდენი ქნა‚ ავსტრიამდე ჩამოაღწია და დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო გახადა. სწავლასთან ერთად, მათთანაც ვმუშაობდი და ასე შედგა ეთიოპიაში ჩემი პირველი ვიზიტი ხუთი წლის წინ. ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ავსტრიაში, ნიუ-იორკში; დაიბეჭდა ფოტოები. ამის მერე რამდენჯერმე ვიყავი უკვე ჩვენი ორგანიზაციის სახელითაც – მაშინ ანიმ ვერ მოახერხა წამოსვლა. პირველად‚ როდესაც ეთიოპიაში ჩავედი, ბავშვებზე არაფერს ვამბობ, ცხოველები რომ დავინახე, რომლებიც საშინლად გამხდრები, გადაქცევაზე არიან, ლამის მათთვისაც დავიწყე ქველმოქმედება. იმხელა სტრესი იყო, პირველ ჩასვლაზე ხუთი კილო დავიკელი, ვერანაირ ხორცს ვერ ვჭამდი, თვეების განმავლობაში ვეგეტარიანელი გავხდი, ახლა უკვე შევეგუე. სერიოზული ტრავმა გადაგაქვს, მაგრამ, რაც არ გკლავს, ის უფრო ძლიერს გხდის... შოკში ჩავვარდი, როდესაც მეგონა‚ რომ ქუჩაში ნაგავი ეყარა და თურმე, ხალხს ეძინა. ტალახში, ქუჩაში ცხოვრობს ეს ხალხი, წვიმაში, სიცხეში და, ეს არის მათი სახლი. მაშინ მივხვდი‚ როგორი ბედნიერი ვარ, საქართველოში რომ დავიბადე. რა თქმა უნდა‚ დაცვით დავდიოდით, შემოვიარეთ ბევრი ადგილი. პირველ ჩასვლაზე ვიპოვე დაახლოებით 13 ბავშვი, რომლებიც საფლავზე ცხოვრობდნენ, მათ შორის ყველაზე უფროსი 14 წლის იყო და ის უწევდა დანარჩენებს მზრუნველობას. ბამბუკისგან ააშენეს ქოხები წვიმაში, მზეში, საფლავზე ცხოვრობდნენ. ყველა ბავშვი წამოვიყვანეთ და ჩვენს სკოლაში მივიყვანეთ. მიუხედავად იმისა, რომ მათ არაფერი აქვთ, ძალიან კარგები, კეთილები, თბილები არიან, უხარიათ ადამიანების დანახვა, ჩამოსულების მიმართ ნდობა აქვთ და ისეთი თვალებით გიყურებენ, იციან, რომ დაეხმარები.
ანი: მარი ცდილობს მეც ფსიქოლოგიურად შემამზადოს ეთიოპიაში ვიზიტისთვის. ეთიოპიის მერე უკვე არგენტინასა და ჩილეში ვაპირებთ ჩასვლას და იქაური სიტუაციის შესწავლას. ყველა ქვეყანაში არის კორუფცია, ამის გაკონტროლება დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ არ არის შეუძლებელი. ჩვენი მთავარი მიზანია, ვიცოდეთ გადარიცხული თანხის რა ნაწილი ხმარდება ბავშვებს.
მარი: საქველმოქმედო ღონისძიებებში ხშირად ცნობილი სახეებიც მონაწილეობენ, ამიტომ‚ მოლაპარაკება მიდის ექსპრეზიდენტ კლინტონთან, მას პირადად შევხვდი და ვისაუბრეთ, ახლა კი მის მენეჯერთან მიდის მოლაპარაკება და, თუ ჩვენი და მათი ორგანიზაციების მიზნები დაემთხვევა, შეიძლება, ჩვენი თანამშრომლობა შედგეს. თუ არ გამოვა, მაშინ, სხვა ცნობილი სახე გვეყოლება, ოღონდ, ისეთი‚ რომელიც სიტუაციას მოერგება, რადგან, არ გვინდა რეპუტაციის გაფუჭება.
ანი: ამისთვის დიდი სიფრთხილეა საჭირო, ამიტომაც‚ გარკვეულწილად ბეწვის ხიდზე დავდივართ, მაგრამ დროსთან ერთად გამოცდლება გვემატება. სამყაროში რაც კარგი ხდება‚ ყვლაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა. საქართველოსთან დაკავშირებით უამრავი გეგმა გვაქვს და‚ უპირველეს ყოვლისა‚ გვინდა, ჩვენს ქვეყანაში განვითარდეს ქველმოქმედების კულტურა. რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით ამ საქმეში ჩართული‚ მით უფრო მეტ ბავშვს დავეხმარებით ჯანსაღ, სრულყოფილ ადამიანებად ჩამოყალიბებაში.