რატომ გააერთიანა ჯიმი ეტრომ ბიზანტიისა და ოტომანთა იმპერია ერთ კოლექციაში
ჯიმი ეტროს მიერ მეოცე საუკუნის შუა რიცხვებში დაწყებულ ბიზნესს, რომელიც გულისხმობდა მხოლოდ განსაკუთრებული ქსოვილების წარმოებას, დღესდღეობით ისევ და ისევ ეტროს ოჯახის წევრები მართავენ. თუმცა, სამოცი წლის განმავლობაში კომპანია „ეტრომ“ უამრავი ცვლილება განიცადა და ამჟამად მოდის სახლი „ეტრო“ ქალის, მამაკაცის, პარფიუმერიისა და სხვა ხაზებს მართავს. „ეტროს“ აქვს თავისი მკვეთრად გამოხატული ხელწერა, რომელიც გულისხმობს: სიჭრელეს სამოსში, კალეიდოსკოპურ ნახატებს, ტყავის განსაკუთრებულ დამუშავებას და ფეხსაცმელებს, რომელიც ყოველთვის კლასიკური და ელეგანტურია.
მაშინ, როდესაც ვერონიკა ეტრო – ჯიმი ეტროს შთამომავალი, დღესდღეობით „ეტროს“ მოდის სახლს მართავს, ახალი კოლექციისთვის ყოველთვის ცდილობს ქსოვილები ისე შეარჩიოს, რომ ქსოვილსა და სილუეტში დასავლეთისა და აღმოსავლეთის საინტერესო შერწყმა მოხდეს, სწორედ ესაა მისი წინაპრების საქმიანობის კულტურულ-ეკლექტიკური გაგრძელება. ამ შემთხვევაში, როგორც თავად ვერონიკამ თქვა, მისი მიზანი იყო გაეერთიანებინა ბიზანტიისა და ოტომანთა იმპერია, რომელთა მაღალი კულტურის ნიმუშებიც დაცულია ლონდონში და მისი ნახვა ვერონიკამ ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიაში მოახერხა.
აქედან გამომდინარე, დიზაინერს არ გასჭირვებია, მოენახა ამ სეზონის მთავარი ტენდენციები, რომელსაც საკუთარ კოლექციაში გაატარებდა – „ბრონზესფერი“, ოქროსფერი, ყავისფერი, თვითონ ოქრო და „ბრონზა“ სამკაულებში – ეს ყველაფერი აშკარად ორი დიდი იმპერიის გავლენის შედეგი იყო. ალბათ, სწორედ ამ მიმდინარეობამ აიძულა ვერონიკა სამოსის ზურგზე გაეკეთებინა, რაც შეიძლება ბევრი მინაკეცი და ასევე ქამარი. ამით კი შეექმნა ისეთივე ფრთების იმიტაცია, როგორიც ბიზანტიურ ხატებზე ანგელოზებსა და წმიდანებს აქვთ. გარდა ამისა, კოლექციაში იყო ნაბეჭდი გამოსახულებანი და შეღებილი ქსოვილები, რომლითაც „ეტრომ“ პატივი მიაგო ულამაზეს თურქულ ხალიჩებს.
ერთი სიტყვით, სულაც არ იყო საჭირო ხელოვნების ისტორიაში მაგისტრის ხარისხი გქონოდა, რომ მიმხვდარიყავი რა ხდებოდა პოდიუმზე.
„ეტრო“ ნელ-ნელა ჩამოყალიბდა როგორც მოდის სახლი, რომელიც განსაკუთრებულ მომხიბლავობას ანიჭებს „დეივეარს“, დღის სამოსს, რომელიც ნაკლებად ბრწყინვალე და თვალშისაცემია სხვა მოდის სახლთა კოლექციებში.
რაც შეეხება კონკრეტულ რჩევებს, რომელიც შეიძლება თბილისელ „მოდნიცებს“ მივცეთ, არის ის, რომ შეარჩიონ თბილი ფერები შემოდგომაზეც და ზამთარშიც – ბევრი ყავისფერი, კრემისფერი და ოქროსფერი, მელიის ბეწვით გაწყობილი ჟილეტები, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა თბილისშიც. რაც შეეხება ფეხსაცმელს, აქტუალურია ღია ფეხსაცმელი, რომელთანაც შეგიძლიათ თბილი კოლგოტი ან ნაქსოვი წინდა ჩაიცვათ. ისევ და ისევ მოდაშია კლასიკური მოკლე, კოჭამდე შარვლები წინ ნაკეცით უფრო მკაცრი და საქმიანი იერი რომ მიენიჭოს.
თუ ქვედა კაბებზე ვისაუბრებთ, „ეტროს“ წარმოდგენილი აქვს მაღალწელიანი ოქროსფერი ქვედა კაბები, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შთაგონებას, რომლითაც კოლექცია შეიქმნა. „ბრონზესფერი“ იყო კლასიკური ტიპის პიჯაკები, რომელთა ჩაცმასაც ვერონიკა ეტრო ყოველდღიურ ცხოვრებაში გვირჩევს. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო საღამოს კაბებიც – სადა და ელეგანტური, ნაზი და საოცრად ქალური, მუხლამდე კაბები, ღია ფეხსაცმელთან და ჭყეტელა ჩანთასთან ერთად ულამაზეს ანსამბლს ქმნიდა.