მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28(550)-29(603)
რა არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ პირველად მესმოდა, რომ ნარკობარონები წყალქვეშა ნავით სარგებლობდნენ და კარლოს ვკითხე:
– თუ გინდათ, ნუ მიპასუხებთ, მაგრამ, საოცარია, როგორ იყიდეთ ასეთი ტრანსპორტი, თუნდაც ძველი და შეიარაღებიდან ამოღებული?
– თქვენ ფული თქვით, თორემ, რას არ შეიძენს კაცი შავ ბაზარზე, – გაეცინა კარლოს და დაამატა: – რატომაც არ გეტყვით. ამ წყალქვეშა ნავს მხოლოდ ბირთვული ქობინები არ აქვს, საბრძოლო ტორპედოები კი თავის ადგილზე და ერთხელ გამოვცადეთ კიდეც. უნდა გითხრათ, რომ ძალზე შთამბეჭდავად მოქმედებდა. ხოლო, რაც შეეხება ამ ნივთის შეძენას, ჩემმა ნაცნობმა ადმირალმა ეს ნავი ჩამოწერილ მცურავ ობიექტთა სევასტოპოლის სადგომიდან გამოგვატანა, საბუთებში კი ჩაწერა, რომ „პლ-10“ ნაწილებად დაიჭრა. ათი მილიონი დოლარი „ქეში“ მას შავი ჩემოდნით მივუტანეთ სახლში და ეს ძვირფასი ტრანსპორტი ჩვენი კუთვნილება გახდა. უნდა გითხრათ, რომ ეს უეფექტურესი საშუალება ძალიან იაფად ვიყიდეთ. ერთ რეისში მინიმუმ ასი მილიონი დოლარი დაგვრჩა და თავისი ღირებულების ათმაგი რაოდენობა უკვე პირველ რეისშივე ამოიღო.
– ტრანსპორტს ხომ შესაბამისი მართვა და მომსახურება სჭირდება, ეკიპაჟს სად შოულობთ?
– ეგ კიდევ უფრო ადვილი და იაფი საქმეა. ამქვეყნად იმდენი გამოცდილი და უმუშევარი მეზღვაურია, ქვა რომ ააგდო უმუშევარ მეზღვაურს დაეცემა თავზე. ოცკაციანი ეკიპაჟი იმავე ადმირალმა გვიშოვა, ვინც ეს ნავი მოგვყიდა. ოცივე გამოცდილი, თავისი საქმის უბადლო მცოდნეა, კაპიტანი კი, საბჭოთა კავშირის გმირია და დედამიწის ყველა ოკეანისა თუ ზღვის გასასვლელ-გამოსასვლელი იცის. ის ისე ოსტატურად მართავს ნავს, ეშმაკიც ვერ მოიხელთებს.
– მაგარია! – გულწრფელად ვუთხარი კარლოს, გულის სიღრმეში კი კვლავ საბჭოური ნოსტალგია მომეძალა და უკვე მერამდენეჯერ შევაგინე გორბაჩოვს, რომელმაც ასეთი უზარმაზარი ქვეყანა გაანადგურა, მისი პატრიოტი, ერთგული და დამსახურებული მოქალაქეები კი გაჭირვების გამო ასეთ უკუღმართ გზაზე დააყენა.
– მართლაც, ძალიან მაგარია, – სიამაყით დამიდასტურა კარლომ და მკითხა: – ტვირთი უკვე გამზადებულია?
– ორ-სამ დღეში იქნება მზად, – მივუგე კარლოს და ვკითხე, – ეგ ნაცრისფერი კუნძული სად არის?
– აქვე, რიოს ყურედან ათ კილომეტრში. ჩემი საკუთრებაა და ზოგჯერ იქ სხვადასხვა ტვირთს ვინახავ ხოლმე. სხვათა შორის, ახლა იქ მივდივართ და, თუ გნებავთ, წამომყევით.
– კეთილი, წავედით, – ვუთხარი კარლო დე სოუზას და მის ულტრათანამედროვე იახტაზე ავედი, რომელიც ძალიან კომფორტული, სწრაფმავალი და მდიდრულად მორთული იყო.
ეგრეთ წოდებული „ნაცრისფერი კუნძული“ სამი პატარა კლდისგან შედგებოდა, რომელთა შუაშიც ვაკე ადგილი იყო და მასზე ფეშენებელური ვილა იდგა. კლდეებში არსებულ ბუნებრივ გამოქვაბულებს საწყობებად იყენებდნენ – იქ ნარკოტიკებს მალავდნენ. კუნძულზე კბილებამდე შეიარაღებული მამაკაცთა ოცეული იყო განლაგებული და ისინი ოცდაოთხი საათის განმავლობაში სდარაჯობდნენ იქაურობას.
– ესენი ჩემი უერთგულესი ხელქვეითები არიან და ჩემ გამო დაუფიქრებლად გასწირავენ თავს, – მითხრა კარლომ და დაამატა: როდესაც კონტეინერი მზად იქნება, რამდენიმე მათგანი გადმოგატანინებთ აქ ტვირთს, შემდეგ ჩვენც მოვცურდებით და ევროპისკენ ავიღებდი გეზს.
– კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, კარლო.
– ბრძანეთ, სენიორ ხოზე.
– ოთხი-ხუთი კაცი უნდა დამახმარო, რომ კონტეინერი მომამზადებინონ.
– კი, ბატონო. ბრძანეთ, სად და როდის გეახლონ?
– ხვალ, საღამოს შვიდ საათზე.
– კარგი, ხვალ, შვიდ საათზე ჩემი ხუთი ხელქვეითი ნავსაყუდელთან დაგელოდებათ და, რასაც უბრძანებთ, იმას გააკეთებენ.
ნაცრისფერ კუნძულზე ერთი საათი დავყავი. შემდეგ კარლოსა და მის ვაჟს დავემშვიდობე და დე სოუზას ერთ-ერთი ხელქვეითის თანხლებით რიოს ნავსაყუდელზე დავბრუნდი. ცოტა რომ დავისვენე, რიოს ერთ-ერთი სასაფლაოსკენ გავემართე, სადაც დამხობილი დიქტატორის გატაცებული განძი იყო დამარხული. მითითებულ საფლავთან მივედი, თხრა დავიწყე და ერთი მეტრის სიღრმეზე დამარხული ყუთი ვიპოვე, რომელიც, სავარაუდოდ, განძი უნდა ყოფილიყო.
„ადგილზეა. ძალიან კარგი“, – ვთქვი გუნებაში, შემდეგ საფლავს მიწა მივაყარე. იქაურობა ბალახით შევნიღბე და ბინაში გავემართე, რომელიც ერთი კვირით მქონდა ნაქირავები. მეორე დღეს კი, დილიდანვე სპეციალურ მაღაზიაში გავემართე და რკინის კონტეინერი შევიძინე, რომელიც მუშებს ნავსაყუდელზე მივატანინე. იმავე საღამოს, კარლო დე სოუზას ხუთი ხელქვეითი მოვიდა და მე ისინი სასაფლაოზე წავიყვანე, თან უზარმაზარი ტომრები წამოვაღებინე და წინასწარ გავაფრთხილე, რომ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით ყოფილიყვნენ. სასაფლაოსთან რომ მივედი, სოუზას ხელქვეითები თხრას შეუდგნენ, მე კი გადატენილი პისტოლეტი მქონდა ქამარში გარჭობილი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლი გამეხსნა.
კარლო დე სოუზას ხელქვეითები ძალიან მშვიდად, აუღელვებლად მუშაობდნენ და ჩემს ყოველ სიტყვას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. მათ არც მაშინ დაურღვევიათ სიმშვიდე, როდესაც ხუთასი ოქროს ზოდი ოც ტომარაში ჩააწყვეს, ზედ სეიფიც დაადგეს და შემდეგ მთელი ეს ტვირთი უზარმაზარი ფურგონით ნავსაყუდელში წამაღებინეს. იქ კი ეს ყველაფერი სატვირთო კატერზე გადატვირთეს, რომლითაც კუნძულზე ნარკოტიკებს ეზიდებოდნენ და კარლოს კუთვნილი ნაცრისფერი სამფლობელოსკენ ავიღეთ გეზი...
მიუხედავად იმისა, რომ კბილებამდე შეიარაღებული უცხო ხალხის გარემოცვაში ვიმყოფებოდი, წამითაც არ შემშინებია და ვგრძნობდი, რომ მათგან ხიფათი არ მელოდა. ნაცრისფერ კუნძულზე კონტეინერით ჩატანილი განძი, უბრალოდ, ერთ ოთახში შევინახეთ და მას არავინ გაჰკარებია. ორი კვირის შემდეგ კი, კუნძულიდან ორას მეტრში საბჭოთა წყალქვეშა ნავმა ამოყვინთა, რომელიც ამჟამად კოლუმბიური ნარკოკარტელის კუთვნილება იყო. შემდეგ იქიდან კარლო დე სოუზა გადმოვიდა, კუნძულიდან გაგზავნილმა კატერმა კი ის უკან მოიყვანა.
– ხომ არ მოიწყინეთ, სენიორ ხოზე? – მკითხა სოუზამ.
– არა. მშვენიერი ადგილია და მოპყრობაც სათანადო.
– ტვირთის საქმე როგორაა?
– ყველაფერი რიგზეა.
– კეთილი. ერთ საათში გავდივართ, მანამდე კი ჩემს ვაჟს მოვესიყვარულები.
ზუსტად ერთი საათის შემდეგ მე ჩემი ტვირთით და კარლო დე სოუზა წყალქვეშა ნავზე ავედით და ევროპისკენ ავიღეთ გეზი.
– სენიორ ხოზე, მოწყენილობას გამჩნევთ სახეზე, – მითხრა კარლო დე სოუზამ, როდესაც ნავი ჰერმეტულად ჩაკეტეს და ფსკერზე დაშვება დაიწყო.
– ასეთ უჩვეულო სიტუაციაში პირველად ვარ და ცოტა არ იყოს, დავიბენი, – მოვატყუე დე სოუზა, რადგან წყალქვეშა ნავზე უკვე მეორედ შევდგი ფეხი. სხვათა შორის, პირველადაც სწორედ ამ ნავით ვიმოგზაურე, როდესაც ერთ-ერთი საკრუიზო გემიდან ცნობილი ტერორისტი მოვიტაცე და ის პირადად ჩავიყვანე მოსკოვში.
– მე კი უკვე მეორედ ვმგზავრობ. პირველად რომ შევდგი მასზე ფეხი, თქვენი არ იყოს, მეც დავიბენი და შიშმაც კი შემიპყრო.
– ჰო, მართლა, ძალიან საშიში ხომ არ არის წყალქვეშ მგზავრობა, წყალქვეშა მეკობრეები ხომ არ დაგვესხმებიან თავს? – ნახევრადხუმრობით ვკითხე დე სოუზას, მან კი მითხრა:
– წყალქვეშა მეკობრეები რომ არსებობდნენ, მას ჩვენი გმირი კაპიტანი ისე ოსტატურად დაუსხლტება ხელიდან, რომ თვალის შევლებასაც ვერ მოასწრებდნენ.
– თქვენ, მგონი, მითხარით, რომ ის რუსეთის გმირია, ხომ?
– რუსეთის არა, საბჭოთა კავშირის, – შემისწორა კარლომ და მკითხა: – გნებავთ, კაპიტანს გაგაცნობთ?
– სიამოვნებით, თუკი ეს შესაძლებელია.
– რატომაც არა.
– მაშინ, გამაცანით. მე ცოტა რუსულიც ვიცი და მის მშობლიურ ენაზე დაველაპარაკები.
კარლო დე სოუზამ კაპიტნის კაიუტასთან მიმიყვანა, დააკაკუნა და, რომ შევედით, გმირი კაპიტანი უმალვე ვიცანი. ის მხოლოდ ოდნავ მობერებული ჩანდა, ისე კი, მხნეობა და შემართება არ აკლდა. სოუზას წარდგენის შემდეგ მან ხელი გამომიწოდა და ესპანურად მითხრა:
– დიმიტრი პეტროვიჩი. თუმცა, თქვენთვის ეს ძნელი წარმოსათქმელი იქნება და, შეგიძლიათ, მხოლოდ კაპიტანი დამიძახოთ.
კაპიტანს ხელი ჩამოვართვი, გავუღიმე და რუსულად მივუგე:
– სულაც არა, დიმიტრი პეტროვიჩ. თქვენს თანამემამულეებთან ხშირი შეხვედრები მაქვს და რუსულშიც კარგად გავიწაფე.
დიმიტრი პეტროვიჩი სასიამოვნოდ გაოცებული ჩანდა. მან მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:
– შენ ვერ წარმოიდგენ, თუ როგორ გამახარე, ჩემო მეგობარო. პატივი დამდე და თითო ჭიქა დავლიოთ.
სანამ კაპიტანს ვუპასუხებდი, კარლო დე სოუზამ დამასწრო და გვითხრა:
– ვატყობ, საერთო ენას უჩემოდაც კარგად გამონახავთ. მე კი საქმეები მაქვს და, სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ.
კარლო წავიდა, კაპიტანმა კი სერვანტიდან არაყი და ჭიქები გამოიღო, ჩამოასხა და მითხრა:
– ჩემო ხოზე, ვერ წარმოიდგენ, როგორ მესიამოვნა შენი გაცნობა. განა მარტო იმიტომ, რომ რუსულად მელაპარაკები, არა. რუსების მთელი ეკიპაჟი მყავს. მაგრამ, ისინი რუსები არიან და სხვა ენაზე ვერც დაელაპარაკები, რადგან, უბრალოდ, არ იციან სხვა ენა. მე იმან გამახარა, რომ შენ, უცხო ტომის კაცი, ასე კარგად ლაპარაკობ რუსულად და ერთგვარი ნოსტალგიაც კი გამიჩნდა.
– ნოსტალგია?
– ნოსტალგია, ნოსტალგია და, ახლავე აგიხსნი, რაშია საქმე, – მითხრა კაპიტანმა და ამოიხვნეშა, – სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა და მე ჩემს წყალქვეშა ნავს დედამიწის წყლების უკიდეგანო სივრცეებში დავატარებდი, მწამდა, რომ ამით ჩემი სამშობლოს სადარაჯოზე ვიდექი. ეს ასეც იყო. მაგრამ, ამ ყველაფერს წამში მოეღო ბოლო და საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან, სიამაყე წაგვართვეს. მოვალეობის გრძნობა დავკარგეთ და უდაბნოში უაზროდ მოხეტიალე აქლემების ჯოგს დავემსგავსეთ. ახლაც ასე ვარ და, მართალია, ფული არ მაკლია, მაგრამ, მაინც იმ გზააბნეულ უდაბნოს აქლემს ვგავარ, რომელმაც არ იცის, სად და რატომ მიდის. შენმა გამოჩენამ კი ჩემი უკვე არარსებული სამშობლო გამახსენა. მაშინ რუსულ ენაზე მოლაპარაკე უცხოელს რომ შევხვდებოდი სადმე, მიხაროდა. შენმა გაცნობამ ის მშვენიერი დრო გამახსენა და ჩემი ნოსტალგიური განწყობაც ამის შედეგია.
კაპიტნის განწყობა კარგად მესმოდა, რადგან, მეც ხშირად ჩავვარდნილვარ ასეთ დღეში და ნოსტალგია ჩემთვის უცხო ხილი არ იყო. დიმიტრი პეტროვიჩის გაოცება და სიხარული მაშინ უნდა გენახათ, მე რომ მისთვის ჩემი ვინაობა გამემხილა და ძველი ამბავი გამეხსენებინა. ამის გამო მას შეიძლება, გულიც კი გასკდომოდა ჭარბი ემოციისგან, მაგრამ, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მე მას ვუთხარი:
– რას იზამთ, კაპიტანო, ასეთია ცხოვრება. მუდმივი ამქვეყნად არაფერია, ყველა და ყველაფერი იცვლება.
– მართალია, ჩემო ხოზე, მართალი, თუმცა, ძალიან სამწუხაროა. ამიტომ, მინდა, რომ ჩემი აწ უკვე არარსებული, მაგრამ, ჩემს გულში ცოცხალი საბჭოთა სამშობლოს სადღეგრძელო შევსვა. გაუმარჯოს დიად საბჭოთა კავშირს! – დიმიტრი პეტროვიჩმა არაყი გადახუხა, შემდეგ მუსიკალური ცენტრი ჩართო, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერა და თავადაც ამღერდა, თან იცრემლებოდა...
სიმართლე რომ ვთქვა, კაპიტნის საქციელმა მეც ძალიან ამიჩუყა გული და ლამის მას ავყევი, მაგრამ, დროზე მოვთოკე თავი და ვუთხარი:
– კარლომ ძალიან გაქოთ, დიმიტრი პეტროვიჩ და, ვიცი, რომ თქვენი სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურება გაქვთ. ასე ბედის ანაბარა რატომ მიგატოვეს?
– ეჰ, ჩემო კარგო მეგობარო, ჩემნაირი მილიონია და ყველამ ჩემსავით კი ვერ უშველა თავს.
– კი მაგრამ, ყველა ხომ საბჭოთა კავშირის გმირი არ არის?
– თავისებურად ყველა გმირია. ის, ვინც თავის სამშობლოს ერთგულად ემსახურება, გმირია და აუცილებელი არ არის, რომ მას მკერდზე ოქროს ვარსკვლავი დაჰკიდონ.
– და, მაინც, ვარსკვლავი სულ სხვაა...
– ეს. უბრალოდ, აღიარებაა და მეტი არაფერი. მე ჩემს სამშობლოს ამ ვარსკვლავის გარეშეც უანგაროდ ვემსახურებოდი.
– დიმიტრი პეტროვიჩ, ნება მიბოძეთ, ერთი სადღეგრძელო ვთქვა, თუ, რა თქმა უნდა, არ მიწყენთ.
– ბრძანეთ, ჩემო კარგო მეგობარო.
მე ჭიქები არყით შევავსე და ვთქვი:
– ამ ჭიქით, ჩემო კაპიტანო, ყველა იმ გმირს გაუმარჯოს, თქვენი თამადობით, ვინც თავის სამშობლოს ერთგულად და უანგაროდ ემსახურება!
– გაუმარჯოს! – კაპიტანმა მომიჭახუნა და არაყი გადაკრა, მე კი მას ვუთხარი:
– თუ საიდუმლო არ არის და არ შეწუხდებით, იქნებ მომიყვეთ, რის გამო მიიღეთ გმირობა?
– კეთილი, მოგიყვებით, მაგრამ, ჯერ თქვენი სადღეგრძელო დავლიოთ, – თქვენობით მომმართა კაპიტანმა და დაამატა, – ჩვენში იტყვიან, სტუმარი ღვთისააო და ღმერთის გამოგზავნილ კაცს, ამ შემთხვევაში – თქვენ, გაგიმარჯოთ!
მესამე ჭიქას დიმიტრი პეტროვიჩმა ყველის ნაჭერი დააყოლა და მითხრა:
– მაშ, შენ გაინტერესებს, რისთვის მომანიჭეს გმირობა, ხომ?
– დიახ, ძალიან მაინტერესებს.
– რისთვის და, სპარსეთის ყურიდან ამერიკული არმიის გაბრუნებისთვის. აიათოლა ჰომეინის მთავრობის დასამხობად ამერიკას საომარი მოქმედებების დაწყება ჰქონდა განზრახული და ამის განსახორციელებლად 120 ათასი ჯარისკაცი გადაჰყავდა ფარულად, რომ მოულოდნელი შეტევა დაეწყოთ და ქვეყანაში მარიონეტული რეჟიმი დაებრუნებინათ. როგორც მოგვიანებით უკვე მოსკოვში შევიტყვე, ამ განზრახვის შესახებ საბჭოთა დაზვერვამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ამერიკული არმია ირანის ნაპირებს იყო მომდგარი. ირანში რომ არეულობა და ომი დაწყებულიყო, ეს საბჭოთა კავშირს არანაირად არ აწყობდა. მართალია, არც ჩვენ გვწყალობდა ჰომეინი, მაგრამ, ჩვენთან უფრო კარგ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, კრემლს რომ მისთვის ამერიკული საფრთხის ამბავი შეეტყობინებინა, ამას, ალბათ, ბლეფად ჩათვლიდნენ ირანელები და, რომც დაეჯერებინათ, მაინც ვერაფერს იზამდნენ, რადგან მოუმზადებლები იყვნენ. ამიტომ, საბჭოთა მთავრობამ ბოლო იმედს მიმართა და ამერიკელების ინტერვენციის შეჩერება ატომური შანტაჟით სცადა. იმ პერიოდში მე სპარსეთის ყურეში დავცურავდი და იქაურობას ვზვერავდი. ამიტომ, მე დამიკავშირდნენ და ამერიკული გემების ქარავნის ნებისმიერი ხერხით შეჩერება მიბრძანეს. მაშინ ბორტზე თორმეტი ატომური ბომბი მქონდა, ერთი მათგანი მაშინვე საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე, ამერიკულ ქარავანს, რომელსაც რვა წყალქვეშა ნავი აცილებდა, ქვემოდან მოვექეცი და ეთერში ღია ტექსტი გავავრცელე: „მე, საბჭოთა წყალქვეშა ნავის კაპიტანი, გაფრთხილებთ, რომ, თუ ზუსტად ორი საათის შემდეგ უკან არ გაბრუნდებით და ირანის ინტერვენციას არ გადაიფიქრებთ, ჩემი ატომური რაკეტა თქვენს სამხედრო ხომალდს ააფეთქებს და შედეგებზე ამერიკის შეერთებული შტატები იქნება პასუხისმგებელი!“
ამერიკელები ჯერ გაჩერდნენ. ერთი საათის მერე კი უკან გაბრუნდნენ. ამასობაში საბჭოთა კავშირმა ყველაფერი შეატყობინა ირანს და დაუმტკიცა, რომ ეს ბლეფი არ იყო. მეორე დღესვე ირანმა უახლესი საბჭოთა იარაღი შეისყიდა და ჰომეინიმ თავისი უზარმაზარი არმიის მობილიზაცია მოახდინა, ამ ყველაფერს კი დიპლომატიური მოქმედებებიც დაერთო თან. ასე ჩაფლავდა ამერიკული სამხედრო აგრესია ირანში. ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომს გადავურჩით. მოსკოვში რომ ჩავედი, საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს მედალი კრემლში გადმომცეს.
– დიმიტრი პეტროვიჩ, – ვუთხარი კაპიტანს, – ამერიკელები რომ არ გაჩერებულიყვნენ, მათ ატომურ რაკეტას მართლა ესროდით?
– მთავარია, რომ გაჩერდნენ, ჩემო კარგო მეგობარო, დანარჩენს კი ახლა უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, – დიპლომატიურად მომიგო წყალქვეშა ნავის კაპიტანმა და ამ თემას აღარ დავბრუნებივართ.
პეტროვიჩის წყალქვეშა ნავით კიდევ ორი კვირა ვიცურე, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირის გმირ კაპიტანთან ასეთი ახლო ურთიერთობა აღარ მქონია, სულ რამდენიმეჯერ ვნახე ის და, ისიც, წამით. ხოლო, როდესაც ევროპაში ჩავაღწიეთ და მე და კარლო დე სოუზა ნაპირზე გადავედით, დიმიტრი პეტროვიჩმა ხელი ჩამომართვა და გამომშვიდობების წინ მითხრა:
– სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და წარმატებებს გისურვებთ!
კარლო დე სოუზა მართლაც ძალიან ეშმაკი და მოხერხებული კონტრაბანდისტი აღმოჩნდა. ის ყველა სახელმწიფოში იცნობდა საჭირო ხალხს, ამიტომ, თვით სკანდინავიის ქვეყნების უპატიოსნესმა მებაჟეებმაც კი უპრობლემოდ გაგვატარეს და, რაც უნდა უცნაური იყოს, კინაღამ მოსკოვის სიახლოვეს ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში. საქმე ის იყო, რომ, როდესაც რუსეთის დედაქალაქში შევდიოდით, შუაღამე სრულდებოდა. ჩვენი კონტეინერი სიგარეტების გადამზიდ ფურგონში გვქონდა მოთავსებული და, მიუხედავად იმისა, რომ საბუთები წესრიგში გვქონდა, „გაის“ ყველა პოსტზე 100-100 მანეთს ვუხდიდით მილიციელებს.
ერთ-ერთ ტყიან ზოლთან ორი მოტოციკლისტი წამოგვეწია. მათ გზა გადაგვიჭრეს, გადაჭრილი თოფები მოგვიშვირეს და გაჩერება გვიბრძანეს.
– ეს ნაბიჭვრებიღა გვაკლდნენ, – ვთქვი მე. კარლომ კი დამამშვიდა:
– არა უშავს. ორას-ორას მანეთს მივცემთ და გაგვეცლებიან. ისინი წვრილმანი რეკეტიორები არიან, ასე ვთქვათ, შარაგზის ყაჩაღები. ამიტომ, გავჩერდეთ და მოვურიგდეთ.
– ხომ არ აჯობებდა, რომ გაქცევა გვეცადა? – ვუთხარი მე, მან კი თავი გააქნია და მომიგო:
– არა. გარწმუნებთ, რომ გაჩერება სჯობს.
საჭესთან მე ვიჯექი. ამიტომ, ფურგონი გავაჩერე და ფანჯარა ჩამოვუშვი, კარლო დე სოუზა კი მანქანიდან გადავიდა, ოთხი ცალი ასმანეთიანი გაუწოდა მოტოციკლისტებს და უთხრა:
– აი, ძმებო, გამომართვით, საბაჟო გადასახადი. მე კარგად ვიცი აქაური წეს-ჩვეულებები და პატივს ვცემ მას.
მოტოციკლეტისტებმა კარლოს ფული გამოართვეს და წასვლა დააპირეს, მაგრამ, მოულოდნელად გადაიფიქრეს და უთხრეს:
– აბა, ერთი საბარგული გახსენი და გვიჩვენე, ფურგონში რა გაქვს!
– სიგარეტები, ძმებო, მეტი არაფერი.
– ეგეც ხეირია... მიდი, გახსენი და გვიჩვენე!
კარლომ ფურგონის კარი გააღო, მოტოციკლისტებს სიგარეტის ყუთები დაანახვა, რომლების ქვეშ კონტეინერი გვქონდა დამალული და უთხრა:
– აი, ხომ გითხარით, სიგარეტებია-მეთქი!
– ძალიან კარგი. მშვენიერი კუშია და არც ჩვენ გვაწყენს.
– თითო ბლოკს გაჩუქებთ, მეტს კი ვერა, – უთხრა კარლომ მოტოციკლისტებს და ერთ-ერთ ყუთს დასწვდა, რომ გაეხსნა და იქიდან ორი ბლოკი სიგარეტი ამოეღო, მაგრამ, ერთ-ერთმა მოტოციკლისტმა მას შეუღრინა:
– ხელი არ ახლო, ჩვენ მთელი კუში გვინდა!
– კარგი, მთლიანი ყუთი წაიღეთ.
– ხმა გაიკმინდე! ჩვენ ფურგონი გვჭირდება, – თქვა მეორე მოტოციკლისტმა, მობილურზე ვიღაცას დაურეკა, დაიბარა და კარლოს მიუბრუნდა, – ახლა ჩვენიანი მოვა და ფურგონს წაიყვანს, თქვენ კი ტყის პირას გადადით და ხელის შეშლა არ გაბედოთ!
ფურგონი რომ წაეყვანათ, რიოდან ჩამოტანილი განძიც თან უნდა გაეყოლებინათ, ამიტომ, ამის დაშვება არ შეიძლებოდა და სასწრაფო ზომების მიღებას შევუდექი. ჯერ პირველ მოტოციკლისტს წავართვი „აბრეზი“, მეორეს ხელში ვესროლე და „აბრეზი“ გავაგდებინე. ორივე რომ განვაიარაღე, ისევ ფურგონში ჩავჯექი, დე სოუზაც ჩავისვი და მოსკოვისკენ განვაგრძეთ გზა.
– თქვენ რომ არა, სენიორ ხოზე, კონტეინერი ხელიდან წაგვივიდოდა – მითხრა დე სოუზამ, მე კი მას მივუგე:
– უთქვენოდ კი, ჩემო კარგო, კონტეინერს რიოდან მოსკოვში ვერ ჩამოვიტანდით.
რუსეთის დედაქალაქში მშვიდობიანად ჩავაღწიეთ და კონტეინერიც დანიშნულ ადგილზე მივიტანეთ. კარლო დე სოუზას კი, პირად საბანკო ანგარიშზე ზუსტად ერთი მილიონი დოლარი ჩავურიცხეთ. თუმცა, მასთან არანაირი ფინანსური შეთანხმება არ გვქონია და ფულზე მას სიტყვაც კი არ დაუძრავს.
კონტრაბანდისტს მოსკოვშივე დავშორდი და მას მერე ის აღარ მინახავს. კონტეინერი კი ჩემთვის უცნობმა პირებმა სადღაც წაიღეს. როდესაც შჩუკინს შევხვდი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მას განძის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს, მხოლოდ დანანებით მითხრა:
– საგანგაშოა, როდესაც საბჭოთა წყალქვეშა ნავი ნარკოკარტელს ემსახურება და მას საბჭოთა კავშირის გმირი კაპიტანი მართავს...
მე და შჩუკინმა თხუთმეტიოდე წუთი ვილაპარაკეთ. შემდეგ მან მადლობა გადამიხადა და წავიდა, მე კი ერევნის გავლით თბილისში დავბრუნდი, თან მთელი გზა ჩემს ბრაზილიურ ვოიაჟსა და კოლუმბიელი ნარკობარონების კუთვნილ საბჭოთა წყალქვეშა ნავზე ვფიქრობდი. ეგრეთ წოდებული „ზასტოის“ პერიოდში, როდესაც საბჭოთა სამხედრო ძლიერებამ პიკს მიაღწია და ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერში ჩამოვრჩებოდით და ბევრ რამეში ვჯობნიდით კიდეც, ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სტრატეგიული დანიშნულების იარაღს კერძო პირს ან პირთა ჯგუფს ჩაუგდებდნენ ხელში. რა თქმა უნდა, იარაღით ვაჭრობა, ისევე, როგორც პროსტიტუცია, უძველესი დროიდან იღებს სათავეს და ასეთი რამ არც „ზასტოის“ პერიოდში იყო უცხო ხილი, მაგრამ, იარაღიცაა და იარაღიც – სად კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და სად ატომურქობინიანი წყალქვეშა ნავი!.. თუმცა, ერთხელ მსგავსი „ჩეპე“ მაშინაც მოხდა და ამის გამო მრავალმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დაკარგა, რამდენიმე გენერალი უმცროსი ოფიცრის რანგში ჩამოაქვეითეს, ორი მათგანი ციხეში ჩასვეს, მე კი სასწრაფოდ ლუბიანკაზე მიხმეს. შჩუკინის კაბინეტში ფეხი რომ შევდგი, საკმაოდ აღელვებულმა ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– ისეთ ექსტრემალურ რეჟიმში ვართ, რომ დასვენების შეწყვეტის გამო ბოდიშსაც კი არ გიხდი, რადგან ახლა ყველაფერს წუთები წყვეტს. შენს ყოვლისშემძლეობაზეა ახლა დამოკიდებული ბევრი რამ და პირველ ყოვლისა, შენი სამშობლოს პრესტიჟი.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე გენერალს და, მართალია, არ ვიცოდი, რაში იყო საქმე, მაგრამ, მივხვდი, რომ რაღაც უაღრესად განსაკუთრებული რამ მოხდა.
– ძალიან სწრაფად და ცოტა შორიდან დავიწყებ, – მითხრა შჩუკინმა, – გენერალი ბოროვი საბჭოთა სამხედრო იარაღის არალეგალურ ვაჭრობას კურირებდა და ის იყო შუამავალი მიმღებსა და მომწოდებელს შორის. ის ჩვენი კაცი იყო. საზღაურს ამერიკული დოლარებით, ქეშით იღებდა და ფულს შვეიცარიის ბანკში ინახავდა ჩვენს საიდუმლო ანგარიშზე, რომელსაც ჩვენ სპეცოპერაციებისა და სპეცაქციების დასაფინანსებლად ვიყენებთ. ამ ერთი კვირის წინ ბოროვმა ნაღმმტყორცნების შეკვეთა მიიღო აფრიკიდან, რაშიც შემკვეთი ათ მილიონ ამერიკულ დოლარს იხდიდა. გუშინწინ ბოროვმა შემკვეთს იარაღი გადასცა, ფული მიიღო და შემდეგ ეს თანხა შვეიცარიის ბანკში შეიტანა. იმავე საღამოს კი ის ბერნი-მოსკოვის ავიარეისის შესრულების დროს გარდაიცვალა. ერთი შეხედვით, ინფარქტი იყო, სინამდვილეში კი მოკლულია და ამას ექსპერტიზაც ადასტურებს, რომელიც ჩვენი უწყების პათანატომებმა ჩაუტარეს. როგორც ჩანს, ბოროვს სპეციალური ტაბლეტი გაურიეს სასმელში, ანუ, მკვლელმა მასთან ერთად იფრინა ბერნიდან მოსკოვში. ჩვენები ამჟამად მკვლელს ეძებენ და, ალბათ, მალე შევძლებთ მის დაკითხვას. ამ ყველაფრის პარალელურად კი, სპეცსანახიდან ორი ცალი ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნი დაიკარგა და ღმერთმა უწყის, ვის და რა მიზნით ჩაუვარდა ხელში. ანუ, ხვდები, რა მოხდა?
– თუ არ ვცდები, გენერალი ბოროვი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ კვალი გაეწყვიტათ, ანუ მას რომ არ გაეთქვა ის პიროვნება, ვინც ფული გადასცა, ხოლო მან კი, სავარაუდოდ, ის ატომურქობინებიანი ნაღმმტყორცნები ჩაიგდო ხელში, ჩვეულებრივი ნაღმმტყორცნების შეკვეთა კი მხოლოდ თვალის ახვევა იყო, – ვუთხარი შჩუკინს, პაუზა გავაკეთე და ვკითხე: – სწორია?
– ჩვენც ზუსტად ასე ვფიქრობთ, – დამიდასტურა გენერალმა და რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ მე მას დავასწარი და ვუთხარი:
– ვფიქრობ, რომ ბოროვს უშუალო კავშირი აქვს ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნების გაუჩინარებასთან. მან ჩვენი უწყებისგან მალულად იმოქმედა, ამ ბინძურ გარიგებაში დიდი ფული აიღო და ეს თანხა თავის ფარულ შვეიცარიულ ანგარიშზე შეიტანა.
– ნამდვილად ასე უნდა იყოს, შემკვეთმა კი ბოროვის მოკვლით კვალის გაწყვეტა სცადა. ჩვენ, რა თქმა უნდა, სპეცსანახის ქურდს აღმოვაჩენთ და დავიჭერთ, მაგრამ, ის მხოლოდ ქურდია და შემკვეთზე ვერ გაგვიყვანს. ჩვენი ერთადერთი იმედი ბოროვის მკვლელია, თუმცა, შეიძლება, ვერც მან დაგვაყენოს სწორ გზაზე, – მითხრა შჩუკინმა, – შენ კი აქ იმიტომ გამოგიძახეთ, რომ ბოროვის მკვლელის ჩვენებების შემდეგ დაკარგული იარაღის კვალს დაადგე და კატასტროფა აგვაცილო.
მართლაც რომ ძალიან შესაშური ოპერატიულობით მოქმედებდა „კაგებე“, რადგან, ჯერ კიდევ დამნაშავეებს ეძებდნენ, მონადირე კი, ანუ მე, უკვე სრულ მზადყოფნაში ვყავდი და რამდენიმე სავარაუდო ვარიანტიც მუშავდებოდა. არადა, ბოროვის მკვლელობიდან სულ რაღაც თხუთმეტი საათი იყო გასული. შჩუკინის დავალებით, სამძებრო სამუშაოებით ანდრეი მუხინი იყო დაკავებული, საამისოდ კი მას ნებისმიერი საჭირო საშუალება ჰქონდა გამოყოფილი, მათ შორის ზეთანამედროვე, რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავი, რომ სწრაფად გადაადგილებულიყო სხვადასხვა საჭირო ადგილას. რაღაც ნახევარი საათიც არ იყო გასული, რაც მე შჩუკინის კაბინეტში ვიმყოფებოდი, როდესაც მუხინმა ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე შემოაღო კარი და გვითხრა:
– მკვლელი დაიჭირეს და აქ მოჰყავთ. წამოდით, ერთად დავკითხოთ.
მე და გენერლები ლუბიანკის მინუს მეექვსე სართულზე ჩავედით. იქ სპეციალური საკნები მდებარეობდა, სადაც დაპატიმრებული ადამიანებისგან ძალიან სწრაფად და ეფექტურად იღებდნენ ნებისმიერ ინფორმაციებს.
დაკავებული, ანუ გენერალ ბოროვის მკვლელი, ქალი აღმოჩნდა. ის ბერნი-მოსკოვის ავიარეისზე სტიუარდესად მუშაობდა და გვამცნო, რომ ბოროვის მკვლელობის შეკვეთა ვინმე ჰანსისგან მიიღო, რომელიც უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობდა ბერნში. სულ რაღაც ხუთი საათის შემდეგ უკვე იმ ჰანსისგან ვიღებდი ინფორმაციებს – ის მე ბერნის ერთ-ერთი საბჭოთა კონსპირაციული ბინის სარდაფში მყავდა გამომწყვდეული, ტყავს ვაძრობდი და ჩვენი ატომური იარაღის გამტაცებლების კვალზე დადგომას ვცდილობდი. ჰანსის ინფორმაციამ ერთ კაცზე გამიყვანა, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფებოდა და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნები ვინმე აბდულა სალეჰ ბეის ჰქონდა. ეს კაცი წარმოშობით პალესტინელი იყო, მაგრამ, ზუსტად ვიცოდით, რომ ირანის დაზვერვაზე მუშაობდა. სალეჰ ბეი ფანატიკოსი იყო და ნებისმიერი უკიდურესობის ჩადენა შეეძლო. ის არც საკუთარ სიცოცხლეს გაუფრთხილდებოდა და, მით უმეტეს, არც სხვისას. აბდულა სალეჰ ბეი საკრუიზო ლაინერზე იმყოფებოდა, რომელიც ჰამბურგიდან ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართებოდა. სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების ორი ნაღმმტყორცნიც იმ საკრუიზიო ლაინერზე ინახებოდა. გემი თორმეტი საათით იყო გაჩერებული ჰამბურგის პორტში და, ყველაფერი რომ შევიტყვე, მის გასვლამდე სულ რაღაც ხუთიოდე საათი იყო დარჩენილი. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო გემზე ასვლა და ნაღმმტყორცნების ძებნა, მაგრამ სალეჰ ბეი რომ სატყუარა ყოფილიყო და ნამდვილი ატომური ნაღმმტყორცნები სხვას ჰქონოდა, შესაძლოა, გამოუსწორებელი ტრაგედია მომხდარიყო. ამიტომ, ყველაფერი გავაანალიზე და გადავწყვიტე, რომ სალეჰ ბეი გემის გასვლამდე გამეკოჭა და მისგან ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მიმეღო. მე საკრუიზო ლაინერის ბილეთი შევიძინე, გემზე ავედი და აბდულა სალეჰ ბეის ფეშენებელურ კაიუტას ვეწვიე. კარი სალეჰ ბეიმ გამიღო, რომელიც სმოკინგში იყო გამოწყობილი, ზღურბლზე იდგა და მკითხა:
– რით შემიძლია, გემსახუროთ?
სალეჰ ბეი, რა თქმა უნდა, ყალბი საბუთებით იმყოფებოდა და მას მუსტაფა ასელი ერქვა, ამიტომ მე მას გავუღიმე და ვკითხე:
– მესიე მუსტაფა ასელი ბრძანდებით?
საკრუიზო ლაინერი ფრანგული კომპანიის კუთვნილება იყო. ამიტომ მას ფრანგული „მესიე“ არ გაჰკვირვებია და მომიგო:
– დიახ. რაშია საქმე?
– ბოდიშს გიხდით, მესიე, მაგრამ, თქვენს საკრუიზო კონტრაქტში პატარა შეცდომაა დაშვებული. მე კომპანიის წარმომადგენელი ვარ და დავალებული მაქვს, რომ ეს უზუსტობა გამოვასწორო. სწორედ ამიტომ მომიწია პარიზიდან სასწრაფოდ გადმოფრენა და, ნება მიბოძეთ, ყველაფერი აგიხსნათ. კონტრაქტი თან გაქვთ?
– დიახ, შემობრძანდით, – შემიპატიჟა სალეჰ ბეიმ. კაიუტაში რომ შევედი და კარი დაიხურა, მე მას ყბაში მუშტი დავარტყი და გავთიშე. შემდეგ სასწრაფოდ გავაშიშვლე და პირში ჩოგბურთის ბურთი ჩავჩარე, რკინის ძელზე საიმედოდ მივაბი და კაიუტაში ჩხრეკა ჩავატარე. ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნები რომ ვერ აღმოვაჩინე, სალეჰთან მივედი და ვკითხე:
– ნაღმმტყორცნები სად არის?
გაგრძელება შემდეგ ნომერში