მგლები 5
(უკანასკნელი ქურდი)
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-29(603)
მალიშევი ყელში სწვდა ნიკოლაის, ძლიერად შეაჯანჯღარა და ბრაზით უყვირა;
– წაიკითხე! ყურადღებით წაიკითხე, რაზეა საუბარი მაგ სტატიაში!
ნიკოლაიმ გაჭირვებით მოთოკა თავი, როგორც იქნა მღელვარებისგან აკანკალებული ხელი გააჩერა და კითხვას შეუდგა.
სტატია მცირე პროლოგით იწყებოდა. მასში თითქმის სიტყვასიტყვით იყო აღწერილი მისი და იგორ რიბკინის პროკურატურაში შემდგარი საუბარი; ის, თუ როგორ სთავაზობდა ნიკოლაი გამომძიებელს გეგეშიძის დაღუპულად გამოცხადებას და ძიების შეწყვეტას. შემდეგ მოდიოდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული მონაცემები. სტატიის ავტორი ნიკოლაისთვის კარგად ცნობილი ჟურნალისტი, დიმიტრი გრომოვი იყო. სტატიაში რიბკინი საერთოდ არ იყო ნახსენები, მაგრამ თავისთავად გასაგები იყო, რომ ამ მასალას გრომოვს სხვა ვერავინ მიაწვდიდა. ვინმეს სისხლის სამართლის მასალები რომ მოეპოვებინა, მაინც არაფერი ეცოდინებოდა ნიკოლაისა და რიბკინის საუბრის დეტალების შესახებ. ისტორია დაუსრულებელი იყო. მასში აღწერილი იყო ძიების მხოლოდ საწყისი ეტაპი. სტატიის დასასრულს კი ავტორი მკითხველს ჰპირდებოდა, რომ უახლოეს მომავალში ისტორიის გაგრძელებას იხილავდა.
– რას იტყვი?! – ბრაზით ჰკითხა მალიშევმა.
– რიბკინის გაჩალიჩებულია! – უხალისოდ ჩაილაპარაკა ნიკოლაიმ.
– მაგას უშენოდაც ვხვდები. მე მაინტერესებს, როგორ მოხდა ეს?.. როგორ გაბედა შენმა გამომძიებელმა ძიების მასალების გრომოვისთვის გადაცემა? – განაგრძო მალიშევმა.
– ახლა აღარ ღირს ამაზე საუბარი, მოსახდენი უკვე მოხდა.
– სხვა არაფერი გაქვს სათქმელი?! – მალიშევი ყინულივით ცივი მზერით ჩააკვდა თვალებში.
– არაფერი, – თავი გაიქნია ნიკოლაიმ
– ვნახოთ, – დამცინავად თქვა მალიშევმა, უკან გადგა და მცველებს ნიშანი მისცა.
მცველები აუჩქარებლად და მეთოდურად ურტყამდნენ ნიკოლაის. ურტყამდნენ ზურგში, მკერდში, მუცელში... ყველგან გარდა სახისა, რათა ცემის კვალი არ დამჩნეოდა. მომდევნო დარტყმისას ნიკოლაის თვალთ დაუბნელდა და სახით მიწაზე ჩაემხო.
– კმარა! – უბრძანა მალიშევმა მცველებს, მერე ნიკოლაის მიუახლოვდა, მის გვერდით ჩაიმუხლა, უდიერად მიუგდო ცხვირსახოცი და უთხრა, სახე მოიწმინდეო.
ნიკოლაიმ გაჭირვებით აზიდა სხეული, იქვე ლოდზე ჩამოჯდა და ხელის კანკალით მოიწმინდა ტალახით მოსვრილი ყვრიმალი.
– დამიჯერე, კოლია, მეც არ მსიამოვნებს ამის გაკეთება, მაგრამ, მინდა ისევე საზიზღრად იგრძნო თავი, როგორც მე ვგრძნობ, – მშვიდად განაგრძო მალიშევმა, – ხვდები, რა მდგომარეობაში ჩამაყენა შენმა ენაჭარტალა გამომძიებელმა?!
– არ გეგონოს, რომ ამას შეგარჩენ. მწარედ განანებინებ ამ დღეს... – ავად გამოსცრა ნიკოლაიმ.
– ააა... შენ ჯერ კიდევ ვერ მოსულხარ აზრზე! – ჩაიცინა მალიშევმა და მცველებს ანიშნა, განაგრძეთო.
ნიკოლაის უმალ დაატყდა დარტყმების წყება. რამდენიმე დარტყმის შემდეგ გულისრევა დაეწყო და მოკუნტული გაგორდა მიწაზე. მცველებმა აქეთ-იქიდან ჩაავლეს ხელი, ტბასთან მიიყვანეს და სახე მოაბანინეს. შემდეგ ხელისკვრით მოაბრუნეს უკან და მანქანის გვერდით, მიწაზე დააგდეს.
– ეს იმის მეათედია, რასაც შენ და რიბკინი იმსახურებთ! – მუქარით ესროლა მალიშევმა.
– რა გინდა? – თავის აუღებლად ჩაილაპარაკა ნიკოლაიმ, – მაგ დამპალ სტატიაში შენზე არაფერია ნათქვამი!
– ძალიან მარტივი მიზეზის გამო. რიბკინმა არაფერი იცოდა ჩემ შესახებ. დარწმუნებული იყავი, რომ ჩემი სახელიც არ შეაჩერებდა.
– არ ვიცი, მის ნაცვლად ვერაფერს გეტყვი.
– მაშინ ჩვენი შეთანხმების პირობებს შეგახსენებ: ძიების შეწყვეტასა და გამომძიებელზე შენ იყავი პასუხისმგებელი, დანარჩენი მე უნდა მომეგვარებინა.
– ძიება შეწყდა, – უპასუხა ნიკოლაიმ.
– რა ფასი აქვს ასე შეწყვეტილ ძიებას?! გრომოვი აღარ შეჩერდება, ბოლომდე გააგრძელებს ამ საქმის ქექვას. როგორ მოიქცევი ხვალ ან ზეგ, როცა ის პროკურატურაში მოგადგება და განმარტებებს მოგთხოვს? – ჰკითხა მალიშევმა.
– მე... მე... – ნიკოლაიმ ვერაფერი მოიფიქრა და გაჩუმდა.
– არაფერი გაქვს სათქმელი. შენც კარგად იცნობ იმ ნაბიჭვარს და იცი, რომ პრესსამსახურში გადამისამართებით თავიდან ვერ მოიშორებ. ახლა კი იმაზეც დაფიქრდი, კიდევ რა მასალები მიაწოდა რიბკინმა და რას უნდა ველოდოთ მიმდევნო სტატიებში?!
– საშინელი არაფერი მოხდება, ამ საკითხს დღესვე მოვაგვარებ! – სწრაფად თქვა ნიკოლაიმ.
– როგორ? – დაინტერესდა მალიშევი.
– პრესსამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს, რომ სტატიაში აღწერილი ისტორია ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია და სხვა არაფერი!
– „ფანტაზიის ნაყოფია!“ – ბრაზით გამოაჯავრა მალიშევმა, – თქვენ რა, პროკურატურაში იდიოტების კონკურსიდან გარჩევენ?! მსგავსი სისულელის გაკეთება არ გაბედო! ბიკოვი დამწყები ჟურნალისტი არ არის. ის არ მუშაობს ნაამბობ მასალებზე და, თუ წერს, ესე იგი, დამადასტურებელი მასალაც გააჩნია.
– მაშინ, შენ მირჩიე, როგორ მოვიქცე?
– უპირველესად რიბკინს უნდა დაუკავშირდე. არ მინდა ამ ისტორიის ჩემს უწყებასთან დაკავშირება, თორემ, თავად მოვაგვარებდი ყველაფერს. უნდა დაუკავშირდე და ზუსტად გაარკვიო, რა მონაცემები გადასცა გრომოვს; შემდეგ კი მომდევნო სტატიების შეჩერებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამაზე თავად გრომოვი არასდროს წამოვა. კარგად ვიცნობ – იდეური შეშლილია და მასთან არც ტკბილი სიტყვა გაჭრის, არც თხოვნა და არც მუქარა.
– მაშ, როგორ უნდა შევაჩეროთ? – ჰკითხა ნიკოლაიმ.
– ჩვენ ვერ შევძლებთ ამას, მაგრამ, რიბკინი... – მალიშევი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ ისევ განაგრძო ლაპარაკი, – გრომოვი გაითვალისწინებს რესპონდენტის თხოვნას გარკვეული მასალების გამოუქვეყნებლობის შესახებ.
– ანუ, გრომოვი თავად რიბკინმა უნდა შეაჩეროს?
– ჰო... რიბკინმა უნდა შეაჩეროს, ის კი შენ უნდა დაითანხმო ამაზე!
– არა მგონია, ამაზე დამყვეს, – თავი გაიქნია ნიკოლაიმ, – რიბკინი დაუფიქრებლად არასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს. მას ხომ კარგად ესმის, რომ ასეთი სტატიის შემდეგ პროკურატურაში აღარ გააჩერებენ. რადგან ამაზე წავიდა, ესე იგი, ბოლომდე ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი.
– რიბკინი ადამიანია. ადამიანებს კი ახასიათებთ გადაწყვეტილებების ცვლა! – შენიშნა მალიშევმა.
– არა... არა... ძიების შეწყვეტაზეც კი ვერ დავითანხმე. ახლა კი ყველა ხიდი დამწვარია, სხვა რამ უნდა მოვიფიქროთ!
– სხვა რამ?! მე უკვე მოფიქრებული მაქვს სხვა რამ!.. – მრისხანედ უთხრა მალიშევმა და პისტოლეტი მოიმარჯვა, – რიბკინმა არაფერი იცის ჩემ შესახებ. აქედან გამომდინარე, გრიმოვსაც ვერაფერს ეტყოდა ისეთს, რაც მე შემიშლის ხელს. რა მოხდება, აქვე და ახლავე რომ დაგახალო ტყვია?! განსაკუთრებული არაფერი. ყველაზე მეტი, გრომოვისთვის ჟურნალისტური გამოძიების თემად თუ გაქაჩავ – ცოტა ხანს თავის შესაქცევად ეყოფა. რას იტყვი მოგწონს ასეთი „რასკლადი”?
ნიკოლაის არაფერი უთქვამს, დაძაბული შესცქეროდა პისტოლეტს.
მალიშევმა მოულოდნელად დაუშვა სასხლეტი. პისტოლეტმა იგრიალა. ტყვიამ ნიკოლაის მარჯვენა ფეხთან მოწიწკნა მიწა და მუხლებზე წვრილი ხრეში შეაყარა. ის შეხტა, გვერზე გახტა და შეშინებულმა წამოიძახა:
– რას აკეთებ, ხომ არ შეიშალე?!
– გაფრთხილებ, კოლია, ზერელედ ნუ მოეკიდები ამ საქმეს. შენ გამო თავს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავიყენებ. გრომოვის ავანტიურისტულ სტატიებში რიჟკოვი ჩაჩბას, გუმბას, ნეჯეთისა და დანარჩენ ნაბიჭვრებთან ერთად რომ ახსენონ, ცოცხალი ვერ გადამირჩები, საკუთარი ხელით დაგახლი ტყვიას!
– მითხარი, რა გავაკეთო. მითხარი და უკან არაფერზე დავიხევ! – კანკალით წამოძახა ნიკოლაიმ.
– ვიდრე პასუხს გამცემდე, კარგად დაფიქრდი. ერთხელ უკვე ვენდე შენს სიტყვას და ხომ ხედავ, რაც მივიღე! – მალიშევმა ბრაზით მოჭმუჭნა გაზეთი და შორს მოისროლა, – მეორედ შეცდომას არ გაპატიებ!.. ესე იგი, შენ ფიქრობ, რომ რიბკინი უარს იტყვის სტატიების შეწყვეტაზე?
– დარწმუნებული ვარ, – სწრაფად უპასუხა ნიკოლაიმ.
– ამჟამად ის შვებულებაშია?
– შვებულებაშია.
მალიშევმა სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაფაზი დაარტყა და ლაპარაკი განაგრძო:
– როგორც ვფიქრობდი, რიბკინის პროკურატურიდან გათავისუფლების საკითხი უკვე გადაწყვეტილი გაქვს.
– თავისთავად... მან ისეთ ზღვარი გადალახა, რომლის შემდეგაც უკან მობრუნება შეუძლებელია. მისი დაცვა რომც მოვინდომო, ხელმძღვანელობას მაინც ვერ დავითანხმებ. ის უკვე უმუშევარია, მაგრამ, რას შეცვლის მისი სამსახურიდან გათავისუფლება? – ჰკითხა ნიკოლაიმ.
– გააჩნია, რა ვითარებაში გაათავისუფლებ. ნუ აჩქარდები, ჯერჯერობით არ ღირს ამის გაკეთება. ბრძოლის მოგება თუ გინდა, დარტყმას უფრო ძლიერი დარტყმით უნდა უპასუხო.
– რისი თქმა გინდა?
– მაინც, რა მოტივით დაითხოვ პროკურატურიდან? – ჰკითხა მალიშევმა.
– პროკურატურის ყველა გამომძიებელს აკრძალული აქვს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ჟურნალისტებთან ურთიერთობა. მითუმეტეს – სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე საუბარი. როგორც წესი, ამით ჩვენი პრესცენტრია დაკავებული.
– უმნიშვნელო მოტივია. დარწმუნებული იყავი, რომ რიბკინის გათავისუფლების ბრძანება დაუყოვნებლივ აღმოჩნდება გრომოვთან და ისიც არ გაუშვებს ხელიდან პროკურატურის წინააღმდეგ ახალი სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობას. მე სხვა ვარიანტს შემოგთავაზებ: რიბკინმა უკვე დაარღვია პროკურატურის შიდა წესდება – ძიების მასალები მიაწოდა ჟურნალისტს. ამ წესს ჟურნალისტურ წრეებშიც კარგად იცნობენ და, ვის გაუკვირდება, რომ წესების დამრღვევმა გამომძიებელმა სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი, მაგალითად, საიდუმლო მასალებიც გადასცა გრომოვს?! რას იტყვი ამაზე? ასეთი ფაქტი შესანიშნავ მოტივს მოგცემს რიბკინის სამსახურიდან გასათავისუფლებლად...
– და, ამასთან, ერთად გრომოვის სტატიების საწინააღმდეგო განცხადების გასავრცელებლად, – ნიკოლაიმ სწრაფად აუღო ალღო, რასაც გულისხმობდა მალიშევი.
– მართალია.. თანაც, არა მხოლოდ განცხადების გასავრცელებლად. კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურატურა ვალდებული იქნება, ჩაატაროს მოკვლევა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში კი, გამოძიება დაიწყოს.
– გასაგებია, მაგრამ... – ნიკოლაი მცირე ხნით ჩაფიქრდა, – მაგრამ, სად არის ის მასალები. მხოლოდ სიტყვიერი განცხადებით შორს ვერ წავალთ, საჭიროა ფაქტი, მყარი არგუმენტი, რომელსაც რიბკინი ვერაფერს დაუპირისპირებს!
– გექნება არგუმენტი და მე უკვე ვიცი, როგორიც, – მშვიდად უპასუხა მალიშევმა, – მაგრამ, ნუ გადავუსწრებთ მოვლენებს. ზედმეტი ხმაური ჩვენთვისაც არასასურველია. ჯერ რიბკინთან მოლაპარაკება სცადე. სხვა თუ არაფერი, მის განწყობას მაინც გავარკვევთ.
– როდის შევხვდე?
– თუნდაც დღესვე.
– კეთილი, – თავი დაუქნია ნიკოლაიმ. მერე კი ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და რიბკინის ნომერი აკრიფა.
* * *
ზედამხედველმა კარი გააღო, გვერდზე გადგა და ჟესტით ანიშნა ეკას, შედიო. დასაკითხ ოთახში მხოლოდ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა. ის საქაღალდეში თავჩარგული იჯდა მაგიდასთან. ეკას შემოსვლისთანავე მან საქაღალდე მიატოვა, ფეხზე ადგა და მიესალმა:
– გამარჯობა, ეკა!
ნაცნობმა სახემ ეკას თავზარი დასცა. მის წინ მურთაზ ჟღარკავა იდგა – გამომძიებელი, რომლის დამსახურებითაც ლუკა პირველად მოხვდა ციხეში.
– ცუდად ხომ არ ხართ? – მურთაზმა სწრაფად წაიწია წინ და ხელი შეაშველა.
– არ მომეკარო!.. – ეკა უმალ გაერიდა გამომძიებელს.
– არა... სწორად გამიგეთ, მე მხოლოდ დახმარება მინდოდა... წყალი ხომ არ მოვატანინო? – მზრუნველი სახით წარმოთქვა მურთაზმა.
– არ არის საჭირო.
– როგორც იტყვით... დაბრძანდით, – თქვა მურთაზმა და მაგიდას მიუჯდა.
ეკა მის პირისპირ დაჯდა.
მურთაზმა ისევ გადაშალა საქაღალდე და დოკუმენტების თვალიერებას შეუდგა. ეკა ინტუიციურად გრძნობდა, რომ გამომძიებელი არაფერს კითხულობდა, უყურადღებოდ ფურცლავდა საქაღალდეს და გონებაში საუბრის გასაგრძელებლად საჭირო სიტყვებს არჩევდა.
„რატომ ის, რატომ მაინცდამაინც ის? – ფიქრს მიეცა ეკა, – ამდენ გამომძიებელს შორის მაინცდამაინც ის შეარჩიეს და ეს შემთხვევით არ მოხდებოდა. გამომძიებლად მომიჩინეს პიროვნება, რომელმაც ცხოვრება დაუმახინჯა ლუკას. შევცდი... ასეთი სისულელე არ უნდა ჩამედინა. ჩემი დაუფიქრებელი საქციელით ლუკა დავაყენე დარტყმის ქვეშ. ის ხომ ერთი წუთითაც არ გაჩერდება უკრაინაში. როგორც კი ჩემი დაპატიმრების შესახებ შეიტყობს, საქართველოში ჩამოვა და... მე კი ნატოს ჩემი ორსულობის შესახებ ვუთხარი. ღმერთო, რაზე ვფიქრობდი, საქართველოში რომ მოვდიოდი?
მურთაზმა საქაღალდე გვერდზე გასწია და თქვა:
– გაოცებული ხართ ჩემი დანახვით?
– არა... ანდა, რა მნიშვნელობა აქვს მსხვერპლისთვის, ვინ აიყვანს ეშაფოტზე?
– რატომ ლაპარაკობთ ასე?! – იწყინა მურთაზმა, – სიმართლე გითხრათ, მეც არ მომწონს შექმნილი ვითარება, მაგრამ, სამსახური სამსახურია. გამომძიებელს არ აქვს საქმეების თავისი გემოვნების მიხედვით არჩევის უფლება.
– ალბათ, თავის დროზე ლუკასაც ასე ელაპარაკებოდით! – შენიშნა ეკამ.
– არა... მისთვის ასეთი განმარტება არ მიმიცია, – მოიღრუბლა მურთაზი, – ის, თქვენგან განსხვავებით არასრულწლოვანი, აგრესიული მკვლელი იყო.
– მე მეგონა, რომ წლების შემდეგ მაინც აღიარებდით მის უდანაშაულობას!
– ქალბატონო ეკა, გეგეშიძის საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით, ახლა კი უკეთესი იქნება თუ თქვენ შესახებ ვისაუბრებთ.
– ეს დაკითხვაა? – ჰკითხა ეკამ.
– არა, დაკითხვას ადვოკატიც უნდა ესწრებოდეს. მე, უბრალოდ, საუბარი მსურს თქვენთან, – უპასუხა მურთაზმა.
– მე არ მსურს თქვენთან უბრალოდ საუბარი. თუ ეს დაკითხვა არ არის, გთხოვთ, საკანში დამაბრუნოთ, – ცივად წარმოთქვა ეკამ.
მურთაზმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი, მერე საქაღალდე გადაშალა, ახლოს მიუწია ეკას და თქვა:
– ეს დოკუმენტი წაიკითხეთ. დასკვნის გამოტანისას ნუ იჩქარებთ. კარგად ჩაუფიქრდით ყოველ სიტყვას და შემდეგ გამეცით პასუხი.
ეკამ საქაღალდეს ჩახედა. თვალში ხელნაწერი ტექსტი მოხვდა:
„ოთახში დამონტაჟებულია მოსასმენი მოწყობილობა. მე არ ვიცი, ისმენენ თუ არა ჩვენს საუბარს, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, თავს ვიზღვევ. გაითვალისწინეთ ეს, როდესაც ჩემი კითხვები გამაღიზიანებლად ან არაკორექტულად მოგეჩვენებათ. მერწმუნეთ, მე მხოლოდ ერთი რამ მსურს – თქვენი შინ დაბრუნება.”
ეკამ კითხვა დაამთავრა და საქაღალდე მურთაზს დაუბრუნა.
– ეთანხმებით ამ დოკუმენტს? – ოფიციალური ტონით ჰკითხა მან.
– ნაწილობრივ, – უპასუხა ეკამ.
– კეთილი.... ახლა თუ დამთანხმდებით საუბარზე?
– რისთვის?..
– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მე მხოლოდ უსულგულო, რობოტივით მოქმედი სადამსჯელო მექანიზმი ვარ? მინდა, რომ ეს შეხედულება შეიცვალოთ.
– როგორ შეცვლის ჩემს შეხედულებას ეს საუბარი? – ჰკითხა ეკამ.
– ძალიან მარტივად. ეს არ არის ოფიციალური დაკითხვა და თქვენი პასუხები ძიების მასალებში არ დაფიქსირდება. უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ხვალ, მე ადვოკატის თანდასწრებით დაგკითხავთ. დაგისვამთ იმავე კითხვებს, რასაც დღეს. ასე რომ, თქვენ გექნებათ ყოველი პასუხის გულდასმით გააზრების საშუალება. თანახმა ხართ?
– არა!
– რატომ? – გაუკვირდა მურთაზს.
– თუ ასე ზრუნავთ ჩემზე, სახლში გამიშვით. იქ უკეთესი პირობები მექნება ჩემი პასუხების გასააზრებლად. პირობას გაძლევთ, რომ არ მივიმალები, – შესთავაზა ეკამ.
– ამისთვის ერთხელ მაინც უნდა დაგკითხოთ, მაგრამ, წინასწარ ვიცი, რომ დაკითხვა არ მომცემს თქვენთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საშუალებას.
– რატომ?
– ახლავე აგიხსნით რატომაც... თქვენ საბაჟოზე უკრაინის მოქალაქის, ეკატერინა სმირნოვას სახელზე გაცემული პასპორტით დაგაკავეს. იმის მტკიცებას ხომ არ აპირებთ, რომ მართლაც სმირნოვა ხართ და თბილისში ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად ჩამოხვედით?
ეკამ დუმილით უპასუხა.
– არ აპირებთ და სწორადაც იქცევით. ამის უფლებას თქვენი ადვოკატიც არ მოგცემდათ და მეც იმავეს გირჩევდით – ეს ერთიორად დაამძიმებდა თქვენს ბრალდებას. იმ ავად სახსენებელი პასპორტის არსებობა კი თავისთავად ბადებს კითხვას: მაინც საიდან აღმოგაჩნდათ ის დოკუმენტი, ქალბატონო ეკა?
ეკას ისევ არაფერი უთქვამს.
– ახლა რომ დუმხართ, არ მიკვირს. მაგრამ, ხვალისთვის თუ გექნებათ პასუხი?... შეგიძლიათ, არ მიპასუხოთ, მაგრამ, ჩემი მხრივ, უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, როგორც არ უნდა მსურდეს თქვენი გათავისუფლება, კანონმდებლობის ჩარჩოებს ვერ გავცდები. ასეთ შემთხვევებში, კანონი მხოლოდ იმ ეჭვმიტანილის მიმართ ითვალისწინებს შეღავათს, რომელიც თანამშრომლობს გამოძიებასთან. იმედია, გასაგებად აგიხსენით?
– ყველაფერი გასაგებია.
– მარტივი არც შემდგომი კითხვები იქნება. პასპორტის არსებობა ერთი გარემოებაა. მაგრამ, არსებობს სხვაც – რისთვის დაგჭირდათ ასეთი პასპორტი? თქვენ, ცნობილ ჟურნალისტს, რედაქტორს, პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს, რაში უნდა დასჭირვებოდა საქართველოში ასეთი დოკუმენტით დაბრუნება?... – მურთაზმა წამით მოიცადა და შემდეგ განაგრძო, – ახლა შეგვიძლია, დავუბრუნდეთ გეგეშიძეს. თქვენგან პასუხებს არ ველი. მე დაგისვამთ კითხვებს, თქვენ კი იმაზე იფიქრეთ, თუ რა პასუხებს გამცემთ ადვოკატის თანდასწრებით... მაშ ასე: რა კავშირი გაქვთ, ქალბატონო ეკა, ლუკა გეგეშიძესთან?
– ამ კითხვაზე ახლავე გიპასუხებთ: ლუკა ჩემი თანაკლასელი იყო, მაგრამ, ის რამდენიმე წლის წინ დაიღუპა.
– არც ოლეგ სმირნოვს იცნობთ?
კითხვამ აშკარად დააბნია ეკა.
მურთაზმა საქაღალდეზე აათამაშა თითები და ისე თქვა;
– ამ საქაღალდეში დევს ერთი დოკუმენტი, რომლის თანახმად, თქვენ, ანუ ეკატერინე სმირნოვა, ამა წლის 22 ივლისს, იახტა „დიანათი,” ოჯახის წევრებთან ერთად ჩახვედით ფოთში. იქვე მითითებულია თქვენი ოჯახის წევრების ვინაობაც. თქვენი მეუღლე, ოლეგ სმირნოვი და ქალიშვილი – ნატალია სმირნოვა!.. ვინ არიან ეს ადამიანები, ქალბატონო ეკა?!
– გამანებეთ თავი, – ყრუდ ჩაილაპარაკა ეკამ, – აღარ მსურს თქვენი მოსმენა!
– მე ვალდებული ვარ, აგიხსნათ კანონმდებლობის ერთი მოთხოვნა: თქვენ შეგიძლიათ, ზემდგომ პროკურორს საქმის წარმოებიდან ჩემი აცილების მოთხოვნით მიმართოთ. პროკურორი ან დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას ან – არა, მაგრამ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაფიქრდით, ღირს თუ არა ამის გაკეთება. ვინ იცის, ვის გადასცემენ საქმეს – იქნებ გამომძიებლად მართლაც უსულგულო და უემოციო დამსჯელი მექანიზმი შეგხვდეთ!
– საკანში დამაბრუნეთ! – მოითხოვა ეკამ.
– კეთილი, დაგაბრუნებთ... ჩვენი საუბარი ნებისმიერ შემთხვევაში, დასრულებულია. მე ყველაფერი გითხარით, რისი თქმაც მსურდა, – უპასუხა მურთაზმა და ზედამხედველის გამოსაძახებელ ღილაკს დააჭირა თითი.
* * *
ბოლო ორი დღე-ღამე ირაკლიმ გამომძიებლის დევნაში გაატარა და ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ მიეცა მისი მოხელთების საშუალება. დილით მურთაზი ცოლთან ერთად გამოდიოდა სახლიდან, იმ დროს ეზოში მეზობლებიც ტრიალებდნენ და მასთან მიახლოება შეუძლებელი იყო. შემდეგ ცოლს სამსახურში ტოვებდა და მარტო მიემგზავრებოდა პროკურატურაში. მის იქ დადარაჯებასაც არ ჰქონდა აზრი, მაგრამ, ირაკლი მაინც არ აშორებდა თვალს მის მანქანას, იმ იმედით, რომ ჟღარკავა დღის განმავლობაში მაინც გამოვიდოდა პროკურატურიდან. ორი დღის განმავლობაში ასეთი რამ რამდენჯერმე მოხდა, მაგრამ, გამომძიებელი ერთხელაც არ იყო მარტო და ირაკლიმ მასთან მიახლოება ვერ მოახერხა.
დადგა მესამე დღე, თუმცა, ამ დღესაც არაფერი შეცვლილა – ჟღარკავა ტრადიციული მარშრუტით მოძრაობდა: პროკურატურა, საგამოძიებო იზოლატორი; შუადღეს ორ თანამშრომელთან ერთად რესტორანში ისადილა და ისევ პროკურატურას დაუბრუნდა. უშედეგო დევნით დაღლილი ირაკლი მაშინვე მობილურით დაუკავშირდა ლუკას.
– არა, ძმაო, მე ამის ნერვები არ მაქვს. სამი დღეა, დავყვები და ლენინის მოვზოლეუმის საპატიო ყარაულივით არ იცვლის მარშრუტს. სახლი – სამსახური. ვერაფერი გამიგია. არც ძმაკაცი ჰყავს, არც – საყვარელი?.. თუ დღესაც არაფერი გამოვიდა, პირდაპირ სახლში დავადგები თავზე!
– არა!.. – მოკლედ მოუჭრა ლუკამ, – ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ ამაზე. ჩემი ერთადერთი ახლობელი, ვისზეც მაგათ ინფორმაცია არ აქვთ, შენ ხარ. შენი გაშიფვრა არ შეიძლება!
– მესმის, მაგრამ, როდემდე ვდიო?! – ვერ ისვენებდა ბუნებით ფიცხი ირაკლი.
– ვიდრე შანსს არ მოგცემს. ის, რაც არ გამოდის დღეს, გამოვა ხვალ! – უპასუხა ლუკამ.
მესამე დღის საღამოს ჟღარკავა ჩვეულებრივზე მეტხანს დარჩა პროკურატურაში. შენობიდან საღამოს 8 საათისთვის გამოვიდა. ირაკლიმ მაშინვე დაქოქა ძრავა, რათა უკან მიჰყოლოდა ჯღარკავას მანქანას, მაგრამ, გამომძიებელი არ ჩქარობდა. ის ავტოსადგომზე მდგარ თავის მანქანაში ჩაჯდა და მზერა პროკურატურის შენობას მიაპყრო, თითქოს ვიღაცას ელოდა. ოციოდე წუთში პროკურატურის მხრიდან ტანმაღალი მამაკაცი წამოვიდა და ჯრაკავას მანქანაში ჩაჯდა. მანქანა მაშინვე ადგილიდან დაიძრა და გზატკეცილზე გავიდა.
„ცუდადაა საქმე. დღესაც „ხალასტოიზე” მომიწევს სიარული,“ – უკმაყოფილოდ გაიფიქრა ირაკლიმ და გამომძიებლის მანქანას უკან მიჰყვა.
მისდა გასაოცრად, ჯღარკავამ ორი წრე დაარტყა ორთაჭალას და ისევ პროკურატურასთან დაბრუნდა. მისი თანამგზავრი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და პროკურატურას მიაშურა, გამომძიებელმა კი სახლისკენ განაგრძო გზა. ამასობაში საკმაოდ ჩამობნელდა და, თანაც, გაწვიმდა.
ამჯერად ჯღარკავას გზიდან არ გადაუხვევია, პირდაპირ სახლის მიმართულებით გაემგზავრა. როგორც კი ირაკლი მიხვდა, რომ გამომძიებელს შინ დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი, სისწრაფეს მოუმატა და გადაუსწრო, რათა მასზე ადრე მისულიყო მის კორპუსთან.
მურთაზი ოციოდ წუთში გამოჩნდა. მან გარაჟის სიახლოვეს შეაჩერა მანქანა, გადმოვიდა, გარაჟის კარი გააღო და ისევ მანქანაში დაბრუნდა. ირაკლი სწორედ ამას ელოდა. როგორც კი მანქანა გარაჟში მიიმალა, ადგილიდან დაიძრა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა გარაჟში.
მურთაზმა იგრძნო სწრაფად მოახლოებული ნაბიჯის ხმა და ინსტინქტურად წაეტანა პისტოლეტს, მაგრამ, უკვე გვიან იყო: თავდამსხმელმა იმარჯვა და ვიდრე ის იარაღს მოიმარჯვებდა, მუშტის დარტყმით გააბრუა, იარაღი გააგდებინა, მერე კი პისტოლეტის ლულა კეფაზე მიაბჯინა და ავად გამოსცრა:
– ხმა არ ამოიღო, ნაბიჭვარო, თორემ, ტვინს გაგანთხევინებ!
– არ მომკლა... – გაჭირვებით წარმოთქვა ჯღარკავამ, – წაიყვანე მანქანა და წადი!
– მოკეტე!.. – უპასუხა ირაკლიმ, შემდეგ ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, ლუკას ნომერი აკრიფა და აპარატი მურთაზს მიაჩეჩა: – ყურადღებით მოისმინე, რასაც გეტყვიან!
გაგრძელება შემდეგ ნომერში