რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი დიზელზე, დაახლოებით 5 000-6 000 დოლარის ფარგლებში. რომელს მირჩევთ? მინდა, იყოს გამძლე და პრაქტიკული. ძალიან მომწონს „სააბი”, რომელსაც ამბობენ, რომ კარგი ძრავები აქვს.
პასუხი: „სააბი”, საკმაოდ კომფორტული, არასტანდარტული და თავისებური დიზაინის ავტომობილია. მისი ძრავები მართლაც გამძლეა, რადგან მათ საავიაციო ქარხანა ამზადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია, ძრავამ გიმტყუნოთ. მაგრამ, საკმაოდ რთული იქნება საქართველოში მისი სერვისი. ჩვენს ქვეყანაში ამ ავტომობილის შესახებ ნაკლებად თუ იცის ვინმემ და ნაკლებად დააინტერესებს ვინმეს კონკრეტულად ამ ავტომობილისთვის ნაწილების შემოტანა, რადგან, ამ მანქანით ცოტა დადის და, ამიტომ, ბიზნესის კუთხითაც არ არის გამართლებული. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კონსტრუქციულად ძალიან ახლოს არის გერმანულ ავტომობილებთან და, რიგ შემთხვევებში, ზოგჯერ პირდაპირ, ზოგჯერ – გადაკეთებით, მათი დეტალები ერთმანეთზე მიდის. პრობლემა ისეთი ხელოსნის პოვნაა, რომელიც ამას მოახერხებს. ამიტომ, თუ თქვენ ახირებული არ გაქვთ ამ მოდელის შეძენა, უმჯობესია, ისეთ ავტომობილზე იფიქროთ, რომელიც საქართველოში ხშირია. რაც შეეხება დიზელის ძრავას, ვერაფერი შეცვლის იაპონურ დიზელს, მაგრამ, საკმაოდ რთული საშოვნელია და, თან, შედარებით ძვირი ღირს. ევროპაში დიზელისძრავიანი იაპონური ავტომობილები თითქმის არასდროს ფუჭდება, ამიტომ, ბოლომდე „წურავენ“ მას, ამერიკაში კი დიზელის მსუბუქი ავტომობილები არავის სჭირდება, შესაბამისად, შეძენა გაგიჭირდებათ. ამიტომ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესია გერმანული დიზელები, რომელთა შორისაც ამ შემთხვევაში გირჩევდით „გოლფის” ან „აუდის” რომელიმე მოდელს, თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მათ შორისაც არსებობს უფრო კარგი და ნაკლებად გამოსადეგი მოდელები, კუბატურისა და საწვავის მიწოდების სისტემიდან გამომდინარე. თუ თქვენს გემოვნებას მოერგება შედარებით დიდი ხნის მანქანა, მაშინ, იდეალური ვარიანტი იქნებოდა „მერსედესის” რომელიმე მოდელი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „გოლფ 4”, „ჯეტეი” სისტემით, რომელსაც შევუცვალე დისკები და საბურავები – ეყენა თხუთმეტიანები და დავაყენე ჩვიდმეტიანები. მეჩვენება ან მართლა მოხდა, რომ ავტომობილის სიმძლავრემ გაცილებით იკლო. ეს რაიმე დამთხვევაა თუ, შეიძლება, რომ საბურავებისა და დისკების შეცვლა სიმძლავრესთან კავშირში იყოს?
პასუხი: საბურავების დიამეტრი პირდაპირპროპორციულად უკავშირდება ავტომობილის სიმძლავრესა და აჩქარებას. რაც უფრო დიდი დიამეტრისაა დისკი და, მით უმეტეს, თუ წონაშიც მძიმეა, მით უფრო უჭირს ძრავს მისი ბრუნვაში მოყვანა; შესაბამისად, უარესდება აჩქარება და გვექმნება შეგრძნება, რომ სიმძლავრე არ გვყოფნის. თუ გინდათ, აჩქარება იგივე ჰქონდეს, უნდა დააბრუნოთ ძველი ზომის დისკები, ხოლო, თუ პრიორიტეტს სილამაზეზე და უკეთეს მანევრზე აკეთებთ, მაშინ კომპრომისის გაკეთება სიმძლავრეზე მოგიწევთ.
კითხვა: მყავს „აუდი ა3”, რომელიც აღჭურვილია დაკიდების სპორტული სისტემით. ძალიან დაბალი და უხეშია, თითქმის ყველგან ვედები და, ზოგადად, ძალიან მიჭირს თბილისში სიარული. რა შეიძლება, გავაკეთო, რომ ძალიან ძვირი არ დამიჯდეს და ჩვენს გზებს მოვარგო? რა და როგორ შევცვალო?
პასუხი: სპორტული დაკიდების სისტემა სხვადასხვანაირი არსებობს. თუ კარგი სისტემაა, მინიმუმ, მას ექნება სიმაღლეების დასარეგულირებელი – ეს არის ზამბარის ქვეშ მოთავსებული რგოლი, რომელიც ბრუნვით იცვლის სიმაღლეებს ან სპეციალური ქვერგოლი, რომელიც, ასევე იცვლის სიმაღლეებს, მაგრამ, არა ბრუნვით, არამედ, ამ ქვერგოლის ფიქსაციით. თუ კიდევ უფრო უკეთესი დაკიდების სისტემაა, მას, აგრეთვე, ექნება სირბილისა და სიუხეშის დასარეგულირებელი სპეციალური გადასართველი. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სპორტული დაკიდების სისტემა მხოლოდ მოკლე და უხეში ზამბარებით შემოიფარგლება (რაც ხშირ შემთხვევაში, გვხვდება), მაშინ, მხოლოდ ზამბარების შეცვლა დაუბრუნებს მას ქარხნულ ინსტალაციას. ზამბარების შეძენა შესაძლებელია საკმაოდ იაფად, მეორადი ნაწილების ბაზრობაზე და არც მათი შეცვლა ჯდება ძალიან ძვირი.
კითხვა: როგორ მივხვდე, რომ ავტომობილის ძრავას პრობლემები ექმნება, ანუ, რა სიმპტომები აჩვენებს მის გაუმართავ მუშაობას?
პასუხი: პირველი ნიშანი: თუ დილით ავტომობილს ვქოქავთ და ზეთის მაჩვენებელი ინდიკატორი არა მაშინვე, არამედ, რამდენიმე წამის შემდეგ ჩაქრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძრავა და მისი შიდა დეტალები უკვე საკმაოდ გაცვეთილია; მეორე ნიშანი: დილით დაქოქვისას, როდესაც ძრავა ცივია, ის გამოსცემს ცივი წკრიალის ხმას, რაც სულ რამდენიმე წამი გრძელდება, მერე კი იდეალურად იწყებს მუშაობას და მთელი დღე არანაირ ხმას აღარ უშვებს. ეს ნიშნავს, რომ ძრავა სულ მალე გამოვა მწყობრიდან, თუ დროულად არ მივხედავთ, დროული მიხედვა კი კარგი ხარისხის ზეთის ჩასხმაა; მესამე ნიშანი კი უკვე იმ დროს იჩენს თავს, როდესაც ძრავას სერიოზული პრობლემა აქვს და ეს ხდება უკვე ავტომობილის, ანუ ძრავას გათბობის შემდეგ, კერძოდ, ძრავა რომ გახურდება, შემდეგ ზეთი თხელდება, გათხელებული ზეთი ვეღარ ავსებს გარკვეულ დეტალებში გაჩენილ ღრიჭოებს, ამ ღრიჭოების არსებობა კი უკვე სერიოზული პრობლემაა და, საშუალო ბრუნებზე, ვთქვათ, 2 500-დან 3 500 ბრუნამდე, აქვს ყრუ წკრიალის, არა ცივი, არამედ, მოგუდული კაკუნის ხმა. ეს ხმა უკვე ნიშნავს, რომ ძრავა მწყობრიდანაა გამოსული და სხვა რაღაცაზე დაბრალება აღარ გამოვა. ავტომობილი იმწამსვე უნდა გავაჩეროთ და გადავიყვანოთ პროფილაქტიკაში.
კითხვა: როგორ უნდა მივხვდე, როდის არის სამუხრუჭე ხუნდები შესაცვლელი? თუ იქამდე მივიდა, რომ უკვე დამუხრუჭებისას კივის, ხომ შეიძლება, საერთოდ აღარ დაიჭიროს მუხრუჭმა?
პასუხი: სულ უნდა ვაკონტროლოთ სამუხრუჭე სისტემის ცვეთა. როგორც კი შევნიშნავთ, რომ „კალოტკები” დამუხრუჭებისას ახმაურდა, კარგად დაუკვირდით, რადგან „კალოტკების” ხმაურს ორი მიმართულება აქვს: თუ დაღმართზე ან ჩქარა სიარულისას ძალიან დიდი ინტენსიობით მოგვიწია დამუხრუჭება, ის წივილს იწყებს. წივილი, მით უმეტეს, თუ სისტემა გახურებულია, არ ნიშნავს, რომ ის გამოსაცვლელია. გამოსაცვლელი „კალოტკები” სხვანაირად ხმაურობს – ისეთ ხმას გამოსცემს, მბრუნავ ლითონს რაიმე ლითონის ნაჭერი რომ მივადოთ, ანუ, ლითონის ლითონთან შეხების ყურისწამღები ხმა ნიშნავს, რომ „კალოტკები” უნდა გამოიცვალოს. თუ არ შეცვლით, მაშინ უკვე მუხრუჭთან შეუხებლად დაიწყებს წივილს. ინდიკატორი, რომელიც „კალოტკებთან” არის ჩადგმული, ხელსაწყოების დაფაზე არ აჩვენებს, რომ შესაცვლელია ხუნდები, ამას მხოლოდ ხმით ანიშნებს. თანამედროვე ავტომობილებში კი, უკვე სალონში იწერება მუხრუჭების ავკარგიანობა.
კითხვა: მყავს აუდი „ა4 კვადრო“, ტურბინიანი, 1.8-იანი ძრავით, რომელსაც დაუზიანდა ეგრეთ წოდებული ტურბინა. „აუდის” ცენტრში და რამდენიმე ხელოსანთან ვცადე შეკეთება, მაგრამ ვერ უშველეს. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე, შესაძლებელია თუ არა მისი შეკეთება და რა თანხა დამიჯდება ეს?
პასუხი: ტურბინის შეკეთება ჩვენთან შეუძლებელია, თუმცა, ახლის დაყენება შეიძლება, მაგრამ, ტურბინის, როგორც ნაწილის შეცვლით, პრობლემის გადაჭრა არ ხდება. ამ პროცედურის შემდგომ ძრავას სჭირდება „დანასტროიკება”. თუ ნამდვილად კონკრეტულად ამ მოდელის ტურბინა დააყენეთ და მანქანა მაინც გაუმართავი დარჩა, შესაძლებელია, ტურბინასთან ერთად მის სისტემაში არსებული სხვა დეტალიც იყო დაზიანებული, რომელიც ხელს უშლის ძრავას გამართულ მუშაობას. ჯობია, ისევ ცენტრს მიმართოთ და დეტალური დიაგნოსტიკა გააკეთონ ტურბინის სქემის მუშაობაზე.