კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაბეს ნიკო ცეცხლაძე ხეზე და რით ვერ აცდუნა ის ევროპამ

როგორც ხდება ხოლმე, მისი ნახატები თავად მას ჰგავს... ისეთი  ხელწერა აქვს, როგორც მხოლოდ ნიკო ცეცხლაძეს შეიძლება ჰქონდეს – უცნაური და არაორდინარული. ადრე ორიგინალური პერფორმანსებით აოცებდა ხალხს, იმას გამოხატავდა, რაც მის ნახატებში ვერ ხვდებოდა. დღეს ახალ პროექტზე მუშაობს. დროებით უკან დარჩა ბერლინი, ნანტი, პარიზი... თუმცა, იცის, რომ იქ კიდევ დაბრუნდება – მისთვის გზებს მიმართულება არ აქვს, ისევე, როგორც არ არსებობს წესები, რომლებსაც ისე ხშირად არღვევს, თავი უწესო კაციც კი ჰგონია. 

ნიკო ცეცხლაძე:  პროფესიონალურ  დონეზე ხატვა დავიწყე  „მეათე სართულზე”, ეს იყო ჩემი შემოქმედების  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი. მაშინ იმ ჯგუფში ბევრი დღეისთვის ცნობილი, მაგრამ, მაშინ დამწყები მხატვარი იყო გაერთიანებული. ბავშვობიდან ვხატავდი, თუმცა, იმ პერიოდშივე  გავაცნობიერე, ვინ ვარ, რა მინდა, რა შემიძლია, გავაკეთო. მაშინ ჩვენ გარშემო უამრავი რამ ხდებოდა და  მხატვრობაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ხელს უწყობდა არსებული კლიშეების ნგრევას. იმ პერიოდს ახლდა ძალიან დიდი მუხტი – ჩვენ მოვაწყვეთ გამოფენა ქარვასლაში, შემდეგ კი იყო ბერლინი.  ეს იყო ექსპრესიონისტული ნახატები, იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო კომუნისტური ნიშნები. მახსოვს, როცა გამოფენაზე მოვიდა სერგო ფარაჯანოვი, გაოცებული დარჩა.  ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა,  ერთხანს მის სახლშიც კი ვცხოვრობდი. სერგო ძალიან ცოცხალი და საინტერესო ტიპი იყო. უამრავი ხალხი მოდიოდა მასთან, ისეთი დიდი იყო და, თან, ისეთი უბრალო. ბოლოს უკვე ცუდად რომ იყო,  ერთ დღეს მითხრა, ახალი ნამუშევარი გავაკეთე და ნახეო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, უპირველესად კი – ცხოვრება.  ჩვენ ერთად გავაკეთეთ რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც ახლა სომხეთში მის მუზეუმში  კიდია.  
– თქვენ ხართ საინტერესო პერფორმანსების ავტორი, რას ნიშნავდა ეს თქვენგან იმ პერიოდში?
– პერფორმანსი არის ის, რასაც მხატვარი ვერ „იტყვის” ტილოზე, ეს არის ფორმა შენი სათქმელის გამოსახატად.  ასეთი საინტერესო  პერფორმანსები ძალიან ბევრი იყო. ერთხელ მე და ოლეგ ტიმჩენკო, კოლმეურნეობის მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელიც მაშინ ესთეტიკურად ძალიან ლამაზი ადგილი იყო,  ჩავდექით ვიტრინებში. დილა იყო, უამრავი ხალხი გადიოდა მიწისქვეშა გადასასვლელით და ჩვენ, ორი, ოქროსფრად მოხატულები, ვდგავართ ვიტრინაში. ხალხს მანეკენები ვეგონეთ. 15 წუთის მერე ვიტრინები ჩავამსხვრიეთ. ხალხი მოდიოდა და ხელს გვკიდებდა, რომ გაეგოთ, ადამიანები ვიყავით თუ მანეკენები. ეს აქცია გავთვალეთ იმაზე, რომ ადამიანები უცებ სხვა სამყაროში მოგვეხვედრებინა, რაც ერთგვარი რისკი იყო ჩვენგან. მაშინ თბილისი ისეთი არეული იყო, შეიძლებოდა, ვიღაცას ესროლა კიდეც ჩვენთვის. ალბათ, ამ აქციით ის რეალობაც გავაპროტესტეთ და ამ რეალობაში მოხვედრილი ჩვენი თავიც (იცინის).     
  ძალიან საინტერესო პერფორმანსი გავაკეთეთ „ქარვასლაში“: მე ვიჯექი სკამზე, მთლიანად გადაფარებული მქონდა ნაჭერი და მხოლოდ ხელი მიჩანდა. ხალხი მოდიოდა ხელთან. მერე უცებ ავდექი და საბჭოთა ხუთკაპიკიანები  დავყარე. ეს იყო ფულის გაუქმებისა და გაუფასურების გამოხატვა. მერე მქონდა საინტერესო  პერფორმანსი ბალტიისპირეთში, ნარვაში: მე და ბელორუსი იგორ კაშკურევიჩი ზღვაზე  ხეებზე ვიყავით მიბმულები, მერე  აგვხსნეს  ხეებიდან, შევედით წყალში და  მაგიური ნიშნები დავტოვეთ. პეტერბურგში იყო  მხატვრების საინტერესო  სკოლა,  დარჩენასაც კი გვთავაზობდნენ. ძალიან ცნობილი ფიგურები მუშაობდნენ, იდეალური გარემო იყო ხელოვანთათვის. იქვე იყო გრებენშიკოვი რეპეტიციებითა და ნახატებით, ლენინს ხატავდა ნავში;  იქვე იყო ცოი და  ჩვენ  ვაწყობდით საინტერესო პერფორმანსებს. მონტენეგროში ვიყავით „ბიენალეზე“ მოსკოველ კოლეგებთან ერთად, სადაც მე გავაკეთე გუდრონის ოთახი: ყველაფერი – გარემოც, ავეჯიც, გუდრონში იყო ამოვლებული. ერთი დიდი მანქანა გუდრონი მოიტანეს და გადაასხეს ყველაფერს.  იმ პერფორმანსშიც რეალობა იმალებოდა. მერე ეს ოთახი მოხსნეს და გადაიტანეს მოსკოვში, იქ, სადაც იყო ცნობილი მხატვრების, მათ შორის, კონცეპტუალისტ ილია კაბაკოვის ნამუშევრები.   
– თქვენ იმ მხატვართა შორის ხართ, ვისი ნახატებიც უცხოეთში კარგად იყიდება. 
– მე აქაც ვყიდი ჩემს ნამუშევრებს, ეს პრობლემა არ მაქვს. დღეს, როგორც ევროპაში, ისევე უკვე ჩვენთანაც, თუ არ ხარ კომერციული, ესე იგი,  „ნიუდაჩნიკი“ ხარ. ეს დრომ მოიტანა, სხვანაირად არ გამოდის. სახლში ერთი ნამუშევარიც კი არ დამრჩა, ყველა გაყიდული მაქვს. როცა პიკასოს ჰკითხეს, ყიდით ნამუშევრებსო? ჩემი ნამუშევრების კოლექციის გაკეთებას არ ვაპირებო, უპასუხა. უცხოეთში გამოფენაზე ერთი პატარა ნახატი 800-1 000 ევროდ იყიდებოდა, იყო ისეთებიც, 5-10 ათას ევროდ რომ  გაიყიდა. აქ ასე არაა. ორჯერ მქონდა პერსონალური გამოფენა პარიზში და აბსოლუტურად ყველა ნახატი გაიყიდა.  ჩვენთან შიგადაშიგ არის ხოლმე კერძო დაკვეთები, რაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ კარგად იცხოვრო. ნუ მალაპარაკებთ ამ თემაზე, ეს ჩვენი წრის ადამიანებისთვის მარადიული პრობლემაა (იცინის). უცხოეთში მხატვრობის მიმართ სხვა დამოკიდებულებაა, იქ ყიდულობენ ნახატს, მაშინ, როცა აქ, შეიძლება, იმიტომ იყიდონ, რომ ის მოდური მხატვარია. როცა მე პირველად მოვხვდი ბერლინში, ეს იყო უცნაური  შემთხვევა. იმ გარემომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემი რამდენიმე მეგობარი დარჩა კიდეც იქ და კარგადაც ცხოვრობენ, მაგრამ მე ეს სურვილი არ გამჩენია. იქ ყველაფერი ათვისებულია, შენი ადგილი თითქოს არ არის, აქ კი შენს სამყაროს იქმნი.  მაშინ ხუთი მხატვარი გაგვიშვეს ერთად, რაც იშვიათობა იყო, სიზმარს და ზღაპარს ჰგავდა. რეალობაში ვნახეთ ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებდით.  იქ ყველა აღიარებდა, რომ ჩვენ ვხატავდით იმას, რასაც ხატავდნენ დასავლეთში, თუმცა, ისე, რომ ამაზე წარმოდგენა არ გვქონდა.  ჩვენზე თქვეს და დაწერეს,  ესენი არიან ექსპრესიონისტული სკოლის ფუძემდებლები საქართველოშიო. თბილისში მაშინ, სულ რაღაც, ორი ჯგუფი მუშაობდა. სერგო იტყოდა ხოლმე: ამ ქალაქში რომ ჩამოდიხარ,  ერთი ჩემი სახლია საინტერესო და, მეორე – ამ ბიჭების სახელოსნო მარჯანიშვილზეო. მარჯანიშვილზე მართლა  ზღაპრული გარემო იყო, მეათე სართულზე უამრავი ხალხი მუშაობდა. თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელში პირველი ინსტალაციები  ჩვენ გავაკეთეთ – კედლები მოვხატეთ. ერთ დილას ათი ხელოვანი წავედით თემქაზე, სადაც საბავშვო ბაღის უზარმაზარი კედელი მოვხატეთ. ადგილობრივი მცხოვრებლები გაოცებულები გვეკითხებოდნენ: რა გინდათ, რატომ ხატავთო? ულამაზესი კედელი გამოვიდა. თემქაც სპეციალურად შევარჩიეთ – არა ვაკეში  და ვერაზე,  არამედ, თემქაზე დავხარჯეთ ჩვენი ენთუზიაზმი. შედეგიც ფანტასტიკური იყო – ულამაზესი კედელი გამოვიდა. როცა ხელოვანს სიამოვნებს რაიმეს კეთება, კედლის მოხატვა იქნება ეს თუ ტილოს შექმნა, სულერთია.  არის ისეთი დაკვეთებიც, რომელთაგანაც, შეიძლება, სიამოვნება ვერ მიიღო, მაგრამ, როგორც პროფესიონალი, ამას მაინც აკეთებ. ახლა სიამოვნებით ვმუშაობ ახალ პროექტზე –  ფოთში ვაკეთებთ თანამედროვე ხელოვნების პარკს, სადაც იქნება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.
– როგორ ნახატებს გიკვეთენ მხატვრებს  „ახალი ქართველები”?
– ოოო, მათ ზუსტად ისეთი ნახატი სურთ, ჰქონდეთ, როგორიც რომელიმე „სვეტსკ” ტიპს აქვს (იცინის). ძირითადი მოთხოვნაა კაფეზე, პეიზაჟზე; ნამუშევარი ლაით, „პასტელნი“ ფერებში უნდა იყოს – ეს აქვთ აჩემებული, ესაა  „სვეტსკობა”. საბედნიეროდ, ყველა ასეთი არაა და თბილისში საკმაოდ ბევრია მხატვრობის კარგი და გემოვნებიანი შემფასებელი. ერთი უცნაური თვისება კი აქვს მყიდველს: რაც ყველაზე კარგია, მაინცდამაინც იმას დაადებენ ხოლმე  ხელს, ეტყობა, ნახატის ენერგეტიკა იზიდავთ.
– თქვენზე ამბობენ, რომ არაორდინარული კაცი ხართ – უცნაური, როგორც ყველა ხელოვანი.     
–  ჩვენ გვქონდა  ძალიან საინტერესო  ცხოვრება,  სულ სადღაც ვიკრიბებოდით, სულ რაღაცას ვჩალიჩობდით. მაშინ ყველაფერი უფრო ნატურალური იყო და არა ისეთი ყალბი,  როგორიც  დღესაა. მაშინ „ტუსოვკა“  იქვე სექსით მთავრდებოდა.  თითქოს ახლა უფრო გახსნილია საზოგადოება, მაგრამ, ასე არაა, მაშინ კი ურთიერთობები უფრო გარკვეული და ჩამოყალიბებული იყო. არც მატერიალური ფასეულობები იყო ასე მნიშვნელოვანი, როგორც დღესაა. მე ძველ დროს კი არ მივტირი  და ნოსტალგია კი არ მაქვს, არა, თუმცა, იმ პერიოდში ცხოვრება ბევრად უფრო ლაღი იყო. წლები ბევრ რამეს ცვლის. როცა გარედან უყურებ საკუთარ თავს, თითქოს რაღაცეებს ცვლი, რაღაცეებს სწავლობ, თუმცა, რაღაცეები ისევ ისე რჩება, მათ შორის – შეცდომებიც. ეს ცხოვრებაც ხომ მაგით არის საინტერესო – როცა შეგიძლია, დაარღვიო ის, რასაც „წესებს“ უწოდებენ. მხატვარმა სულ უნდა იმოქმედოს – ესაა მისი მაგია. უნდა  დაშალოს,  დაანგრიოს და მერე ისევ ააწყოს. მე ასე ვარ. მე  ჩემი თავი უწესო კაცი მგონია ხოლმე, რადგან დალაგებული ადამიანების აზრით, ასე ვჩანვარ.
– და, მუზა მხატვრისთვის?
– დღეს ეს მუზა და  შთაგონების წყაროა ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. ვაფრენ, ვგიჟდები მასზე. ესაა მხატვარი თამარა კანაშვილი. ეტყობა, რაც დამიგროვდა ცხოვრებაში, ახლა ყველაფერი მასში ვიპოვე. თამარა კარგი მხატვარია, ჩვენ ერთად ბევრ რამეს ვქმნით. ახლა, მისი წყალობით, სხვა განზომილებაში ვარ.  ესაა დიდი სიყვარული, რაც განსაკუთრებულად მჭირდება. ცოლი, ბავშვები დავტოვე და ამ სიყვარულით ვცხოვრობ.

скачать dle 11.3