როგორ აღიკვეცა ბერად ორჯერ დახვრეტას გადარჩენილი ქართველი კაცი, რომელსაც ოცი წელი ციხეში ჰქონდა გატარებული
შურისძიება
საძინებლის კარი მოულოდნელად გაიღო და ზღურბლზე პისტოლეტმომარჯვებული მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც საწოლში მწოლიარე წყვილს ზიზღით უყურებდა.
– თემურ, შენ? – შეჰკივლა ქალმა და დაბნეული მზერა ესროლა ცარცივით გათეთრებულ საყვარელს, რომელიც შიშისგან ციებიანივით კანკალებდა.
ახალმოსულმა ქალს პასუხი არ გასცა. აკანკალებულ მამაკაცს პისტოლეტი დაუმიზნა და უთხრა:
– ალბათ, ფიქრობდი, ციხეში ჩალპება, მე კი მის ცოლთან ვიბაირამებო, მაგრამ გეგმები ჩაგეფუშა. მე გამოვიქეცი. თავზე დაგადექით და ახლა შურს ვიძიებ.
შეშინებულ მამაკაცს მეტყველების უნარი ჰქონდა დაკარგული და თემურს კვლავ ქალმა მიმართა:
– გვაპატიე! ეშმაკმა შეგვაცდინა ორივე. ნუ დაგვხოცავ, ცოცხლები დაგვტოვე.
თემურმა ქალს ისევ არ უპასუხა. მოულოდნელად შეშინებულ მამაკაცს ერთხელ ესროლა, ტყვია სასქესო ორგანოში მოხვდა და მოაგლიჯა. დაჭრილი შოკისგან აყმუვლდა. მას ქალიც აჰყვა, მაგრამ თემურმა ქალს თავში პისტოლეტის ტარი ჩაარტყა და გათიშა. შემდეგ მამაკაცს მიუბრუნდა, რომელიც უკვე გულწასული ეგდო ლოგინზე და სისხლისგან იცლებოდა. გამოაფხიზლა, სამართებელივით ალესილი ხანჯალი ამოაცურა და მუცელი გაუფატრა. მამაკაცი უფრო საზარლად აყმუვლდა. თემურმა კი, მისთვის რომ უფრო მეტი ტანჯვა მიეყენებინა, გაფატრულ მუცელში ორივე ხელი ჩაუყო და შიგნეულობა მოქაჩა... მუცელგაფატრულს ისევ გული წაუვიდა. თემურმა კი წინასწარ გამზადებული გოგირდმჟავა ჩაასხა გაფატრულ მუცელში და ერთხანს უყურა, როგორ უშიშინებდა მუცელგაფატრულს შიგნეულობა. შემდეგ გონებამიხდილ ქალს ნიშადური აყნოსინა, გამოაცოცხლა, თმაში ხელი წაავლო, მუცელგაფატრულის ტანჯვა-წამება დაანახვა და კბილებში გამოსცრა:
– აი, შენი კურო რა დღეშია, შე ძუკნა, ბოზო... რას ფიქრობდი, რომ მღალატობდი, გეგონა, ვერ მოგწვდებოდი?
ქალს კვლავ გული წაუვიდა. თემურს კი მისი მოსულიერება არც უცდია, მან მუცელგაფატრულს მიაფურთხა და საძინებლიდან გავიდა. წყნეთის აგარაკს რომ ტოვებდა, ეზოში მოკლულ უზარმაზარ მეცხვარე ძაღლს გადააბიჯა და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა.
პატიმარი ¹ 8 659
წყნეთის აგარაკი, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა მოხდა, მილიციის მაიორს, სიმონ გუგულიას ეკუთვნოდა. სწორედ გუგულია იყო მოკლული. მისი საყვარელი კი, 29 წლის ლამარა ჭედია ჭკუიდან შეიშალა და თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. შურისმაძიებელი 34 წლის თემურ ჯაყელი იყო. ჯაყელი და ლამარა ჭედია ცოლ-ქმარი იყვნენ. ცხრა წლის წინ დაქორწინდნენ, მაგრამ შვილი არ ჰყავდათ, რადგან ლამარა უშვილო იყო. მიუხედავად ამისა, თემური მას თავზე ევლებოდა, ანებივრებდა და ჩიტის რძესაც არ აკლებდა. თემური ინჟინერ-ტექნოლოგი იყო. ერთ-ერთ ფაბრიკაში მუშაობდა და ბევრ ფულს შოულობდა, თუმცა გულუხვობითაც გამოირჩეოდა. გაჭირვებულებსაც ეხმარებოდა და ძალიან უყვარდათ ახლობლებს.
როგორც იმ პერიოდის საბჭოთა წყობას შეეფერებოდა, თემური მილიციასაც უხდიდა წილს და ამიტომ, ხელშეუხებელი იყო. თუმცა, როცა „ობეხეესის“ (დღევანდელი ანტიკორუფციული სამსახურების კომუნისტური ანალოგი) განყოფილების უფროსად სიმონ გუგულია დაინიშნა, მან თემური ორი რამის გამო აითვალწუნა და მისი დაღუპვა გადაწყვიტა. პირველი მიზეზი ის იყო, რომ გუგულიას თემურის ადგილზე თავისი ბიძაშვილის მოწყობა უნდოდა. მეორე კი ის, რომ მექალთანე მილიციელს თემურის ლამაზი და ტანწერწეტა მეუღლე ლამარა მოეწონა და მისი ხელში ჩაგდება განიზრახა. ამიტომ, გუგულიამ საგულდაგულო გეგმა შეიმუშავა, შემდეგ თავისი ჯგუფი თემურის შესამოწმებლად გაგზავნა. მას 980 ათასი მანეთის დანაკლისი აღმოუჩინა და ეს საქმე რომ არ ჩაფარცხულიყო, შემოწმების შედეგები გუგულიამ იმავე დღეს მოსკოვს შეატყობინა. ეს კი ყოველგვარ ჩაწყობას გამორიცხავდა. თემურ ჯაყელს დასახვრეტად ჰქონდა საქმე და მხოლოდ და მხოლოდ ის მოხერხდა, რომ სიკვდილის განაჩენი მას თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალეს და ურალში უკრეს თავი, რაც იმ პერიოდში, აგრეთვე, ნონსენსი იყო...
– ყველამ გამწირა, საყვარელო, და ერთი შენ დამრჩი. აბა, შენ იცი, ნურაფრის გეშინია. მე იმდენს ვიჩალიჩებ, რომ დროზე ბევრად ადრე დავბრუნდები სახლში და ბედნიერად ვიცხოვრებთ. აი, ნახავ, თუ ასე არ იქნება, – უთხრა თემურმა ლამარას, როდესაც მას ეტაპით რუსეთში უშვებდნენ. ცოლ-ქმარი თბილისის სადგურის ერთ-ერთ ჩიხში მდგომ ციხის ვაგონში შეხვდნენ ერთმანეთს.
ერთკვირიანი მგზავრობის შემდეგ, თემურ ჯაყელი დაბა „კრასნაია პოლიანას“ ¹6 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მიიყვანეს, სადაც 470 პატიმარი იხდიდა სასჯელს და 12 წელიწადზე ნაკლები არავის ჰქონდა მისჯილი. ზონის კონტინგენტი არაერთგვაროვანი იყო და იქ, როგორც მკვლელები და ქურდები, ასევე, ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულებიც იხდიდნენ სასჯელს. თემურს ¹8 659 ნომერი მიანიჭეს და ერთდღიანი კარანტინის შემდეგ ზონაში შეუშვეს. კრიმინალური გამოუცდელობის მიუხედავად, თემური ვაჟკაცური ბუნების ადამიანი იყო და სჯეროდა, რომ არა მარტო თავს გაიტანდა იმ კაციჭამიებში, არამედ იქიდანაც დროზე ადრე მოახერხებდა თავის დაღწევას, რომ თავის საყვარელ მეუღლეს დაბრუნებოდა.
„ძია ზახარა“
თემურ ჯაყელი რომ დააპატიმრეს, 28 წლის იყო, მისი მეუღლე, ლამარა კი – 23 წლის. თავდაპირველად, ახალგაზრდა ქალი თითქმის ყოველთვე აკითხავდა მეუღლეს კოლონიაში. თუმცა, 8 თვის შემდეგ, ეს ვიზიტები შეწყდა და მერე არც წერილებს სწერდა პატიმარ ქმარს.
– ალბათ, რაღაც უჭირს ჩემს ლამარას. მე კი აქ ვარ და მას ვერაფრით ვეხმარები, – ეტყოდა ხოლმე თემური „ძია ზახარას“, რომელმაც თემურს ციხეში მფარველობა გაუწია და დაუახლოვდა.
ძია ზახარა თბილისელი, 53 წლის კანონიერი ქურდი, ზაქრო ქურდიანი იყო, რომელიც თორმეტწლიან პატიმრობას იხდიდა ლენინგრადში განხორციელებული მსხვილი ქურდობისთვის. მან და კიდევ ოთხმა მისმა კოლეგამ ერთ-ერთი ქარხნის სეიფიდან 370 ათასი მანეთი მოიპარეს.
ზაქრო ქურდიანი საკავშირო მნიშვნელობის ქურდი იყო და სანამ თემურს დაიახლოვებდა, თბილისში „ქსივა“ გაგზავნა, მისთვის შეეტყობინებინათ, თუ რა კაცი იყო ჯაყელი. პასუხი ორ კვირაში მიიღო. გამომგზავნი თემურზე წერდა, რომ ის მართალია, ფულიანი იყო, მაგრამ, სულაც არ ჰგავდა „ფაშისტებს“. ყველას ეხმარებოდა, ხელს უმართავდა და ქურდებისთვისაც არაერთხელ გაუღია მსხვილი თანხა ნებაყოფლობით.
„ძია ზახარ, – ეწერა თბილისიდან გამოგზავნილ „ქსივაში“, – ჯაყელი კარგი კაცია. პატივისცემას იმსახურებს და „იაღლიშები“ არ აქვს“.
ზაქრო ქურდიანი რომ თბილისიდან გამოგზავნილ წერილს გაეცნო, თემურისადმი პატივისცემა გაეზარდა, დაიახლოვა, გვერდით საწოლზე მიუჩინა ბინა და უთხრა:
– კარგი კაცი ყოფილხარ, ძმაო. დღეიდან ჩემთან ერთად იცხოვრებ და ერთად გავიტანთ ცხოვრებას. ხომ იცი, რომ მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოა.
თემური და ძია ზახარა ოცდახუთწლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, საუკეთესო მეგობრები გახდნენ და ქურდმა ბიჭს ისე აათვისებინა ქურდული წეს-ჩვეულებები, რომ ქურდულ შეკრებებზე დასწრების უფლებასაც კი აძლევდნენ, რომლებიც კოლონიაში იმართებოდა.
ზაქრო ქურდიანი ისე შეეჩვია თემურს, რომ შვილივით უყურებდა. ძია ზახარას საქართველოდან ყოველთვე მისდიოდა „ქსივები“ და ქურდმა კარგად იცოდა, რაც ხდებოდა თბილისში. მან ისიც იცოდა, რომ თემურის მეუღლე, ლამარა მაიორ გუგულიას საყვარელი იყო. თუმცა, სიტყვაც არ დასცდენია თემურთან. გულში კი ლანძღავდა და მომენტი რომ ჩავარდნოდა, კისერს მოუგრეხდა მოღალატე ქალს.
ექვსწლიანი პატიმრობის შემდეგ, თემურს ვიღაც ანონიმმა წერილი მისწერა ზონაში და ლამარას და მაიორ გუგულიას ურთიერთობა დაწვრილებით აუწერა. თემურმა ჯერ არ დაიჯერა და ყველაფერი მონაჩმახი ეგონა. მერე კი, რომ გააანალიზა, მიხვდა, წერილში აღწერილი ამბები სიმართლე იყო. ზაქრო ქურდიანთან მივიდა და უთხრა:
– ძია ზახარ, პატივს მცემ?
– რა თქმა უნდა. ამას რატომ მეკითხები?
თემურმა ქურდს წერილი გაუწოდა და უთხრა:
– აი, რას მწერენ. შენ თბილისური ამბები კარგად იცი და ჩემი ცოლის შესახებაც გეცოდინება. თუ პატივს მცემ, სიმართლე მითხარი, ან დამიდასტურე, ან უარყავი.
– სამწუხაროდ, მანდ სიმართლე წერია. მე უკვე დიდი ხანია, რაც გულში ვიმარხავ ამ ამბავს და იმიტომ არ გიმხელდი, გული არ გტკენოდა. თუმცა, სიმართლე არ იმალება, მაგრამ ფეხებზე დაიკიდე. ბოზი ქალის დედაც...
თემურმა მშვიდად მოუსმინა ქურდიანს და უთხრა:
– ძია ზახარ, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და მჯერა შენი. თუ შენც მცემ პატივს, მაშინ აქედან გაქცევაში უნდა დამეხმარო, მერე კი მე ვიცი.
– ცუდი იდეაა, მაგრამ რადგან არ იშლი, მოემზადე. აქედან ორ კვირაში გაგიშვებ. თან, ერთ მისამართს მოგცემ, სადაც შენ ყველაფრით დაგეხმარებიან, – უთხრა ძია ზახარამ თემურ ჯაყელს. ორი კვირის შემდეგ თემური პატიმრებმა პარკეტის ყუთით გააპარეს ზონიდან. ყუთი კი სხვა მსგავს ყუთებთან ერთად მოათავსეს უზარმაზარ ვაგონში, რომელიც მოსკოვში მიდიოდა და პატიმრების მიერ დამზადებული პარკეტის ახალი პარტია მიჰქონდა საბჭოთა კავშირის დედაქალაქში.
სისხლიანი შეტაკება
თემურ ჯაყელმა რომ სიმონ გუგულიასა და თავის ცოლზე შური იძია, იმ პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალი ედუარდ შევარდნაძე იყო. ის პირველი მდივნობისთვის ემზადებოდა და მომავალი საკადრო ცვლილებებისთვის ერთგული ხალხის სიას ადგენდა. ამ სიაში მოხვდა სიმონ გუგულიაც. ამიტომ, ჩვეულებისამებრ დინჯი და გაწონასწორებული მინისტრი გუგულიას ასეთმა სასტიკმა აღსასრულმა ძალიან გააღიზიანა და თავის თანაშემწეს უთხრა:
– წელებზე ფეხი დაიდგით და მკვლელი ან ცოცხალი მომიყვანეთ, ან მკვდარი, ამ საქმის ჩამდენის დასჯა ბოლოს და ბოლოს ჩვენი მუნდირის ღირსების საქმეა.
მინისტრის სიტყვებმა, ისედაც თავგასული მილიცია, კიდევ უფრო გაახელა. მათ რეიდები გააძლიერეს და თემურს ყველგან ეძებდნენ. ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მისი გამოჩენა წარმოუდგენელი იყო.
სანამ თემურ ჯაყელს მილიცია ეძებდა, თავად ძებნილი აფხაზეთში იმყოფებოდა და ერთ-ერთ მაღალმთიანი რაიონის სოფელში იმალებოდა ვინმე ჯემალ ავიძბას სახლში. ავიძბა ოთარ მალანიას დეიდაშვილი იყო. მალანია კი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „იაგოს“ მეტსახელით იცნობდნენ, ძია ხაზარას მეგობარი გახლდათ და სწორედ ზაქრო ქურდიანმა გააგზავნა მასთან თემური.
35 წლის ჯემალი მარტოხელა იყო და მას მთელი სოფელი პატივს სცემდა. იქ ერთმანეთის გატანაც იცოდნენ, ენაზე კბილის დაჭერაც და სტუმრის პატივისცემაც. მიუხედავად ამისა, ჯემალის სოფელშიც შეაღწია მილიციის ჯაშუშმა და სწორედ მან აცნობა სამინისტროს თემურის ადგილსამყოფელი. მილიციის სპეციალური ოპერატიული ჯგუფი ძებნილის ასაყვანად გაემართა.
გამთენიისას, თორმეტკაციანი სპეცჯგუფი სოფელში შეიპარა და ავიძბას სახლს ორმაგი ალყა შემოარტყეს. შემდეგ აყვანის ოპერაცია დაიწყეს. თუმცა, პირველმა მასპინძელმა იგრძნო ხიფათი, გაეღვიძა და მილიციელებს თოფიდან და „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა. სროლა ატეხა თემურმაც და თან, მიმალვა დააპირა. თუმცა, იქვე მწოლიარე მასპინძელი დაინახა, რომელიც მუცელში იყო დაჭრილი და სისხლისგან იცლებოდა.
– გაიქეცი, თემურ! ხევს გაჰყევი და პატარა მდინარის პირას ჩახვალ, სადაც ბუჩქებში მოტოციკლი მაქვს დამალული. ჩემთვის ვინახავდი. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, – უთხრა სტუმარს ჯემალმა.
თემურმა ჯემალის სიტყვებს ყური არ ათხოვა და მილიციელებს დაუყვირა, რომ სროლა შეეწყვიტათ, რადგან ნებდებოდა. შემდეგ ჯემალი ხელში აიყვანა, სახლში სინათლე აანთო და მილიციას ჩაბარდა...
სისხლიანი შეტაკების შედეგად სამი მილიციელი და ჯემალ ავიძბა მძიმედ იყვნენ დაჭრილები. თუმცა ექიმებმა ოთხივეს გადარჩენა მოახერხეს.
– ვერაფერი გიხსნის, შე დამპალო, მილიციელის მანიაკური მკვლელობის გამო. კეფაში ტყვიას მიიღებ, – უთხრა თემურ ჯაყელს მაიორმა პატრონაძემ, რომელიც აყვანის ოპერაციას მეთაურობდა და სანამ თემური სოხუმიდან თბილისში ჩაიყვანეს, გზაში სასტიკად აწამა პატიმარი.
ცოცხალმკვდარი თემური შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში ჩასვეს და იმის მაგივრად, რომ ციხის საავადმყოფოში მაინც გადაეყვანათ, ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს. პირველადი დახმარება კი, მხოლოდ მაშინ აღმოუჩინეს როცა გონება დაკარგა და კვდებოდა...
ორჯერ გადარჩენილი
მაიორ ჯიმი პატრონაძისა და მისი კოლეგების მიერ სასტიკად ნაწამები თემურ ჯაყელის სასამართლო ექვსი თვით გადაიდო, რადგან განსასჯელი სიკვდილის პირას იყო და მის გამოჯანმრთელებას ნახევარი წელი დასჭირდა და როცა სასამართლოზე მოიყვანეს, ახალგაზრდა კაცი ისე იყო გაჭაღარავებული წამებისა და სასტიკი მოპყრობისგან, რომ მოხუცს ჰგავდა. ამასობაში ედუარდ შევარდნაძე ცეკას პირველი მდივანი გახდა და მისთვის რომ ეამებინათ, სადამსჯელო ორგანოებმა თემურს თავის მართლების შანსი არ მისცეს და ცალსახად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. განაჩენი კასაციის შემდეგაც ძალაში დარჩა და ის თბილისის ორთაჭალის ციხის სიკვდილმისჯილთა ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს.
პატიმარი ყოველდღე ელოდა დახვრეტას. თუმცა, სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ორი თვის მერე, როცა მას ციხის უფროსი ეწვია და უთხრა, რომ დახვრეტა თხუთმეტწლიანი პატიმრობით შეუცვალეს, თემურს გაეცინა და მიუგო:
– სასწაულია. ასეთი რამ უკვე მეორედ ხდება ჩემს ცხოვრებაში და თუკი ციხიდან გამოსვლა მეღირსა, აუცილებლად ბერად აღვიკვეცები.
თემურ ჯაყელი რუსეთში გაამგზავრეს ეტაპით, სადაც მან 14 წელი მოიხადა და პერესტროიკის დაწყებამდე ერთი წლით ადრე გამოუშვეს ციხიდან. მისი დახვრეტის გაუქმება კი, ძია ზახარას და მის ქურდ კოლეგათა ძალისხმევის შედეგი იყო. ქურდებმა საკავშირო შინაგან საქმეთა მინისტრს გახმაურებული ძარცვის შედეგად გატაცებული ექვსი მსხვილი ბრილიანტი და ოთხი ლალი დაუბრუნეს, სამაგიეროდ კი, თემურის სიცოცხლე გამოისყიდეს.
ციხიდან გამოსული თემური რუსეთში დარჩა. თავისი პირობა შეასრულა, ბერად აღიკვეცა. დღემდე ის ერთ-ერთი მონასტრის შავი ბერია.
P. S. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების შუა პერიოდში, ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტის რანგში რუსეთს ესტუმრა. ის იმ მონასტერს ეწვია, სადაც თემურ ჯაყელი მოღვაწეობს, შეხვდა მას და პირისპირ ესაუბრა...