ინტიმური საუბრები
დედამთილი ჩემი „წინამორბედის“ პატივისცემას მაიძულებდა
ცოლგანაშვებ კაცს მივთხოვდი. ცოდვას ვერ ვიტყვი, არც ის დაუმალავს, რომ პირველ ცოლთან ორი შვილი ჰყავს და ბავშვებს თან ყვება და, არც გაყრის მიზეზი: დედაჩემი და თინა ერთმანეთში ვერ მორიგდნენ, სულ ჩხუბი ჰქონდათო. ეტყობა, მეც ვერ აღმოვჩნდი სათანადო სიმაღლეზე, რომ მათი ურთიერთობა დამერეგულირებინა და, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ოჯახი დამენგრაო.
დედაჩემი კი მეუბნებოდა, ცოლგანაშვებზე, მით უმეტეს, შვილებიან კაცზე გათხოვება რისკია, რა გჭირს საიმისო, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, ჯერ ახალგაზრდა ხარ (24 წლისა გავთხოვდი), რა გეჩქარებაო, მაგრამ არ დავუჯერე და ახლა ძალიან ვნანობ.
ვერ ვიტყვი, რომ ქმარი აღარ მიყვარს ან მას არ ვუყვარვარ, მაგრამ რაღაც უცნაური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ჯერ ერთი, გეგამ გამომიცხადა, შვილი არ მინდაო. ძალიან მეწყინა, მაგრამ გაჩუმება ვარჩიე, ვიფიქრე, ცოტას ვაცლი, დრო გავა, უფრო შევეჩვევით ერთმანეთს და ამ საკითხზე მერე დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ, ორი წელი ისე გავიდა, ეს თემა არც კი წამოჭრილა, რადგან თვითონ უკვე გადაწყვეტილად ჩათვალა საკითხი. ამ პრობლემის გარდა, ჩემი ქმარი რაღაცნაირი გაორებული (უფრო სწორად – გასამებული) ადამიანი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ამხელა კაცმა ვერაფრით ვერ დააღწია თავი დედის გავლენას და, აქედან გამომდინარე, მთელი მისი ცხოვრება დედამისის მოწონება-არმოწონებაზე იყო აგებული. სულ იმას ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, რომ დედიკოს გული მოეგო, რასაც, დიდი მცდელობების მიუხედავად, ძალიან იშვიათად აღწევდა; მეორე – გიჟდებოდა თავის შვილებზე და მეც, რომელსაც შვილის გაჩენა ამიკრძალა, მაიძულებდა, მასავით გადავრეულიყავი ბავშვებზე და დედის ფუნქციები ამეღო ჩემს თავზე; მესამე – გრძნობდა, რომ ჩემ მიმართ მთლად მართალი არ იყო, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და, იმის ნაცვლად, ცოტა მეტად მომფერებოდა, რომ ჩემი გული მოეგო, სულ პრეტენზიებს მიყენებდა – ასე რატომ თქვი, ასე რატომ გამოიხედეო.
გეგას მართლა კარგი შვილები ჰყავს, ორივე მიყვარს, რაც შემიძლია, ყველაფერს ვუკეთებ და, სხვათა შორის, თვითონაც პატივს მცემენ, მაგრამ როგორ გავუწიო დედობა, როცა ცოცხალი დედა სახლში ჰყავთ?!
მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩემი დედამთილი მიკეთებს. რატომ ამითვალწუნა ასე, ვერ ვხვდები. სულ თვალებში ვუყურებ, მის უკითხავად ლამის წყალს აღარ ვსვამ, აღარ ვიცი, რით ვასიამოვნო, ზედმეტად ხმას არ ვიღებ, მაგრამ მისი გული მაინც ვერ მოვიგე. ეტყობა, პირველ დღესვე უნდა ამეწია წარბი და ფეხი დამებაკუნებინა, მაგრამ ეს რომ გააკეთო, უნდა იყო ასეთი. არადა, თავიდან, სანამ ახალი რძალი ვიყავი, დამსვამდა ხოლმე და საათობით ჭორავდა ჩემთან გეგას პირველ ცოლს. ლანძღავდა, თათხავდა, დასცინოდა. და, აი, ამ ყველაფრის შემდეგ, უცებ გამოაცხადა, რომ თინა არაჩვეულებრივი ქალია, რომ ისაა მისი ნამდვილი რძალი, მისი შვილიშვილების დედა და ზოგიერთივით ბერწი კი არ გამოდგა, რომ არაჩვეულებრივი პიროვნებაა და, მისი ნება რომ იყოს, ისევ თავისთან მოიყვანდა საცხოვრებლად (ანუ შვილთან შეარიგებდა). ამ ყველაფერს ჩემი დედამთილი ხმამაღლა ამბობდა და აკეთებდა, სპეციალურად ჩემს გასაგონად. ცოტა ხნის შემდეგ კი თავისი ყოფილი რძლის სახლში მოპატიჟება და მისთვის სუფრის გაწყობა დაიწყო. ისიც კარგი უთავმოყვარეო და „ნაგლი“ აღმოჩნდა – ისე მოდიოდა და რჩებოდა საათობით, ვითომ მე იქ არც ვყოფილიყავი. ჩემი ქმარიც ხმას არ იღებდა, ღიმილით ხვდებოდა და ერთი-ორჯერ თვითონ გააცილა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. გული რომ არ გამხეთქვოდა, როცა ის ქალი მოდიოდა, ვიცვამდი და ხან დაქალებთან მივდიოდი, ხან – დედაჩემთან და მხოლოდ გვიან საღამოს ვბრუნდებოდი, რომ ის არ დამხვედროდა სახლში. ერთხელაც, ასე რომ მოვიქეცი, ჩემმა დედამთილმა წარბი აწია და გამომიცხადა: ძალიან გთხოვ, პატივი ეცი ჩემს სტუმრებს, მით უმეტეს, ჩემს რძალს და როცა ის მოდის, ნუ გარბიხარ, შენი პროტესტები არავის აინტერესებსო. ამის ატანა ჩემთვის უკვე შეუძლებელი იყო და იმავე საღამოს ჩემს ქმარს პირდაპირ დავუსვი საკითხი, მე ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, ან რამე შეცვალე, ან ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლად, ან – გაგეყრები-მეთქი. მანაც პირდაპირ მიპასუხა: თინა ჩემი შვილების დედაა, როცა უნდა მოვა და რამდენ ხანსაც უნდა, დარჩება. ცალკე საცხოვრებლად კი არ გადავალთ, რადგან მე და დედაჩემი უერთმანეთოდ ვერ ვძლებთო. ესე იგი, მესამე ვარიანტს ირჩევ. კი ბატონო, ხვალვე შევიტან განცხადებას გაყრაზე-მეთქი. გეგამ კი, არც დაფიქრებულა, ისე მიპასუხა: მე შენთან გაყრა არ მინდა, მაგრამ, თუ ეს შენი სურვილია, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. მე დედაჩემის გამო, პრაქტიკულად, ორი შვილი დავთმე და როგორმე შენც შეგელევიო.
ამ სიტყვების გაგონება ჩემთვის შოკი იყო. ოდნავი სინანული, ოდნავი წუხილი ან თანადგომა მაინც რომ მეგრძნო, შეიძლება, კიდევ მომეთმინა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი ოჯახი, ჩემი ბუდე; რომ ამ სახლში არავინ იყო ჩემიანი, საერთო შვილიც კი არ გვყავდა. ამიტომ მეორე დღეს მართლა შევიტანე განცხადება და იმავე საღამოს დავიწყე ჩემი ნივთების ჩალაგება. როგორც ჩანს, გეგას არ ეგონა, თუ წავიდოდი ამ ნაბიჯზე და ცოტა შემკრთალი ადევნებდა თვალს ჩემ საქმიანობას, მაგრამ, ეტყობა, ისეთი შეუვალი სახე მქონდა, რომ ვერაფრის თქმა ვეღარ გამიბედა.
ორი დღის შემდეგ ჩემი ნივთებიანად დედაჩემთან დავბრუნდი. ერთი კვირის შემდეგ სასამართლოა დანიშნული და ქმარს უკვე ოფიციალურად ვეყრები.
მადონა, 29 წლის.
ჩემი საკურორტო რომანი სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდა
ამ ზაფხულს ჩემს ორ ძმაკაცთან ერთად ანტალიაში წავედი დასასვენებლად. ისე მოვილხინეთ, როგორც უცოლო კაცებს შეეფერება: არც „ნაშები“ დავიკელით, არც რომანტიკა, არც ქეიფი და არც სხვა მრავალი სიკეთე, რაც მუდამ ახლავს თან დასვენებას, როცა კარგ „სასტავთან“ ერთად ხარ და არც ხურდები გაქვს დასათვლელი.
ფული სამივეს ბლომად გვქონდა და, ამიტომ დაგეგმილ ორ კვირას კიდევ ორი კვირა მივაყოლეთ და თითქმის სრული ერთი თვე გაგვიგრძელდა სიამოვნება.
გარეგნობით სამივეს არა გვიშავს რა, ამიტომ დამსვენებლებში ძალიან მალე მოვიპოვეთ პოპულარობა, მით უმეტეს, რომ მდედრობითი სქესის ახალგაზრდა (და არა მარტო ახალგაზრდა) წარმომადგენლებმა უცებ იყნოსეს, რომ უფულობას არ ვუჩიოდით და ბუზებივით დაგვესივნენ.
საკმაოდ ინტერნაციონალური იყო ჩვენი „ჰარამხანა“, თანაც, საკმაოდ მრავალფეროვანი – პირდაპირი გაგებით: ქერათმიანი და ცისფერთვალება, შავთმიანები, ხორბლისფერები, წითურები... სხვათა შორის, ორი მულატი გოგონაც კი გვყავდა. შესაბამისად, მათი ეროვნებაც მრავალფეროვანი იყო. მართალია, სხვებს რუსები ჭარბობდნენ, მაგრამ მათ გულგასახეთქად გამოვიჩინეთ პოლიტიკური სიმტკიცე, პატრიოტიზმი და ყველაზე ნაკლებად მათ მიმართ ვიჩენდით ყურადღებას, რითაც ერთგვარად შურს ვიძიებდით რაღაც-რაღაცეებზე.
შაჰებს რომ ჰყავდათ ხოლმე გამორჩეული, განსაკუთრებით საყვარელი და პრივილეგირებული ცოლები, ჩვენც ისე გამოვარჩიეთ მათ შორის ყველაზე ლამაზები და ვნებიანები და განსაკუთრებულ პრივილეგიებს ვანიჭებდით, რითაც დანარჩენებს ძალიან ვაინტრიგებდით და მერე მაგრად ვერთობოდით მათ ეჭვიანობასა და ისტერიკებზე. ერთი სიტყვით, „სუპერბიჭები“ გავხდით და, ცოტა არ იყოს, თავში აგვივარდა. გვეგონა, მთავარი იყო, ჩვენ მოგვწონებოდა, თორემ უარს ვინ გაგვიბედავდა!
სხვათა შორის, ქალების იმ „ლაშქარში“ რამდენიმე ქართველი გოგონაც ერია, რომლებსაც საკმაოდ დავიწყებული ჰქონდათ ლეგენდა თუ სინამდვილე ქართველი ქალის კდემამოსილების შესახებ და ნამდვილი თავისუფალი ევროპელებივით იქცეოდნენ. ერთი გოგონას გარდა, რომელმაც თვისი „სკრომნობით“ მიიქცია ჩემი ყურადღება, თანაც, ძალიან შარმიანი იყო. რაც, რაღა დაგიმალოთ, ძალიან გვაღიზიანებდა (როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც, ღრმად ჩაძირული პატრიოტობა ამოტივტივდებოდა ხოლმე) და ლამის ლექციები წაგვეკითხა მათთვის მორალის თემაზე.
ერთი სიტყვით, ვგრიალებთ ეს სამი „კაზანოვა“ ქალებში და ქვეყანა ჩვენი გვგონია. გულში არანაირი დანაკლისი არ მაქვს, ერთის გარდა: ის უკარება ქართველი გოგონა მინდა დავითრიო. ძალიან დამაინტრიგა თავისი „სკრომნობით“. ჩემს ძმაკაცებს ვუთხარი, ეს ქალი ჩემი უნდა გახდეს და თქვენ არ დაუწყოთ ჩალიჩი-მეთქი. თუ გინდა, ჩვენც მოგეხმარებითო, მითხრეს და იმავე საღამოდან დავიწყე შეტევების განხორციელება. მრავალგზის მცდელობის შემდეგ მხოლოდ იმას მივაღწიე, რომ მე და ეკა დავმეგობრდით. აღარ გამირბოდა და სიამოვნებით მესაუბრებოდა ათას საკითხზე. მე კი ამდენის გაძლება აღარ შემეძლო და ძალიან ფრთხილად შევაპარე, შენთან სიახლოვე მინდა-მეთქი. ეკამ რაღაც სევდიანად გაიღიმა და მითხრა, შენ ჩემ შესახებ არაფერი იცი, თუ გინდა, მოგიყვებიო. დაუფიქრებლად ვუპასუხე. მომიყევი-მეთქი. მანაც დაწვრილებით მიამბო თავისი წარსულის შესახებ. მე კი მოკლედ გეტყვით, რომ 17 წლისა გათხოვილა, ქმარი სადისტი და ნარკომანი გამომდგარა. მშობლებს წამოყვანა მოუნდომებიათ, მაგრამ ქმარი მოკვლით ემუქრებოდა და ამიტომ ვერ გაურისკავთ. ორი წლის მერე ქმარი გარდაეცვალა – „წამალში გაიპარა“ და ეკა სახლში დაბრუნებულა. შვილი არ ჰყავდათ. რამდენიმე წლის მერე მეორედ გათხოვილა. მასთან შვილი გაუჩნდა, მაგრამ მეორე ქმარი ავადმყოფურად ეჭვიანი გამოდგა. მეზობელი მამაკაცისთვის სალამი რომ მიეცა, ამაზეც კი სცემდა. ორჯერ საავადმყოფოშიც კი იწვა მოტეხილობებით. ერთ დღეს კი მის ქმარს ფეხი დაუკრავს და რუსეთში წასულა, ვითომ სამუშაოდ. ერთი წლის შემდეგ შემოუთვლია, აქ ცოლი შევირთე, აღარ მჭირდები და ჩემი სახლიდან წადიო. ეკაც, ბავშვთან ერთად, მშობლებთან დაბრუნებულა. მას შემდეგ ეშინია კაცების და აღარავის ენდობა. წელიწადზე მეტია, ქმარს გაეყარა და მეგობარი მამაკაციც კი არ ჰყოლია, ისე ყოფილა დამფრთხალი. აქაც ძალით წამოუყვანია თავისი ბავშვობის მეგობარს, – აი, ასეთი იყო თეკლეს წარსული. ამის გაგონებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. მხარზე ხელი გადავხვიე და თავზე ვაკოცე, – შენ როგორც მოისურვებ, ისე იქნება, მე ძალას არ დაგატან. თუ გინდა, სულაც, მეგობრებად დავრჩეთ-მეთქი.
რამდენიმე დღის შემდეგ, ეკა ფოიეში შემხვდა და მითხრა, ხვალ ვბრუნდები თბილისში, შვილი მომენატრა, თანაც მომბეზრდა აქ ყოფნაო. ძალიან დამწყდა გული. საღამოსთვის რესტორანში დავპატიჟე – გაცილება უნდა მოგიწყო-მეთქი. საღამოს მარტო მე და ეკა ვისხედით რესტორანში, ისევ ათას რამეზე ვისაუბრეთ. ლამის გამთენიისას გამოვედით იქიდან და ეკა თავის ნომრამდე მივაცილე. რომ უნდა დავმშვიდობებოდი, თვალებში ჩამხედა და მითხრა, თუგინდა, ჩემთან შემოდიო.
ჩემს სიცოცხლეში ისეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. დამშვიდობებისას მთხოვა, ამ საღამოს გასაცილებლად არ მოხვიდეო. შევპირდი, არ მოვალ, თუ შენს ტელეფონის ნომერსა და მისამართს მომცემ-მეთქი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არა მგონია, ოდესმე ეს წუთები განმეორდეს ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ჩემს კოორდინატებს არ მოგცემ. დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არისო, – მიპასუხა. მომენატრები-მეთქი, გულწრფელად ვუთხარი. თუ მოგენატრები, უტელეფონოდაც მომძებნი, თბილისი პატარა ქალაქიაო. ამ სიტყვებით დავშორდით.
თბილისში რომ დავბრუნდი, სახლში რაღაც პრობლემები დამხვდა, მერე სამსახურიდან გამიშვეს მივლინებაში და მთელი ორი თვე საკუთარი თავისთვის ვერ მოვიცალე. ისე კი, ყოველდღე ვფიქრობდი ეკაზე და ვგრძნობდი, რომ თანდათან უფრო და უფრო მენატრებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, შემოვიცალე და მისი ძებნა დავიწყე. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიჭირდა, – არც გვარი ვიცოდი, არც სამსახური არც რაიმე სხვა მონაცემი. ავდექი და ანტალიაში დავრეკე იმ სასტუმროს ადმინისტრატორთან, რომელშიც მაშინ ვცხოვრობდით. ის ბიჭი გვეძმაკაცებოდა, იქ რომ ვიყავით და თხოვნაზე უარი არ მითხრა – სახელის მიხედვით გვარიც დამიდგინა და ტელეფონის ნომერიც, მაგრამ ამას რამდენიმე დღე დასჭირდა. გავიგე თუ არა, მაშინვე დავიწყე რეკვა, მაგრამ, ეტყობა, ეკამ ნომერი გამოცვალა, ვერაფრით ვუკავშირდებოდი. ბოლოს ისევ „09-ს“ მივმართე, უფრო სწორად, იქ მომუშავე ჩემს ძველ ნაცნობს და იმან დამიდგინა ეკას მისამართიც და ტელეფონის ნომერიც. მერე იმდენი მოვახერხე, რომ მისი სამსახურის მისამართიც გავიგე და ერთ დღეს, უფრო სწორად, საღამოს, ძალიან ლამაზი თაიგული ვიყიდე და მანქანით სამსახურის შესასვლელთან დაველოდე. მარტო გამოვიდა და ტროტუარს ფეხით გაუყვა. ნელა ავედევნე მანქანით, ისე, რომ ვერ შევემჩნიე. რამდენიმე მეტრი ასე გავიარეთ, რომ უცებ მობრუნდა და გაბრაზებული სახით წამოვიდა ჩემკენ. მე მანქანა გავაჩერე და დაველოდე, რა მოხდებოდა. ის კი მოვიდა საჭის მხარეს ფანჯარასთან, ოდნავ დაიხარა და ჩამყვირა: რას მომდევ კუდში, საქმე გამოგელია? ახლავე დაახვიე აქედან, სანამ პატრული გამომიძახებია!
მინები დაბურული იყო და ვერ მხედავდა. მე ნელ-ნელა ჩამოვწიე მინა და „გაოცებულმა“ ვკითხე: – მე მოგდევთ? დარწმუნებული ხართ ამაში?
ჩემს დანახვაზე ისეთი შეკივლება აღმოხდა, მეც შემეშინდა. მერე კარს დაეჯაჯგურა, რომ გაეღო, თან მლანძღავდა, თან ტიროდა, თან იცინოდა. გადმოვედი თუ არა მანქანიდან ჩამეხუტა და ხმამაღალი ზლუქუნი ამოუშვა. მერე, მოგვიანებით მითხრა, ამ დღეებშიც რომ არ გამოჩენილიყავი, ალბათ, გული გამისკდებოდაო.
... ჩემი საკურორტო რომანი ქორწილით დაგვირგვინდა.
გიორგი, 29 წლის.
ქმარი უაზრო
საჩუქრების მოტანას ვერ გადავაჩვიე
ორი წელი ვხვდებოდი ბიჭს, რომელიც მერე ჩემი ქმარი გახდა. არც შეყვარებულობის დროს და არც ცოლქმრობის პერიოდში სერიოზულად არ გვიჩხუბია, რაღაცნაირი, მშვიდობიანი თანაარსებობა გვქონდა, ყოველგვარი რომანტიკისა და აღმაფრენის გარეშე. უფრო სწორად, თავიდან ძალიან ვცდილობდი, ასე ვთქვათ, გამერომანტიკულებინა ჩვენი ურთიერთობა სიურპრიზებით, მისადმი ყურადღებით, საჩუქრებით, მაგრამ, ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ყველაფერს აზრი არ ჰქონდა და თავი დავანებე, ჩავქრი, შევეგუე მდორე ურთიერთობას. ყველაფერს შევეგუე, გარდა ერთისა – ქმრის უაზრო და უშინაარსო საჩუქრებს. სანამ ცოლად გავყვებოდი, მაშინაც უცნაური საჩუქრის მორთმევა იცოდა. ცოდვას ვერ ვიტყვი, არც ერთი თარიღი არ ავიწყდებოდა, ყოველთვის მილოცავდა და ამ მილოცვას საჩუქარიც მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ საჩუქარსაც ხომ გააჩნია?! მაგალითად, შეიძლება, 19 წლის გოგოს, შეყვარებულს, დაბადების დღეზე ქილების მოსახუფი აჩუქო?! ეს რა არის, ამ ორი წლის განმავლობაში მომართვა ჩვეულებრივი სანთლების ერთი დიდი შეკვრა – შუქი თუ ჩაგიქრებათ, მარაგი გექნებათო; ერთხელ სუნელების ჩასაყრელი კოლოფების კომპლექტი მაჩუქა, ერთხელ - სამგზავრო (პატარა ზომის) უთო, კოლგოტკები, სარეცხის „შპილკები“ (უცხოური)... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ... ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, მზითევი მომიმზადა.
თავიდან, მართალია, მიკვირდა, მაგრამ ვცდილობდი, ჩავწვდომოდი მის ჩანაფიქრს და ხან იუმორით ვხსნიდი, ხან – ორიგინალობით, თუმცა ვხვდებოდი, რომ არც იუმორსა და არც ორიგინალობას მის მოტანილ საჩუქრებთან კავშირი არ ჰქონდა. 25 წლის კაცი ნუთუ ვერ უნდა მიმხვდარიყო, რომ 18 წლის გოგოს მთელი იმ ჯამ-ჭურჭელს ერთი კონა ია მერჩივნა? ერთხელ ძალიან ფრთხილად ვუთხარი და, იცით, რა მიპასუხა? ია ორ დღეში დაჭკნება, ამ ნივთებს კი არაფერი მოუვა და ცხოვრებაში გამოგადგებაო. ეტყობა, მაინც სიყვარულით ვიყავი დაბრმავებული და მისი ეს პასუხი მხოლოდ იმით გავამართლე, რომ რომანტიკულობა აკლია-მეთქი და ბედს შევეგუე. მაგრამ, „მთავარი“, თურმე, წინ მელოდა. ჩემი ცოლად შერთვის შემდეგ ხომ მის ორიგინალობებს საზღვარი აღარ აქვს: პატარა საჩუქარი თავისი ატრიბუტებით, კარების სახულურები, ემულსიის საღებავიანი ქილა, დამაგრძელებელი შნური, ცოცხი და აქანდაზი და ასე შემდეგ. ძალიან გვიან მივხვდი, რომ ყიდულობს იმას, რაც თვითონ სჭირდება, მაგრამ საჩუქარში ზედმეტი რომ არ დახარჯოს, მე „მაწერს“. და, საერთოდ, ყველაფერს პრაქტიკული თვალსაზრისით უდგება. ერთხელ ვერ მოვითმინე და ვუთხარი, ამ ლურსმნების და ჩაქუჩების მოტანას, ცხვირსახოცი გეყიდა ჩემთვის, ის მერჩივნა-მეთქი. რა უნდა გელაპარაკო, ამ ქვეყნის აზრზე არა ხარ და, საერთოდ, არ აფასებ ჩემს მზრუნველობასო. ვიფიქრე, როგორ მივახვედრო თავის არასწორ საქციელს და მოვიფიქრე: მეც მსგავსი საჩუქრების მირთმევა დავიწყე: დაბადების დღეზე ყვავილების ლამაზი ლარნაკი მივართვი (სხვა დროს ძვირფას სუნამოს ან ტანსაცმელს ვყიდულობდი ხოლმე), თავისი სახელობის დღეს – სამურაბე ვაზები, ჩვენი ქორწინების დღეს – ფარდები სამზარეულოსთვის. აშკარად ვატყობდი, რომ არ მოსწონდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, თუმცა, იმასაც ვგრძნობდი, რომ მისი გამძლეობა ზღვარზე იყო. ბოლოს რაღაც დღესასწაულზე კი დიდი ქოთნით უზარმაზარი კაქტუსი რომ მოვუტანე, მაშინ კი აფეთქდა, – შენ რა, მაშაყირებ თუ მასხრად მიგდებო. კი არ გაშაყირებ, შენზე ვზრუნავ – ამ კაქტუსს კომპიუტერთან დაგიდგამ და აღარ დასხივდები. თანაც, შენგან ვისწავლე ასეთი ზრუნვა-მეთქი. ხმა ვეღარ ამოიღო. რამდენიმე დღე დამორცხვებული დადიოდა, მერე კი მოხდა სასწაული: ერთ საღამოს კარზე გაბმული ზარი გაისმა. გავაღე და გავოცდი – ჩემი ქმარი, საკმაოდ ნასვამი, თავის სამ (ასევე მთვრალ) მეგობართან ერთად იდგა ყურებამდე გაღიმებული და ხელში მინდვრის ყვავილების თაიგული ეჭირა, დანარჩენები კი ბოთლებითა და „მისაყოლებლით“ იყვნენ შეიარაღებული.
თაიგული მაშინვე ლარნაკში მოვათავსე და სუფრა გავაწყვე. თან ყოველ წუთში გაოგნებული ვუყურებდი ყვავილებს. ის იყო, „იაზვურად“ გავიფიქრე, ყველაზე იაფიანი თაიგული შეურჩევია-მეთქი (სხვათა შორის, ამის გაფიქრებისთანავე შემრცხვა, მართლა უმადური ვარ-მეთქი), რომ ჩემმა გამობრუჟულმა ქმარმა წამოაყრანტალა: ბიჭებმა მითხრეს, ვარდები უყიდეო, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა და ფული სასმელზე გვაკლდებოდა!...
დანარჩენი სიტყვები აღარ გამიგონია, არც მინდოდა, გამეგონა და სამზარეულოში გავედი, საქმე მოვიმიზეზე. ყვავილებიანი ლარნაკი კი ისეთ ადგილას დავდგი, სანამ თაიგული დაჭკნებოდა, თვალებში არ შემჩხეროდა.
ნონა, 25 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.